კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოკლა თბილისში მეხმა მოსკოველი ქილერი და ვის ლიკვიდაციას გეგმავდა ის

გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად შექმნილი კრიმინალური ქაოსის დროს, ერთმანეთის მიყოლებით დახოცეს რამდენიმე ათეული კრიმინალური ავტორიტეტი. ისინი პოსტსაბჭოთა სივრცის 60 პროცენტს აკონტროლებდნენ და მათ ხელში  აურაცხელმა სიმდიდრემ მოიყარა თავი, რის წყალობითაც უკვე პოლიტიკაშიც ძალიან აქტიურად ერეოდნენ. თუმცა, მათი უმრავლესობის მკვლელობამ ეს პროცესი შეაჩერა, საზოგადოებაში კი ხმა გავრცელდა, ამ მკვლელობებს მეტად კონსპირირებული ორგანიზაცია „თეთრი ისარი“ ახორციელებდა. მასში კი გაერთიანებულები იყვნენ ძალოვანი სტრუქტურების მაღალი კლასის თანამშრომლები.

ჩვენი დღევანდელი პუბლიკაცია „თეთრ ისართანაა“ დაკავშირებული. ყველა მთავარი გმირის ვინაობა შევცვალეთ. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

მასალა ექსკლუზიურია და პრესაში პირველად იბეჭდება.

კუზმინის ჩვენება

1996 წლის 2 მაისს, ღამის 1 საათსა და 35 წუთზე, მოსკოვში, სავიცკის შესახვევ ¹4-ში მდებარე კაფე „ვოისთან“ ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, გივი ჯორჯაძე მოკლეს, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში „ცალთვალას“ მეტსახელით იცნობდნენ. 51 წლის ჯორჯაზე „ვოისიდან“ გამოვიდა და „მერსედესში“ უნდა ჩამჯდარიყო, როცა სნაიპერის ტყვიამ შუბლი გაუხვრიტა. შემდეგ ტყვია კეფიდან გამოუვიდა და მისი პირადი მცველი ემზარ კოკაია მარჯვენა მხარში დაჭრა. ცალთვალა ადგილზევე დაიღუპა. ცხედარი პროზექტურაში წაიღეს გამოსაკვლევად. პროკურატურაში კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მოქალაქე ჯორჯაძის განზრახ მკვლელობის მუხლით.

რამდენიმე საათში დადგინდა, რომ სნაიპერმა ევდოკიმოვის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი სახლის სახურავიდან ისროლა, რომელიც კაფე „ვოისიდან“ 150 მეტრის დაშორებით იდგა. მაიორ ევგენი კარპოვისთვის, რომელიც ამ მკვლელობას იძიებდა, ყველაზე მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რომ დილის 10 საათზე მასთან მივიდა მოქალაქე, 39 წლის ვინმე ივანე კუზმინი და განუცხადა მკვლელობას შევესწარი, მსროლელი ვიცანი და შემიძლია, მისი ვინაობა დავასახელოო. ის ირწმუნებოდა, რომ დაწვრილებით ჩვენებას მისცემდა ამ საქმის ირგვლივ. მაიორმა კარპოვმა მოულოდნელად გამოჩენილ მოწმეს ქაღალდების დასტა და საწერ-კალამი დაუდო წინ და უთხრა:

– აი, დაწერეთ ყველაფერი.

ივანე კუზმინი წერას შეუდგა და ნახევარი საათის შემდეგ ჩვენება უკვე მზად იყო: „2 მაისს, შუაღამეს ჩემი ცოლის სათვალთვალოდ, ევდოკიმოვის ქუჩა ¹11 სახლის სხვენში ავედი. ჩემი მეუღლე, ნადეჟდა სერგიენკო ზემოაღნიშნული სახლის მეხუთე სართულზე ცხოვრობს. ბინა დედამისს ეკუთვნის და მე სხვენში ნახვრეტი მაქვს გაკეთებული, რომ მას ვუთვალთვალო, რადგან ეჭვი მაქვს, რომ მღალატობს. დაახლოებით ღამის პირველ საათსა და 15 წუთზე სხვენში ფუტლიარიანი მამაკაცი ამოვიდა. მან ფუტლარი გახსნა, იქიდან სნაიპერული შაშხანა ამოიღო და საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა. შემდეგ ერთ-ერთ ფანჯარასთან პოზიცია დაიკავა და დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ ერთხელ გაისროლა. ამის მერე მან შაშხანა ფუტლარში დააბრუნა და იქიდან წავიდა. მთვარის შუქზე იმ კაცის სახე დავინახე და მასში ჩემი ძმის ცოლის მეზობელი, უფროსი ლეიტენანტი იური ვოლკოვი შევიცანი. ის „ომონში“ მუშაობს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სხვენში მყოფი სნაიპერი იური ვოლკოვი იყო“.

