კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ჰყავს „ჩასაფრებული“ სახლში გია ხუხაშვილს და რატომ გახიზნა მან ოჯახი თბილისიდან

მას ხან „მინისტრთა დირექტორს” უწოდებენ, ხან „რუხ კარდინალს”. თავად ამბობს, რომ არც ერთია და არც მეორე... იმის მიუხედავად, რომ, უკვე დიდი ხანია, მოვლენების ეპიცენტრში ტრიალებს, ბოლოს მაინც კულისებს მიღმა რჩება. ჩემი თავისუფლება ყველაზე ძვირად  ფასობსო – ასე ხსნის ამ ფაქტს  და ცხოვრებას კონსულტანტისა და ექსპერტის სტატუსით  განაგრძობს. ასეთ გია ხუხაშვილს ყველა იცნობს, ამ სტატუსის უკან კი, კადრს მიღმა მისი ცხოვრება  ორ ადამიანს ეკუთვნის – ესენი მისი ოჯახის წევრები არიან: ერთადერთი შვილი, ლუკა და, მეუღლე – მელანო, არაჩვეულებრივი და სათნო ქალბატონი,  რომელიც უკვე 22 წელია, ატარებს გია ხუხაშვილის მეორე ნახევრის არცთუ იოლ  სტატუსს.     

 

– ბატონო გია, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდით, ძალიან ბევრი პროცესის უკან მყოფ ადამიანად მიგიჩნევენ, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნასაც კი თქვენ მოგაწერენ. ეს მართლა ასეა? 

გია ხუხაშვილი: მე მაინც ვფიქრობ, რომ, ვცდილობ, წინ ვიყო, მაგრამ, რატომღაც, ამ პროცესების უკან მომიაზრებენ. საერთოდ, ადამიანები იმდენად არ არიან მიჩვეულები, როცა ვინმე მკაცრად, პირდაპირ ეუბნება სათქმელს, რომ, ფიქრობენ, ამ საქციელის  უკან რაღაც ტაქტიკა და ღრმა ჩანაფიქრი დგას. იმის ნაცვლად, რომ ეს აღიქვან, როგორც გულწრფელი ნათქვამი, ამის უკან აუცილებლად  ხედავენ შეთქმულების თეორიას. ბოლო პერიოდში  ჩემი იმიჯის ასე ჩამოყალიბებაც, ალბათ, ამით არის განპირობებული.  მე სათქმელს პირდაპირ ვამბობ –  ვინც კარგად მიცნობს, ეს კარგად იცის  და საკუთარ ტყავზეც აქვს გამოცდილი. ისეთ ადამიანებსაც ვეუბნები ჩემს სათქმელს, ვერც კი დაიჯერებთ, აქეთ რომ აშინებენ ყველას. საკუთარი დისკომფორტის გადაბრალება იმაზე, რომ ჩემი საქციელის უკან კიდევ რაღაც იმალება, სამწუხაროდ, არის თამაშის წესები.  მე არც ყველაზე ჭკვიანი ვარ და არც ყველაზე გავლენიანი, არც ინტრიგანი და არც „კულისური მოთამაშე“; ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე ის არის, რომ ყველაფერი სააშკარაოზე გამომაქვს. როცა ამის წინააღმდეგ ადამიანებს არ აქვთ იარაღი. როგორც წესი,  რევერსულად მას ის უნდა დააბრალო, რაც მისთვის ყველაზე მიუღებელია. ჩემს სიტყვას აქვს წონა, ოღონდ, არა იმიტომ, რომ კულისებში ვაკეთებ რაღაცას. კულისებში „თამაში“ ნამდვილად არ მიეკუთვნება ჩემი ძლიერი მხარეეების ჩამონათვალს.   

 – ამ წონისა და გავლენის მიუხედავად, არასდროს მიდიხართ პოლიტიკურ თანამდებობებზე, თუმცა, ასეთი  შანსი, ალბათ, ბევრჯერ გქონდათ. ესეც ერთგვარი ტაქტიკაა?

