კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე დაითანხმა ნორა კვიციანმა კოდორის დაბომბვის დროს გაქცეული შვილი ტყეში და ვის „ჩაუგდო” მან ციხეში ბიზნესი

ციხიდან გათავისუფლებულ ნორა კვიციანს ქალიშვილის ოჯახში შევხვდი. ყოფილი მძევალი და პოლიტპატიმარი, რომელმაც ციხეში ექვსი წელი და ოთხი თვე გაატარა, თავისუფლების პირველ დღეეებს მონატრებული ოჯახისა და უამრავი მნახველის გარემოცვაში ატარებს, ხუმრობს: დამასვენეთ, თორემ ისევ ციხეში დავბრუნდებიო.  ციხეს მხოლოდ გარეგნულად შეუცვლია და დაუტყვია თავისი კვალი, თუმცა,  მაინც ისეთი ამაყი და შეუდრეკელია, როგორც მხოლოდ მისნაირებს სჩვევიათ.  ასეთ ძლიერ ქალს ცოტას შეხვდებით. ყველაზე მეტად, დაკარგულ კოდორს დარდობს – ხეობას, რომელიც აფხაზეთის ბოლო „საგუშაგო” იყო და რომელსაც კოდორელებთან ერთად 14 წელი გმირულად  იცავდა.      

– ქალბატონო ნორა, გათავისუფლებას გილოცავთ. ელოდით, რომ გაგათავისუფლებდნენ მაშინ, როცა  სასჯელის მოხდამდე სულ რაღაც ორი თვე გქონდათ დარჩენილი? 

–  ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პატიმრები სულ მეუბნებოდნენ, დღე-დღეზე გაგათავისუფლებენო, მაგრამ, ეს პროცესი გაჭიანურდა. 6 ნოემბერს   მორიგე შემოვიდა და მითხრა, რეჟიმის უფროსი გეძახისო.  გავედი და პატიმრების ჟრიამული გავიგე. როცა რეჟიმის უფროსმა მითხრა, თავისუფალი ხარო, ხელები მოწყვეტით ჩამომივარდა, უსულო საგანივით გავხდი.  იმის მიუხედავად, რომ  სასჯელის მოხდამდე ორი თვე მქონდა დარჩენილი, ეს ძალიან დიდი სიხარული იყო ჩემთვის. მე „უდო”   ერთი წლის წინაც  მეხებოდა, მაგრამ, განცხადება არ დავწერე. თურმე, თვითონ შეავსეს  ჩემ ნაცვლად რაღაც საბუთები, რომ  ფორმალობა დაეცვათ.  ჩემი გათავისუფლების საკითხი ახლა  კიდევ რომ გაჭიანურდა, ვამბობდი, ახალი მთავრობის მძევალიც ხომ არ ვიქნები-მეთქი და იმედი მომეცა. ჩემს საქმეს ერთი წელი  სწავლობდა საგამოძიებო კომისია, მერე ჩაერთვნენ არასამთავრობო და საერთაშორისო  ორგანიზაციები,  ექვსი თვის შემდეგ მოვიდა პასუხი და  მომანიჭეს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი. მას შემდეგ, რაც კოდორში საშინელება დაატრიალეს, მე  მოტყუებით წამომიყვანეს იქიდან.  მითხრეს: შენ აქ დიდი ავტორიტეტით სარგებლობ, პროვოკაცია არ გვინდა, თბილისში შვილებთან დარჩი ცოტა ხანსო.  ძალიან ცუდად ვიყავი და დავთანხმდი. გზაში რამდენჯერმე გამომიცვალეს მანქანა, ბორჯომი და კანფეტი მიყიდეს, მაგრამ, შვილებთან დარეკვა რომ ვთხოვე, ჯერ მითხრეს, ანგარიში არ გვაქვსო, მერე – ტელეფონი გაგვეთიშაო.  ამაზე ცოტა ეჭვი კი  გამიჩნდა.  ზუგდიდის განყოფილებაში რომ მიმიყვანეს, პირველად  გამომძიებელმა იარაღზე დამიწყო საუბარი. გასაკვირი რა იყო? 14 წელი ჩვენ ბარითა და თოხით კი არ შეგვინარჩუნებია ხეობა-მეთქი, – ვუთხარი გამომძიებელს. ამ წლებში რამდენი თავდაცვის მინისტრიც შეიცვალა, ყველამ  შემოიტანა იარაღი და ეს  იურიდიულად არის გაფორმებული-მეთქი.   შეიარაღება, რომელიც ტელევიზიით აჩვენეს და გამოაცხადეს, ვითომ რუსების მიერ იყო შემოტანილი, სინამდვილეში ხომ თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, გია ბარამიძის მიერ შემოზიდული იარაღი იყო. ბატალიონი გააუქმეს, მაგრამ, იარაღის ჩაბარება არავის უთქვამს, იმიტომ, რომ გეგმა ჰქონდათ ასეთი. „მონადირე” რვაასკაციანი ბატალიონი იყო; ქალი, კაცი – ყველა ერთად ვიყავით, რომ ხეობისთვის გვეპატრონა.  რომ გაიძახოდნენ, კოდორის ხეობა დავიბრუნეთო, მაინტერესებს, ვისგან დაიბრუნეს?! მანამდე რა, საქართველოს იურისდიქცია არ  ვრცელდებოდა იქ?! მე მაქვს მედალი,  რომლითაც პრეზიდენტმა დამაჯილდოვა.  თუ უკანონო ფორმირების წარმომადგენელი ვიყავი, მედლით რატომ  მაჯილდოებდნენ? ჩვენ 14 წელი ვიყავით თითქმის საომარ სიტუაციაში და, მეც,  როგორც  ოფიცერი და  კაპიტანი, თავს არ ვზოგავდი.  ყველაფერი გავაკეთე  იმისთვის, რომ ხეობა დაცული ყოფილიყო. ემზარს ფიცი ჰქონდა დადებული: მე ჩემი მიწა-წყლიდან არ გავალ და ზურგს არ შევაქცევ აქაურობასო. მეც ამ ფიცის ერთგული ვიყავი.  პირადად მე 14 წელი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ვასრულებდი ამ სიტყვას. დღე და ღამე გასწორებული მქონდა, არ ვიცოდი, რა იყო ძილი და მოსვენება.  ჩემი ქმარი მეუბნებოდა ხოლმე, შენ ტყვიის წერა გახდებიო. თვითონ ვაჟკაცი კაცი იყო, მაგარი მონადირე, კლდის კაცი. ოთხი შვილი გავზარდეთ.  ცოცხალი აღარ იყო, როცა კოდორი ჩააბარეს, თორემ, არაფრით არ დათმობდა იქაურობას. ჩვენ, ფაქტობრივად, განწირული გვქონდა თავი. ჩვენი კუთხის  მტერი სხვა ვინმე მეგონა, მტრები ისინი კი არა, ესენი ყოფილან, რომლებმაც ჯერ დაბომბეს და მერე ჩააბარეს კოდორი.   