როგორც ივანე კუზმინმა განმარტა, ის სხვენში მდებარე ძველ კარადაში იმალებოდა და იქიდან უთვალთვალებდა ვოლკოვს. გაირკვა ისიც, რომ ვოლკოვს და კუზმინს ერთი წლით ადრე კონფლიქტი იმ დროს მოუვიდათ, როცა ივანე კუზმინი თავისი რძლის სახლიდან შინ მთვრალი ბრუნდებოდა და ვოლკოვს ასანთის გამო წაეკიდა. თუმცა, კონფლიქტი იქვე დასრულდა, რადგან მასში კუზმინის ნათესავები ჩაერივნენ. გაირკვა ისიც, რომ ივანე კუზმინი ოთხი თვის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაში იწვა და მკურნალობდა...

ივანე კუზმინის ჩვენების საფუძველზე, მაიორმა ევგენი კარპოვმა ოპერატიული ჯგუფი შეკრიბა და ორი მანქანით ვოლკოვთან წავიდა. „ომონის“ თანამშრომელი იმ დროს აიყვანეს, როცა ის თავის ბინაში შედიოდა. ბინა გაჩხრიკეს, თუმცა, იქ ვერაფერი აღმოაჩინეს, გარდა ერთი ცალი შავი ბარათისა, რომელზეც თეთრი ისარი იყო დახატული. ასეთ ბარათებს პოულობდნენ მილიციელები იმ ადგილებში, სადაც კრიმინალურ ავტორიტეტებს ხოცავდნენ. ასეთივე ბარათი აღმოაჩინეს იმ სხვენში, საიდანაც ჯორჯაძეს ესროლეს.

– ეს რა არის? – ჰკითხა კარპოვმა ვოლკოვს და ისრიანი ბარათი წინ დაუდო.

– ისრიანი ბარათი, – მხრები აიჩეჩა ვოლკოვმა.

– რად გინდათ?

– ისე, უბრალოდ. გუშინ ქუჩაში ვიპოვე, სახლში რომ მოვდიოდი და წამოვიღე.

– ისე, უბრალოდ?

– უფრო სწორად, ზომისთვის, ნიმუშად წამოვიღე. ჩემთვის სავიზიტო ბარათების დამზადება მინდა და ეს ნიმუშად გამოდგება.

– კარგი, გასაგებია, – ჩაეცინა კარპოვს და ჰკითხა, – სად იმყოფებოდით წუხელ, ღამის 12 საათიდან ორის ნახევრამდე? უფრო სწორად, ორს რომ 25 წუთი აკლდა?

– სამსახურში. მორიგე ვიყავი და ამას, როგორც მინიმუმ, ოცი კაცი დაადასტურებს. რატომ მეკითხებით?

– აი, ჩვენ კი სულ სხვა ცნობები გვაქვს და ვიცით, რომ წუხელ, ზუსტად ამ დროს, თქვენ ხუთსართულიანი სახლის სხვენიდან სნაიპერის შაშხანით კაფე „ვოისთან“ გივი ჯორჯაძე მოკალით.

– სისულელეა, – მშვიდად მიუგო ვოლკოვმა კარპოვს. მან კი „ომონელს“ უთხრა:

– და, მაინც, მე ვისარგებლებ უფლებით და 48 საათით დაგაკავებთ.

– ნება თქვენია, თუმცა, ზუსტად 48 საათში მოგიწევთ ჩემი გათავისუფლება, – მიუგო ვოლკოვმა და არც შემცდარა. ის ზუსტად ორი დღის მერე გაუშვეს.

