კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეყვარებული ალფონსი

 

მისტერ პარკერ პაინს ბევრი გულნატკენი, იმედგაცრუებული და ქმარზე გამწარებული ქალი უნახავს, მაგრამ მისის პაკინგტონი განსაკუთრებული შემთხვევა აღმოჩნდა.

– ჩემს ქმარს ჩემი მოკვლა უნდა, – პირდაპირ განუცხადა, როგორც კი მის წინ სავარძელში ჩაეშვა.

პარკერ პაინმა სათვალე შეისწორა:

– იქნებ, ჯერ მომიყვეთ, რაშია საქმე?

– უკვე გითხარით. ალბათ, ფიქრობთ, რომ პირდაპირ პოლიციაში უნდა მივსულიყავი, მაგრამ, იქ დამცინებენ. მხოლოდ ჩემი ეჭვების საფუძველზე ვინ რას ეტყვის?

– ალბათ, მის ცხოვრებაში სხვა ქალი გამოჩნდა. ხომ ასეა?

– თქვენ რა, იცით?

პაინმა გაიცინა:

– ძვირფასო მისის, იცით, ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენი თქვენნაირი კლიენტი მყავდა?

ქალმა ერთბაშად იფეთქა:

– ნაგავი, იაფფასიანი ძუკნა, შეღებილი თოჯინა!.. გაასულელა და გამოაშტერა, თავის ნება-სურვილზე დაარბენინებს, ეს შტერი კი ამბობს, საეჭვიანო არაფერი გაქვსო. დამცინის. მარტოსული, საწყალი ქალიშვილია და, უბრალოდ, ვეხმარები დეპრესიის დაძლევაშიო. როგორი არამზადა უნდა იყო, ეს რომ თქვა!.. საჩუქრებს ყიდულობს, თანაც, ძვირფას საჩუქრებს. თავისი გარდერობი მთლიანად განაახლა და პატარა ბიჭივით ამჩატებულია. მთელ ჩემს ქონებას, რაც სიმწრით დავაგროვე, ქარს ატანს. საკუთარი თავისთვის ზედმეტად არაფერი დამიხარჯავს, ახლა კი, როგორც უსარგებლო ნივთს, როგორც მოძველებულ ჩვარს, ისე მექცევა. ორი დღის წინ კი მოვუსმინე, როგორ ელაპარაკებოდა იმ ძუკნას ტელეფონით: ცოტაც მოითმინე, ძვირფასო, და მალე დავიხსნი თავს ბორკილებისგან, მერე კი სულ შენთან ვიქნებიო... ეს რას ნიშნავს? ჩემი მოკვლა უნდა! ისე ვარ შეშინებული, სახლში საჭმელს ვერ ვჭამ – მაგისგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი...

– შესანიშნავად მესმის თქვენი.

– ისეთი უბედური ვარ... – ცრემლები წამოუვიდა ქალს, – მართლა მიშველით? 

– დიახ. თქვენი შემთხვევა სტანდარტულია, არაფრით არ არის განსაკუთრებული.

– შეუძლებელია... ჩემი შემთხვევა განსაკუთრებულია! – გაჯიუტდა ქალი.

– ენდეთ ჩემს გამოცდილებას, ქალბატონო... მაგრამ, ჩემი მომსახურება სამასი გინეა დაგიჯდებათ...

ქალი შეკრთა.

– სამასი გინეა? ეს ხომ მთელი ქონებაა?! – შეიცხადა ქალმა.

– თქვენი სიცოცხლე და სიმშვიდე რამდენი ღირს, ქალბატონო?

ქალმა ამოიოხრა. ჩანთიდან ჩეკის წიგნაკი ამოიღო და გამოწერა.

– ახლა რა ვქნა?

– მშვიდად წაბრძანდით შინ, დილით კი ჩემს ინსტრუქციას მიიღებთ. იმოქმედებთ ამ ინსტრუქციის მიხედვით, უსიტყვოდ დამემორჩილებით და, კიდევ – არავითარი თვითშემოქმედება. ნუ გეშინიათ. თუ თქვენს ქმარს თქვენი მოკვლა მართლა აქვს გადაწყვეტილი, რაშიც ეჭვი მეპარება, ის ამას ასე მალე არ გააკეთებს. უფრო იმ ქალის დასამშვიდებლად და „დასაბმელად“ თქვა ის, რაც თქვა.

