კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დადიოდა ლეილა საფოევა გოაში ოთხკაციანი დაცვით და ვინ არის „ბოლივუდის“ ქართველი პროდიუსერი

ინდოლოგი და პროდიუსერი ლეილა საფოევა ხუთი წელია, ინდოეთში, „ბოლივუდში“ მუშაობს. მას თბილისიდან ქართული სააგენტოების გოგონები მიჰყავს ინდურ კინოში გადასაღებად. ქალბატონი ლეილა ინდოეთით ბავშვობიდან დაინტერესდა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის  დროს ის რაჯ კაპურსა და ამიტაბჰ ბაჩანს შეხვდა.

 

ლეილა საფოევა: ბავშვობიდან მიყვარდა ინდური კინო, თან, საბჭოთა კავშირში ძალიან პოპულარული იყო. კინო „საქართველოსთან“ ვცხოვრობდი მაშინ. სარკესთან დავდგებოდი, ვმღეროდი და ვცეკვავდი. ბავშვობაში ხელბურთზე დავდიოდი, მაგრამ, მერე ინდოეთის სიყვარულმა გადაწონა (იცინის). იმდენად მელოდიურად მეჩვენებოდა სიმღერები, ჰინდის სწავლა გადავწყვიტე. მეცხრე კლასში მოსკოვიდან ინდურის „თვითმასწავლებელი სასაუბრო“ გამოვიწერე და მე და ჩემი მეგობრები, რომლებიც ამჟამად „ბოლივუდში“ 3D მულტიპლიკატორები არიან, ერთად ვსწავლობდით (საქართველოში „ქართულ ფილმში“, შემდეგ კი „გორკის კინოსტუდიაში“ მუშაობდნენ). მოსკოვში ჩავაბარეთ აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში და გაგვიმართლა. 1988 წელს მოსკოვში ინდური კულტურის დღეები იყო და მაშინვე პრაქტიკაზე გაგვიშვეს თარჯიმნებად. ზუსტად მაშინ იყო ჩამოსული ინდური კინოს ლეგენდა ამიტაბჰ ბაჩანი, რომელიც ბავშვობაში ჩემი კერპი იყო, მისი პლაკატებით სავსე მქონდა სახლი. სხვათა შორის, 80-იან წლებში გადაიღეს გორკის კინოსტუდიისა და რაჯ კაპურის კინოსტუდიის ერთობლივი ფილმი – „შავი უფლისწული“, სადაც ცნობილი ქართველი და ინდოელი მსახიობები თამაშობდნენ. არიადნა შენგელაია, ზურაბ ქაფიანიძე, რაჯ კაპურის ძმა – შაში კაპური, ასევე, რაჯის შვილი, „ბობიში“ მთავარი როლის შემსრულებელი. ქართველები იმიტომ ათამაშეს, რომ გარეგნობით უფრო ჰგვანან ინდოელებს (იცინის), აბა, სლავური გარეგნობის ხალხი ხომ ვერ ითამაშებდა. ორი-სამი თვე ერთად ვმუშაობდით, გადაღებები ყირგიზეთსა და მოსკოვში მიმდინარეობდა. სხვათა შორის, ინსტიტუტში რომ ჩავაბარეთ, ყველას გაუკვირდა, რომ ენა ვიცოდით. თბილისში არ იყო მაშინ ინდური ენის სპეციალისტი და წავედით ტაშკენტში. უნდა გვქონოდა დამთავრებული ინდურის სპეციალური სკოლა და ჩავაბარეთ მოსკოვში.

– ამიტაბჰ ბაჩანს მოსკოვში შეხვდით პირველად? 

