კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაუჯდა ძვირად ციხეში ცოტნე გამსახურდიას და რატომ ამბობს ის უარს კოლხური კოშკის წილზე

ციხიდან მძიმე მოგონებები და შერყეული ჯანმრთელობა გამოჰყვა, თუმცა სულიერად მაინც არ გატეხილა.. სამწლიან პატიმრობას ცოტნე გამსახურდია ძალიან  შეუცვლია, ამას თვითონაც არ „მალავს” – აღარ ვარ ისეთი ემოციურიო, – ამბობს. თუმცა, ამას წლებს უფრო მიაწერს, ვიდრე გამსახურდიების „მემკვიდრეობას”. სჯერა,  რომ ეს ხვედრი, მხოლოდ მისი იყო და ოჯახისგან არ მიუღია, მაგრამ მაინც გამსახურდიაა – მებრძოლი და... განსხვავებული. ჩვენი შეხვედრა კოლხურ კოშკში შედგა, კოშკში, სადაც ბავშვობის წლები გაატარა. თუმცა, ახლა მისი ხშირი სტუმარი აღარ არის.  ემოციები და სენტიმენტებიც  ამ ადგილთან დაკავშირებით მხოლოდ მისია – მისია  ის, რაც სხვისთვის ყოველთვის აუხსნელი შეიძლება დარჩეს.   

 

–  ცოტნე, როგორ ხართ, როგორია  სამწლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფლების განცდა? 

–   თავისუფლების განცდა დიდი აღტკინებით არ  შემიგრძნია,  ჩვეულებრივად აღვიქვი ეს ყველაფერი. ალბათ იმიტომ, რომ აღარ ვარ ისეთი ემოციური, როგორც ადრე ვიყავი. უკვე დავიწყე  ღვიძლის მკურნალობის კურსი, რომლის დამთავრების შემდეგაც, შევძლებ ხერხემლის ოპერაციის გაკეთებას. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, ალბათ, უცხოეთში მომიწევს ამისთვის წასვლა.  ბევრჯერ ვთქვი უკვე, რომ  უყურადღებობით, უმკურნალობით, უწამლობით და იმ არაადამიანური პირობებით, რაშიც მომიწია პატიმრობის გატარება, დადგა ეს შედეგი.  სასჯელაღსრულების სისტემაში დღემდე ისეთი ვითარებაა და მუდამ ასეთი სიტუაცია იქნება, სანამ არ შეიცვლება არაადამიანური კანონი, რომლის თანახმადაც ვადაზე ადრე გათავისუფლებას ექვემდებარება ადამიანი, რომელიც ციხის კარიდან საფლავამდე მისვლასაც ვერ ასწრებს,   შერეული კომისია, რომელიც დაკავებული უნდა იყოს ავადმყოფი პატიმრების სასჯელის გადავადებით, ფაქტობრივად, მკვდრადშობილია. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ამ კომისიას არ უმუშავია, მექანიზმის ამოქმედება ხდებოდა მხოლოდ  ერთეულ შემთხვევებში, როდესაც  ხელისუფლებას თავად აწყობდა კონკრეტული პატიმრის გათავისუფლება. იმ კანონში რეალურად ისეთი დაავადებები წერია,  იმ დიაგნოზით ციხიდან საფლავამდე ვერ მოასწრებს ადამიანი მისვლას. თუ ასე გაგრძელდა, რა აზრი აქვს იმ ადამიანების გათავისუფლებას? ეს  დაუშვებელია. მსგავს მოპყრობას ჰქონდა ადგილი ჩემს შემთხვევაში და ცოტა უარესსაც.  ყველაფრიდან  გამომდინარე, რიგ შემთხვევაში, ჩემზე  განსაკუთრებულ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. მათ ძალიან უნდოდათ, რომ შემეწყვიტა პროტესტი, მოწყალების თხოვნით მიმემართა მიხეილ სააკაშვილისთვის. მათ ამას, საბოლოო ჯამში, ვერ მიაღწიეს. ეს  მე ძალიან ძვირად დამიჯდა, თუმცა ერთი წუთითაც არ ვნანობ. დღესაც იგივენაირად მოვიქეცოდი, უბრალოდ, დღეს მეტი ჭკუა და გამოცდილება მაქვს. ხომ იცით, ცნობილი გამოთქმა, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს.   

–   მაგრამ, ალბათ, იყო ის, რაღაც ნათელი,  რაც იქ, საშინელ პირობებშიც გაძლებინებდათ. 