– კოდორში თქვენს ძმაზე, ემზარ კვიციანზე ნაკლები ავტორიტეტი არც თქვენ გქონდათ.  მთის მკაცრი წესებიდან გამომდინარე, ეს ავტორიტეტი როგორ მოიპოვეთ?

 – ჩვენ ყველა იქ დავიბადეთ და გავიზარდეთ. ოჯახში რვა და-ძმა ვართ – ოთხი და და ოთხი ძმა. სულ იქ ვცხოვრობდი –  მე ჩხალთიდან არასდროს არსად წავსულვარ.   1973 წლიდან ომამდე  სოფლის ბიბლიოთეკის გამგედ ვმუშაობდი და მაშინაც თავდაუზოგავი ვიყავი ჩემი სოფლისთვის. ცოტა ხანს რომ დავჯდებოდი, მეგონა, უჩემოდ ქვეყანა ინგრეოდა. ათი დღე დასასვენებლად გამგზავნეს ლიკანში, მაგრამ, ვერ გავძელი, ომი დაიწყო და, მერე ხომ – მით უმეტეს. რაც ჩვენ იმ წლებში გავიარეთ, ენით  გამოუთქმელი ამბავი იყო.  ჩემი პირადი ცხოვრებისთვის ერთი დღე არ მომიცლია.  ღამით მთებში, გულზე ბატარეაჩამოკიდებული მივყვებოდი ხოლმე მუშებს  კავკასიონის აფეთქებული ელექტროგადამცემი ხაზების აღსადგენად. ახლა ვიცი, რომ  ამ  ხაზების აფეთქებაც და გაეროს დამკვირვებლების გატაცებაც იმიტომ მოხდა, რომ ეს ჩვენ დაგვბრალებოდა.  ის წერილები, რომელიც თბილისიდან იგზავნებოდა მითითებებით, თუ რა უნდა მოეხდინათ კოდორში სიტუაციის ასარევად,  ემზარს ჩაუვარდა ხელში. ცუდი ფაქტები განა არ ხდებოდა, მაგრამ, ეს ყველაფერი  სპეციალურად იყო მოწყობილი.  ჩემი ძმა თბილისში მუშაობდა,  რწმუნებული იყო. თუ კრიმინალად  და დამნაშავედ მიაჩნდათ, აეყვანათ; მაგრამ, ასე არ უნდოდათ.  აეყვანათ ემზარი, დავეპატიმრებინე მე, ხეობის ჩაბარება რა შუაში იყო?! ამათ რომ აფხაზეთის დაბრუნება სდომებოდათ ემზარს გააქცევდნენ საქართველოდან? ან, მე დამიჭერდნენ? ან, ისე ბარბაროსულად მოიქცეოდნენ იქ?!                 

