კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

როდის ხდება ფოტოსურათი წინასწარმეტყველი და გადადის თუ არა მასზე თქვენი განცდა, აურა და ხასიათი

ვისაც დაკვირვებული თვალი აქვს, ის ადვილად ხვდება, გარშემო რა ხდება, საიდან ელის საფრთხე, როგორ მიაღწიოს წარმატებას, საით გადადგას ნაბიჯი, რომ გაუმართლოს და ასე შემდეგ. ბევრიც, ბედზეა მინდობილი, ყოველდღიური ცხოვრებით კმაყოფილდება და არც წინ იხედება და არც იმას დარდობს, რა მოხდება ხვალ. როგორც პარაფსიქოლოგი და ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნინო ამბობს, თუ ფხიზელი თვალით შეხედავ გარემოს, ადვილად დაინახავ – რა გელის, როგორ იმოქმედო, რისგან დაიცვა თავი და საკუთარი ახლობლებიც აარიდო საფრთხეს. 

ნინო: მიყვარს დაკვირვებული ადამიანები, ვინც, კონკრეტულ ნაბიჯს გააზრებულად დგამს და შესაბამისად, პრობლემებსაც ადვილად არიდებს თავს. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ისე ვერავინ გიბოროტებს და გავნებს, როგორც საკუთარი თავი. ამ სიტყვებში უდიდესი სიმართლეა. 

– დღევანდელი ახალგაზრდების უმრავლესობა, ყველაფერს ადვილად უყურებს, გაუაზრებლად ცხოვრობენ და ზოგს უმართლებს, ზოგს – არა. ფაქტი ერთია, მათი უმეტესობა ხვალინდელი დღისთვის მზად არ არის. მათ რას ურჩევთ, როგორ დაგეგმონ წარმატებული მომავალი?

– ადამიანმა, დღეს თუ არ გადადგი სწორი და გააზრებული ნაბიჯი, ხვალ რას მიიღებ? საფუძველი უნდა ჩაყარო, რომ მასზე შენი ცხოვრება სახლივით დააშენო და შემდეგ მასში ჰპოვო სრული სიმშვიდე და იდილია. ბევრი მეკითხება, ქალბატონო ნინო, მომავლის განჭვრეტა რთულია და ამას ვერავინ შეძლებს, მაგრამ როგორ დავგეგმოთ საკუთარი ცხოვრება და თითოეული ნაბიჯი, რომ მომავალში წარმატებულები და ბედნიერები ვიყოთო. როგორ და, ცოტა გამოცდილ ხალხსაც უნდა დაუჯეროთ, ბატონო, ცოტა საკუთარ ინტუიციას ენდოთ და ცოტაც პარაფსიქოლოგიური რჩევებიც გაითვალისწინოთ. რაც მთავარია, აკეთოთ ბევრი სიკეთე უანგაროდ. ეს არის ჩემი პასუხი.

– დღეს, საკუთარ საიტებზე უამრავ ფოტოს დებენ და ისინი შეუძლია ნებისმიერმა ადამიანმა დაათვალიეროს. პირად საუბარში აღნიშნეთ, ეს ძალიან სახიფათოა ადამიანისთვისო. იქნებ განგვიმარტოთ?

– დიახ, ასე ვთქვათ, დღეს მოდაშია ინტერნეტით, სხვადასხვა პოზაში გადაღებული, საკუთარი ფოტოების გამომზეურება. ისინი ნებისმიერმა შეიძლება ნახოს და შეაფასოს. ეს მართლაც საშიშია. მას შესაძლოა, ისეთი თვალი მოხვდეს, რომელიც ცხოვრებაში ხელს მოგიცარავთ, უკან დაგხევთ და წარუმატებლობისკენ გიბიძგებთ. ბავშვების სურათების საიტებზე დადებას კი საერთოდ გიკრძალავთ, თუ თქვენი შვილების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა გსურთ. საერთოდ, ფოტოსურათი ძალიან სათუთი რამაა. ის უბრალო გამოსახულება ნუ გგონიათ. გაიპრანჭებით, ჩიტი გამოფრინდება, სურათს გადაგიღებენ და მორჩა. მასზე მთელი თქვენი განცდა, აურა და ხასიათიც კი გადადის და შემდგომ ის შესაძლოა, თქვენი ცხოვრების წინასწარმეტყველიც კი გახდეს. ძველი საოჯახო ალბომი, რომელიც ყველა სახლში ინახება, უამრავ სახეს და ისტორიას ინახავს, გვახსენებს ბედნიერ დღეებს, წუთებსა და წამებს. ზოგი მათგანი სევდასაც გვგვრის. ის, რასაც თქვენ, ჩვეულებრივი ადამიანები, სურათზე ვერ ამჩნევთ, პარაფსიქოლოგების თვალთახედვას არ ეპარება. მათი დაკვირვებული თვალი ყველაფერს ხედავს და ამჩნევს. ვაკვირდები უცნობი ადამიანების ფოტოებს და უამრავ საიდუმლოს მიმხელენ ისინი – თითოეული ადამიანის ენერგეტიკული ასლია. ფოტო, იჭერს და აფიქსირებს კიდეც პარალელურ განზომილებებს გადაღების მომენტში და შემდეგ მას ფოტოზე, მინიშნებების სახით აღბეჭდავს.