–  ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. ამით არავის არ ვაკნინებ, მაგრამ, ჩემთვის თავისუფლებას ყველაზე დიდი ფასი აქვს. მას შემდეგ, რაც პოლიტიკური ამოცანა გადაწყდება და მთავრდება გამარჯვებით, მე არ მესმის, რატომ უნდა იბრძოლო იმისთვის, რომ, საბოლოოდ, იმ სისტემის ჭანჭიკი გახდე, მაშინ, როცა შეგიძლია, დარჩე თავისუფალი?!  პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ლიდერებს, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან, სულ ვეუბნებოდი: მე ვარ ერთადერთი გამარჯვებული ადამიანი, რადგან, შემიძლია, შევინარჩუნო თავისუფლება, ვიარო კოსტიუმისა და „გალსტუკის” გარეშე, არ ვიჯდე კაბინეტში. რაში მჭირდება ეს ყველაფერი?  მე ისედაც შემიძლია, ჩემი აზრი მივიტანო მათთან,  ვაკეთო ის საქმე, რაც მიყვარს, ვემსახურო ქვეყანას, თან ისე, რომ ჩემზე მაინცდამაინც არ ავიღო ისეთი პასუხისმგებლობა, რასაც ამა თუ იმ უწყების ხელმძღვანელობა ჰქვია. თუკი მაქვს ეს კომფორტი, რატომ უნდა დავკარგო და რატომ ჩავჯდე ნებაყოფლობით „ციხეში”?  რეალურად მე მივიღე ყველაზე დიდი „თანამდებობა”, რადგან დღეს მე მაქვს თავისუფლების ყველაზე  დიდი ხარისხი ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებთან შედარებით. მე თავიდანვე ვთქვი, რომ, როგორც კი დასრულდებოდა პოლიტიკური ამოცანა, მე გავდიოდი აქედან. ჩემს სიტყვას ყოველთვის ფასი აქვს, პირველ ყოვლისა კი – საკუთარ თავთან და არც არასდროს ვღალატობ.  ახლა იმიტომ კი არ ვარ სადმე, რომ ჩემი სიტყვის ერთგული დავრჩენილიყავი,  არა, ეს იყო ჩემი ცხოვრების ფილოსოფია და თავიდანვე ვიცოდი, რომ ასე მოვიქცეოდი. ყველაფერი დადგა თავის ადგილზე, მე მაქვს ახალი ხელისუფლების იმედი და მჯერა, რომ ქვეყანა განვითარების კარგი გზით წავა. მე და  ჩემმა ოჯახმა კი,  შევიძინეთ  ძალიან ძვირფასი და ახლობელი ადამიანები ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის სახით. 

– ჩემი საყვარელი საქმის კეთება მირჩევნიაო, თქვით. რა არის ეს საქმე?  

– ჩემი საყვარელი საქმე არის საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მონიტორინგი. თითქმის ყველა პროცესში ვმონაწილეობდი,  რაც ამ ქვეყანაში ხდებოდა  ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან დაწყებული, მაგრამ, რაღაც ეტაპზე აუცილებლად ვხდებოდი ხელისუფლების  ოპონენტი. საზოგადოებას ყოველთვის სურს, ჰყავდეს იდეალური ხელისუფლება, რაც ბუნებაში არ არსებობს. როცა ხელისუფლების განაცხადი შორდებოდა მათ რეალურ საქმეებს, ისინი ღალატობდნენ იმ პრინციპებს, რის გამოც მათ გვერდით ვიდექი, მე ვიწყებდი კრიტიკას ჯერ კონსტრუქციულად, მერე კი ეს ყველაფერი მწვავდებოდა. ასე მოხდა ზვიადის დროს, ასე იყო ედუარდ შევარდნაძის დროს,  ასე იყო სააკაშვილის დროსაც, როცა ურთიერთობა  ძალიან გამწვავდა.  რეალურად, მე არსად არ მივდიოდი, ვიდექი იქ, სადაც ვიდექი; ეს ხელისუფლებები შორდებოდნენ ხალხსა და ფუნდამენტურ პრინციპებს, იმ ფასეულობათა სისტემებს, რისთვისაც ჩვენ ერთად ვიბრძოდით. ჩემი „კომპასი” ამ რთულ გზაზე იყო და არის საქართველო. არ მინდა, ძალიან მაღალი და მაღალფარდოვანი  იყოს, მაგრამ, მე არ მაქვს განსაკუთრებული მატერიალური ამბიციები, არ მინდა, ვიშოვო ბევრი ფული – არ მჭირდება. 

