კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

ქურციკიძე 

გვარის ფუძეა სახელი ქურცი, ქურციკა.

ისტორიულ საბუთებში გვხვდება ამავე ძირისგან წარმოშობილი გვარი ქურცაძე. 

„ქურცაძე ნათი, ფცაში მცხოვრები, მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში“ (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი). იმავე სოფელში მოიხსენიებიან შიო და შოშია ქურცაძეები. 

ფუძით ქურციკა გვხვდება გვარი: ქურციკაული. ზარია, სულხან, ღვთისავარა ქურციკაულები მოიხსენიებიან 1477 წელს. ლელთუბანს, მარტყოფს, სატივეს, სამწერისში მოიხსენიებიან მამაცელა, იასე, ნადირა, პაპოა და სხვა ქურციკაშვილები; კაკალა, მახარებელი, ნადირა, ფოცხვერა, შალვა და სხვები, ატარებენ გვარს ქურციკიძე. 

გვხვდება ერთ შემთხვევაში სახელი ქურცინა და მისგან წარმომდგარნი გვარი ქურცინაძე. ქურცინაძეები ამბობენ, რომ მათი ადრინდელი გვარი, გადმოცემით, იყო ქურციკიძე, მიგრაციის გამო ჩამწერებმა შეცდომით ასო კ-ს ნაცვლად ჩაწერეს ნ და ქურციკიძე გახდა ქურცინაძე. თვით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ისტორიული საბუთებით მტკიცდება, რომ გვარებს განუცდიათ ცვლილება (ქურციკიძე-ქურცინაძე). 

საქართველოში 34 ქურციკიძე ცხოვრობს: თბილისში – 12, ქუთაისში – 9, ზესტაფონში – 6. არიან სხვაგანაც. 

ლაბაძე 

ლაბა მამაკაცის საკუთარი სახელია. ის რამდენიმე ფორმით გვხვდება წყაროებში. მაგალითად: ლაბი – თუშეთში, ლაბა – კახეთში; ლაბაზან – თუშეთში; ასევე, გვხვდება სახელები: ლაბია, ლაბლა, ლაბო. 

ფუძიდან ლაბა წარმოშობილია ქართული გვარები: ლაბარი, ლაბარიშვილი, ლაბაძე, ლაბრიძე, ლაბაშია, ლაბარაშვილი, ლაბაური. 

ლაბაძეები იმერეთში ცხოვრობენ სოფლებში: ბოსლევი, კორბოული, მანდაეთი, რგანი, საზანო, სარეკი, საქარა, შროშა, ჭორვილა. 

სარეკში მცხოვრები ლაბაძე დათუა მოიხსენიება 1680 წელს, ისტორიულ წყაროში. 

საქართველოში 4 631 ლაბაძე ცხოვრობს: თბილისში – 756, ჭიათურაში – 741, ხაშურში – 618. არიან სხვაგანაც.

კოკოზაშვილი-კოკოზოვი 

კოკოზა საკუთარი სახელია. ის დასდებია საფუძვლად კოკოზაშვილთა გვარს. „1634-1653 წლებში გარდატენში მცხოვრები კოკოზაშვილის მამული ნოდარ ციციშვილმა დაანება გორელ ადიბეგ და გაბრიელ ანდრონიკაშვილებს“. 

„გარდატენში მცხოვრები კოკოზაშვილის მამული ჯავახიშვილის ასულ მარიხმა მიჰყიდა გორელ მანდატურთუხუცესს, თაყა ანდრონიკაშვილს“ (1634-1653 წლები). 

კოკოზოვები ყოფილი კოკოზაშვილები არიან. 

ასევე, გვხვდება გვარი კოკოზასშვილი, კოკოზაური. 

საქართველოში 453 კოკოზაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 152, თბილისში – 98, თიანეთში – 85. არიან სხვაგანაც. 

35 კოკოზოვი: წალკაში – 31, თბილისში – 4.

ლესელიძე 

გვარი მიგვანიშნებს სადაურობაზე (სადაური – ლესელი). 

ქართული გვარების ერთ-ერთ მრავალრიცხოვან ჯგუფს შეადგენს სადაურობის, ანუ, წარმოშობის, ადგილის აღმნიშვნელი გვარები. მაგალითად: ამ გზითაა გაჩენილი გვარები, ლესელიძე, ფხოველი, თორელი, სურამელი, ქსოვრელი, კეცხოველი, გურიელი, გვერდწითელი, ზანდუკელი, იშხნელი, ჩოხელი, ჭკუასელი, ხირსელი, ჯაყელი და სხვანი. 

ლესა საქართველოს რამდენიმე კუთხეშია დაფიქსირებული – არის როგორც აჭარაში, ისე გურიაში – ლესა სოფელია ლანჩხუთის რაიონშიც, გურიის დაბლობზე. გვაქვს, ასევე, დაბა ლესელიძე. 

ლესა წყაროებში გვიანდელი შუა საუკუნეებიდან მოიხსენიება. აქ იყო გურულთა ერთ-ერთი საუფლისწულოს ცენტრი. ლესაში დაიბადა და სიყრმის წლები გაატარა პოეტმა მამია გურიელმა. ლესაჯინე სოფელია სენაკის რაიონში, ლეძაძამე კი – საგამგებლოა. 

არის ასეთი გადმოცემა: ხვარბეთელ კაცს ნათლული ჰყოლია ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლესაში. ერთხელ, მორიგი სტუმრობისას, ოჯახში ყველა მკვდარი დახვედრია. თოთო ბავშვი წამოუყვანია და გაუზრდია. როცა წამოზრდილა,  ყველას ეუბნებოდა, ლესელი ვარო. 1830-იან წლებში თავად გურიელ ნაკაშიძეს ეს რომ მოუსმენია, ბიჭისთვის ლესელიძეობა გაუგვარებია. 

