კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საჩუქარი გაუკეთა მაკა ასათიანის მეუღლემ „მაესტროს” გენერალურ დირექტორს, ილია კიკაბიძეს

საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა ბევრი რამ შეცვალა, განსაკუთრებით კი ეს ტელევიზიებს შეეხო, მათ შორის, მრავალ პერიპეტიებგამოვლილ ტელეკომპანია „მაესტროსაც,” რომელსაც მიეცა ამოსუნთქვის საშუალება და დღევანდელი ჩემი რესპონდენტიც ამიტომ შევარჩიე. ილია კიკაბიძე „მაესტროს” გენერალური დირექტორია, რომელიც ამ ტელევიზიაში დაარსების დღიდან მუშაობს. მისი დიდი დამსახურებაცაა, რომ დღეს ტელემაყურებელს აქვს საშუალება, მრავალმხრივი და ობიექტური ინფორმაცია მიიღოს. ის ჩამოყალიბდა, როგორც ძლიერი ტელემენეჯერი, სამართლიანობისთვის მებრძოლი პიროვნება. აქვს ბევრი იდეა, თუ როგორ უნდა გახადოს ტელევიზია მაყურებლისთვის უფრო საინტერესო და მიმზიდველი. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მას სამუშაო კაბინეტში ვეწვიე და ჩავწერე ინტერვიუ, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ.

 

ილია კიკაბიძე: ჩემი გულის ტკივილი აფხაზეთია. ბევრი რამის გახსენება შემიძლია. იქ აგარაკი გვქონდა და ხშირად ჩავდიოდი დასასვენებლად. დღემდე ვერ წარმომიდგენია, რომ ამ შესაძლებლობას მოკლებული ვარ. ალბათ, იმიტომ, რომ, არ მინდა, დავიჯერო, რადგან, იქით მხარეს ბევრი ახლობელი და საყვარელი ადამიანი მყავს, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ. ძალიან მინდა, ერთიანი საქართველო ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში. ჩვენი ტელევიზიის მიზანიც ხომ მართალი სიტყვის თქმა და საქართველოს ერთიანობისთვის ხელშეწყობაა.

 – მიგაჩნიათ, რომ „მაესტრო” ყოველთვის მართალ სიტყვას ამბობს?

 – მარტო მე არ მიმაჩნია ასე, ამის დასტურია ჩვენი მრავალრიცხოვანი მაყურებელი, ის საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ჩატარებული კვლევებიდანაც კარგად ჩანს. დასამალი არაა, რომ ბევრმა ტელევიზიამ და ჟურნალისტმა ვერ გაუძლო გაუგონარ ზეწოლას, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, მაგრამ ჩვენს ტელევიზიაში თავმოყრილმა პროფესიონალებმა, ერთმანეთისადმი ერთგულებამ და მაყურებლის უდიდესმა მხარდაჭერამ განაპირობა ის, რომ დღეს „მაესტრო” შეუფერხებლად მაუწყებლობს.

– თუმცა, იყო შეფერხება ეროსი კიწმარიშვილის ცნობილი „ნახტომის“ დროს.

– ეს იყო დაკვეთა, რომელიც ბატონმა ერასტიმ წარმატებით ვერ განახორციელა, თუმცა, დიდი ზიანი მოგვაყენა. მას შემდეგ არსად შემხვედრია, მაგრამ, აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში და ყველა კითხვასა თუ მიყენებულ ზარალზე მოუწევს პასუხის გაცემა. ზუსტად იმიტომ ხორციელდებოდა „მაესტროს” მიმართ მსგავსი უსამართლობები, რომ ხალხის ყურამდე არ მისულიყო სიმართლე.

– თქვენ ითვლებით ერთ-ერთ საუკეთესო ტელემენეჯერად და, ალბათ, ამანაც განაპირობა ის, რომ ყველა გამოწვევას წარმატებით გაართვით თავი.

