კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პოზიცია დაუთმო ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრმა ცოლს და რას არ აგროვებს ის

 ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს, დავით ნარმანიას, მართალია, დროებითი მინისტრის სტატუსი აქვს, მაგრამ, საქმეში თავიდან ბოლომდე არის ჩაბმული.  საქმე კი ამ ძალიან მასშტაბურ სამინისტროში იმაზე მეტია, ვიდრე აქამდე ჰქონდა ეკონომიკის დოქტორს ეკონომიკური კვლევებისა და ანალიზის სფეროში.  მას ახლა ხიდების, გზების,  ქალაქებისა და სოფლების შენება მოუწევს – ორი თვით, მაგრამ, მაინც. როგორ გახდა დავით ნარმანია „ქართული ოცნების” რჩეული და როგორია მისი ცხოვრება კადრს მიღმა, ამის შესახებ  თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ. 

 

– ბატონო დავით, გამინისტრებას გილოცავთ, მართალია, დროებითი მინისტრი ხართ, მაგრამ, მაინც. როგორ ფიქრობთ, რატომ გაკეთდა არჩევანი თქვენზე?

– როგორ აღმოვჩნდი ამ სიტუაციაში, ამას ერთი მთავარი საფუძველი აქვს: როდესაც დაიწყო ახალი პოლიტიკური მოძრაობა, მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების” თხოვნით ჩავერთე ეკონომიკური პროგრამის მომზადებაში. ჩვენ გავაკეთეთ სოციალ-ეკონომიკური პროგრამის დიდი ნაწილი. იმ პერიოდში მომიწია წასვლა გერმანიაში, ვმუშაობდი კვლევით პროგრამაზე პოტსდამის უნივერსიტეტში; როდესაც დავბრუნდი თბილისში, ჩვენი თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდა. თავიდან მოვიაზრებოდი ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილედ, თუმცა, საბოლოოდ გადაწყდა, რომ სამინისტროს რეორგანიზაციამდე  დროებით ვუხელმძღვანელებდი ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს. მე ვარ დროებითი მინისტრი, მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებლობა  მაქვს ნაკლები. ეს არის  ძალიან დიდი სამინისტრო, რომელსაც აქვს უამრავი მიმართულება. მიმდინარე საქმეებში ჩახედვა და იმის გაანალიზება, რა და როგორ კეთდებოდა წინა პერიოდში, რეორგანიზაციის გეგმის მომზადება კანონმდებლობის ფარგლებში, მცირე დროში ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას მოითხოვს.   

– ეს თქვენი პირველი სამსახურია სახელმწიფო სექტორში?  სად და როგორ გაიხსნა თქვენი შრომის წიგნაკი?

– ეს არაა ჩემი პირველი სახელმწიფო სამსახური;  2000-2002 წლებში ვმუშაობდი საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში, გავიარე გზა  რიგითი სპეციალისტიდან  მინისტრის სამდივნოს უფროსის მოადგილემდე. ფინანსთა სამინისტროში საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოვალეობას ვასრულებდი,   ანალიტიკასთან და კვლევასთან იყო დაკავშირებული ჩემი ძირითადი საქმიანობის სექტორი. გაკეთებული მაქვს 70-ზე მეტი კვლევა როგორც საქართველოში, ასევე – უცხოეთში. ჩემი შრომის წიგნაკი გაიხსნა საკმაოდ ადრე, „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში“, სადაც ჯერ ეკონომიკური პროგრამების კოორდინატორი ვიყავი და ვხელმძღვანელობდი რეგიონული განვითარების პროგრამას, შემდეგ კი ასოციაციის გამგეობის ხელმძღვანელი გავხდი. იმ პერიოდში 3-3-თვიანი პროგრამით რამდენჯერმე მომიწია სტაჟირების გავლა გერმანიაში. ძირითადი განათლება ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მაქვს მიღებული. წლების განმავლობაში ვეწეოდი პედაგოგიურ საქმიანობას,  ვკითხულობდი ლექციებს უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.  პედაგოგიურ  საქმიანობასთან ერთად, აქტიურად ვიყავი ჩართული პრაქტიკულ კვლევით საქმიანობაში. ბოლო სამი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი  კავკასიის ეკონომიკურ და სოციალურ კვლევით ინსტიტუტს, რომელიც გერმანელ  პარტნიორებთან ერთად დავაფუძნეთ. ინსტიტუტს ძალიან ბევრი საინტერესო კვლევა აქვს განხორციელებული. გერმანიამ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში. ვარ გერმანიის აკადემიური გაცვლების საბჭოს ორგზის სამეცნიერო სტიპენდიანტი.  ოთხი წელი ვიღებდი სტიპენდიას, რომელიც საკმაოდ სოლიდური იყო.  სამინისტროში, რომელსაც დღეს მე ვხელმძღვანელობ,  ჩემთვის ყველაზე ახლოს არის რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული კვლევები, რომლებსაც 2004 წლიდან ვაკეთებდი.

– კვლევა ურიგო არაა, მაგრამ  ასეთი აქტიური და პრაქტიკული სამინისტროს ხელმძღვანელობა მაინც სხვაა. 