– როგორი იყო პატიმრობის პირველი დღეები – განცდა, როცა თქვენ უკან რკინის ალაყაფი დაიკეტა? 

– – მე ეკლესიურად ცხოვრებამ გადამარჩინა,  იქამდე, სანამ დამაპატიმრებდნენ ჩემი რწმენა მქონდა, რომელიც სიკეთესა და სამართალზე იყო აგებული. ციხეში ერთი მარხვა არ გამიცდენია. მთელი ექვსი წლის განმავლობაში დილით 4  საათზე ვდგებოდი და 9 საათამდე ვლოცულობდი,  მერე ნახევარი საათი ვიძინებდი, რომ ძალა მომეკრიბა. პატიმრობა პირველ დღეებში ძალიან გამიჭირდა. 20 კილო დავიკელი, ისეთი ნერვული შეტევები მქონდა. ძილი არ მეკარებოდა და ფსიქოტროპულ წამლებს ვიღებდი. როცა მოდულის შენობაში გამომძიებელმა მითხრა, საყურეები და ბეჭდები მოიხსენი, დაპატიმრებული ხარ და „კაპეზეში“ ხომ არ გაიკეთებ სამკაულებსო, გრძნობა დავკარგე.  ბოლო  წუთას, ვინც გამახსენდა ეს  იყო ჩემი შვილი – ბაჩო, რომელსაც ტყეში დავშორდი.  მისი სახე ამ წლებში არასდროს ამომსვლია თვალებიდან. ტყეში გავედით, რომ თავი გადაგვერჩინა. მე ვეღარ მივრბოდი და ვთხოვე ჩემს შვილს, წადი, ესენი შენ გეძებენ და მოგდევენ, მე  ხელს გიშლი-მეთქი. ხელში ამიყვანა ჩემმა შვილმა – შენ აქ არ დაგტოვებო, – მითხრა. მე მაინც ვემუდარე და ჩემი გავიტანე. ის მომენტი არ მავიწყდებოდა, ეს მწარე მოგონება წამომყვა  კოდორიდან. ჩემი შვილი ცოცხალი იყო თუ მკვდარი, არ ვიცოდი. ირგვლივ ყველაფერი იბომბებოდა. ტანსაცმელში  ღვთისმშობლის ხატი მქონდა.  დაბომბვა რომ დაიწყო, რუსები მეგონა, რას წარმოვიდგენდი, ხელისუფლება  იმ  გმირ ხეობას თუ დაბომბავდა.  სოფლიდან კივილი ისმოდა, იქვე, ჩემს სახლთან, ეზოში ქალი ესვენა, დაფლეთილი იყო  დაბომბვის შედეგად. მარტო დედაღა ჰყავდათ ცოცხალი იმ ოჯახში ბავშვებს, მამა ომს შეეწირა წლების წინ.   ის ქალი რომ დავინახე, გრძნობა დავკარგე, მკვდარივით შემასვენეს იქვე, მეზობლად, მამა ნიკოლოზის სახლში და ორი დღე დავრჩი იქ.  ემზარის გზა-კვალი საერთოდ არ ვიცოდი, ბაჩო ტყეში დავტოვე – არ მეგონა, თუ არ გავგიჟდებოდი. როცა ჩემს სახლში მივედი, სახლი გაძარცული და მინგრეულ-მონგრეული დამხვდა, ეზოში ეწყო დატვირთული ჩანთები. მე რომ მოვდიოდი, ჩვენი  სახლის თავზე უკვე დროშა ჰქონდათ აღმართული, მაგრამ, ამას რას დავეძებდი, ირგვლივ საშინელი მდგომარეობა იყო.       

