კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მეც ვოცნებობ სიყვარულზე

ძალიან რომანტიკოსი ადამიანი ვარ, შეიძლება ითქვას, ზედმეტად რომანტიკოსი და, ალბათ, ამიტომაც არ მიმართლებს ცხოვრებაში. ჩემდაუნებურად, ვცდილობ, ადამიანებში მხოლოდ კარგი დავინახო, არ მიყვარს სიტუაციების გართულება, ძალიან იშვიათად და ძალიან ცოტა ხნით ვარ ხოლმე ცუდ ხასიათზე და მაშინაც თავს ვარიდებ ყველას, რომ ვინმე არ „დავგრუზო“. კიდევ იმას ვცდილობ, ყველაზე მძიმე სიტუაციიდანაც კი ვიპოვო გამოსავალი და გარშემო მყოფებს გავუადვილო პრობლემების გადაჭრა. თითქმის არასდროს არ გამოვხატავ წყენას – ვცდილობ, გულში ჩავიკლა, რომ ამით სხვა არ შევაწუხო. მაგრამ, ამ ყველაფერს კი არ ვთამაშობ, მართლა ასეთი ვარ. ეს ჩემმა მეგობრებმა იციან და ამიტომ ყველას უყვარს ჩემს საზოგადოებაში ყოფნა. ყველა მეგობარი გოგონას (და ბიჭებისაც) მესაიდუმლე მე ვარ – იციან, რომ საიდუმლოს შენახვაც ვიცი, რჩევის მიცემაც და თანაგრძნობაც. ჩემმა უახლოესმა დაქალმა „ნელიკო“ შემარქვა (ქართული სერიალის პერსონაჟის სახელი), ოღონდ, მე იმ ნელიკოზე „უარესი“ გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა მაქვს: ჯერ არც ერთ ბიჭს ჩემთვის სიყვარული არ აუხსნია, ყველა მეგობრობას მეფიცება. ვერ ვიტყვი, რომ ჩემისთანა ლამაზი გოგო ქალაქში არ დადის, მაგრამ, ჩემი თავმდაბლობის მიუხედავად, უნდა ვთქვა, რომ საერთოდ სიმპათიური ვარ, თან – მხიარული და ხალისიანი (ოღონდ, არა ცანცარა). თუმცა, აგერ უკვე 22 წლის ვხდები და ჯერ ბიჭთან პაემანზე არ ვყოფილვარ. არ დაგიმალავთ და ამას ძალიან განვიცდი. ჩემი ასაკის გოგოებს ზოგს უკვე ჰყავს ქმარ-შვილი, ზოგი მეორე „წრეზე“ მიდის, უმრავლესობას კი ხუთი-ექვსი შეყვარებული ჰყავს გამოცვლილი, მე კი ვზივარ და ველოდები ცის გახსნას. გამოგიტყდებით, ერთი ბიჭი მომწონს ძალიან, მაგრამ ვერ ვუმხელ. ვუმხელ კი არა, ასე ვიქცევი, რომ ვერ მიხვდეს, რადგან, მრცხვენია, ჩემგან იგრძნოს აქტიურობა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ისიც ისე მიყურებს, როგორც სხვები და, შეიძლება, ვერც კი წარმოუდგენია, რომ მეც ვოცნებობ დიდ ნამდვილ სიყვარულზე – მე ხომ მხოლოდ ერთი გულკეთილი, მხიარული გოგო ვარ, ყველასთვის ერთგული დაქალი, გულის მესაიდუმლე და მრჩეველი და პირად ცხოვრებაზე ფიქრში ხომ არ დავკარგავ დროს?!

გვანცა, 21 წლის.

 

