კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რისი გაძლება მოუხდა მაია თოფურიას პატიმრობის წლებში და რატომ მოდიოდა ის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თბილისში ფეხით

პოლიტპატიმრების თემის გააქტიურებამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენა  სახელმწიფო გადატრიალების მძიმე ბრალდებით დაკავებული მაია თოფურია, რომელმაც გისოსებს მიღმა ხუთი წელი და შვიდი თვე გაატარა. მას, ვისაც  ყველაზე ძვირად დაუჯდა ახლონათესაური კავშირი  იგორ გიორგაძესთან,  იმ წლებზე საუბარი დღემდე  უჭირს... მაია თოფურიამ  აქ, „იმ სამყაროს” მიღმა  სამი შვილი და დედა დატოვა, დედა, რომელმაც შვილის პატიმრობას მხოლოდ  ერთი თვე გაუძლო. ძალიან ძნელი აღმოჩნდა  საუბარი იმ ყველაფერზე, რამაც მაია თოფურიას ცხოვრება ორ ნაწილად გაყო... სენტიმენტების გარეშე ვერც ჩვენი ინტერვიუ შედგა... 

– როგორ ხართ, როგორ ცხოვრობთ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ?

– ჯერ კიდევ  ვერ მივხვდი,  რომ ციხიდან გავთავისუფლდი, რადგან, ჩემი  ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩემს  ახლობლებს ჰქონდათ გადანაწილებული, უცბად მე დამატყდა თავს. ჯერჯერობით მუშაობა არ  დამიწყია – სად უნდა ვიმუშაო? ტექნიკურ უნივერსიტეტში ვკითხულობდი ლექციებს, მაგრამ, ახლა იმ პედაგოგებსაც ძლივს ჰყოფნით საათები და მე სად უნდა მივიდე? ყოველთვის ცხოვრების აქტიური რეჟიმი მქონდა. რაც უნდა უზრუნველყოფილი ვიყო ფინანსურად, ჩემთვის სასათბურე პირობები მომაკვდინებელია. მე უნდა ვიბრძოლო, ვიფორიაქო – ეს მაცოცხლებს. ახლა მთლიანად ოჯახს ვუთმობ დროს. შვილებს იმდენი რამ სჭირდებათ, ჯაფაში რომ ჩავერთე, ვერ ამოვისუნთქე, ვერც კი შევიფერე თავისუფლების ფასი.  ერთი მხრივ, მგონი, ასე ჯობია. ფიქრის საშუალება რომ მქონდეს, ეს კატასტროფა იქნებოდა ჩემთვის, ვცდილობ, არ გავიხსენო ის 5 წელი და 7 თვე... დარდისა და ფიქრის დრო არ მაქვს. ყოველდღიურ საზრუნავში ჩაფლული, ვცდილობ, არ გავიხედო წარსულისკენ – ის წლები, თითქოს არც ყოფილა.

– და, ეს გამოგდით?

