კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (53)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

როგორ აღმოჩნდა ანრი გოგნიაშვილი „რუსეთის ხმაში” და რატომ ათენებს ის მუდმივად კარაოკეში

ბოლო დროს სამშობლოს გარეთ მცხოვრები ბევრი ქართველი მომღერალი გამოჩნდა სხვადასხვა კონკურსში, მათ შორისაა 21 წლის ანრი გოგნიაშვილი, რომელმაც „რუსეთის ხმაში” სცადა ბედი და გაუმართლა კიდეც. მისი შესრულებით ოთხიდან ორი მსაჯი აღფრთოვანდა, განსაკუთრებით კი პელაგია და ჩვენმა რესპონდენტმა სწორედ მასზე გააკეთა არჩევანი. ამიტომ, იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველები რუსეთში წარმატებას მიაღწევენ და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ, რომ ჩვენთან სულ სხვანაირად მღერიან. 

– შენ შესახებ საქართველოში თითქმის არაფერი იციან. ხალხმა მას შემდეგ გაგიცნო, რაც „რუსული ხმის” კონკურსში გამოჩნდი. რას საქმიანობ?

– კარაოკეში წამყვანი ვარ, თან ვმუშაობ. ვსწავლობ ესტრადისა და ჯაზის კოლეჯის მეოთხე კურსზე. მუსიკალურ სამყაროში მხოლოდ მეხუთე წელია, ვარ. ვწერ სიმღერებს.

– „რუსულ ხმაში” როგორ აღმოჩნდი?

– ამ კონკურსის შესახებ რომ მითხრეს, მირჩიეს, ბედი მეცადა. ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი, თან, ძალიან სამართლიანი კონკურსია. ჩემი ანკეტა გავგზავნე, მაგრამ, არ გადმომირეკეს პასუხზე. ძალიან ბევრი ანკეტა იყო გაგზავნილი და გადატვირთული იყო საიტი. გადავწყვიტე, მეორედაც მეცადა და თავიდან გადავგზავნე ჩემი ანკეტა. ამ ჯერზე კი შემეხმიანენ და „ოსტანკინოში“ მიმიწვიეს – იური აქსიუტამ უნდა მოგისმინოთო. ორი სიმღერა მოვამზადე და მივედი. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ ამირჩევდნენ, მაგრამ, მოსმენის შემდეგ სიაში აღმოვჩნდი და ქასთინგი წარმატებით გავიარე. ძალიან გამიხარდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სამართლიანად მიდიოდა ყველაფერი. მერე ისევ დამირეკეს და რამდენიმე დღეში რეპეტიციებიც დაგვეწყო. 

– შენი გამოსვლა მართლა ძალიან შთამბეჭდავი იყო და ამას მაყურებლისა და მწვრთნელების რეაქციაც მოწმობდა. 

– არც მოველოდი, რომ ამის შესახებ საქართველოში შეიტყობდნენ. რამდენიმე დღის წინ „მაი ვიდეოზე” შევედი და ვნახე, რომ 200 000-ჯერ იყო ჩემი ვიდეო ნანახი. შოკში ვიყავი და ძალიან გამიხარდა. მე რასაც ვგრძნობ, ანუ, საკუთარ ემოციებს, მუსიკით გადმოვცემ. ხალხმაც რომ გაიგო და მოიწონა ეს, ძალიან მიხარია. 

– რამდენი წელია, რაც მოსკოვში ცხოვრობ?

– თბილისში მხოლოდ სამი წელი ვცხოვრობდი, მანდ მეორე-მესამე-მეოთხე კლასებში ვსწავლობდი. მერე ისე მოხდა, რომ მოსკოვში გადმოვედით. ასე რომ, აქ ძალიან დიდი ხანია, ვცხოვრობ. საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ, თბილისში ბევრი ახლობელი და ნათესავი მყავს, მანდ მაქვს სახლი.

– „რუსეთის ხმა” შენი პირველი კონკურსია თუ სხვა დროსაც გაქვს რომელიმე კონკურსში მონაწილეობა მიღებული? 

– „ფაქტორ A-შიც” მივიღე მონაწილეობა, რომელიც ალა პუგაჩოვას კონკურსია. სცენაზე რომ გამოვედი, ალამ თავისი აზრი მითხრა. პრინციპში, ეს იყო ის, რისთვისაც იქ მივედი. მეორე წელს კიდევ მივიღე მონაწილეობა და მეორე ტურშიც გადავედი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც წამოვედი, რადგან, სიმღერების რეპერტუარი არ მომეწონა. ჩემი მესამე ცდა „რუსეთის ხმაა,” რომელიც ძალიან მომწონს. 

