კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

როგორ ხდება კავკასია ამერიკისა და რუსეთის ინტერესების დაპირისპირების ცენტრალური ადგილი და რატომ მოუხმო ბაქომ „ნატოს“ ძალებს მილსადენების დასაცავად

მართალია, საკუთარი პრობლემებით ვართ გართული, მაგრამ ჩვენ გარშემო საერთაშორისო მოვლენები ისე დრამატულად და ელვის სისწრაფით ვითარდება, რომ, ჯერ ერთი, გვინდა თუ არა, შეგვეხება (შესაძლოა, კიდეც ჩაგვითრიოს) და, რაც მთავარია, საკუთარი პირობების წაყენების საშუალებასაც გვაძლევს. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ხეირიანად არც გასრულებულიყო, რომ ისრაელმა პალესტინის წინააღმდეგ ბოლო წლებისთვის უჩვეულოდ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, თანაც, ეს სირიაში მიმდინარე სისხლიანი დაპირისპირების ფონზე ხდება (სადაც ჯერაც არ უჩანს პირი, დასავლეთის მხარდაჭერილი ოპოზიცია გაიმარჯვებს თუ რფ-ს ფავორიტი ბაშარ ასადის რეჟიმი კვლავაც შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას). ყველასთვის მოულოდნელად, აზერბაიჯანმა, რომელიც აქამდე შესაშურად ლავირებდა რუსეთსა და აშშ-ს შორის, „ნატოს“ ძალებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენების დასაცავად მოუხმო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყარაბაღის კონფლიქტი ნებისმიერ დროს შეიძლება გაცხელდეს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ახლა უკვე „ნატოელების“ განთავსებას შეუძლებელია, არ შეეშფოთებინა რფ და მისი მოკავშირე სომხეთი, რომლებიც ერთმანეთს მხოლოდ საჰაერო გზით უკავშირდებიან (მათი სახმელეთო კავშირის გზა საქართველოზე გადის, როგორც იმ მილსადენებისა, რომელთა დაცვასაც ბაქო ბრიუსელს სთხოვს). ამის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე საუბრობდა, რაც რუსეთს არა მხოლოდ სომხეთთან, ირანთან პირდაპირი დაკავშირების საშუალებას გაუხსნიდა. ამ არცთუ იოლი ვითარების გაანალიზებას ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან ერთად შევეცდებით.

 

– „რესპუბლიკელების“ კანდიდატ რომნის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო ისრაელის მხარდაჭერა ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებაში, მაგრამ გაიმარჯვა ბარაკ ობამამ. ისრაელმა კი, მართალია, არა ირანის, თუმცა პალესტინის წინააღმდეგ ბოლო წლებისთვის უჩვეულოდ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია განახორციელა.  

– გამიჭირდება იმის თქმა, არის თუ არა უშუალო კავშირი ამ ორ მოვლენას შორის. ობამას რიტორიკა ნაკლებად იყო აქცენტირებული ძალისმიერ ქმედებებზე და საომარი მეთოდებით ამერიკის ჩარევაზე ნებისმიერ რეგიონში. ეს უფრო რომნის სტილისტიკა იყო. რაც შეეხება ობამას ხელწერას: მისმა პირველმა საპრეზიდენტო ვადამაც გვაჩვენა, რომ, ზოგადად, ამერიკის სტრატეგიული ინტერესები არ იცვლება პრეზიდენტების ცვლასთან ერთად, უბრალოდ იცვლება ამ სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზები და ფორმები.

– აბა, რის იმედად შეიძლებოდა, ისრაელს, არაბული ქვეყნებით გარშემორტყმულს, მარტოდმარტოს დაეწყო ასეთი სამხედრო აქცია მხარდაჭერის იმედის გარეშე? პალესტინის აღიარების პრევენცია უნდა?