ბრალს ვდებ ჩემს მშობლებს

7 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები ერთმანეთს რომ დაშორდნენ. მიზეზი ის იყო, რომ ორივემ უღალატა ერთმანეთს. პირველმა რომელმა ჩაიდინა ეს, არ ვიცი, მაგრამ, ერთმაც და მეორემაც აღმოაჩინეს, რომ ნამდვილი სიყვარული იმ ვიღაც სხვასთან ეწვიათ და რამდენიმე „შეტაკების“ შემდეგ, „ყველაფერი შენი ბრალიას“ ძახილითა და ერთმანეთზე გადაბრალებით, ისე გაიყარნენ, ჩემზე არც ერთს არ უფიქრია. მართალია, რეალური ვითარება მოგვიანებით გავიგე, მაგრამ, კარგად მახსოვს, სანამ ერთად იყვნენ, ჩემთვის არც ერთს არ ეცალა, ხან ერთ ბებიასთან მიმათრევდნენ და მტოვებდნენ თვეების განმავლობაში, ხან – მეორესთან. თან, ყოველთვის ჩემი თანდასწრებით ჩხუბობდნენ ხოლმე და აზრადაც არ მოსდიოდათ, როგორ განვიცდით ამას. მთელი ჩემი ბავშვობა, რაც თავი მახსოვს, ხან დედა მენატრებოდა, ხან – მამა, მაგრამ, ისე იქცეოდნენ, ხშირად ეჭვიც კი შემპარვია, ვუყვარდი თუ არა რომელიმეს. მაგალითად, თუ სადმე ვიყავი წასაყვანი ან რაიმე უნდა ეყიდათ ჩემთვის, ჯიუტი ბავშვებივით იწყებდნენ დავასა და ჩხუბს, თითქმის ერთი და იმავე ტექსტით: „მარტო ჩემი შვილი ხომ არ არის, ნება იბოძე და ახლა შენ შეიწუხე თავი“... და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, დაშორდნენ და სასამართლომ ჩემი თავი დედას მიაკუთვნა, თუმცა, როგორც ახლა ვხვდები და რაღაც ეპიზოდებს ვიხსენებ, არც ერთს არ მოუკლავს თავი, რომ მასთან დავრჩენილიყავი.

გაყრის შემდეგ მე და დედაჩემი ბებიასთან გადავედით, მაგრამ, იქაც სულ მენატრებოდა დედა, რადგან, სულ სადღაც იყო წასული, სახლში მაშინ ბრუნდებოდა, როცა უკვე მეძინა და, პრაქტიკულად, ვერც კი ვხედავდით ერთმანეთს. მამა კი საერთოდ არ მნახულობდა. ერთი სიტყვით, ჩემთვის ისევ არც ერთს არ ეცალა. ბებია კი ცდილობდა, შეევსო ჩემთვის ეს დანაკლისი, მაგრამ, მე ჩემი დედ-მამა მინდოდა და, ძალიან ხშირად, ბებოს ასეთი მზრუნველობა გულს კი არ მითბობდა, უფრო მაღიზიანებდა. ამ ყველაფერმა ჩაკეტილ, მელანქოლიურ და გულჩახვეულ ბავშვად ჩამომაყალიბა. ისე დავკომპლექსდი, რომ, მეგონა, ყველამ ყველაფერი იცოდა ჩემ შესახებ და ზურგსუკან დამცინოდნენ. გარდატეხის ასაკში ეს კომპლექსი აგრესიაში გადაიზარდა და, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ გულშემატკივარი და პატრონი არავინ მყავდა, გადავწყვიტე, თავად მეპატრონა საკუთარი თავისთვის. მოკლედ, როგორც იტყვიან, ქუჩაში გავედი, საკმაოდ საეჭვო ტიპებს დავუახლოვდი, თან, ჩემზე უფროსებს და სულ ავიშვი. ერთი ის არის, რომ კაცი არ მომიკლავს და შეიარაღებული ძარცვა არ ჩამიდენია, თორემ, არც წვრილმან ქურდობაზე ვამბობდი უარს და ნარკოტიკსაც გავუსინჯე გემო. მთავარი კი ის იყო, რომ ამას ვერავინ ამჩნევდა ბებიას გარდა, მაგრამ ის უკვე მოხუცი იყო და ვეღარ მერეოდა, დედაჩემი კი ყურსაც არ უგდებდა, როცა ბებია ეტყოდა, მიხედეთ ამ ბავშვს, თორემ, დაიღუპებაო. მამაჩემი წელიწადში ორ-სამჯერ თუ დამირეკავდა და ზრდილობის გამო თუ მკითხავდა, როგორ ხარო, არადა, სულ ორი ქუჩის იქით ცხოვრობდა, მაგრამ, ჩემთვის მაშინ არ ეცალა, როცა სახლში ვყავდი და ახლა როგორღა მოიცლიდა, როცა ვიღაც ორშვილიანი პუტანკა მოიყვანა ცოლად და იმის ნაბიჭვრებს ზრდიდა. ვაღიარებ, გული ჩამწყდებოდა ხოლმე, როცა ვხედავდი, როგორ მიაძუნძულებდა დილაობით ერთ გერს საბავშვო ბაღში, მეორეს – სკოლაში, საღამოობით კი სახლში მიჰყავდა. ხან ფეხით მისეირნობდნენ (ამ დროს უჩუმრად ავეკიდებოდი ხოლმე და ვუთვალთვალებდი), ხან – მანქანით. თუ ფეხით მიდიოდნენ, გზაში ნაყინებსა და სათამაშოებს ყიდულობდა, რაღაცეებს უყვებოდა და ასე მხიარულად და სიცილ-კისკისით ბრუნდებოდნენ სახლში, მე კი ჩემი ბავშვობიდან ერთ ასეთ დღესაც ვერ გავიხსენებდი.