– ეს ციხეში გამოვიმუშავე – საკუთარ თავს ვაიძულებდი, რომ, იმისგან, რაც თავს დამატყდა, ტრაგედია არ შემექმნა და ისე წარმომეჩინა, თითქოს რაღაც თავგადასავალში მოვხვდი. იმაზე რომ მეფიქრა, რატომ და რისთვის დამაკავეს,  შეიძლება, გავგიჟებულიყავი.  საკუთარ თავს თვითონ გამოვუწერე „რეცეპტი” – არ ჩავღრმავებოდი ჩემს მდგომარეობას. მით უმეტეს, ჩემს სიტუაციაში  იყო ეს ძალიან რთული. როცა ბრალდება მომიტანეს, რამდენჯერმე ავიღე ხელში ფურცელი და დავდე. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ძალიან ზოგადი შეფასებაა.  ბრალდებაში ეწერა, რომ მე იგორ გიორგაძემ დამავალა ორი მინისტრის – ირაკლი ოქრუაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ლიკვიდაციის  ორგანიზება და, ასევე,  პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის იზოლაცია  სპეცრაზმებთან ერთად. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მაგარი უნდა ვყოფილიყავი, მე, პროფესიით მხატვარი და დიზაინერი, რომ ეს გამეკეთებინა?! ან, როგორი გონებაშეზღუდული იყო ის ადამიანი, ვინც ამ ბრალდებას მიყენებდა?! თურმე, მე 4 მაისს ამ ოპერაციების დასაგეგმავად ჩავატარე თათბირი, შევყარე ამდენი ხალხი და მერე ისინიც მოვიყოლე ყველაფერში. ეს ბრალდება რომ ვნახე, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს სამყაროს მიღმა დავრჩი, ვერაფერს ვერ აღვიქვამდი.  რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ასეთივე განცდა ჰქონდა იმ ხალხს, ვინც მე დამაკავა. როცა ჩემს სახლში შემოვიდა „სპეცნაზი“ – 30-40 ადამიანი, ისინი ამბობდნენ: ვერც წარმოვიდგენდით აქ თქვენ თუ დაგვხვდებოდით. ჩვენ გვითხრეს, სპეცოპერაციაზე მივდივართო.  იცით, ვინ დავხვდით სახლში? –  მე, დედაჩემი და ჩემი შვილები.  ისეთი ბრაგაბრუგი ატეხეს, მეგონა, ყაჩაღები დაგვესხნენ თავს.  ერთ-ერთი „სპეცნაზელი“, რომელიც, თურმე, პირველად იყო სპეცოპერაციაზე, ძალიან ცუდად გახდა, როდესაც დაინახა, როგორ ვემშვიდობებოდი ჩემს მცირეწლოვან შვილს.  ისიც კი  უთქვამს,  მათ შემხედვარეს „მონანიების” სცენა გამახსენდა, არ ვიცი, აქ მუშაობას კიდევ როგორ შევძლებო. სამწუხაროდ, ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ მე ეს არაფერში არ მშველიდა. ვის აინტერესებდა იმის მტკიცება, რომ ის 49 ათასი დოლარი, რომელიც ჩვენს სახლში აღმოაჩინეს, იყო თანხა, რომლითაც დედა აგარაკის ყიდვას აპირებდა?! ეს ფული დამალული არ ყოფილა, დედას ჩანთაში ედო. ჩვენ საკმაოდ ძლიერი ოჯახი გვქონდა, დედაც და მამაც ცნობილი ექიმები იყვნენ, მშობლებისგანაც საკმაო შეძლება მოჰყვებოდათ. სახლში გვქონდა ძვირფასი ნივთები, ნახატები, რომლებიც დედამ გაყიდა და დაიჟინა, რომ თბილისთან ახლოს აგარაკი ეყიდა. დედა ამაზე საუბრობდა კიდეც ჩხრეკისა და ჩემი დაკავების დროს, ეს ყველაფერი გადაღებული იყო, მაგრამ, როცა სასამართლო პროცესზე ეს ფირები მოვითხოვეთ, თქვეს, რომ ფირები დაიკარგა და აღარ არსებობდა. 

ჩვენი საქმე იყო რეზონანსული – ეს,  რა თქმა უნდა, ვიცოდი,  მაგრამ, ყოველი წუთი და წამი იმას ვფიქრობდი, რომ მე არ მომიწევდა,   ციხეში  გამეტარებინა რვა წელი და ექვსი თვე,  ვადა, რომელიც მე მომისაჯეს.  მჯეროდა,  რომ, ან სინდისი გაიღვიძებდა ვინმეში  ან, ის დააფიქრებდათ, რომ  უკვე აღარ იყო ძლიერი ჩვენი პარტია, რომლის გაძლიერებამაც შეაშინა მაშინ  ხელისუფლება და მათ აღარ დასჭირდებოდათ ჩემი ყოფნა პატიმრობაში.  ჩემი იმედი იყო ამაო, რადგან, ეს უგუნური ადამიანების ჩადენილი  საქციელი იყო და,  როგორ იფიქრებდნენ ისინი ისე, როგორც მე  ვფიქრობდი? ჩვენი პროცესიც იმიტომ იყო დახურული, რომ ის აბსურდი არ გამოჩენილიყო, რაც იქ ხდებოდა. 12 მოწმე  ერთი კაცის მიერ შედგენილ ჩვენებას კითხულობდა, ამაზე   ძალიან კვალიფიციური ექსპერტიზაც ჩატარდა ამერიკაში, რომელმაც დადო დასკვნა, რომ მოწმეთა ჩვენებები იდენტური იყო,  ორთოგრაფიული შეცდომებიც კი ერთნაირი  იყო თორმეტივე ჩვენებაში. საბედისწერო აღმოჩნდა ამ მოწმეთა ბედიც:  ერთ-ერთი მოწმე, 70 წლის მოხუცი, რომელსაც შვილი დაუჭირეს და იმის სანაცვლოდ გაუთავისუფლეს, რომ ჩვენს  პროცესებზე მოწმედ გამოსულიყო, პროცესების მიმდინარეობისას გარდაიცვალა, მეორე მოწმემ თავი მოიკლა – როგორც მისი მეუღლისგან შევიტყვეთ, ის საშინელ სტრესში ყოფილა ჩვენების მიცემის შემდეგ.       