მეხი

როგორც ცალთვალას მკვლელობამდე, ასევე მას შემდეგაც, რუსეთში ოცდაათზე მეტი მკვლელობა იქნა ჩადენილი „თეთრი ისრის“ ეგიდით. ამიტომ, ყველა ეს საქმე სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს დაექვემდებარა, რომელსაც გენერალი იური სავკო ხელმძღვანელობდა, ხოლო საპროკურორო ზედამხედველობას ვიტალი როზმანი ახორციელებდა. ამ ჯგუფის შემადგენლობაში იმყოფებოდა მაიორი ევგენი კარპოვიც, რომელიც ცალთვალას მკვლელობას იძიებდა და კუზმინის ჩვენების მიუხედავად, იძულებული იყო, სამხილთა არარსებობის გამო, გაეთავისუფლებინა „ომონელი“ უფროსი ლეიტენანტი იური ვოლკოვი.

ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, სპეციალურ ჯგუფს თითქმის არანაირი ხელჩასაჭიდი არ ჰქონდა, გარდა ვოლკოვის ბინაში ნაპოვნი ბარათისა და კუზმინის ჩვენებისა. თუმცა, კუზმინი 3 ივლისს უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ღამის 2 საათზე კალინინის გამზირზე მთვრალი გადადიოდა, როცა უცნობმა მანქანამ გაიტანა და მიიმალა... მანქანას ვერ მიაგნეს, ხოლო ქუჩაში, მომაკვდავმა კუზმინმა „გაის“ ინსპექტორს უთხრა: „მორჩა, თავიდან მომიშორესო...“ ამ „უბედური შემთხვევიდან“ ორ კვირაში, ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს, რომელსაც „ომონი“ მოსკოვის ერთ-ერთ გარეუბანში ატარებდა უფროსი ლეიტენანტი იური ვოლკოვი დაიღუპა. ის ავტომატის ჯერით დაცხრილა ძებნილმა ბოროტმოქმედმა, თუმცა 4 აგვისტოს თბილისში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ ამ საქმეში ახალი კვალი გააჩინა...

4 აგვისტოს, საღამოს 6 საათზე საქართველოს დედაქალაქში კოკისპირული წვიმა მოვიდა, რომელსაც ძლიერი ჭექა-ქუხილიც თან ახლდა. სტიქია თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. თბილისის სხვადასხვა ადგილზე კი მეხი ჩამოვარდა და იქაურობა მეტ-ნაკლებად დააზიანა. მეხი ჩამოვარდა თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანშიც, სამსართულიანი სახლის სახურავს დაეცა და სხვენში ხანძარი გააჩინა. ხანძრის ჩასაქრობად ასულ მობინადრეებს კი იქ მკვდარი მამაკაცი დახვდათ... მას მეხი კისერზე დასცემია. იქვე ეგდო „ესვედეს“ სისტემის ასაწყობი სნაიპერული შაშხანა და შაშხანის ფუტლარიც... შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მეხდაცემულს შარვლის ჯიბეში ორი ცალი შავი ბარათი აღმოუჩინა, რომელზეც თეთრი ისარი იყო გამოსახული. მას თან მეტი არაფერი ჰქონდა და ცხედარი პროზექტურაში გადაიტანეს გამოსაკვლევად. პროკურატურამ კი მოკვლევა დაიწყო.

ფანტომები

ქართულმა პოლიციამ და უშიშროებამ მეხდაცემულის პიროვნების დადგენისას, გაარკვიეს, რომ ის მოსკოველი, 30 წლის ანატოლი ეროფეევი იყო. ეროფეევი თბილისის ერთ-ერთ კერძო სასტუმროში ცხოვრობდა და საქართველოს დედაქალაქში 1 აგვისტოს ჩამოვიდა. სასტუმროს იმავე ნომერში მასთან ერთად ცხოვრობდა 32 წლის ბოგდან ნოსოვი, რომელიც თბილისიდან გაუჩინარდა და მის კვალს ქართველმა ძალოვნებმა ვერსად მიაგნეს.