– რთული სათქმელია, არის თუ არა ხელსაყრელი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კიდევ ერთი ცხელი კერის გაჩენა. გლობალურად, რა თქმა უნდა, ეს არის რეგიონი, სადაც ძალიან ბევრი მოთამაშის ინტერესი იკვეთება. ბევრი ამერიკელი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამერიკამ თავისი გავლენა ამ რეგიონზე არ უნდა დაიყვანოს მხოლოდ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე, რადგან ეს დააჩქარებს ამერიკის, როგორც ერთადერთი მსოფლიო იმპერიის, დასუსტებას. მეორე თემაა, რეალურად, რა პროცესები მიდის ამ რეგიონში: პრეზიდენტად მეორედ არჩევის შემდეგ ობამამ თავისი პირველი ვიზიტი განახორციელა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და თქვა, რომ თვალსაწიერ მომავალში სწორედ ეს რეგიონი იქნება მსოფლიოს ეკონომიკური ცენტრი. მაგრამ იმისთვის, რომ ამერიკამ თავისი ინტერესების კონცენტრირება შეძლოს ამ რეგიონში, მისთვის აუცილებელია, დღეს მიმდინარე კონფლიქტების, სირიასა თუ ირანთან, მინიმუმ, ლოგიკურ დასრულებამდე მიიყვანოს. ასე რომ, რეალურად მსოფლიოს ეპიცენტრი გადადის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისკენ. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ პროცესებზე, რომლებიც აქტიურად ვითარდება სირიისა და ირანის გარშემო.

– ჩვენ რამდენად შეგვეხება და როგორ?

–  რამდენიმე დღის წინათ ძალიან საინტერესო სტატია გამოქვეყნდა უცხოურ პრესაში, რომელშიც პირდაპირაა საუბარი არაბულ სამყაროსა და თურქეთს შორის სირიის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე. საკითხი დგას შემდეგნაირად: ამ შემთხვევაში, კავკასია იქნება მხოლოდ ამერიკის ინტერესების გამტარი და დამცველი თუ რუსეთის ინტერესებს გაატარებს და დაიცავს. ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არავის აქვს და უცხოელი ექსპერტები არ გამორიცხავენ იმის საშიშროებას, რომ ამ ორი ქვეყნის ინტერესი შესაძლოა, წინააღმდეგობაში სწორედ კავკასიის რეგიონში მოვიდეს.

– სულ ახლახან აზერბაიჯანმა „ნატოს“ მილსადენების დაცვა სთხოვა.

– დიახ, ეს ძალიან საინტერესო თემაა. დღევანდელი დღესავით მახსოვს, როდესაც ამ მილსადენების მხოლოდ პროექტებზე იყო საუბარი, მონაწილე მხარეები თავად იღებდნენ ამ პროექტების უსაფრთხოების გარანტიას. დარწმუნებული ვარ, მაშინაც არ გამოირიცხებოდა საერთაშორისო ძალების დახმარება პერსპექტივაში, მაგრამ, რა საბაბითაც უნდა განლაგდნენ „ნატოს“ ჯარები აზერბაიჯანისა თუ საქართველოს ტერიტორიაზე, ეს, რეალურად, გლობალური ძვრაა რეგიონისთვის. თუმცა სულ სხვა თემაა, რა რეაქცია მოჰყვება ამას რუსეთისგან.

– ძალიან უცნაურია ბაქოსგან ამის განცხადება, რადგან ის ყოველთვის შუალედურ პოზიციას იჭერდა რუსეთსა და აშშ-ს შორის, ახლა კი მკაფიოდ გადადგა ანტირუსული ნაბიჯი.

– არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთი თვის წინათ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი კატეგორიული პოზიცია, რომ ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში აზერბაიჯანი არ დაუთმობს თავის ტერიტორიას ირანის წინააღმდეგ გამოსაყენებლად. ეს თითქოსდა შეუსაბამო ორი პოზიცია, სულ რაღაც, ერთი თვის განმავლობაში ბევრ რამეზე მეტყველებს და უამრავი ვარაუდის გამოთქმის საშუალებას გვაძლევს.