– ხუთი წელი და შვიდი თვე...  რა იყო ყველაზე მძიმე და დამთრგუნველი იმ ჩაკეტილ სამყაროში?

– ეს იყო შეხვედრები ჩემს შვილებთან; ოთახი, სადაც მათთან ერთად რამდენიმე საათს ვატარებდი.  ემოციურად ეს ძალიან მძიმე იყო და ბოლოს უკვე ვცდილობდი, რომ ბავშვები ხშირად  არ მენახა. ეს ჩემი შვილებისთვის ძალიან დიდი სტრესი იყო: გზა ციხემდე, შეხვედრების ოთახი და დედა, რომელიც ცდილობდა  თავისი ემოციების დამალვას, მაგრამ, ალბათ, არ გამომდიოდა ეს ბოლომდე.  ჩემი უმცროსი შვილი 9 წლის იყო, როცა დამაკავეს. მან ძალიან რთულად გადაიტანა ჩემი პატიმრობის წლები. უფროსი ბიჭი უცხოეთში გავუშვით სასწავლებლად, რომ აქაურობას გარიდებოდა. დღესასწაულებზე ჩამოდიოდა ხოლმე თბილისში და მაშინ მოდიოდა ჩემთან პაემნებზე.   ბავშვების წასვლის შემდეგ ისეთი დათრგუნული ვრჩებოდი, რომ ამის ატანა ძალიან მიჭირდა. მათ უნდოდათ, ყველა თავისი ემოცია მოეყოლათ ჩემთვის, რაც ერთ საათში იოლი  ჩასატევი არ იყო.  თან, აინტერესებდათ ყველაფერი, რაც მათთვის უცხო სამყაროში ხდებოდა; საოცარი  ინტერესით აკვირდებოდნენ  ხოლმე მათთვის უცნაურ სახეებს, ტიპაჟებს. ერთხელ მარიამმა, ჩემმა შუათანა შვილმა, რომელიც მაშინ პატარა იყო, გამომიგზავნა   წერილი – მაგ აფეთქებულების  არაფერი ჭამოო. ჩემი და, რომელიც ჩემზე მეტად პურიტანია,  მეჩხუბებოდა:  ბავშვებს ციხის ამბებს  ნუ უყვებიო.  ჩემი მშობლები ძალიან დიდხანს მუშაობდნენ უცხოეთში, მერე ჩვენს შვილებს უყვებოდნენ ხოლმე უცხოეთის ამბებს. ზღაპარივით იყო მათთვის  ისტორიები უდაბნოებზე, აქლემებზე.  ახლა ჩემი და ხუმრობს ხოლმე: დრო რომ გავა, შენ „ზონოვსკი ამბებს”  მოუყვები შენს შვილიშვილებსო (იცინის).      

ციხეში მე არ მქონია  განსაკუთრებული პრობლემები. ჩემ მიმართ იმდენად კორექტული დამოკიდებულება იყო, „მოდულის“ შენობით დაწყებული, საპატიმროთი დამთავრებული, ამას მუდმივად ვგრძნობდი.  როცა ხარ პატიმარი, აუცილებლად უნდა დაექვემდებარო არსებულ წესებს. ჩაკეტილ სამყაროში ფიქრი და, ის, რომ იზოლირებული ხარ, ათმაგად გიმძაფრდება; ეს  არის დიდი სულიერი სიმძიმე, მაგრამ, მე არ ვყოფილვარ შინაგანად დათრგუნული იმ პატიმრების მსგავსად, ვინც თავის ახლობლებთან თავს უხერხულად გრძნობდა ჩადენილი დანაშაულის გამო.  როცა მართალი ხარ, არ გეშინია, ვინმეს თვალი გაუსწორო და, როცა ამისი არ გეშინია, არ გაქვს სულიერი სიმძიმეც. 

 – როგორ გადიოდა დრო პატიმრობაში და თუ იყო ისეთი მომენტები, რაც იქ ცოტათი მაინც გიმსუბუქებდათ მძიმე  დღეებს?