როგორც პოლიციამ ივარაუდა, უბედური შემთხვევის გამო დაღუპული ეროფეევი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, სიმონ გულიას, მეტსახელად „ზუზუნას,“ ლიკვიდაციას აპირებდა... გულია სიკვდილს მეხმა გადაარჩინა. ასეთი აზრი კი იმიტომ გაჩნდა, რომ გულია ახლომდებარე სახლში ცხოვრობდა და იმ საღამოს უნდა დასწრებოდა ერთ ქურდულ „სხოდკას“, რომელიც სასტუმრო „მეტეხში“ გაიმართა. ზუზუნას გამომძიებლები ესტუმრნენ, სნაიპერის ამბავი უამბეს და საკუთარი აზრის გამოთქმა სთხოვეს, რაზეც გულიამ მხრები აიჩეჩა და თქვა: არ მგონია, ჩემი მოკვლა უნდოდეთ, რადგან მტრები არ მყავსო... ზუზუნა სამი თვის მერე სოხუმში მოკლეს, როცა მორიგი ქურდული შეკრებიდან თბილისში ბრუნდებოდა...

ეროფეევის ცხედარი მოსკოვში გადაასვენეს და რუსეთის პროკურატურას მოკვლევის მასალები გაუგზავნეს, რომელიც მაიორ ევგენი კარპოვის ხელში მოხვდა. მან მოკვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ეროფეევი სინამდვილეში მილიციის ლეიტენანტი ივანე გუსევი იყო. მაიორმა თბილისიდან გაუჩინარებული ბოგდან ნოსოვის პიროვნებაც დაადგინა, რომელიც სინამდვილეში სტეპან კნოპკა აღმოჩნდა. ის გუსევის კოლეგა იყო და კაპიტნის ჩინს ატარებდა. ორივე მილიციელი ოფიციალურად სამსახურებრივ მივლინებით ქალაქ კალუგაში იმყოფებდა, რაც, რა თქმა უნდა, ტყუილი იყო. კარპოვმა კაპიტანი სტეპან კნოპკა დააკავა, დაკითხა და დაუმტკიცა, რომ ის კალუგაში კი არა, თბილისში იყო. მთავარ მოწმეებად კი იმ სასტუმროს თანამშრომლები მოიყვანა, სადაც ორივე ყალბი პასპორტით ცხოვრობდა, სინამდვილეში კი მკვლელობისთვის იყვნენ ჩასულები. კნოპკამ აღიარა, რომ ის და მეხდაცემული გუსევი მართლაც იმყოფებოდნენ თბილისში. ამიტომ, მაიორმა კარპოვმა კაპიტანი კნოპკა დააპატიმრა და ბუტირკის ციხეში გამოამწყვდია. ამრიგად, „თეთრი ისრის“ საქმე ადგილიდან დაიძრა და კარპოვი კვალს დაადგა. თუმცა, ძიება სულ რაღაც ერთ თვეში მოულოდნელად შეწყდა. კნოპკა კი ბუტირკის ციხიდან გაათავისუფლეს, მაგრამ სამსახურში არ დაუბრუნებიათ. ის მოსკოვიდან გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა. ამის მერე კარპოვს პოდპოლკოვნიკის ჩინი მიანიჭეს და „მურში“, ერთ-ერთი განყოფილების უფროსად გადაიყვანეს სამუშაოდ.

1996 წელს რუსეთში კიდევ ათამდე კრიმინალური ავტორიტეტი მოკლეს. თუმცა, მათი მკვლელები ვერ აღმოაჩინეს. მკვლელობის ადგილებზე კი კვლავ თეთრისრიანი ბარათები იპოვეს.

მიუხედავად ზღვა სისხლისა, რომელიც თეთრისრელებმა დაღვარეს, ისინი მხოლოდ და მხოლოდ ეგრეთ წოდებულ „ბესპრედელშიკებს“ ხოცავდნენ და უჩინრობის გამო მათ ხალხმა ფანტომები უწოდა... მკვლელობები ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულს უცებ შეწყდა და „თეთრი ისრის“ კვალიც გაქრა, რომლის ბოლომდე აღმოჩენა ვერავინ მოახერხა...

P. S. არსებობს არცთუ ისე უსაფუძვლო ვარაუდები, რომ ცნობილი ქილერი, გვარად სალონიკი, რომელსაც ოცამდე დიდი კრიმინალური ავტორიტეტი ჰყავდა მოკლული, „თეთრი ისრის“ წევრი იყო. ის მოსკოვის ცნობილი ციხე „მატროსკაია ტიშინადან“ გაიქცა და საბერძნეთში ძალიან საეჭვო გარემოებაში მოკლეს.

скачать dle 11.3