– პირველად მას 1985 წელს შევხვდი. ბავშვობაში „ბაჩანის“ მეძახდნენ. ძალიან გაუხარდა, ინდურად რომ დაველაპარაკე. ვოცნებობდი, შორიდან მაინც დამენახა. დღემდე ვმეგობრობთ. „მის გოაზე“ საპატიო სტუმრებად მიგვიწვიეს, სადაც თითოს ოთხი მცველი დაგვყვებოდა. ძალიან თავმდაბალი, უშუალო და კარგი ადამიანია, პუნქტუალური და მოწესრიგებულია. სხვათა შორის, მისი მშობლები ნამყოფები არიან თბილისში, ამიტომ საქართველოზე იცოდა რაღაცეები. მამამისი მწერალი იყო და თბილისზე ლექსი დაწერა – მთაწმინდაზე საბაგირო გაუფუჭდათ და მაშინ (იცინის). უამრავი სამახსოვრო სურათი გადავიღეთ. ჟურნალისტების მიმართ საოცრად კეთილგანწყობილია. მისი შვილები უცხოეთში სწავლობენ და ინგლისურად მელაპარაკებოდნენ, რაც ძალიან არ მოსწონდა. სხვათა შორის, ელდარ შენგელაიამ 1989 წელს მთელი ინდური კინოს მსახიობები დაპატიჟა კინოს სახლში, მაგრამ, არეულობა იყო და მოსკოვმა დააშინა – საფრთხე გემუქრებათო. ასე რომ, ვერ ჩამოვიდნენ.

– რაჯ კაპურს შეხვედრიხართ?

– დიახ, ტაშკენტში და გაოცებული დავრჩი: ხომ ყველა კინოში შავგვრემანი ჩანს? სინამდვილეში კი ტანადი, ქერა და ცისფერთვალება ადამიანი იყო. ასეთები ქაშმირის პროვინციაში ცხოვრობენ და ქაშმირიდან იყო თვითონაც. სხვათა შორის, ძალიან უყვარდა არაყი. ბევრს არ ლაპარაკობდა, მოწყენილი და ჩაკეტილი იყო, უკვე ხნიერი. რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა კიდეც. მახსოვს, აეროპორტში პასპორტის შემოწმებისას დახლზე შემოჯდა და ფეხებს აქნევდა. მის შვილიშვილებს ყველას გამოჰყვა ცისფერი თვალები. ცხელოდა ტაშკენტში და ტრადიციული ტანსაცმელი ეცვა. შვილები მორიდებით და მოწიწებით ექცეოდნენ. ინდოეთში უფროსებსა და მშობლებს უდიდეს პატივს სცემენ – მათი თანდასწრებით სიგარეტსაც არ ეწევიან.

– აიშვარია რაისაც იცნობთ?

– რა თქმა უნდა. ერთ-ერთი ფილმის გადაღებაზე შევხვდი. ის 1994 წელს „მის მსოფლიო“ გახდა და იმდენად ლამაზია, რომ არაფრით არ შემეძლო, ეს მისთვის არ მეთქვა და ჩვეულებრივად მიიღო. რაჯ კაპურის შვილი იღებდა ამ ფილმს. აიშვარიას მეუღლე, ამიტაბჰ ბაჩანის ვაჟი, ძალიან კარგი მსახიობია და საოცარი იუმორი აქვს. იმდენს გვაცინებდა, მუცელი ხელით გვეჭირა ხოლმე. რაც შვილი გააჩინა, აიშვარიას აღარ იღებენ კინოში.  ინდოეთში ძალიან ამაყობენ მისით. შევხვედრივარ ფრიდა პინტუსაც, რომელიც ჩვეულებრივი გოგონაა, არაფერი განსაკუთრებული. გოაში კინოფესტივალზე ვნახე და დაესივნენ ჟურნალისტები.

– როგორია თქვენეული ინდოეთი?