– იქ  გადარჩენის გზა იყო  სულიერი  გაძლიერება, ლოცვა, კითხვა, ხელსაქმე. ციხეში უნდა მოძებნო რამე, რომ დრო სწრაფად გაიყვანო. იქ ძალიან უჭირთ იმ ქალებს, ვისაც არც კითხვა უყვარს და არც ხელსაქმე. მე ციხეში დავიწყე ქსოვა, წავიკითხე უამრავი წიგნი – თავისუფლებაზე მყოფს რაც არ მეცალა ამისთვის, იქ ავინაზღაურე. დროს არ ვიტოვებდი ფიქრისთვის. პატიმარი ქალები არაჩვეულებრივ ნაკეთობებს აკეთებენ. ხელსაქმე, მათ შორის – ქსოვა, ცოტა ვიცოდი, მაგრამ, იქ უფრო დავოსტატდი (იცინის). 

– ციხეს აქვს თავისი კანონები და წესები, თქვენ როგორ შეგეხოთ ეს?

– სანამ გაშინაურდები სიტუაციაში, არის უამრავი ფაქტორი, რომელიც გარს გივლის, ბევრი რამ, მათ შორის ისიც, თუ როგორ დაალაგებ ამ გარემოებებს,  შენზეა დამოკიდებული. ციხე ქვევრივითაა – რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს.  რაც უნდა კარგი პატრონი გყავდეს, რაც უნდა შეეცადოს გარედან  ვინმე, რომ კარგი პირობები შეგიქმნას, ციხეში თავად უნდა მოიპოვო საკუთარი ადგილი. მამაკაცების ციხისგან განსხვავებით, ქალთა ციხეში ისეთი რამ შეიძლება გახდეს დაპირისპირების მიზეზი,  ვერც კი წარმოიდგენთ. მაგალითად,  ერთმა ქალმა მეორეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იმის გამო, რომ მისი ბოტასი უნდოდა. მამაკაცებში ასეთი რამ არ ხდებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი მომენტები ჩემთან დაკავშირებითაც   იყო, თუმცა თავიდან ვიღაც-ვიღაცეები ცდილობდნენ   ჩემზე ზეგავლენის მოხდენას, რომ უფრო მეტად დავახლოებოდი ერთ ჯგუფს, ვიდრე – მეორეს.  მე ცოტა უხიაგი ხასიათი მაქვს, ჩემზე გავლენის მოხდენა რთულია, თუმცა, ციხეში გატარებულმა წლებმა ძალიან შემცვალა. სუსტი ადამიანი ციხიდან უფრო სუსტი გამოდის, ძლიერი – უფრო გაძლიერებული. ამ წლებმა მასწავლა  მოთმენა – ადრე ძალიან ფეთქებადი ხასიათი მქონდა. ახლა უფრო მეტად ვაფასებ ყველაფერს, უფრო მეტად მადლიერი ვარ იმ პატარა რამისთვისაც კი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება და იმავეს ვეუბნები ახლობლებს: ყოველდღიური პრობლემებისგან ტრაგედიას ნუ  შექმნით-მეთქი. მე იქ იმდენი განსაცდელი და უბედურება ვნახე, მათთან შედარებით ჩემი მდგომარეობა არაფერი იყო. წარმოგიდგენიათ, ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი: გმადლობთ, რომ დღეს, ციხეში მყოფს, მეც არ დამემართა ის, რასაც სხვაზე ვიგებდი. წარმოიდგინეთ პატიმარი დედის მდგომარეობა, რომლის შვილსაც შია, ან, პატიმარი  დედა  რომ გაიგებს, რომ მისმა შვილმა  გარეთ  თავი ჩამოიხრჩო... 

– მაპატიეთ, თქვენთვის ძალიან მტკივნეულ თემას ვეხები: პატიმარი იყავით, როდესაც თქვენი დედა გარდაიცვალა. 

– დედა გულგახეთქილი იპოვეს იმ დღეს, როდესაც პირველად უნდა წამოსულიყო ჩემთან ამანათით. „პატივი მცეს” და ორი დღით გამომიყვანეს ციხიდან, რომ დედა დამეტირა. ბევრი ვიფიქრე მერე – საპროცესო გარიგებაზე რომ დავთანხმებულიყავი, ეგებ, დედას ეს არ დამართნოდა. მაპატიოს დედაჩემმა,  მაგრამ, ამის გაკეთება არ  შემეძლო – თავჩაღუნული ვერ გამოვიდოდი ციხიდან,  იმას ვერ ვაღიარებდი, რაც არ მქონდა გაკეთებული და, ალბათ, დედაც ვერ მაპატიებდა ამას. რადგან საპროცესო გარიგებაზე უარი ვთქვი, ამიტომაც დამსაჯეს მკაცრად.  დედასთვის ეს დიდი დარტყმა აღმოჩნდა, მას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა  თავის დასთან, მის მეუღლესთან. ჩვენ მჭიდრო ნათესაური დამოკიდებულება გვქონდა. იგორი და მამა ძალიან უგებდნენ ერთმანეთს, ორივე მუსიკის მოყვარული იყო. მახსოვს ის საოცარი საღამოები, რომლებსაც ჩვენს სახლში როიალთან ატარებდნენ. მე  14 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა, იგორს დიდი როლი მიუძღოდა ჩვენი ოჯახის, ჩემი და ჩემი დის ცხოვრებაში.   