– ჩვენ ძალიან შეკრული გუნდი ვართ. ბატონი მამუკა ღლონტი სიმართლისთვის შეუდრეკელი მებრძოლია. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, უბრალოდ, ყველა ჟურნალისტსა და ტექნიკურ პერსონალს მინდა გადავუხადო დიდი მადლობა იმ თავდადებისთვის, რაც მათ მძიმე პერიოდში გამოიჩინეს. მინდა აღვნიშნო ქალბატონი მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის დახმარება, რომელმაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა და რომლის წყალობითაც მოხდა კომპანიის ტექნიკური უზრუნველყოფა. ამიტომაა, რომ ჩვენი მაუწყებლობის ხარისხი მაღალია, ბევრი კარგი და სასარგებლო პროექტი განვახორციელეთ. თითქმის დახურული „მაესტრო” გამოვგლიჯეთ ხელიდან წინა ხელისუფლებას. ჩემი ძირითადი პასუხი კი შენს კითხვაზე ის იქნება, რომ ჩვენი კოლექტივი არის საუკეთესო. მთლიანად ტელეკომპანია იყო წარმატებული და ალბათ, მეც, ამიტომ მაქვს ასეთი იმიჯი.

– როგორ ვიცი, აპირებთ მედიაჰოლდინგის შექმნას. იქნებ, უფრო კონკრეტულად გვიამბოთ ამის შესახებ.

– მიუხედავად დიდი სირთულისა, ბოლო ერთი წელიწადი ყველაზე აღმშენებლობითი იყო „მაესტროს” ისტორიაში; თანაც, შეიცვალა გარემო, მათ შორის, ჩვენს ტელევიზიაზეც მოიხსნა პოლიტიკური წნეხი, შესაძლებლობა მოგვეცა ბიზნესის განვითარებისთვის და ჩვენც დავსახეთ გეგმები. ვაპირებთ, ერთ ჰოლდინგში გავერთიანდეთ ორი რადიო და ორი ტელევიზია, რის შედეგადაც ჩვენი მაუწყებლობა ერთიანი არხით განხორციელდება. ვცდილობთ, მალე დავასრულოთ ეს პროცესი, რადგან, მონოპოლიზებული ბაზრები იმსხვრევა და ახლა ხდება სარეკლამო ბაზრის გადანაწილება. ამიტომ, ზომიერად უნდა ვიჩქაროთ, რომ პროცესებს მიღმა არ დავრჩეთ. სავარაუდოთ, გაზაფხულზე გავალთ ახალი არხით ეთერში. 

– ალბათ, სატელევიზიო ბადეც შეიცვლება?

– რა თქმა უნდა, დაიხვეწება საინფორმაციო გადაცემები, თოქ-შოუები, მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება გასართობ პროგრამებზე, ახალი ფილმებისა და სერიალების ჩართვაც მოგვიწევს... ნამდვილად არ მოვაწყენთ მაყურებელს, ერთი, რაც ძველი დარჩება, მართალი სიტყვა და ობიექტურობაა.

– გავრცელდა ხმები, რომ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ” თქვენს არხზე გააგრძელებს არსებობას.

– ეს ტყუილია. არავითარი საუბარი ჩვენ არ გვქონია. ალბათ, ეს აზრი გაჩნდა იქიდან, რომ ქალბატონი ნანუკა ერთ-ერთ გადაცემაში იყო სტუმრად, ვიღაცამ კი ჩათვალა, თითქოს ვაპირებთ, მისი გადაცემა ჩვენ სატელევიზიო ბადეში ჩავრთოთ. გარწმუნებთ, მსგავსი არაფერი ხდება.

– ცნობილი მოვლენების გამო, ბევრი ჟურნალისტი დარჩა უმუშევარი. თუ აპირებთ რომელიმე მათგანთან თანამშრომლობას?

– საინფორმაციო და პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან არ ვგეგმავთ თანამშრომლობას, რადგან ყველაზე მაღალი კლასის წამყვანები ჩვენთან მუშაობენ. შესაძლებელია მხოლოდ ტექნიკური პერსონალის აყვანა, თუკი დაგვჭირდება, მაგრამ, ამ ეტაპზე ასეთი რამ არ იგეგმება, ჯერ უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი.

– გენერალური დირექტორი ხართ და ძირითადად თქვენზეა დამოკიდებული არხის გამართული მუშაობა. მკაცრი მეთოდებით ხომ არ ხელმძღვანელობთ?