– ვაჭრობს აზერბაიჯანი?

– არც ეს გამოირიცხება, რადგან, ზოგადად, ბალანსის დაცვა აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის საფირმო ნიშანია, რაც მსოფლიო პოლიტიკაში მის მყარ პოზიციას განაპირობებს და ხელს უწყობს. მაგრამ მეორე თემაა, რეალურად, ხომ არ გრძნობს აზერბაიჯანი მოსალოდნელ საფრთხეებს?

– ვისგან, ყარაბაღისგან, ანუ სომხეთისგან?

– თუკი რეგიონში დაიწყება კონფლიქტი და ასეთ შემთხვევაში ორ შესაძლო კონფლიქტზეა საუბარი: თუ ყარაბაღის საკითხმა სამხედრო გზით გადაწყვეტის ფორმა მიიღო, შესაძლოა, გაჩნდეს მილსადენების დაცვის აუცილებლობა და, მეორე, იგივე აუცილებლობა გაჩნდება ირანთან სამხედრო კონფლიქტისასაც. ბუნებრივია,  ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანი დგება იმ აუცილებლობის წინაშე, რომ დაიცვას მილსადენები, რომლებითაც სტრატეგიული ენერგომატარებლები მიეწოდება, მათ შორის, „ნატოს“ წევრ ქვეყნებს. შესაძლოა, ისეთ ფორმულაზეც მუშაობს აზერბაიჯანი, რომ არ დაუთმოს თავისი ტერიტორია ირანის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, მაგრამ პარალელურ რეჟიმში დაიცვას თავისი და „ნატოს“ წევრი ქვეყნების ერთობლივი ინტერესი ამ მილსადენების სახით.

– ამ პერიოდს დაემთხვევა აფხაზეთთან რკინიგზის გახსნის თემის გააქტიურება. არის თუ არა ჩვენთვის გლობალურ კონტექსტში ეს ხელსაყრელი?  

– თუკი აფხაზეთის რკინიგზის გახსნას ირიბად მივაბამთ ირანის თემას, რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ინტერესია. გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთის რკინიგზის მეშვეობით, ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, მოამარაგებს სომხეთს და იმის იქით –  ირანს. თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ძალიან მზარდ და კონკრეტულ ფორმებს იძენს ამერიკისა და „ნატოს“ ერთობლივი დაინტერესება საქართველოს შავიზღვისპირეთით. მე უფრო კონკრეტული ინფორმაციისგან თავს შევიკავებ. საქართველო ხელსაყრელი ადგილია „ნატოსთვის“ საჰაერო გზებითაც: ევროპიდან მომავალმა თვითმფრინავებმა, შესაძლოა, შეივსონ საწვავი, თუნდაც, ირანისკენ გადაფრენისას. ეს ფაქტორიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს შავიზღვისპირეთის პოტენციალით დაინტერესებაში და ძალიან კონკრეტულ გეგმაზეა საუბარი. ეს ყველაფერი, ერთი მხრივ, ზრდის საფრთხეს გლობალურ კონტექსტში, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს ძალიან დიდ გამჭრიახობას ამ საფრთხის შანსად ქცევისთვის, რომ მაქსიმუმი მოითხოვოს და გაცილებით ანგარიშგასაწევი გახდეს მტერთან თუ მოყვარესთან ურთიერთობაში.

– წონა უნდა ავკრიფოთ?

– ამერიკაშიც დავის საგანია, მიიღებს თუ არა ირანთან კონფლიქტი საომარ სახეს და არის თუ არა მზად ამერიკა ამ ტიპის ძალიან მასშტაბური საომარი ოპერაციისთვის. ერთ-ერთი მოსაზრებით, ამერიკამ თავი უნდა შეიკავოს ძალისმიერი მოქმედებებისგან და თავად რეგიონებს მიანდოს თავიანთი პრობლემების მოგვარება. ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკა ხელს იბანს მსოფლიო პოლიტიკაში მონაწილეობის მიღებისგან, მაგრამ საუბარია მხოლოდ ირიბ დახმარებაზე რეგიონის პრობლემების მოგვარებაში, რომ ამერიკის რესურსები შეძლებისდაგვარად გაცილებით მცირე იყოს, ვიდრე ამერიკის სამხედრო მონაწილეობა იქნებოდა. ასევე, საინტერესოა საკუთრივ რუსეთში არსებული მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს რუსეთის როლი მიმდინარე და მოსალოდნელ კონფლიქტებში.