–  ნათელი მხოლოდ ის იყო, რომ მიხაროდა, როცა ვხედავდი ადამიანს. დამერწმუნეთ, ეს მართლაც ასე იყო.  დიოგენე დღისით, მზისით სანთლით ეძებდა რაღაცას, როდესაც ჰკითხეს, რას ეძებო, ადამიანსო, –  უპასუხა.  სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვიყავი იქ და არა მარტო ბადრაგებზე მაქვს საუბარი, იგივე შემიძლია, ვთქვა პატიმრებზეც.  ამას თავის დროზე როგორ  ვიტყოდი. თუნდაც იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს არ მივცემდი  თავის გამართლების  საშუალებას, რომ ისინი იმსახურებდნენ ასეთ მოპყრობას.  პატიმრების დეგრადაციაც, გარკვეულწილად, იმ არაადამინური მოპყრობის შედეგი იყო.  ერთი ცნობილი გამოთქმის არ იყოს: ძაღლი ხომ  ასეთი ძაღლური ცხოვრებისგანაა. 

–  მათ, ჩვეულებრივ პატიმრებს,  რას აძლევდათ თქვენი ყოფნა გაუსაძლის პირობებში?

–  მხოლოდ პირადად ჩემზე არ მაქვს საუბარი, ეს ციხეში ზოგადი პრობლემაა.  პატიმრები არ იყვნენ ისინი,  რომლებიც თანამშრომლობდნენ ციხის ადმინისტრაციასთან და მზად იყვნენ, ნებისმიერ პროვოკაციაზე წასულიყვნენ ყველასთან, ვის მიმართაც დავალება ჰქონდათ მიცემული? იქ  ვერავის იმედი ვერ გექნებოდა. აბსოლუტური უმრავლესობა „ჩალიჩობდა” იმას, სხვის  ხარჯზე, სხვისი ბრალის დამძიმებით  მოეპოვებინათ საპროცესო გარიგება. ზოგადი მორალური დეგრადაცია, რაც სუფევდა ქვეყანაში, განსაკუთრებულად აისახებოდა ციხეში. უბრალოდ, ციხეში ამას ყველაზე კარგად ხედავ, რადგან იქ არ გაქვს პირადი ცხოვრება. გინდა თუ არ გინდა, ამას ვერ გაურბიხარ –   ციხეში არ გაქვს შენი კუთხე, სადაც შეეფარები და ამ ყველაფერს თავს აარიდებ. არც გარეთ არის ნაკლები, მაგრამ გარეთ ადამიანები ახერხებენ ნიღბების მორგებას, არსებობს ათასი ფაქტორი ყურადღების გადასატანად. ციხეში კი  24 საათის განმავლობაში უყურებ  სისასტიკეს, რომელიც უფრო მძაფრად ჩანს და ძალაუნებურად ეხეთქები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ადვოკატებს, საზოგადო მოღვაწეებს, რომელთაც პოზიტიური წვლილი შეიტანეს ჩემთან დაკავშირებული მოვლენების ასე გადაწყვეტაში.

–  როგორ გრძელდება თქვენი საქმე ევროპულ სასამართლოში?

– ევროპული სასამართლო, პირდაპირ რომ ვთქვათ, არცთუ ეფექტური მექანიზმია. როცა 7-8 წლის განმავლობაში სააკაშვილის ციხეში სულს ამომხდიან, მერე სულ არ მაინტერესებს, რას იტყვის სტრასბურგში ვიღაც მოსამართლე. დღეს მე გარეთ ვარ, მაგრამ დამერწმუნეთ, არათუ 7-8, მე იქ ერთი წელიც ვეღარ გავძლებდი ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე. წარმოიდგინეთ, რამდენი პატიმარია იქ ამ დღეში? ან კიდევ უარესში. აბსოლუტურად უსარგებლოა სტრასბურგის სასამართლო, მით უმეტეს ის არაადეკვატური კომპენსაციები, რომელიც  ვიღაცას შემიძლია, ვაჩუქო. საქმე საქმეზე  თუ მიდგება, საქმე  კომპენსაციის რაოდენობაში არაა. მე ვაპირებ, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც შევძლებ ცხოვრების მოწესრიგებას და  მკურნალობას, მივმართო ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა მოხდეს ჩემი საქმეების გადახედვა.  ვისარგებლებ იმით, რომ პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდა ეს სახელმწიფო სტრუქტურები. დარწმუნებული ვარ, მოიმატებს ობიექტურობა და სამართლიანობა და მე  დავადგენ  სიმართლეს, რაც აქ  უფრო სწრაფად და ეფექტურად მოხდება.   

–  ამდენი ტკივილისა  და განსაცდელის მიუხედავად,  სულიერად მაინც მედგრად ხართ.

