კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ წელს მოხდა შავი ჭირის ეპიდემია თბილისში, სად მდებარეობდა „თეკენამის” ეკლესია და რომელი ცნობილი მეცენატის დაფინანსებით განხორციელდა ვანქის ტაძრის რესტავრაცია 1901 წელს

 

ფეოდალური თბილისის გალავნით შემოფარგლულ ძირითად ნაწილებს, კალასა და ისან-ავლაბარს, გარს ერტყა გაუმაგრებელი ნაწილები, გარეუბნები: კალას სამხრეთ-აღმოსავლეთით – აბანოების უბანი და სეიდაბადი; ისნის ჩრდილოეთით – გარეთ ავლაბარი; კალას ჩრდილოეთითა და დასავლეთით – გარეთუბანი. „თბილისელების” ამ ნომერში საუბარი გვექნება გარეთუბანსა და მის ტერიტორიაზე ერთ დროს არსებულ უძველეს სომხურ ვანქის ტაძარზე.

გარეთუბანი

 გარეთუბანს ეკავა ტერიტორია, რომელიც დღეს მოქცეულია თავისუფლების მოედნის მიდამოებში, ბარათაშვილის ქუჩას, რუსთაველის პროსპექტის, ჭანტურიას ქუჩასა და მტკვარს შორის. გარეთუბნის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარზე ქაშუეთის ეკლესია იდგა. დაახლოებით ამჟამინდელი ჭანტურიას ქუჩის გადაღმა ვახუშტი „თათრის სასაფლაოს” უჩვენებს. ვახუშტის გეგმის მიხედვით, გარეთუბანი მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. აქ რამდენიმე ქართული და სომხური ეკლესია მდგარა. მათგან დღეს მხოლოდ სამების ეკლესიაა შემორჩენილი. წარჩინებულ პირთა სახლებს შორის გამოყოფილია ციციშვილის, არაგვის ერისთავის სახლები, მეიდნის სასახლე. სხვადასხვა ცნობებზე დაყრდნობით, მეთვრამეტე საუკუნეში გარეთუბანში სახლები ჰქონიათ მუხრანბატონს, ამილახვარს, აბაშიძეს, ხერხეულიძეს, თუმანიშვილს. ოსმალთა შემოსევის შედეგად გარეთუბანი გაჩანაგდა და მოსახლეობამ ქალაქის გალავანს შეაფარა თავი. 1770 წელს ამას დაემატა შავი ჭირის ეპიდემია. მეთვრამეტე საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან გარეთუბანმა კვლავ დაიწყო აღორძინება, მაგრამ, ისევ განადგურდა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევების დროს. გარეთუბნის ვრცელი ტერიტორია დაყოფილი იყო შედარებით მცირე ზომის უბნებად. დღევანდელი რუსთაველის პროსპექტის დასაწყისში, მუზეუმსა და გუდიაშვილის ქუჩებს შორის, ქამაანთ უბანი მდებარეობდა. კედლით შემოზღუდული ქამოიანის წმიდა გიორგის სომხური ეკლესია მდებარეობდა ეროვნული მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს – იქ, სადაც ახლა ნახევარწრიული დიდი საცხოვრებელი სახლი დგას. ეკლესია 1778 წელს იყო აგებული, რესტავრაცია ჩაუტარდა 1804 წელს, 1927 წელს კი ბოლშევიკებმა დაანგრიეს. ამავე უბანში იდგა ღამბარაანთ ქარვასლა. გარეთუბნის ყველაზე ვრცელ ნაწილს კალოუბანი წარმოადგენდა – ამჟამინდელი რუსთაველის კინოთეატრისა და ქაშუეთის ხაზიდან თითქმის თაბუკაშვილის ქუჩამდე. ამ უბანში სამი ქართული ეკლესია იდგა: ქაშუეთი, სამებისა და კალოუბნის წმიდა გიორგის. გარეთუბნის შუაში დიდი ნაწილი დაუსახლებელი იყო, ეს ტერიტორია სასაფლაოებს, ბაღებსა და ასპარეზს ეკავა. ასპარეზს მტკვრის ტოტსა და დღევანდელი მტკვრის ქუჩას შორის მოქცეული სამკუთხედის ფორმის გალავნით დაცული ტერიტორია – ორბელიანების უბანი ეკუთვნოდა. ამ უბანშივე მდგარა მცირე ეკლესია. ბარათაშვილის ქუჩის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით შუაწელზე, იდგა ეგრეთ წოდებული „თეკენამის” წმიდა გიორგის ეკლესია, რომელიც 1870-იან წლებში დაანგრიეს. მეთვრამეტე საუკუნეში მუხრანბატონის საგვარეულოს სახლებმა გალავნის გარეთ დაიწყო ტერიტორიის ათვისება. მუხრანთუბანი ვიწრო ზოლად მიჰყვებოდა გალავანს ავანანთხევის გასწვრივ.  თხრილის გადაღმა, რომელიც დღევანდელი მტკვრის ქუჩის ხაზზე გადიოდა, იწყებოდა ვანქის მონასტრის გალავანი (მისი ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი). მონასტერს, სომხურ სასაფლაოსა (ამჟამინდელი კოლმეურნეობის მოედანი) და დღევანდელ ბარათაშვილის ქუჩას შორის ტერიტორიაზე ვანქის უბანს მიკედლებული იყო მცირე ბოშის უბანი, რომელსაც მეცხრამეტე საუკუნეში „მებელნი პერეულოკს” უწოდებდნენ.

