კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

რის ფასად დაუჯდა სხვა „მუღამის” გამოცდის სურვილი ბრენდონ სტოუნს და ჭრის თუ არა მისი ქართულ-ევროპული გარეგნობა გერმანიაში

ქართველი მომღერალი ბრენდონ სტოუნი, უცხოეთში ცნობილია, როგორც კარგი კომპოზიტორი და პროდიუსერი. ის კონკურს „ახალი ტალღის” ხმის პროდიუსერიცაა და „ევროვიზიის“ კონკურსზე არაერთი კონკურსანტის სიმღერისა და არანჟირების ავტორიც. მან სიმღერა საქართველოში, ბავშვობაში დაიწყო. თუმცა, უცხოეთში კომპოზიტორობა და პროდიუსერობა არჩია დიდ სცენაზე დგომას. ამასთანავე, საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდიაც გახსნა. ახლა, ბრენდონი, გერმანიის „ახალი ხმის” კონკურსანტია და როგორც თავად ამბობს, ამით შემოქმედებითი გზის თავიდან დაწყებას გეგმავს, ხოლო, გახდება თუ არა ის გერმანიის „ახალი ხმა”, ამას მომავალი გვიჩვენებს. 

 

ბრენდონ სტოუნი: გერმანიის „ახალი ხმის” კონკურსზე გადავწყვიტე გასვლა და არ შევცდი. წარმატებით გავიარე შესარჩევი ტური, შემდეგ, ბრმა ქასთინგიც და ახლა მეორე ტურისთვის ვემზადები. ამჟამად, ჩემს მწვრთნელთან ერთად პრაღაში ვიმყოფები და დღე და ღამე ვმუშაობ. 32 წლის ვარ და მგონი, ისე არასდროს მინერვიულია და განმიცდია მღელვარება, ამ შოუზე რომ განვიცადე. ჩემი რომ გავიტანე და წარმატებას მივაღწიე ძლიერი კონკურენციის ფონზე, ერთი დღე შოკში ვიყავი.

– ბრენდონ, შენ გერმანიაში კარგი კომპოზიტორის, წარმატებული პროდიუსერისა და ბიზნესმენის იმიჯი გაქვს. რატომ მოგინდა ყველაფრის თავიდან დაწყება და საკუთარი თავის გამოცდა? ეს ხომ ერთგვარი რისკიც იყო შენი მხრიდან?

– რასაკვირველია, ეს რისკი იყო, მაგრამ მე ამის არ შემეშინდა. ამაზე ბევრი ვიფიქრე. შესარჩევი კონკურსი რომ გამოცხადდა, დავფიქრდი, იქნებ მეც მეცადა ბედი-მეთქი. მართალია, გერმანიაში მიცნობენ, როგორც კომპოზიტორს და პროდიუსერს, მაგრამ დიდ სცენაზე დგომა და სიმღერა, სულ სხვა „მუღამია”. ასე ვთქვათ, ნულიდან დავიწყე ჩემი კარიერა და გამომივიდა კიდეც. უამრავი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. სამი ქასთინგი გავიარე და შემდეგ მივიღე მიწვევა ბრმა ქასთინგიდან. ისიც გავიარე. გერმანიის ტელევიზიით სამი დღის წინ აჩვენეს ეს შოუ და ძალიან დადებითი ემოციები მოჰყვა. ხალხს მოვეწონე, მილოცავენ და მეუბნებიან, კარგი მომღერალიც თუ იყავი კომპოზიტორობასთან ერთად, არ ვიცოდითო (იცინის). რა იციან აქ, რომ კარიერა, საქართველოში, ბავშვობაში სიმღერით ანსამბლ „ნერგებში” დავიწყე. ჟიურიში ოთხი გერმანელი ვარსკვლავი მომღერალი იჯდა და საკმაოდ მკაცრები იყვნენ. მე კი მოვხვდი, ნომერ პირველი გერმანელი მომღერლის ჯგუფში. ეს არის ქსელიო ნაიდუ. 

– როგორც ვიცი, ქართულ „ახალ ხმაში” როგორც ჟიურის წევრი, ისე იყავი მოწვეული. რატომ თქვი უარი?

– მართალი ხართ. სანამ გერმანულ კონკურსზე წავიდოდი ბედის საცდელად, მომივიდა „იმეილი” საქართველოდან, დავით იმედაშვილისგან. მწერდა, მინდა, „ახალი ხმის” ჟიურიში იჯდეო. ძალიან გამიხარდა, რომ მიმიწვია, მაგრამ ზუსტად იმ პერიოდს ემთხვეოდა გერმანიის ქასთინგიც. მოკლედ, აღმოვჩნდი დილემის წინაშე: ან უნდა წავიდე საქართველოში და დავჯდე ჟიურიში ან გერმანიაში, როგორც მომღერალი ავიწყო კარიერა. ჯერ ვიფიქრე, ორივეს ერთდროულად გავაკეთებ, მოვასწრებ-მეთქი, მაგრამ დროში ვერ ვეტეოდი და მეორე ვარიანტი ვარჩიე. 