– ამ მინიშნებების ფოტოსურათზე ამოკითხვა შეუიარაღებელი თვალითაც შეგვიძლია? 

– რასაკვირველია, შეგიძლიათ, თუ დაკვირვებული თვალი გაქვთ. ეს მინიშნებები, ლაქებისა და უცნაური ფორმების სახით ჩნდება გადაღებულ ან დაბეჭდილ სურათზე. ასეთი ბევრი მინახავს მობილური ტელეფონით გადაღებულ სურათებზეც და მას, როგორც წესი, მისი პატრონი ყურადღებას არ აქცევს. ჰგონიათ, გადაღების დეფექტია, მაგრამ ცდებიან. ეს სერიოზული მინიშნებებია, ოღონდ, მისი ამოკითხვა და გაშიფვრა უნდა შეგეძლოს, მაგალითად, რომელ კუთხეშია, რომელი ადამიანის თავზე, სხეულზე, ან თუნდაც სიახლოვესაა და რომელი მხრიდან. როგორც გითხარით, ფოტოზე აღბეჭდილი უცნაური გამოსახულებები და ლაქები სპეციალისტებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას ასახავს. ფირი ხანდახან თვალით უხილავ სამყაროს აფიქსირებს. მეცნიერები, ეზოთერიკოსებთან და პარაფსიქოლოგებთან ერთად, უკვე წლებია, ამ საკითხით დაინტერესდნენ და იკვლევენ არაერთ მსგავს შემთხვევას. მართალია, ჯერჯერობით დასკვნების გაკეთებისგან თავს იკავებენ, რადგან დაკვირვებები არ დასრულებულა და ახალ-ახალი ფაქტები და მოვლენები, ყოველდღიურად ხდება. გეტყვით, რომ დაკვირვება ფოტოზე – ერთი, გააზრება და დაჯერება მეორე, ახდენა კი – მესამე საკითხია. თინეიჯერი გოგონა მყავს – ნანუკა. ზაფხულში თანაკლასელთან ერთად იყო დასასვენებლად წასული, სოფელში. მისი თანაკლასელის ბებია კახეთის ერთ-ერთი რაიონიდანაა, კარგად ვიცნობ ამ გოგონას ოჯახს და ისე გავუშვი, არც მინერვიულია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, კარგად დაისვენეს ბავშვებმა და ორ კვირაში ჩამოვიდნენ. ჩემი გოგონა მიყვებოდა, როგორი დრო გაატარა, სად დადიოდა, რას აკეთებდა, ვინ გაიცნო. მეც ვუსმენდი. ამ მოყოლის დროს, თან მობილურით გადაღებულ სურათებს მაჩვენებდა. უცებ, ერთ-ერთ სურათზე, მისი მეგობრის თავზე შევნიშნე შავი პატარა ბურთულა. არ მესიამოვნა. დავაკვირდი და მივხვდი, რაღაც პრობლემასთან მქონდა საქმე. ვთხოვე, ჩემს გოგონას, ეს სურათი დაბეჭდე და მომიტანე-მეთქი. მეორე დღესვე დაბეჭდა. დავაკვირდი და მივხვდი, მის მეგობარს, ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემა ელოდა. ჩემს გოგონას  ვკითხე, თავს ხომ არ იტკიებდა ხათუნა-მეთქი. მიპასუხა, კი თავს იტკიებდა და დროდადრო ცხვირიდან სისხლი წასკდებოდაო. არ მითქვამს ნანუკასთვის, ფოტოზე არ მომეწონა შენი მეგობრის მომავალი-მეთქი, მაგრამ თავად მიხვდა, ისეთი გამომეტყველება მქონდა. მკითხა კიდეც, დედა, რატომ დამაბეჭდინე ეს სურათიო, მაგრამ არაფერი მითქვამს. დამიჯერეთ, სულ რაღაც ერთ თვეში, ნანუკა ატირებული მოვიდა, ხათუნა დღეს სკოლაში არ მოვიდა, საავადმყოფოში დააწვინეს, ძალიან ცუდად არის, თავში პრობლემები აქვსო. მართლაც სერიოზული პრობლემა ჰქონდა და ძლივს გადაარჩინეს. სამწუხაროდ, თავის ქალა ახადეს და დღესაც საკმაო დეფექტი აქვს დარჩენილი. მეტყველებაც უჭირს და მხედველობაც დღითი დღე აკლდება. ეს ხომ მე არ მომიგონია? ფაქტი მოგიყევით, ანუ ის, რაც ფოტომ აღბეჭდა ლაქად, წინასწარმეტყველების ნიშნად.