საქართველოში 120 ლესელიძე ცხოვრობს: ოზურგეთში – 61, თბილისში – 34, ლანჩხუთში – 15. არიან სხვაგანაც.

თაბაგარი

თაბაგრები იმერლები არიან. 1840-იან წლებში მოიხსენიებიან სოფელ დარკვეთში, შროშაში და ასე შემდეგ. დარკვეთში არიან საბატონო გლეხები – თაბაგრები-თაბაქრები; შროშაში არიან სახელმწიფო გლეხები.

გვარში თაბაგარი ფუძედ გამოყენებულია საკუთარი სახელი თაბა.

პირვანდელი გვარი თაბაქარი იყო. თა იყო ართრონი (წინსართი), ბაქარი – ფუძე. 

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის თაბაგარი 378-ე ადგილზეა.

საქართველოში 2 163 თაბაგარი ცხოვრობს: ჭიათურაში – 812, თბილისში – 403, ზესტაფონში – 223. არიან სხვაგანაც. 

ურიგაშვილი 

 გვარში ურიგაშვილი ფუძედ გამოყენებულია ქართველური საკუთარი სახელი ურიგა. 

„საკუთარი სახელი ურიგა, გვხვდება, გვარში ურიგაშვილი“, – წერს ილია მაისურაძე წიგნში „ქართული გვარ-სახელები“.

ამ გვარის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია გვხვდება ისტორიულ საბუთებში. 

საქართველოში 173 ურიგაშვილი ცხოვრობს: გორში – 114, თბილისში – 49, ადიგენში – 5. არიან სხვაგანაც.

სულავა 

გვარში ფუძედ გამოყენებულია საკუთარი სახელი სულა. 

სულა ერთ-ერთი უძველესი სახელია. ის მთავარ ჩორჩანელ-ხურსისძე-ხურციძეებიდან იღებს სათავეს. მათი თავდაპირველი საცხოვრებელი მესხეთი იყო. სულა ხურსიძე მეათე საუკუნის პირია და მოხსენიებულია „ქართლის ცხოვრებაში“; იქვე მოიხსენიება ივანე სულას ძე ხურსიძე. ხურსისძე-ხურციძეთა სახელოვან საგვარეულოს უჩნდება შტო-გვარები. წინარე გვარი იყო ჩორჩანელი, ჩორჩანელ-ხურციძიდან კი – სულავა, სულასძე, სულაძე. 

ჩორჩანელ სულას ძმამ, ბეშქენმა, საფუძველი დაუდო ჯაყელთა საგვარეულოს. ფარსმან ჩორჩანელმა მოგვცა გვარი თმოგველი (სულასძეები), დაკლაკისძეები, ციხისჯვარელები, ციხისთავი (აქედან – ისარლიშვილი, ისარლოვი; თურქულად ისარლი იგივეა, რაც ციხისთავი), კოხოძე (იყო სამცხე-საათაბაგოში), კოროხია, ჩოხაძე (სამეგრელოში), სულაშვილი, ხურცილავა, ხურცია. 

ხურციძეების გვარის წევრთა მნიშვნელობასა და ერისთავობას ადიდებს როგორც „ქართლის ცხოვრება“, ისე ივერიის მონასტრის ქართული გუჯარი, რომელიც მეთერთმეტე საუკუნეში, კერძოდ, 1021 წელს არის შედგენილი. 

ჭაობაშვილი

 მეტსახელი ჭაობა დასდებია ფუძედ გვარს ჭაობაშვილი.

ჭაობი უბნის სახელწოდებაა დღევანდელ თეთრი წყაროს რაიონში, სოფელ მუხათის ბოლოს. ამ ადგილს დღესაც ჭაობს ეძახიან. ადვილი შესაძლებელია, რომ აქედან წასულ კაცს თან წაეღო ეს სახელი.

სამწუხაროდ, ამ გვარის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება. კვლევა კი გრძელდება.

საქართველოში 39 ჭაობაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 25, კასპში – 14.

გივიშვილი-გივიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გივი. ასევე, ამ საკუთარი სახელიდან არის ნაწარმოები გვარი გივიაშვილი. 

ზურაბ ჭუმბურიძე წერს: „სახელი გივის მნიშვნელობა გაურკვეველია. აქედანაა გვარი გივიშვილი. გივის მოფერებითი ფორმაა გიუნა, საიდანაც წარმომდგარია გვარი გიუნაშვილი. გეო ბერძნულია, ქართულში მიღებულია გიორგი-ს შემოკლებით და ნიშნავს „მიწას“. 

დადგინდა, რომ გვარი გივიშვილი უწარმოებია რამდენიმე თავადაზნაურულ საგვარეულოს. ესენია: „თავადნი ამილახვარნი, მომდინარეობენ ზედგინიძეებიდან, 1465 წლიდან იწოდებიან თავად ამილახვრად შთამომავლობანი მათნი, რომელნიც განიყოფებიან სხვადასხვა სახლად... გივისშვილებად“; „თავადი ჩოლოყაშვილი, კახეთის თავადნი... ესენი აწ არიან განაყოფით მოსახლენი გივისშვილები“; „თავადი ავალიშვილი – ამათნი წინაპარნი არიან მონათესავენი ავალიანთანი, ხოლო მოსახლეობენ ესენი კახეთს... გივისშვილები“. 

საქართველოში 364 გივიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 91, სიღნაღში – 36, დედოფლისწყაროში – 28. არიან სხვაგანაც.

200 გივიაშვილი: თბილისში – 105, ქარელში – 52, გარდაბანში – 16. არიან სხვაგანაც. 

 

скачать dle 11.3