– ბოლო პერიოდში ეს იყო ერთ-ერთი მთავარი „ბრალი” თქვენი მისამართით. 

– ეს ამბები მეც მსმენია. მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილისგან ფულის აღებაა. ლაშა ჩემი ახლო მეგობარია და, ის მაინც ეფიქრა ვინმეს, რომ ახლო მეგობრებისგან  საქართველოში ფულს არ იღებენ.   კომფორტული ცხოვრება  ყველას უყვარს,  მე ყოველთვის მაქვს იმდენი, რაც მჭირდება იმ ცხოვრებისთვის, რაც მაქვს. ჩემს მიკროსამყაროში ყველაფერი წესრიგშია.  რესტორნებში მე არ დავდივარ, სხვა ტიპის გასართობებს არ ვეძებ, თქვენ წარმოიდინეთ, მოგზაურობაც კი არ მიყვარს, ჭირივით მეზარება. მე თბილისზე ვარ მიბმული, ფესვებით ვარ აქაურობას ჩაჭიდებული. ძალიან აუცილებელი ფორსმაჟორი  თუ არაა და წიხლით თუ არ გამაგდეს, თბილისიდან არ გავდივარ. აქედან გამომდინარე, ამოცანა, რომ ფული ვიშოვო, ჩემ წინაშე არ დგას.  შთამომავლობისთვის  ფულის დაგროვება არ მჭირდება – ეს უფრო მეტ საფრთხეს შემიქმნიდა.  ერთი  შვილი მყავს, მასში ინვესტიციას კარგი  განათლების მიცემითა და ფასეულობათა სწორი სისტემით ჩავდებ,  თორემ, მარტო ფულით მხოლოდ მისი გარყვნა შემიძლია. ჩემი შვილი თბილისის ჩვეულებრივ სამედიცინო  უნივერსიტეტში სწავლობს. რა თქმა უნდა, შემიძლია, უცხოეთში გავგზავნო სასწავლებლად, მაგრამ, ეს თავად მას არ სურს. თუ დადგა ეს თემა დღის წესრიგში, ცოტა მეტი ფულის შოვნაზე მერე ვიფიქრებ. სამი-ოთხი წლის წინ ჩვენ საკუთარი ბინაც კი არ გვქონდა – ჯერ  მელანოს მშობლების, შემდეგ კი  ბიძის სახლში ვცხოვრობდით.  მერე კრედიტით პატარა სახლი ავიღე დიღომში, რომელიც ძალიან გვიყვარს, მაგრამ, ვერა და ვერ მოვახერხეთ იქ გადასვლა. მე  ახლაც ვიხდი იმ ბინის  კრედიტს. ვიღაცას, შეიძლება, გაეცინოს ამის წაკითხვაზე, მაგრამ, გუშინ დამირეკეს ბანკიდან, კრედიტის თანხა გაქვთ გადასახდელიო, – ჩემს გიჟურ რეჟიმში გადახდის დრო გამომეპარა.   

– როგორი იყო წლების წინ  თქვენი სასტარტო პოზიცია? ალბათ, გქონდათ  რთული პერიოდებიც.

–  რა თქმა უნდა, იყო. მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, ჩავაბარე მოსკოვში, ასპირანტურაში და დისერტაცია იქ დავიცავი. მოსკოვში  კომუნალურ ბინას ვქირაობდი. 90-იან წლებში მეც ისე მიჭირდა, როგორც ყველას.  ახლაც მრცხვენია იმის თქმა, რას ვაკეთებდი მაშინ: რაღაც საქონელს ვიღებდი სხვადასხვა ქალაქში, მიმქონდა და იმ ქალაქის აეროპორტის მაღაზიებში ვაბარებდი – ამაში რაღაც ფული  რჩებოდა.