მისის პაკინგტონი სახლში დაბრუნდა. ქმარმა, როგორც ბოლო ხანს სჩვეოდა, დაურეკა და უთხრა, რომ გვიან მივიდოდა – ფირმაში საქმეები გამომიჩნდაო. მისის პაკინგტონს არაფერი უთქვამს, ისე დაკიდა ყურმილი. პარკერ პაინთან საუბარმა იმედი ჩაუსახა. მოუთმენლად ელოდა დილის ფოსტას... 

ინსტრუქცია საკმაოდ უცნაური შინაარსის აღმოჩნდა. ქალმა რამდენჯერმე გადაიკითხა ის და ქმარს გახედა, რომელიც საუზმობდა და, თან, ვითომ რადიოსაც უსმენდა, სინამდვილეში კი იმაზე ფიქრობდა, როგორ შეეთავაზებინა ჯეინისთვის ქურქის ყიდვა ისე, რომ ქალიშვილს თავი შეურაცხყოფილად არ ეგრძნო.

– დღესაც, ალბათ, გვიან მოვალ, – უთხრა ცოლს და შესაძლო სკანდალის მოლოდინში დაიძაბა.

– კარგი, გავიგე.

კაცს ცოტა გაუკვირდა, მაგრამ, რადგან სახლიდან იოლად „გაძრომის“ შანსი მიეცა, ხელიდან აღარ გაუშვა – პალტო აიღო და კარი გაიხურა. მისის პაკინგტონმა სიას ჩახედა. საათების მიხედვით იყო ჩამოწერილი: ვიზიტი სილამაზის სალონში, სტილისტთან; ფეხსაცმელების მაღაზიაში... ბოლოს კი მიწერილი იყო: ვახშამი რესტორან „რიცში“. ქალმა დააპირა, დაერეკა პარკერთან, მაგრამ, გაახსენდა, როგორი მკაცრი ტონით მოსთხოვა დამორჩილება და გადაიფიქრა. მით უფრო, რომ ინსტრუქციაში გარკვევით ეწერა, ყველაფერი გადახდილიაო...

საღამოს 6 საათისთვის მისის პაკინგტონი გაოგნებული ათვალიერებდა საკუთარ გამოსახულებას სარკეში... იქიდან სულ სხვა ქალი იყურებოდა: სიმპათიური, ლამაზიც კი; მოდურად, ელეგანტურად ჩაცმული... გული სიამაყით აევსო და ის წლები დაენანა, თითოეულ კაპიკს რომ უფრთხილდებოდა და გაცვეთილი, ფართხუნა სამოსით დადიოდა...

„რიცში“ კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი ელოდა: შამპანურითა და დელიკატესებით გაწყობილ მაგიდასთან ახალგაზრდა, გასაოცარი გარეგნობის მამაკაცი იჯდა და მას ელოდა. უცნობი გრაციოზულად ეამბორა ხელზე.

– მე კლოდ ლატრე ვარ, მადამ... გეგმის მიხედვით, თქვენზე ზრუნვა მაქვს დავალებული. თქვენი ქმარი უნდა ვაეჭვიანოთ.

– ეს გაჭრის?

– მერე როგორ... ყოველთვის ჭრის. თქვენი ქმრისნაირი მამაკაცები ძალიან სწრაფად მოდიან ხოლმე აზრზე. ჩვენ ყოველდღე შევხვდებით ერთმანეთს და საღამოებს სხვადასხვა გასართობ ადგილას გავატარებთ, სანამ თქვენს ქმარსა და მის გულის ვარდს არ გადავაწყდებით. ცეკვავთ?

– ახალგაზრდობაში ძალიან კარგად ვცეკვავდი... მაგრამ მას შემდეგ იმდენი წელი გავიდა...

– არა უშავს, ყველაფერი კარგად იქნება.