– რუსეთში გამოდიხარ კონცერტებზე და როგორც მომღერალს, გიცნობენ. არ გეშინოდა, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში, შენს მომღერლობას საფრთხე დაემუქრებოდა? 

– საქმეც ისაა. რუსეთში მიცნობენ, როგორც მომღერალს, გერმანიაში კი – არა და მინდა, აქაც ვიდგე დიდ სცენაზე და არ ვიდგე კულისებში, როგორც პროდიუსერი. მინდა ხალხს შევაყვარო თავი ჩემი ნამღერით. რასაკვირველია, იყო რისკი, მაგრამ ამის გარეშე ადამიანი წინ ვერ წაიწევს. ბარიერების არ უნდა შეგეშინდეს და წინ მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგა, თუ გინდა, ცნობილი და წარმატებული იყო. ამით საკუთარ თავსაც გამოცდა მოვუწყვე და დავუმტკიცე, რომ სიმღერა შემიძლია. თუ ჟიურის არც ერთი წევრი არ მობრუნდებოდა ჩემს ნამღერზე, ამით არ დასრულდებოდა ჩემი შემოქმედებითი სვლა, მაგრამ გული დამწყდებოდა. თუმცა, იმასაც ვფიქრობდი და ვუშვებდი, რომ შესაძლოა, არც ერთი არ მობრუნდეს-მეთქი. გერმანიაში, ცოტა სხვანაირი სტილის ნამღერი უყვართ. მე კი მაინც ქართული გენი მაქვს და სხვანაირი გულით, მინორული აკორდებით, ქართულად ნამღერი გამომდის. გერმანელებს კი მაჟორული ნამღერი და ადვილად აღსაქმელი მუსიკა უყვართ. ისე ვგრძნობდი ბრმა ქასთინგზე თავს, როგორც პირველკლასელი და დავამტკიცე, რომ მაგარი ნერვები მქონია (იცინის). ისე ვნერვიულობდი, თითქოს პირველად ვიდექი სცენაზე. მადლობა ღმერთს, ბედმა კვლავ გამიღიმა. ეს, დამიჯერეთ, დიდი წარმატებაა ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის. მე მიღწეულით არასდროს ვარ კმაყოფილი და ყოველთვის ახალი ბარიერების გადალახვაზე ვიფიქრებ. შემოქმედი ადამიანისთვის ეს აუცილებელია, რომ არ მოძველდეს და სამყაროში არ დაიკარგოს. 

– რა ენაზე იმღერე?

– გერმანულად ვიმღერე და ზუსტად ის მომღერალი მობრუნდა პირველი – ქსელიო,  ვის ჯგუფშიც მინდოდა მოხვედრა. მითხრა, ისე იმღერე, არ შემეძლო, არ მოვბრუნებულიყავი და თვალებში არ ჩამეხედა შენთვისო. მკითხა, საიდან ხარო. ვუთხარი, მე საქართველოდან ვარ-მეთქი. იყვირა: „ვა, თბილისი, ბორჯომი?!” გავოცდი, საიდან იცის ჩვენი ბორჯომი-მეთქი. თურმე, ქართველი მეგობრები ჰყავს, აქედან უგზავნიან „ბორჯომის” მინერალურ წყალს და ყოველ დილით ერთ ჭიქას სვამს. მერე, მომიყვა, რა მაგარი ადგილია ბორჯომი, ნამდვილი სამოთხეაო. ისე მიხატავდა ბორჯომის ხედებს, ასე მეგონა, გერმანიის ბრმა ქასთინგზე კი არა, ბორჯომის ტყე-პარკში ვიდექი (იცინის). ქსელიო, ყოველთვის ითვალისწინებს შენს აზრს და გიტოვებს თავისუფალ არჩევანს. რაც ქასთინგის ჩანაწერი გავიდა გერმანიის ტელევიზიით, ქუჩაში ყველა მცნობს და მაჩერებს. მელირებული თმა და ქართული ცხვირი, აქ კარგად ჭრის (იცინის). 

– შენი მწვრთნელი ვარსკვლავი არ ფიქრობს იმიჯი შეგიცვალოს?

– არა, ამბობს, ქართულ-ევროპული სტილი გაქვს, გერმანიაში, დიდ სცენაზე ეს კარგად მუშაობს და შენს შეცვლას არ ვაპირებო. ქსელიოს პრაღაში აქვს სახლი. აქ კი სტუდიაც აქვს. დაგვპატიჟა და წყნარ ვითარებაში ვემზადებით. ჩაწერები გვაქვს, ალბომზე ვმუშაობთ, უფრო სწორად, მისმა რჩეულმა კონკურსანტებმა, უნდა ჩავწეროთ სიმღერები და ერთ დისკად გამოვუშვათ. მინდა, ამ კონკურსის წარმატების შემდეგ, როცა როგორც მომღერლად, ისე მაღიარებს გერმანელი პუბლიკა, ქართული სიმღერებიც ვიმღერო და გერმანიაში დიდ სცენაზე ქართული ესტრადა გავიტანო.

скачать dle 11.3