– აქვე ვიტყვი: მიხაილ ლემონტიევი გამოთქვამს ძალიან საინტერესო მოსაზრებას, რომ ბუშის დროს იყო ეგრეთ წოდებული კონტროლირებადი ქაოსის ომები, ობამას დროს კი არაკონტროლირებადი ქაოსის ომებია, ამიტომ აშშ ცდილობს, სადაც რესურსი არ ჰყოფნის, გაყინოს კონფლიქტები, რომ ერთადერთი ზესახელმწიფოს იმიჯი შეინარჩუნოს. ეს რუსეთსაც ხელს აძლევს, რადგან არც რუსეთმა იცის, როგორ იცხოვროს მრავალპოლუსიან სამყაროშიო.

– ეს ძალიან საინტერესო მოსაზრებაა და ფართოდ გავრცელებულიც. რაც შეეხება კონფლიქტების გაყინვას და მართვადი ქაოსის შექმნას: მართვადი ქაოსი, როგორც კონტროლის ფორმა მაინც მისაღებია ამერიკისთვის. იგივე სირიული პრესა წერდა, რომ ამერიკის სურვილია, სირია ჩაითრიოს ხანგრძლივ მართვად ქაოსში, რომელიც სირიას არ მისცემს განვითარების საშუალებას, ამოაგდებს, როგორც მსხვილ რეგიონულ მოთამაშეს, და ამ გზით გააკონტროლოს სირია. ვფიქრობ, ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება. რაც შეეხება უშუალოდ რუსეთს: იქაც იყოფა აზრი იმის შესახებ, აქვს კი რუსეთს პოტენციალი, რომ პრეტენზია განაცხადოს თავის გავლენაზე ამ რეგიონში. თუმცა ისიც სათქმელია, რუსეთსაც ესმის, რომ ეკონომიკური ჭიპი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე გადის. ბევრი რუსი ექსპერტის თვალში ეჭვქვეშ დგას რუსეთის პოტენციალი, ითამაშოს მსხვილი და მასშტაბური თამაში. იმასაც კი ამბობენ, რომ რუსეთმა თავის დროზე, 2010 წელს, ვერ აღმოუჩინა დახმარება ყირგიზეთს, როდესაც იქ  მნიშვნელოვანი არეულობები იყო და ბიშკეკმა კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზაციას დახმარება სთხოვა, მაგრამ ამ ორგანიზაციამ თავი შეიკავა. ამ და სხვა ფაქტორების საფუძველზე, რუსი ექსპერტების ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის ჩარევას, თუკი ირანში სამხედრო მოქმედებები დაიწყება. ესეც საინტერესო ხედვაა.

– აქ არის ერთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტი: ჩვენი მოსარევი ძალა რუსეთს ყოველთვის ექნება.

– ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ საუბარია იმაზე, აიტკიებს კი რუსეთი თავს იმით, სამხედრო ძალით შემოვიდეს საქართველოში, რომ შემდეგ უკვე შორს, სირიასა და ირანში გაატაროს თავისი ინტერესები. არის მეორე, სრულიად განსხვავებული მოსაზრება, რომ ავღანეთიდან ამერიკის სამხედრო ძალების გასვლის შემთხვევაში დიდი პრობლემის წინაშე დგება შუა აზია.

– უსაფრთხოების თვალსაზრისით?