–    გამოცდილება დამეხმარა.  თქვენ იცით, რომ  ჩემი ცხოვრება არც მანამდე ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. ყველაფერი  თავიდანაა  საშიში, რადგან ეს მდგომარეობა უჩვეულოა, ადამიანს არ აქვს იმედი, რომ გაუმკლავდება. მერე კი ნელ-ნელა სწავლობ საკუთარი თავის მართვას, რეალობის ადეკვატურ აღქმას. 

–  ია-ვარდით არ მქონია მოფენილი ცხოვრებაო, თქვით, მძიმე ხვედრი და ბედისწერა  გაქვთ გამსახურდიებს. ფიქრობთ,  ამ „მემკვიდრეობას” ვერც თქვენ გაექეცით.  

–  მე არანაირი  ხვედრი არ მერგო. ჩემი ცხოვრება თვითონ ავირჩიე. ვაკეთებდი იმას, რაც უნდა გამეკეთებინა – ვცდილობდი, დავრჩენილიყავი ადამიანად. ყველას გასაგონად ვიტყვი, მე არავის შტამპად  და ასლად არ მივიჩნევ საკუთარ თავს. მე მაქვს  ჩემი ცხოვრება და შეხედულებები, საქციელი – მოსაწონი თუ გასაკრიტიკებელი. ასე რომ, არავისგან არაფერი მიმიღია მემკვიდრეობით. მე ჩემი შეხედულება მაქვს ბედისწერაზე, მაგრამ არ მჯერა კოლექტიური ბედისწერის. ყველა ადამიანი თავად ირჩევს საკუთარ გზას, იგივე  შემიძლია ვთქვა, ჩემი ოჯახის სხვა წევრებზეც, რომელთაც განსხვავებული გზა გაიარეს. ესეც მათი არჩევანი იყო. ასე რომ, ძალიან გთხოვთ, მე მათთან ერთ ქვაბში ნუ მომხარშავთ. მე თვითონ, საკუთარ თავზე  ვისწავლე ცხოვრება. 17 წლიდან აღარ მყავს მამა, არავინ ყოფილა ისეთი, ვინც გვერდით დამიდგებოდა. წლების განმავლობაში ვცხოვრობდი მარტო, უცხო მიწაზე, ყველასა და ყველაფრისგან შორს. ასე რომ, ცუდსაც და კარგსაც მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ვუმადლოდე და არც არავითარ პასუხისმგებლობას  არ გავურბივარ.  იმ წლებში კარგიც ბევრი იყო – ცალსახად, მხოლოდ ცუდი ხომ არ არსებობს. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, დღეს შემიძლია, გავაკეთო დასკვნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს იმას, რაც ხდება,  მნიშვნელოვანია შენი ხედვა, ღირებულებები, რეაქციები, თორემ ცხოვრება, მე თუ მკითხავთ,  თავისთავად ნეიტრალურია. ყველაფერი შენს აღქმაზე, მოტივაციაზეა დამოკიდებული. თუ სამყაროს მტრულად უყურებ, იგივე გიბრუნდება უკან. მიუხედავად ყველაფრისა, მე პოზიტიურად ვუყურებ სამყაროს, მიყვარს ადამიანები, ვცდილობ, ყველაფრის მიმართ უფრო შემწყნარებლური ვიყო. მკვეთრი შეფასებები არ  გავაკეთო. ვატყობ, რომ მორბილდა ჩემი  ემოციები.  როცა საკუთარ თავზე ბევრ რამეს გადაიტან, შენი შეფასებები ზომიერი ხდება. 

–  აქ, კოლხურ  კოშკში,  ალბათ, ბევრი რამ სხვანაირად გახსოვთ.

–  აქ ყოფნას უკვე გადავეჩვიე, ხშირად არც  მოვდივარ. წლების, უფრო სწორად ათწლეულების  განმავლობაში, აქ არ ვცხოვრობდი და  არც მომავალში ვაპირებ აქ ცხოვრებას. ალბათ,  ჩემს  წილს რომელიმე არასამთავრობო, საქველმოქმედო ორგანიზაციას დავუტოვებ. ჯერ არ გადამიწყვეტია ვის და როგორ, მაგრამ  ჩემი სურვილია, ის ორგანიზაცია პოზიტიურ შედეგებზე იყოს ორიენტირებული.  თუმცა, ისიც მინდა შეგახსენოთ,  რომ  ეს  სახლი მარტო ჩემი არაა. 

–  კიდევ ვის ეკუთვნის მემკვიდრეობით აქ  წილი?