მეთერთმეტე დღეს, რაც კლოდ ლატრე ქალის ცხოვრებაში გამოჩნდა, ისინი საცეკვაოდ „პროპოიცეში“ წავიდნენ – ყველაზე მოდურ საცეკვაო კლუბში... ამ ხნის განმავლობაში მისის პაკინგტონი მთლიანად შეიცვალა – გაიფურჩქნა თავისი ახალგაზრდა კავალერის გვერდით, რომელსაც უნებლიეთ ქმარს ადარებდა და უკვე ეცინებოდა, ამ ღიპიან, თმაგაცვენილ, უბადრუკ არსებაზე რომ ეჭვიანობდა. ქალს სახეზე მუდმივად დასთამაშებდა ბედნიერი ღიმილი, რაც, ბოლოს და ბოლოს, შეუმჩნეველი არ დარჩა მისტერ პაკინგტონსაც. იმასაც ხედავდა, როგორ შეიცვალა მისი ცოლი გარეგნულად. პირადი გეგმები რომ არა, უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევდა და, შეიძლება, თავისი აღფრთოვანებაც გამოეხატა, მაგრამ, ახლა მხოლოდ კმაყოფილი იყო იმით, რომ ცოლი ზედმეტ შეკითხვებს არ აძლევდა და არანაირ ემოციას არ გამოხატავდა საღამოობით მის დაგვიანებაზე...

მისტერ პაკინგტონი გაშეშდა... ისეთი შოკი დაემართა ახალგაზრდა მამაკაცის საზოგადოებაში ცოლის დანახვაზე, რომ ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, მისის პაკინგტონი იყო მეცხრე ცაზე. ფრთაშესხმული ცეკვავდა და დაცინვით უყურებდა ქმრის თანმხლებ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც სახეზე ეტყობოდა, რომ მხოლოდ ითმენდა თავის მოსაწყენ, მოუხერხებელ, ბებრობაში ფეხშედგმულ კავალერს...  იმ საღამომ კი ჩაიარა მშვიდად, მაგრამ, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა – მისტერ პაკინგტონში რაღაც მოხდა: საღამოობით ადრე დაიწყო სახლში დაბრუნება... როცა ცოლი ტელეფონზე საუბრობდა, კისერწაგრძელებული ცდილობდა, მისთვის მოესმინა... სახლიდან წასულს რამდენჯერმე უკან აედევნა და მოწმე გახდა მისი რომანტიკული შეხვედრისა...

მისტერ პარკერ პაინი ხელებს იფშვნეტდა. კლოდის ინფორმაციით, რომელსაც წარმატებით იყენებდა ასეთ საქმეებში, სიტუაცია კულმინაციურ მომენტს უახლოვდებოდა. ხარჯი ზომიერი იყო. მოგებაც – სოლიდური... მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი: მისტერ პაკინგტონი გაქრა, ხოლო ორი დღის შემდეგ გაზეთებში მისი გარდაცვალების შესახებ გაჩნდა ცნობა... პარკერ პაინმა კი მისის პაკინგტონის წერილი მიიღო.

„ძვირფასო პაინ... მე ახლა თავისუფალი, ბედნიერი ქალი ვარ და ამისთვის მადლობას თქვენ გიხდით. გვერდით მყავს მამაკაცი, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი და ესეც თქვენი წყალობით. თქვენს ინსტრუქციას ზედმიწევნით ზუსტად ვასრულებდი, მაგრამ, ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა რთული ყოფილა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩავიდენდი იმას, რაც მე ჩავიდინე და რის გაკეთებაშიც ქმარს ვდებდი ბრალს... იმედია, ხვდებით, რასაც ვგულისხმობ... დე, ეს უბედურ შემთხვევად დარჩეს. მით უმეტეს, რომ ჩემმა ქმარმა კლუბებში ცეკვებით გული მართლაც გადაიღალა. რაც იყო, იყო... იმედი მაქვს ჩემი საიდუმლო თქვენთან დარჩება. კლოდი არაჩვეულებრივია... დიდი მადლობა და მშვიდობით...

 

скачать dle 11.3