– დიახ, უსაფრთხოების თვალსაზრისით და, აქედან გამომდინარე, მოთხოვნა გაჩნდება კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაზე და მას შეიძლება, დაეკისროს შუა აზიაში წესრიგის აღდგენის ფუნქცია. ამდენად, შეიძლება, მისი წევრობის მსურველთა რაოდენობაც გაიზარდოს, მაგალითად, უზბეკეთი გამოთქვამს ამ ორგანიზაციაში დაბრუნების სურვილს. ძალიან მრავალწახნაგოვანია მსოფლიო პოლიტიკა. იგივე ამერიკაც მასშტაბურად მოქმედებს და ყველა რეგიონში ცდილობს სხვადასხვა მეთოდით მოახდინოს გავლენა: ეს იქნება მართვადი ქაოსი თუ პირდაპირი სამხედრო ყოფნა, აღარაფერს ვამბობ ეკონომიკურ ინტერესსა და საინფორმაციო ველის მოცვაზე. მაშინ, როდესაც რუსები საუბრობენ კოლექტიური უსაფრთხოების ძალების როლის გაზრდაზე ავღანეთიდან „ნატოს“ სამხედრო კონტინგენტის გამოყვანის შემდეგ, ამერიკელები სრულიად განსხვავებულ რამეს გეგმავენ. შეუძლებელი იქნება ავღანეთიდან ამ მასშტაბის ტექნიკის გამოყვანა და საუბარია მათი ნაწილის დროებით, მიმდებარე ტერიტორიაზე, შუა აზიის რესპუბლიკებში დატოვებაზე.

– თავის პერსონალიანად?

– დიახ. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ულიანოვსკში იხსნება „ნატოს“ სამხედრო ბაზა და რუსეთი არაერთ მოლაპარაკებაში იღებს მონაწილეობას ავღანეთთან დაკავშირებით. შესაბამისად, რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირები დიდ შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რა ელის რუსეთს ავღანეთიდან ამერიკის შეიარაღებული ძალების გამოყვანის შემდეგ, აღარაფერს ვამბობ შუა აზიის უსაფრთხოებაზე. ამ კუთხით რუსეთსა და ამერიკას შორის თანამშრომლობა, როგორც ჩანს, დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. ასე რომ, ძალიან მრავალწახნაგოვან სამყაროში ვცხოვრობთ. მსოფლიო პოლიტიკას ინტერესთა არაერთი ჯგუფი განსაზღვრავს და ცალსახად ვერ იკვეთება ზედაპირზე, რომელი ჯგუფი გაიმარჯვებს იმავე ამერიკაში, თუნდაც, ირანის პოზიციასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ძლიერია იმ მოსაზრების მომხრეთა პოზიციები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამერიკამ პირდაპირი სამხედრო ჩარევისგან თავი უნდა შეიკავოს. ძალიან გაგვიგრძელდება თემა, თუ თურქეთის როლზეც ვისაუბრებთ.

– მე მგონია, შექმნილი ვითარება ნოყიერ ნიადაგს ქმნის საიმისოდ, რომ საქართველომ წარმატებით ივაჭროს და მნიშვნელოვანი ხეირიც ნახოს. თქვენ როგორ ფიქრობთ, მოხერხებულად მოქმედების შემთხვევაში გვაქვს ამ დაძაბულობის საჩვენოდ გამოყენების რეალური შესაძლებლობა?

– მინიმუმ, უნდა მოვახერხოთ ის, რომ ამ დაძაბულობამ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობას საფრთხე არ შეუქმნას. ძალიან ძნელია საუბარი იმაზე, ვაქცევთ თუ არა ამ საფრთხეს შანსად, მაგრამ ცდა შეიძლება. ეს არის ის ისტორიული მომენტი, რომელიც საქართველოს მოაქცევს მსხვილი მოთამაშეების სასიცოცხლო ინტერესების სფეროში და, ამდენად, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ამით, თუ მაქსიმალურ მოგებას არ ვნახავთ, წაგებული არ დავრჩეთ.

 

скачать dle 11.3