– ზოგი პარაფსიქოლოგი სურათის საშუალებით ბევრ რამეს იგებს უცნობ ადამიანზე. ეს როგორ ხდება?

– ეს, რასაკვირველია, რეალურია და შესაძლებელიც. ზოგს მიაჩნია, რომ ფოტო, უბრალოდ, ფირზე, მობილურზე ან ქაღალდზე აღბეჭდილი გამოსახულებაა და სხვა არაფერი. არადა, რეალურად ის ცოცხალი ორგანიზმია, ადამიანის ენერგეტიკული ასლი და მასთან ურთიერთობა ლამის ცოცხალ ადამიანთან ურთიერთობის ტოლფასია. გირჩევთ, ფრთხილად მოექცეთ მას. ნურც არასასიამოვნო და შურიან ადამიანს ჩაუგდებთ თქვენს ფოტოს ხელში და ნურც უცხოსთან გადაიღებთ სურათს. მოერიდეთ მის დახევას, დაწვას და დაჭრას. ამას შესაძლოა, ცუდი შედეგი მოჰყვეს. სანამ დაბეჭდავთ, მანამდე წაშალეთ არასასურველი ფოტოსურათი, რომ შემდეგ, მისი დახევა, დაჭრა და გადაგდება არ მოგიწევთ. გადაგდებულ ფოტოს, თან შესაძლოა, თქვენი ბედიც გააყოლოთ; დაჭრილ ფოტოსთან ერთად, თქვენი ბედნიერებაც შეამოკლოთ და სურათის დაწვით, პირად ცხოვრებაში პრობლემა შეიქმნათ. ამ საქციელით, საყვარელი ადამიანების დაკარგვაც არ არის გამორიცხული. დავხედავ თუ არა ფოტოს, მაშინვე ვხვდები, ადამიანი ცოცხალია თუ გარდაცვლილი. 

– ამას როგორ ხვდებით?

– საერთოდ, ცოცხალი ადამიანის აურა თბილია, გარდაცვლილის კი – ცივი. ხელს რომ მოვატარებ სურათს, თუ იქიდან სითბოს ვგრძნობ, ესე იგი ცოცხალია, თუ – სიცივეს, მაშინ გარდაცვლილი. ერთი ქალი მაკითხავდა წლების წინ და შვილის ფოტო მოჰქონდა. რომ ვეკითხებოდი, რა პრობლემა გაწუხებთ-მეთქი, ხმას არ იღებდა, მარტო იმას მეუბნებოდა, თუ მაგარი ხარ, თავად მიხვდი სურათითო. არადა, სურათებზე, მის შვილს, შუბლზე, რაღაც უცნაური წერტილები აჩნდა. ერთ ფოტოს ხელს რომ გადავატარებდი, სითბო მოდიოდა, მეორედან კი – სიცივე. დავიბენი, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ბოლოს, ვუთხარი, ქალბატონო, დავიბენი, ერთი სურათი სხვა რამეზე მეტყველებს, მეორე კი სხვაზე და ვერაფერს გეტყვით-მეთქი. მერე გამომიტყდა, ცეცხლსასროლი იარაღი მოხვდა, უკვე თვეებია, აპარატზეა შეერთებული და მაინტერესებდა, გადარჩება თუ არაო. როგორც მივხვდი, ის ბიჭი, არც ცოცხლებში იყო და არც გარდაცვლილებში. თუმცა, ფოტოებზე აღბეჭდილი წერტილებით, სამწუხაროდ, დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. ზოგჯერ სურათზე ისეთი ენერგეტიკული სუბსტანცია ჩნდება, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი თვალით ვერ აღიქვამს. ასევეა, ლაქებიც, რომლებიც ხანდახან რაღაც უჩვეულო ფორმას იღებს და ისე აღიბეჭდება ფოტოსურათზე. სხვათა შორის, მობილურით გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე თავად მაქვს ნანახი უცნაური დიდი შავი ლაქა, თუმცა, რატომღაც ჩავთვალე, რომ ეს ცუდი გადაღების მიზეზი იყო. ტელეფონის პატრონი კი ამტკიცებდა, რომ ფოტო არაერთხელ გადაიღო და ეს ლაქა ყველა გადაღებისას აღიბეჭდებოდა, თანაც მას უცნაური ფორმა ჰქონდა.  ფაქტია, ლაქები, ისევე, როგორც სუბსტანციები, ენერგეტიკული წარმონაქმნებია, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში ადამიანის თვალისთვის უხილავ სპექტრში არსებობს. მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში, გადაინაცვლებს ხოლმე იმ სპექტრში, რომლის დაფიქსირებაც მგრძნობიარე ფირს თუ აპარატს, კერძოდ, მობილურ ტელეფონს, შეუძლია.

скачать dle 11.3