– სპეკულაციას ეწეოდით?

– არა, ეს სპეკულაცია  არ იყო, დისტრიბუციას ვაკეთებდი. სხვათა შორის, იმ საქონელს სახეზე ვიფარებდი, რომ იმ ქალაქში ვინმე ნაცნობი არ  შემხვედროდა. ეს ეტაპი არ გაგრძელებულა დიდხანს. იმ დროს უკვე მყავდა ოჯახი – ცოლი და პატარა შვილი და, იმდენი კი მქონდა, რომ მათ არ მოშიებოდათ და ელემენტარული პირობები ჰქონოდათ. ჩემი ოჯახი გაჭირვებული არ იყო, საშუალო შეძლების ოჯახი მქონდა, არასტანდარტული: მამა ებრაელი მყავდა, დედა: ქართველი. ბავშვობაში მომნათლეს ქრისტიანულად და ძალიან დიდი ვიყავი, როცა გავიგე, რომ მამა ებრაელი მყავდა.  მამა უნიკალური ადამიანი იყო. 40 წელს გადაცილებული ვიყავი, როცა შემთხვევით გავიგე, რომ, თურმე ჩუმად  დადიოდა სინაგოგაში, ასე იმიტომ აკეთებდა, რომ დისონანსი არ შეეტანა ოჯახის ცხოვრებაში.  ერთ „საიდუმლოს“ გაგიმხელთ: ბატონი ბიძინა დიდ პატივს სცემს ებრაელებს. ხუმრობით მეუბნებოდა: შენი იმედი მქონდა, რომ შენ მაინც იყავი ებრაელი და შენც ნამდვილი ქართველი აღმოჩნდი, ისეთი ხასიათი გაქვსო (იცინის).       

  – ქალბატონო მელანო,  როგორია კადრს მიღმა გია ხუხაშვილის ცხოვრება, ეს ყველაზე უკეთ თქვენ იცით.

ქალბატონი მელანო: კადრს მიღმა გიას  ცხოვრება ჩვეულებრივია. 22 წელია, ერთად ვართ. უკვე დიდები ვიყავით, როცა დავქორწინდით და ერთი შვილიც ამიტომ გვყავს.  გიას გვერდით გატარებული ეს წლები ძალიან საინტერესო იყო.  

– თქვენ სად  მუშაობთ?

– მე არ ვმუშაობ, პროფესიით ოდესღაც ექიმი ვიყავი,  მაგრამ, ფეხმძიმობის დროს დავანებე თავი მუშაობას და მას შემდეგ  აღარ მიმუშავია. იმას არ ვიტყვი, რომ ჩემი კარიერა გიას კარიერას შეეწირა; არა, უფრო ოჯახისთვის დავთმე ყველაფერი. ბავშვს ვერ დავტოვებდი, მე უნდა გამეზარდა; მერე, მშობლები მყავდა ავად და მათთვის უნდა მიმეხედა – ჩვენ არ გვქონდა იმისი საშუალება, რომ დამხმარე აგვეყვანა, თან, მე თავად მინდოდა, რომ ვყოფილიყავი მშობლების გვერდით. მოკლედ,  ასე აეწყო ჩემი ცხოვრება. გარეთ იმდენად იშვიათად გავდიოდი, სულ ვხუმრობდი, მზეთუნახავი ვარ-მეთქი (იცინის).

– ბატონო გია, მამაკაცებს არ გიყვართ ამის აღიარება, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, კაცის წარმატებების მიღმა ჭკვიანი მეორე ნახევარი დგას.   

ბატონი გია: პირიქით, არათუ ვაღიარებ, ზუსტად ვიცი, რომ მელანოს ძალიან დიდი როლი მიუძღვის ჩემს არჩევანში. მელანო ჩემზე ადრე ჩაერთო საზოგადოებრივ აქტივობაში – ეროვნული მოძრაობის  გარიჟრაჟზე  ერთ-ერთი აქტიური თანამონაწილე იყო იმ პროცესების, რაც ქვეყანაში ხდებოდა.  ის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, მონაწილეობას იღებდა 1987-1988 წლების შიმშილობებში, არალეგალური ლიტერატურის გავრცელებაში... ერთი სიტყვით, საკმაოდ აქტიური ადამიანი იყო.   