ვანქი

ვანქი, ერთ-ერთი ძველი უბანი თბილისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ბარათაშვილის ხიდის მახლობლად მდებარეობდა. ვანქი გარეთუბნის ფარგლებში შემავალი ლოკალური უბანი იყო. სახელი ეწოდა აქ მდგარი სომხურ-გრიგორიანული საკათედრო ტაძრის – ფაშა-ვანქის მიხედვით. ჟან შარდენის ცნობებით, ეკლესია თურქეთიდან გამოქცეულ და ქრისტიანობას ზიარებულ ფაშას აუგია და სახელწოდებაც აქედან გამომდინარეობს. ვანქის საეპისკოპოსო ეკლესია თბილისის საკულტო ნაგებობა და იმ დროის უდიდესი სომხურ-გრიგორიანული ეკლესია იყო. დაზუსტებით უცნობია, თუ როდის აშენდა ის პირველად. სახელდება მეთექვსმეტე საუკუნის დასასრული, 1580 წელი და ეკლესიის ამგებთა გვარები: ავსარქისოვი, ბასტამოვი, ნაზარბეგოვი და სალაღოვი. თუმცა, დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ის რამდენჯერმე იყო რეკონსტრუირებული, მეფე ვახტანგ მეექვსის ზეობის ხანაში 1720 წელს და შემდგომ – 1788, 1800 და 1901 წლებში. 1882 წელს არსებობდა პროექტი, რომ  ტაძარი მთლიანად დაენგრიათ და მის ადგილზე ახალი ტაძარი აეგოთ, თუმცა, საქალაქო კომისიამ, რომლის შემადგენლობაში საზოგადო მოღვაწენი შედიოდნენ, უარყო დანგრევის პროექტი და ტაძრის რესტავრაციას დაუჭირა მხარი, რაც 1901 წელს ცნობილი მეცენატისა და იმ დროის თბილისში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ალექსანდრე მანთაშევის დაფინანსებით განხორციელდა. საგულისხმოა, რომ გარდაცვალების შემდეგ მანთაშევი ვანქის ტაძრის ტერიტორიაზე დაუკრძალავთ 1911 წლის 30 აპრილს და ის დღე თბილისში გლოვის დღედ ყოფილა გამოცხადებული. არსებობს ვერსია, რომ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ვანქის ტაძარს ხუთი გუმბათი ჰქონდა, თუმცა, მოგვიანებით, რეკონსტრუქციების შედეგად, ტაძარი სამგუმბათოვანი გამხდარა. ცნობილი ფაქტია, რომ ვანქის ტაძარი 1914 წელს თბილისში სტუმრად მყოფმა რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ მოინახულა. ცნობილია სტუმრობის თარიღიც: 1914 წლის 26 ნოემბერი. იმ დღეს, ვანქის ტაძართან ერთად, იმპერატორს სიონის ტაძარი და სუნიტებისა და შიიტების მეჩეთიც დაუთვალიერებია. ვანქის ტაძრის ანსამბლი შედგებოდა: ტაძრის შენობისგან, ეპისკოპოსის რეზიდენციისგან, სამრეკლოსგან, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, საცხოვრებელი სენაკებისგან, კარიბჭისგან, გალავნისა და რუსეთ-თურქეთის ომის გმირის, გენერალ ტერ-გუკასოვის სარკოფაგისგან. ვანქის კომპლექსი გასაბჭოების შემდგომ პერიოდში, 1936-1938 წლებში დაანგრიეს. კომპლექსის დანგრევისას განადგურებული იქნა სასაფლაო, გაიძარცვა და განადგურდა რუსეთის იმპერიის პირველი კონსტიტუციის ავტორის, გრაფ მიხეილ ლორიკ-მელიქოვის, გენერლების: არშაკის, ტერ-გუკასოვის, ივან ლაზარევისა და სხვათა საფლავები. ამჟამად ვანქის ტაძრის ადგილას სკოლა ფუნქციონირებს. 

 

მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, 1985 წელი).

 

скачать dle 11.3