– (იღიმება) არა, რას ამბობ! თუ გასაბრაზებელია რამე, მაგ საქმის ოსტატი მამუკა ღლონტია. იშვიათად, მაგრამ, მაინც მომხდარა, რომ ფინანსური ჯარიმა დაგვიკისრებია, რას იზამ კოლექტივი ცოცხალი ორგანიზმია და გამორიცხული არაფერია. თავისი საქმე ყველამ ზედმიწევნით იცის, რაც შეცდომებს პრაქტიკულად გამორიცხავს. ამიტომ, ძალიანაც რომ ვეძებოთ სადავო და საჩხუბარი, ვერ ვპოულობთ.

– მკაცრი არ ვარო, ამბობთ. გამოდის, რომ  ლმობიერი ხართ?

– როგორ გითხრა... ერთმნიშვნელოვნად ძნელია პასუხის გაცემა, გააჩნია, რა შემთხვევაში. ჩემი ხედვაა, ყველა ადამიანს ინდივიდუალურად მივუდგე. მეგობრობის ინსტიტუტს დიდ პატივს ვცემ და ყოველთვის ვცდილობ, ამ ჩარჩოში მოვაქციო ჩემი დამოკიდებულება, თუმცა, ძნელია, ყოველთვის ლმობიერი ვიყო, განსაკუთრებით, როცა ღალატის შემთხვევასთან მაქვს საქმე. უბრალოდ, ვწყვეტ ასეთ ადამიანთან ურთიერთობას. ისე არ გაიგოთ თითქოს პატიება არ შემიძლია, მაგრამ, როცა საქმე გვაქვს განზრახ მავნებლობასთან, მომიტევონ და, არავის ვაპატიებ.

– თავისუფალი დრო თუ გრჩებათ და როგორ იყენებთ მას?

– აი, აქ კი დიდი პრობლემები მაქვს, რადგან პრაქტიკულად, თავისუფალი დრო არ მრჩება. იშვიათად თუ მოვახერხებ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად ყოფნას. თუმცა, ამის გამო არასდროს ვწუწუნებ, რადგან, ჩემს საქმიანობაში ისე ვარ ჩართული, ამ დისკომფორტს თითქმის ვეღარ ვგრძნობ. ერთი, რაც ძალიან მინდა, ესაა ჩემს შვილებთან ხშირი კონტაქტი.

– გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ. ვიცი, რომ თქვენს ცხოვრებაშიც იყო რთული პერიოდი.

– მყავს სამი შვილი, კარგი და მოსიყვარულე მეუღლე. მარტო იმაში მემდურებიან, რომ სიურპრიზებს ვერ ვუკეთებ. სხვათა შორის, არ მიყვარს სიურპრიზების კეთება, თუმცა, გულისხმიერებაში ნამდვილად ვერ დამემდურებიან. მინდა და ვცდილობ, რომ ყველა კარგად მყავდეს – ამ საქმეში ჩემი წვლილი ყოველთვის შემქონდა და მომავალშიც აუცილებლად შევიტან. ასევე, მეგობრულ ურთიერთობას ვინარჩუნებ ყოფილ მეუღლესთან, ნინო არაზაშვილთან.

– ის თუ გიყვართ, როცა თქვენ გიკეთებენ სიურპრიზებს?

– ერთმა სიურპრიზმა ძალიან გამახარა: რამდენიმე ხნის წინ ჩემმა მეგობარმა, კოტე გოგელიამ, მოტოციკლი მაჩუქა. მინდა გითხრა, რომ ჩემნაირი მოტოციკლი თბილისში არავის ჰყავს. ეს ჩემი ჰობია და, მომეცემა თუ არა საშუალება, მაშინვე გავაქროლებ ხოლმე (იღიმება). სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობაც იშვიათად მაქვს. ისევე, როგორც ჩვენი ტელეკომპანია, თქვენი ჟურნალი  დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, ამის მიღწევას კი დაუღალავი შრომა სჭირდება და ამაში თქვენი კოლექტივიც დამეთანხმება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავის გართობასა და სიამოვნებაზე ხშირად უარი უნდა ვთქვათ –  მხოლოდ ასეთი მიდგომით მოვიპოვებთ ჩვენი აუდიტორიის სიყვარულსა და პატივისცემას.

 

скачать dle 11.3