– კვლევა ნიშნავს იმას, რომ შენ იცი ამ სფეროში არსებული მდგომარეობა, ამიტომაც, არ გამჭირვებია ამ მიმართულებით არსებულ საკითხებში გარკვევა. ჩემთვის არ იყო ახლობელი სფერო გზები, ინფრასტრუქტურა, თუმცა, არასამთავრობო სექტორიდან გზებისა და ინფრასტრუქტურის მონიტორინგში რამდენჯერმე ვიყავი ჩართული და ამ მიმართულებითაც მქონდა გამოცდილება.  ამ სამსახურებს ჰყავს ხელმძღვანელები, მე მიწევს მენეჯმენტის მართვა და გადაწყვეტილებების მიღება.  

 – გამინისტრებისთანავე, თქვენი ერთ-ერთი პირველი განცხადება ძველი პროექტების შეჩერებას უკავშირდებოდა. რას „უწუნებთ”  წინა ხელისუფლების დროს დაწყებულ პროექტებს?

– მე ეს განცხადება გავაკეთე გარკვეულ პროექტებზე და ვთქვი, რომ  მოხდებოდა ზოგიერთი პროექტების გადახედვა, მათ შორის იყო ლაზიკასთან დაკავშირებული პროექტი.  ლაზიკას,  როგორც ქალაქის მშენებლობის რესურსს, მე ვერ ვხედავ. არარსებულ პროექტზე  ვერ ვიტყვი, რომ ამის გაგრძელება შეიძლება. არის კიდევ რამდენიმე ცალკეული პროექტი, რომელზეც რესურსების დახარჯვას, ჯობია, ის თანხა  საზოგადოებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვან სტრუქტურებზე დაიხარჯოს. მაგალითად, როდესაც საუბარია ტურისტული დანიშნულების მქონე ხიდის მშენებლობაზე მცხეთაში, რომლითაც  მცხეთის რეაბილიტირებული ნაწილი  დაუკავშირდება მეორე სანაპიროს, არ ჯობია, ეს რესურსი რეგიონებში წყალმომარაგების გაუმჯობესებას მოხმარდეს?! სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, ვთქვა, რომ საჭირო პროექტების უმეტესობა გრძელდება და მათ შეჩერების საფრთხე არ ემუქრება.       

– გარდა ამ პროექტებისა, აქ რა დაგიტოვათ წინამორბედმა?

–  მინისტრის კაბინეტში? აქ ყველაფერი ძველია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკმაოდ მოწესრიგებული  ინფრასტრუქტურა აქვს, რატომ უნდა შემეცვალა ან კარი, ან  ავეჯი?  მე ბევრი არაფერი შემიმატებია აქაურობისთვის, გარდა ჩემი პირადი ნივთებისა და წიგნებისა; მოვიტანე  უწმინდესის და უნეტარესის ფოტო, რამდენიმე ხატი და ჩემი მეუღლისა და შვილის ფოტოსურათი. აქვე მაქვს  სიგელი, რომელიც „ჯიპაში” გადმომცეს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.  მე არ მივეკუთვნები ადამიანთა იმ  კატეგორიას, ვინც სიგელების მოგროვებაზეა ორიენტირებული. რატომღაც,  სტუდენტობის დროინდელი სიგელი უფრო მეტი  მაქვს, ვიდრე მოგვიანებით აღებული, შევარდნაძის სიგელიც კი აქვს, რომელიც სტუდენტობისას სტუდენტთა კონფერენციაში გამარჯვებისთვის ავიღე 100 ლართან ერთად (იცინის).

– ეს იყო თქვენი პირველი  „შემოსავალი”?

–  ჩემი პირველი შემოსავალიც სტუდენტობას უკავშირდება. მაშინ ჩემს მეგობართან ერთად,  რომელიც დღეს კულტურის მინისტრის მოადგილეა, საგამომცემლო საქმიანობით ვიყავი დაკავებული – ჩვენ ვთარგმნიდით და გამოვცემდით ევროკავშირის ეკონომიკასა და სამართალთან დაკავშირებულ ლიტერატურას. ეს მცირე ბიზნესი იყო – თვეში 150 დოლარი გვქონდა შემოსავალი, რაც სტუდენტისთვის ურიგო ფული არ იყო პატარა სტიპენდიასთან ერთად.      

– რეგიონებთან, გარდა იმ საქმიანი კავშირებისა, რაც აღნიშნეთ, გენეტიკური კავშირიც   ხომ არ გაქვთ?  