რაც შეეხება დედას, მამაჩემთან გაყრის შემდეგ ორჯერ მოახერხა გათხოვება, მაგრამ ორივეჯერ ორ-სამ თვეში დაბრუნდა სახლში. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი გადასატანი იქნებოდა ეს ჩემთვის, მაგრამ, მთავარი დარტყმა დედაჩემმა მაშინ მომაყენა, 15 წლის რომ გავხდი: ჩემს დაბადების დღეზე ჩემი სამი თანაკლასელი მოვიდა ჩემთან (ორი ბიჭი და ერთი გოგო, რომელიც სერიოზულად მომწონდა), ვისხედით ჩემს ოთახში და მუსიკებს ვუსმენდით. ბებიამ ხაჭაპურები და ნამცხვრები გამომიცხო და შემოგვიტანა. საწყალს, უხაროდა, სახლში რომ ვიყავი. ამ დროს დედაჩემი მოვიდა ვიღაც უსიამოვნო სიფათის კაცთან ერთად და ჩემი მეგობრების თანდასწრებით გამოაცხადა – გაიცანით, ჩემი საქმროაო. სუფთა ბრაზილიური სერიალი მოხდა: ის კაცი იმ გოგოს ბიძა აღმოჩნდა, რომელიც მე მიყვარდა და იმ წუთას ჩემთან იყო სტუმრად. ერთმანეთს რომ იქ შეხვდნენ, ორივე გადაირია. მერე გაირკვა, რომ ჩემს ახალ პოტენციურ „მამიკოს“ ცოლი და სამი შვილი ჰყავდა, რაც დედაჩემს დიდ პრობლემად არ ჩაუთვლია – მე ისე ვუყვარვარ, რომ, შემპირდა, ცოლს გავეყრები და შენ შეგირთავო. რა თქმა უნდა, იმ კაცს ცოლ-შვილი არ მიუტოვებია, დედაჩემს კი მეორე დღიდანვე დაუქნია ხელი, რაც ჩვენთან თავისი დისშვილი ნახა, მაგრამ, მთავარი ის იყო, რომ მე შეყვარებული დავკარგე – იმავე საღამოს მითხრა მაიკომ, არც კი გაბედო ჩემთან დარეკვაო, რამდენიმე დღეში კი საერთოდ გადავიდა ჩვენი სკოლიდან. ის ორი ბიჭიც დამშორდა – აღარ მოისურვეს ჩემთან მეგობრობა.

„დარდის გასაქარვებლად“ დედაჩემი რამდენიმე თვეში უცხოეთში წავიდა და იქ ვიღაც „დახადიაკ“ ქართველს გაჰყვა ცოლად (ოფიციალურად). მერე, როგორც ჩანს, იქ სამსახურიც იშოვა, რადგან ფულს უგზავნიდა ხოლმე ბებიას ჩემთვის და, სიმართლე რომ ვთქვა, მატერიალურად არაფერი მაკლდა, მაგრამ, უკვე ხელიდან ვიყავი წასული და ყველა და ყველაფერი „მეკიდა“.

ერთ დღეს კი დედაჩემი გამოგვეცხადა და გვითხრა, ქმარს გავშორდი, ჩამოვედი და სულ აქ დავრჩებიო. მალე მამაჩემიც გაშორდა თავის ცოლს და ისევ შერიგება გადაწყვიტეს ამდენი წლის „გულავის“ შემდეგ. მე კი მათი დანახვაც აღარ მინდოდა. დედაჩემის ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ დამაკავეს და უკვე მეოთხე წელია, ციხეში ვარ. ახლა რაღაც დიდ ამნისტიას აპირებენ და, შეიძლება, მეც შემეხოს, მაგრამ, თუ არ შემეხება, არც მაგაზე ვიდარდებ. რომ გამოვიდე, რა უნდა ვაკეთო ან ვის ვჭირდები? ასეთი რომ ვარ, ჩემს მშობლებს ეთაკილებათ, იმას კი არც ერთი არ ფიქრობს, რომ მათი წყალობით გავხდი ის, რაც ვარ და ნურც მე დამაბრალებენ და ნურც საწყალ ბებიაჩემს, რომელსაც ჩემზე ნერვიულობამ მოუღო ბოლო.

გური, 28 წლის.

скачать dle 11.3