– რაც შეეხება შენს არჩევანს, პელაგიასა და დიმა ბილანს შორის პელაგიას სასარგებლოდ გააკეთე. მის გუნდში ორი ქართველი მომღერალი ხართ: შენ და აჩი ფურცელაძე.

– მე და აჩი ერთმანეთს მანამდეც ვიცნობდით. ჩემზე ადრე აჩიმ გაიარა ქასთინგი წარმატებით და, რომ მითხრა, ძალიან გამიხარდა. ორივემ პელაგია ავირჩიეთ. სხვათა შორის, ერთი ქართველი აგუტინსაც ჰყავს – სოფიკო, რომელიც ჩემი კარგი დაქალია. 

– როგორ ფიქრობ, რომელ ტურამდე შეძლებ ამ კონკურსში მონაწილეობას?

– ჩემი პირდაპირი მიზანი ამ პროექტში გამაჯვება არ არის და არც დაწყებამდე ყოფილა. ჩემთვის მთავარი კონკურში მონაწილეობა და იქ კარგად შესრულებაა. „რუსეთის ხმას,” როგორც კონკურსს, ვერ ვუყურებ, რადგან, გამარჯვების ამბიცია არ მაქვს. ისეთ ხალხთან რომ ვმღერი, რომლებიც ჩემზე კარგ მომღერლებად მიმაჩნია, ესეც კარგია. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კარგად ვიმღერო და თუ შემდეგ ტურშიც გადავედი, იმავეს შევეცდები. ორი გამოსვლით გავაკვირვე ხალხი, რომლებსაც საკუთარი ემოციები სიმღერით გადავეცი.

– სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს ხმის მიცემის უფლება, რადგან, იგივე პროექტი ჩვენთანაც გადის. 

– კი, ასეა. 

– თუმცა, საქართველო შენ გვერდით არის და, ყველა საიტზე, სადაც კი შენი ვიდეო დევს, ყველგან ძალიან ბევრი მნახველი ჰყავს, „ფეისბუქზეც“ კი.

– „ფეისბუქზეც“? ეს ჩემთვის სიურპრიზია, რადგან, არ ვიცოდი – არ ვარ „ფეისბუქში“ და ამიტომ. ძალიან სასიამოვნოა. 

– რამდენი წლის ხარ?

– 21-ის.

– შენს პირად ცხოვრებაზეც გვესაუბრე.

– პირად ცხოვრებაში ყველაფერი გაჩერებულია, რადგან, ძალიან ბევრს ვმუშაობ და ამისთვის დრო აღარ მრჩება. ვშრომობ საკუთარი თავისთვის, ასევე, ვეხმარები ჩემს მშობლებს. დილის 8 საათამდე ვმუშაობ, ხოლო, როცა არ ვმუშაობ, მძინავს. ასე რომ, პირადი ცხოვრებისთვის საერთოდ არ მრჩება დრო. არავინ თქვას, რომ ცხოვრება იოლი რამეა. 

– ოჯახში თუ მღერის კიდევ ვინმე?

– მამაჩემი მღერის ძალიან კარგად. სამი ძმანი არიან და ბავშვობაში ჯგუფი ჰქონდათ. მამაჩემი ბას-გიტარაზე უკრავდა, ისევე, როგორც მე. 

– მოსკოვში ვისთან ერთად ცხოვრობ?

– მე და მამა მოსკოვში ვცხოვრობთ, დედა კი თბილისშია და ჩამოდის ხოლმე ჩვენთან. ერთმანეთს ვეხმარებით და ვართ ასე. 

– დედმამიშვილი თუ გყავს?

– სამწუხაროდ, არა, დედისერთა ვარ, მაგრამ, ბევრი ბიძაშვილი მყავს. 

– ისევ კონკურსს მივუბრუნდები: მეორე ტურის გადაღებები როდის იწყება?

– მეორე ტურის გადაღებები უკვე იყო, მაგრამ როდის გავა ეთერში, წინასწარ ვერ გეტყვით, რადგან, არ შეიძლება. ყველაფერს ცოტა ხანში გაიგებთ. 

скачать dle 11.3