–  გიორგის და დედაჩემს.  ჩემს შესახებ გეტყვით,  რომ აქ ცხოვრებას არ ვაპირებ, არ მაქვს ამისი სურვილი. ჯერ ერთი, ამ შენობის მომავალი  წარმომიდგენია სხვანაირად. მეორეც –  მირჩევნია მქონდეს  პირადი ბინა და არ მომიწიოს ყოველდღიურად შეხება იმ ყველაფერთან, რაც აქ იქნება  მომავალში. აქ ივლის მრავალი დამთვალიერებელი და მათ ყველას მასპინძლობა და დაკვალიანება უნდა. მე თუ მკითხავთ, ეს სახლი არ არის შესაფერისი ჩვეულებრივი, ადამიანური ცხოვრებისთვის. 

–  როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი  ცხოვრება მომავალში? 

–  ჯერჯერობით არ ვიცი,  რა როგორ იქნება, 

 

მაგრამ  მაქვს ჩემი გეგმები, რესურსები. 

–  პროფესიული თუ კომერციული მიმართულებით?

–  პროფესიით ლინგვისტი, პოლიტოლოგი ვარ, შესაძლოა, ამ მიმართულებითაც მქონდეს სამომავლოდ გეგმები, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა საზრუნავი მაქვს.  ჩემი გეგმები გარკვეულ ბიზნესპროექტებს რომ უკავშირდებოდეს, მგონი, ამაშიც არაფერია გასაკვირი. ჯერჯერობით აქტიურ ცხოვრებას ვერ ვახერხებ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე  შევეცდები, საკუთარი დამოუკიდებელი  პოზიცია შევინარჩუნო საზოგადოებრივი თვალსაზრისით, ვითანამშრომლო არასამთავრობო ორგანიზაციებთან დამოუკიდებელი ადამიანის სტატუსით.  ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ცხოვრების ყველა  ეტაპზე.  ასე  რომ არ ყოფილიყო,  შესაძლოა, სხვა მხარეს წამეყვანა ჩემი ცხოვრება. მირჩევნია, მქონდეს საკუთარი აზრი და ვიყო თავისუფალი, დამოუკიდებელი პოზიციით, თამამად შემეძლოს შავისა და თეთრის გარჩევა. 

–  როგორ შეიცვალა თქვენი  ცხოვრების წესი ბოლო პერიოდში?  

–  ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა,  რაზეც საუბარს არ ვაპირებ. იმას გეტყვით, რომ მყავს ორი შვილი, ერთი მოსკოვში, ერთი –  თბილისში. ჩემი ცხოვრების წესის შესახებ  იმას გეტყვით, რომ  უფრო დაფიქრებული და შემწყნარებელი გავხდი და ჩემი ცხოვრებაც უფრო დისციპლინირებულია, თუნდაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მე აღარ ვარ 20 წლის ბიჭი, დროთა განმავლობაში ადამიანი იცვლის ცხოვრების წესს. ისე ვეღარ ვიცხოვრებ, როგორც 17 წლის წინ ვცხოვრობდი. 

–  ეს თქვენთვის მტკივნეული თემაა, მაგრამ მაინც გკითხავთ,  როგორია დღეს თქვენი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან?   

–  ეს არაა მტკივნეული თემა, ეს ასგზის გააზრებული მაქვს. დედაჩემთან  ჩემი ურთიერთობა არის ჩვეულებრივი, მე მას ვნახულობ.  რაც შეეხება ძმებს, შემიძლია გითხრათ,  რომ მე მათთან ურთიერთობა არ მაქვს. 

–  რატომ აღმოჩნდით ასე, რადიკალურად სხვადასხვა მხარეს?

–  ეს იმათ ჰკითხეთ,  თუმცა ყველამ ყველაფერი კარგად იცის. იმასაც გეტყვით, რომ მე არ ვყოფილვარ ამ შემთხვევაში უნიკალური, ათასობით ადამიანს გამოუცდია ეს ყველაფერი საქართველოში.  საუკუნეების განმავლობაში  მოდის ეს ტრადიცია, რომ ძმა ყიდის ძმას.  ასე გადავრჩით ჩვენ,  თუ ამ ყოფას გადარჩენა ჰქვია.  ამიტომაც ვართ დღეს ამ მდგომარეობაში, როგორშიც ვართ, რომ  ოცდამეერთე საუკუნეში ვიღაცეები შუქსა და წყალს გვამადლიან.   ჩემთვის ეს განცდა მძიმე მაშინ იყო, როცა მოშიმშილე პატიმარი, 65 კილო ვიყავი დარჩენილი, მქონდა  7 მძიმე ბრალდება, აბსოლუტურად დანგრეული ცხოვრება და ამ დროს იგებ, რომ საკუთარმა ძმებმაც გაგყიდეს. დღეს მძიმე აღარაფერია, როგორც უკვე გითხარით,  რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს.    

 

 

скачать dle 11.3