   როცა დამიჭირეს, სამი დღე დაკავებული ვიყავი და მუხლს ვერ მიყენებდნენ: ჯერ უკანონო ფორმირების შექმნა შეთხზეს, მერე სურსათის მითვისებას მაბრალებდნენ.  საფინანსო სამსახურის გამომძიებელმა ეს თემა რომ მიხსენა, მე ხომ ვიცოდი, რომ ამაში ბრალს ვერ დამდებდნენ. მარილს, ფქვილსა და შაქარს მოვპარავდი ჩემს ხალხს?! ყოველი გრამი დარიგებული მქონდა, კარდაკარ ვარიგებდი სურსათს, ყველას მოწერილი ჰქონდა ხელი  სიაში, რომლის სიზუსტეც კონტროლის პალატამ დაადგინა. მქონდა ამ სიების ასლების  დაქსეროქსებული ვარიანტი, მიხვდნენ, რომ ამაზე ვერ მომედავებოდნენ და ეს მუხლი მაშინვე მომიხსნეს.   მერე ადვოკატმა მითხრა: თუ ემზარი და ბაჩო ჩაბარდებიან, შენ გაგათავისუფლებენო. ამის გაგონებაზე ლამის ჭკუიდან გადავედი და ვუთხარი: ასეთი თავისუფლება კი არა, სიცოცხლეც არ მინდა-მეთქი. საკანში რომ შევედი, დავიჩოქე და ღმერთს შევეხვეწე: მომეცი ძალა და გამძლეობა, რომ ეს განსაცდელი გადავიტანო-მეთქი. ყველანაირი ტანჯვისთვის მზად ვიყავი, ეს განსაცდელი მივიღე, როგორც ჩემი ჯვარი, რომელიც უნდა მეტარებინა. პატიმრობა ისეთი საშინელი რამაა, ყველანაირი ავადმყოფობა შეიძლება გერჩიოს ადამიანს. ვამბობდი: კიბო მქონდეს, ოღონდ კი ორი-სამი დღე ჩემს შვილებთან და შვილიშვილებთან ვიყო-მეთქი. პატიმრობის გაძლება რწმენის გარეშე ძალიან ძნელია. მეშინოდა, გული არ გამსკდომოდა ან არ გავგიჟებულიყავი და მერე, ბაჩოსა და ემზარს რა გააჩერებდათ?! ამათ გამო ერთგული ხალხიც კი განუდგა ჩემს ოჯახს – დედაჩემის ორმოცზე ხალხი არ მოვიდა, ყველა შეავიწროვეს.  ძალიან ვდარდობდი ყველაზე. როცა ჩემი ოჯახის წევრებს ეძინათ, მე საკანში  დედის ლოცვას ვკითხულობდი. მადლობა უფალს, რომ შეისმინა მაშინ ჩემი ლოცვა-ვედრება. 

– ამბობთ, რომ საპატიმროში განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გრძნობდით  როგორც პატიმრებისგან, ასევე მათგან, ვინც იქ მუშაობდა.