– ინდოეთი კონტრასტების ქვეყანაა, ულამაზესი, მაგრამ, დამშოკა სიღარიბემ. ისეთი საშინელი ანტისანიტარიაა ქუჩებში, დავითრგუნე. შეიძლება, გზის ერთ მხარეს მიწაზე ღატაკს ეძინოს და მეორე მხარეს უმდიდრესი ვილა იყოს წამოჭიმული. მაგრამ, იქ ღარიბიც კი ძალიან მშვიდი და გულღიაა, ყველას უხარია ცხოვრება – გიღიმიან და რწმენა აქვთ უდიდესი. მახსოვს, ბექა ელბაქიძე შოკში ჩავარდა, აქ რომ იყო ჩამოსული: სიგარეტი ამოიღო და ასანთი არ ჰქონდა. გაიქცა ერთი ღარიბი, უყიდა და მოუტანა. ძალიან თბილი და ემოციური ხალხია. მძღოლის ჩხუბს იქ ვერ გაიგონებთ, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად გადატვირთული მოძრაობაა. შოკი მქონდა ტაჯ მაჰალზე, რომელიც დღეში სამჯერ იცვლის ფერს: დილით იისფერია, შუადღეს – მოყვითალო და ჩამავალი მზის შუქზე  – თეთრი, სულ სხვა. ამერიკელი პიანისტის, იანის კონცერტი იყო ტაჯ მაჰალთან, ღია ცის ქვეშ, უმაგრესი იყო. ინდოეთში ისეთ რაღაცეებს ნახავ, ღმერთს მადლობა უნდა შესწირო იმისთვის, რაც გაქვს. ვიყავი ჰიმალაის მთებში, 2 800 მეტრზე. წარმოიდგინე, როგორი შეგრძნებაა, ღრუბლები შენს ფეხქვეშ რომ დაცურავს,  მხიარული ხალხია, ყოველ კვირას დღესასწაული აქვთ – მღერიან, ცეკვავენ. ახლა დავალი  ახლოვდება – მათი უდიდესი დღესასწაული. სხვათა შორის, ქაშმირში არ ვყოფილვარ და ძალიან მინდა ვნახო, საქართველოს ჰგავს, თურმე. საერთოდ, თუ ნამდვილი ინდოეთის ნახვა გინდა, რაჯასთანში უნდა წახვიდე – იქ ქალები დღემდე სარიში ჩაცმულები დადიან. არის ძველი მაჰარაჯების სასახლეები, ულამაზესი არქიტექტურა.

– „ბოლივუდზე“ მოგვიყევით...

– „ბოლივუდში“ ხუთი წელია, ვმუშაობ. ინდურ ფილმებზე ყიდვა-გაყიდვის უფლება მაქვს India TV-სთან, რომელიც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მაუწყებლობს; ასევე, ვარ პროდიუსერი. თბილისიდან გოგონები წავიყვანე ინდურ კინოში სათამაშოდ. ოთხი გოგო მყავდა წაყვანილი და დროის უქონლობის გამო ტექსტების დაზეპირება უხდებოდათ, ასევე, ინდური სიმღერებისა და ცეკვების, რადგან, ინდური კინო მაინც სიმღერებისა და ცეკვებისგან შედგება. წამოსვლა აღარ უნდოდათ იქიდან, წელიწად-ნახევარი იმუშავეს. „ბოლივუდის“ გარდა, არის უფრო დაბალი რანგის კინოინდუსტრიები – „ტოლივუდი“, „კოლივუდი“...

– რა კრიტერიუმებით არჩევთ გოგონებს?

– უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს შავგვრემანი, ეშხიანი, რადგან, ქერა გოგოს ინდოელი მაყურებელი არ მიიღებს. სიმაღლე დაახლოებით 175 სანტიმეტრი უნდა ჰქონდეს, ამიტომ, სააგენტოებში ვარჩევ ხოლმე, რადგან, გოგოებს პორტფოლიოებისთვისაც იღებენ სარიში. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინდოელები თეთრ ქალებზე გიჟდებიან – „გორი“ ჰინდიზე ერთდროულად „თეთრსაც“ ნიშნავს და „ლამაზსაც“. ინდოელი ქალები თუ არიან – ლამაზები არიან ძალიან, ან – ძალიან შეუხედავები. თავისებური ტიპები არიან – ბევრია შავგვრემანი და ცისფერთვალება.

– ავთო ვარსიმაშვილის ფილმის გადაღებაზე რა ხდებოდა?

– ო, ძალიან ბევრს ვხალისობდით. გოაში სანაპიროზე გვქონდა გაშლილი სუფრა და ვქეიფობდით. გოგა ბარბაქაძე კიბორჩხალებს დასდევდა ჩანგლით, ბოლოს ერთმა უკბინა ფეხზე და გამწარდა (იცინის). ნიკო გომელაურმა ლექსი დაწერა ინდოეთზე. აეროპორტში გადაღების უფლებას არ აძლევდნენ და მე დამირეკეს. მივედი, ინდურად დაველაპარაკე, ავუხსენი – თქვენი ქვეყნის დადებითად წარმოჩენა გვინდა-მეთქი. ძალიან გაუხარდათ და დაგვრთეს ნება.

 

скачать dle 11.3