– დიახ, მაქვს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში დავიბადე და გავიზარდე. იქ ცხოვრობს ჩემი დიდი ოჯახი – მშობლები, ბებია-ბაბუა. ჩვენ იქ გვაქვს საკუთარი მეურნეობა, თხილის მოსავალს ვიღებთ. იქ მე თავადაც  მიმუშავია: მოვლა, პატრონობა, მოსავლის აღება – საქმე ბევრი იყო. ეს ნაკვეთი ჩემს დეკლარაციაშიც არ დამვიწყებია (იცინის). კოკი ლამაზი მეგრული სოფელია ენგურის სანაპიროზე. ჩვენც გამოვიარეთ ის მძიმე და რთული წლები, რაც იმ პერიოდს ახლდა. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა იქ სროლა, ძარცვა, ყაჩაღობა იყო. ჩვენი რამდენიმე ახლობელი ცხოვრობდა ჩვენს ოჯახში ლტოლვილის სტატუსით, ერთ-ორჯერ მეც მომიწია მალულად გადასვლა ენგურს იქით, ნათესავების  დაკრძალვაზე.  1996 წელს ჩამოვედი თბილისში და გავხდი უნივერსიტეტის სტუდენტი. ეს იყო საკმაოდ რთული წლები. არავინ მყოლია დამხმარე,  დეიდის გარდა, რომელიც ყოველთვის გვამხნევებდა და გვამარაგებდა წიგნებით  და ყველაფრით, რაც საჭირო იყო, მე და ჩემს ძმას სტუდენტობის დროს. მას შემდეგ თბილისში ვცხოვრობ, თუმცა, სამეგრელოსთან ჩემი კავშირი არ  გაწყვეტილა. ბოლო პერიოდში ხშირად ვეღარ ვახერხებ იქ ჩასვლას. ახლაც, რაც მინისტრი გავხდი, ერთხელაც ვერ  ჩავედი და  დედა თვითონ ჩამოვიდა ჩვენთან.         

– მინისტრის რანგი ძალიან  შეცვლიდა თქვენს ცხოვრებას.

– ძალიან დავიტვირთე, ადრე უფრო მეტი დრო მქონდა იმისთვის, რომ ოჯახთან ერთად ვყოფილიყავი. ახლა ჩემი შვილი, კონსტანტინე,  წიგნების თვალიერების დროს, როდესაც ნახულობს ფოტოს, სადაც მამაკაცი ზის კომპიუტერთან და მუშაობს,  გაიძახის, ეს  მამააო (იცინის). ახლა ისე ვარ კონცენტრირებული საქმეზე, ბევრი რამისთვის აღარ მრჩება დრო, მათ შორის, ალბათ, გარკვეული პერიოდი, კვლევებში მონაწილეობასაც შეველევი. ჯერჯერობით ამის ნოსტალგია არ დამწყებია, მაგრამ, ვიცი, რომ ეს, ალბათ,  მექნება. 

– თქვენს პატარა ოჯახში ეკონომიკის დოქტორი თქვენ ხართ?

– შემოსავლების ნაწილში მე ვარ, გასავლების ნაწილი კი მეუღლეს აქვს ჩაბარებული. ჩემი მეუღლე თავადაც ეკონომისტია და ამ საქმეს ცუდად არ უძღვება.

– თანაკურსელები იყავით?

– მე ვიყავი ჩემი მეუღლის ლექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვასწავლიდი მენეჯმენტის საფუძვლებს და ჩვენი ურთიერთობაც მაშინ დაიწყო, თუმცა, „ბოროტად” არ გამომიყენებია ის, რომ ლექტორი ვიყავი. წესრიგის მოყვარული ადამიანი ვარ და ამ წესებსა და ეტიკეტის ნორმებს ურთიერთობაშიც ვიცავდი;  უფრო მეტიც, ეს ურთიერთობა მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით, სხვებისთვის დაფარული იყო. ცოლად მხოლოდ მაშინ მოვიყვანე, როდესაც თინათინი სტუდენტი უკვე აღარ იყო.   

– ლექტორის რანგში პაემანი არ გქონიათ?

– ყავაზე დამიპატიჟებია, თუმცა, არც ისე ხშირად და, ამ შეხვედრებზე ყველაფერთან ერთად, ეკონომიკაზეც ვსაუბრობდით (იცინის).

–კადრს მიღმა თქვენი ცხოვრება როგორია?

– ჩვეულებრივი და მარტივი: მაქვს ჩემი გატაცებები – ფრენა, ავტომობილის ტარება და ნადირობა, ნადირობის გამოცდილება  სამეგრელოდან მომყვება, თუმცა, ამისთვისაც უკვე აღარ მცალია. რაც შეეხება ფრენას, ასჯერ მეტჯერ ვარ თვითმფრინავით ნამგზავრი. 

– ეკონომისტი რომ ხართ, როგორ ჩანს – ამასაც ითვლით?

–  თვლა მას შემდეგ დავიწყე, რაც, ერთ-ერთი მგზავრობის დროს, სამ საათზე მეტი უნდა გამეტარებინა  თვითმფრინავში, სამსაათიანი გზა ხომ უნდა გასულიყო და, ამიტომ დავიწყე თვლა.   დავითვალე, რომ  ის შემთხვევა  უკვე ასზე  ზემოთ  იყო. იმ ქვეყნებიდან, სადაც მომიწია ყოფნა  დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე პოლონეთმა, ინდოეთმა, რომელიც, გარდა საოცარი  ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისა, უჩვეულო კონტრასტების ქვეყანაც არის. 

 

скачать dle 11.3