–  ციხეში ცუდად არავინ მომქცევია. ისე დავყავდი სასამართლოებზე, ჩემთვის ხელი არ მოუკიდებიათ და  ბორკილი არ დაუდევთ. სპეცეტაპით  ქალებთან ერთად კი არა, ქურდებთან ერთად გადმომიყვანეს. პატიმრებს  შორის იყო  ტარიელ ფოცხვერია. ერთ პატიმარს წამალს არ აძლევდნენ, ქურდული მენტალიტეტის პატიმარი იყო და საშინელ დღეში ჩავყარე სპეცნაზელები, წამალი და წყალი მიეცით-მეთქი.  ემზარის შურისძიების ისე ეშინოდათ,  სპეცეტაპის დროს,  ყაზარმულზე გადაჰყავდათ თანამშრომლები – შვიდთვე-ნახევარი „მატროსოვზე“ ვიყავი, შემდეგ გადამიყვანეს ზუგდიდში, სადაც სასამართლო იმართებოდა. ზუგდიდის ციხე არის ჯოჯოხეთი და იქ, ორთვე-ნახევარი გავატარე. თაგვები დარბოდნენ კამერაში, „პერედაჩიც” არ შემოდიოდა. ზონაში გადასვლამდე არაფერი ვიცოდი ჩემს ოჯახზე, ემზარზე, ბაჩოზე. არ მჯეროდა იმ ინფორმაციის, რომელსაც ოჯახისგან ვიღებდი – ვფიქრობდი, ალბათ, ცუდი მოხდა რამე და მიმალავენ-მეთქი. ჩემი გოგო, თაია, ძალიან მარჯვე და ყოჩაღი გამოდგა.  გაზეთების შემოტანას რომ ვთხოვდი, ჩუმად რაღაცეებს მიმიწერდა ხოლმე სტატიებს შორის, მერე იმ ნაწერს  გულში ვიხუტებდი, რადგან, მეგონა, რომ ჩემი შვილის ხელის სითბო ჰქონდა შერჩენილი. ძალიან რთული იყო „კრიტში” გატარებული პერიოდი, სადაც ციხის ხელისუფლებამ  პატიმრები თავის მიერვე მოწყობილი ბუნტის გამო გადაგვიყვანეს. თავიდან, როცა „მატროსოვზე“ მიმიყვანეს, საპყრობილის დირექტორი მოვიდა და მითხრა: ვინმე შემოგისახლოთ საკანში თუ მარტო გირჩევნიათო. მისი ეს სიტყვა და თანაგრძნობა არ დამავიწყდება. განა არ ვიცი, მედეა ალანია ჩემ გამო ზეწოლას რომ განიცდიდა, მაგრამ, ეს არ შეუმჩნევია.  მერე კასპელი ქეთო ტატუნაშვილი შემომიგზავნა საკანში, არაჩვეულებრივი ქალი და ის ჩემთვის მეოთხე დად იქცა. ციხე საოცარი სამყაროა, მე თავი ავიყვანე ხელში. რომ გადამერჩინა ჩემი შვილი, ძმები და საკუთარი თავი. მერე და მერე ისე აღარ განვიცდიდი ჩემს მდგომარეობას, ჩემს თვალზე ცრემლი არავის უნახავს. პატიმრები  პატივისცემით მეპყრობოდნენ.  ისეთ ქალებს დავანებებინე თავი სიგარეტის მოწევაზე, წლები რომ ეწეოდნენ. ვხუმრობდი, ციხეში სიგარეტის ბიზნესი ჩავაგდე-მეთქი (იცინის). უდანაშაულო პატიმარი ვიყავი, მაგრამ, არ ვარღვევდი იმ წესებს, რაც ციხეში არსებობდა. ზოგი ისე იქცევა, კარცერიდან არ გამოჰყავთ, მე კი ყველანაირად  ვიცავდი დისციპლინას და სხვებსაც იმავეს ვთხოვდი ხოლმე. ალბათ, ამანაც გამოიწვია, რომ სულ ვგრძნობდი იმ ხალხის თანადგომას. ახლაც,   სამასი ქალი შიმშილობის დაწყებას აპირებდა, თუ  დროზე არ გაგიშვებენო. მე ვთხოვე, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღოთ. უნდა გენახათ,  ჩემი გათავისუფლების დროს რა წივილ-კივილი ატეხეს. ჩემი ამბავი რომ გაიგეს, ერთი კორპუსიდან მეორეზე რომ გადმოსულიყვნენ, ჩაკეტილ  ზღვარზე გადმოხტნენ.   ჩანთები  ჩამილაგეს, ტანსაცმელი ჩამაცვეს და გამომაცილეს.  თქვენი ჟურნალის მეშვეობით, მინდა, ყველა პატიმარი ქალი მოვიკითხო.  

–  ახლა პირობითი სასჯელი გაქვთ. მის დასრულებამდე შეძლებთ კოდორში წასვლას?       

– ალბათ, მალე წავალ.  ჯერ უნდა გავარკვიო, რომ  პირობითი სასჯელი მომიხსნან, როგორც უნდათ ისე გააკეთონ ეს. რომელი დამნაშავე მე ვარ, ხელის მოსაწერად ვიარო ყოველდღე?! ამას მერჩივნა, ეს ორი თვეც ციხეში გამეტარებინა. ექვს წელზე მეტია, ძმები და შვილი არ მინახავს.  ახლა სკაიპით ველაპარაკე ემზარს და, უნდა გენახათ, როგორ ტიროდა, მე რომ დამინახა.  ემზარის ეჭვიანობამ და ნერვიულობამ შემაშინა,  თორემ, დარჩენილ ორ თვესაც გავატარებდი ციხეში.  ემზარმა ისეთი ეჭვიანობა დაიწყო – რატომ არ გათავისუფლებენო, რომ, ისევ მის გამო შემეშინდა. ვიცი,  ბუნტი რომ მოხდა, თავს კედელს ურტყამდა, თურმე – ჩემს  დას რამე არ დაუშავონო.        

   ჩემს შერყეულ ჯანმრთელობას არ ვჩივი, ღვთის ნებას ვარ მინდობილი. ერთი სული მაქვს, წავიდე ჩემებთან –   მთელი აფხაზეთი მელოდება, მელოდება ჩემი ბაჩო. მინდა, ჩავიდე და იმ ბიჭების გული გავახარო.  მომენატრა იქაურობა, მინდა   ჩავეხუტო  ჩემებს,  იქაურობის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდა...   

скачать dle 11.3