– როგორი ემოციები გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ გათავისუფლდით?

– ეს ჩემთვის აბსოლუტურად  მოულოდნელი იყო.  სანამ ჩემები გავაფრთხილე და ისინი რუსთავში  ჩამოვიდნენ, მე ჩამოვასწარი მათ თბილისში. ფეხით მოვდიოდი, მარტო... ერთ-ერთი პატიმრის ახლობლები დამეწივნენ: ჩაჯექი მანქანაში, ჩაგიყვანთ თბილისშიო. თავი დამანებეთ, მომეცით საშუალება, ფეხით გავიარო და თავისუფლებით დავტკბე-მეთქი (იცინის). თბილისში ჩამოსული, პირველად ვაჟა-ფშაველაზე, „მოდულთან“ ახლოს რომ ეკლესიაა, იქ მივედი. იქ დამხვდნენ შვილები, მეგობრები,  ახლობლები...  

   პატიმრებმა დიდი სიყვარულით გამომაცილეს ციხიდან, გული გამომაყოლეს, მეც ჩემი გული დავტოვე იქ.  ახლაც ხშირად მირეკავენ ციხიდან. ვინც გათავისუფლდა, თითქმის ყველამ  ვნახეთ ერთმანეთი.  ციხეში ყველას თავისი ცხოვრება აქვს, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვის როგორი განწყობა აქვს. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო იქ დღესასწაულების აღნიშვნა, მაგრამ, იყვნენ პატიმრები, ვინც დღესასწაულებსაც აღნიშნავდნენ და  იპრანჭებოდნენ კიდეც (იცინის). ციხეში იყო სალონი, სადაც მუშაობდნენ სტილისტები, მანიკიურიც კეთდებოდა და პედიკიურიც. იყვნენ ქალები, რომლებიც გაღვიძებისთანავე იწყებდნენ თავის მოწესრიგებას, თმის დავარცხნას.  სულ ვეხუმრებოდი ხოლმე: რომ ჩამომსხდარხართ, მენახირეებს ელოდებით-მეთქი? ჩემთვის ეს არ არსებობდა, ჰიგიენის ნორმების მეტი არაფერი მახსოვდა. იქ რომ თმა დამევარცხნა და მაკიაჟი გამეკეთებინა, არ  მქონდა ამისი თავი.       

  გათავისუფლებულს,  რეაბილიტაცია, როგორც გითხარით, არ გამჭირვებია. იმან გამაკვირვა, რომ ხალხი უფრო შეჭირვებულია, ვიდრე ადრე იყო.  ჩემი პატიმრობა მარტო ჩემთვის კი არ იყო გამოცდა, ჩემი ახლობლებისა და მეგობრებისთვისაც. ამ წლებში  ბევრი ადამიანი დავკარგე და ძალიან ცოტა შევიძინე. მადლიერი ვარ თითოეული  ადამიანის,  ვინც  ჩემს ოჯახში  ერთხელ მაინც დარეკა და ჩემი შვილები მოიკითხა. ისეთი ადამიანებისგან ვგრძნობდი თანადგომას, ვერც კი წარმოვიდგენდი. ჩემი დაბადების დღეზე, ციხეში ჩემთან მოსალოცად მოვიდა ჩემი პირველი კლასის პედაგოგი. ის ქალბატონი 80 წლისაა და, 40 წელია, რაც არ მინახავს.  დაბადების დღეზე საკუთარი ხელით გამომცხვარი, ჯერ კიდევ თბილი ხაჭაპური მომიტანა და პატარა თაიგული. ეს ისეთი ამაღელვებელი იყო, არასდროს, არასდროს დამავიწყდება, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ასეთი სენტიმენტალური ისტორია ბევრი მქონდა იქ....  

скачать dle 11.3