– რომელსაც  ტრადიციული პატრიარქატის წყალობით   ჩამოშორდა?

– ეს ასე არ ყოფილა. იმის მიუხედავად, რომ სამი მამაკაცი და ერთი ქალი ვართ ოჯახში და მთელი საოჯახო ტვირთი მელანოს აქვს ჩაბარებული,  ასე მაინც ვერ ვიტყვი. ოჯახის მეოთხე წევრი  ჩვენი ძაღლი – ბაკოა,  ჩემს წინდებსა  და ჩუსტებზეა დადარაჯებული და, როგორც კი შანსი მიეცემა, იპარავს (იცინის). სწორედ  ბაკოს უსმენდნენ მოსასმენი აპარატით, რომელიც ჩემს სახლში იყო დამონტაჟებული.  იმ პერიოდში მელანო და ლუკა საქართველოში არ იყვნენ, მე კი მთელი დღე გასული ვიყავი სახლიდან. მოსასმენი აპარატურა, ალბათ,  ბაკოსთვის იყო დაყენებული. უნდა ამოვაღებინო ჩანაწერი და ვნახო, ხომ  ჭკვიანად იქცეოდა. ამას სერიოზულად ვერ აღვიქვამდი, ამიტომაც, როცა ეს გამოაშკარავდა, ვიხუმრე: ჩემი და ბიძინა ივანიშვილის ძაღლები, რომლებიც ერთი ჯიშისანი არიან,  საეჭვო კავშირებში არიან შემჩნეულები-მეთქი.  მოსასმენი აპარატი ძალიან  კომიკურ სიტუაციაში აღმოვაჩინეთ. ჩვენ ზემოთ დაკეტილი, გასარემონტებელი ბინაა, მოსასმენი აპარატურა იქ იყო დაყენებული და იქიდან ჩამოუშვეს ჩვენთან. იმ ბინის მფლობელმა რემონტი რომ გადაწყვიტა, ხელოსანმა მოსასმენი იპოვა.  ვერ მიხვდა, რა იყო, ჩამოვიდა ჩვენთან და გვკითხა: ჩვენს სახლში ეს რა დაგიყენებიათო? ალბათ, იფიქრა, ელექტროენერგიას ვიღებდით მათგან (იცინის).   

– ბატონი გია, სახლში იოლი ასატანია?

ქალბატონი მელანო: სულ არ არის პრეტენზიული, თუმცა ცოტა ჯაჯღანი უყვარს (იცინის). ჩვენ  მუდმივად გვაქვს საუბრები ოჯახურ თემებზე და ვკამათობთ კიდეც, მაგალითად, შვილის აღზრდის მეთოდებზე, მის პროფესიულ ზრდაზე, მაგრამ, მნიშვნელოვანი ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ, აბსოლუტურად ერთნაირი დამოკიდებულება გვაქვს. არასდროს არ ვეტყვი, რომ საფრთხისა და რისკის გამო თავი აარიდოს რამეს, რადგან, მე თვითონ არასდროს გამიკეთებია ეს, როცა ახალგაზრდა ვიყავი; თუმცა,   გიას ხშირად ვეუბნები იმას, რასაც სხვა არ ეტყვის. 

– ბატონო გია, იზიარებთ მეუღლის რჩევებს?

ბატონი გია: ვცდილობ ხოლმე რომ არ გავანდო, ამის შესახებ. მის რჩევებს  პირდაპირ არასდროს ვიღებ, მაგრამ, მერე ვფიქრობ ხოლმე მის ნათქვამზე,   ყოველთვის მელანო ცდილობს, რომ შეარბილოს ჩემი უკმეხი ხასიათი. ძალიან ჰუმანური და კაცთმოყვარე ადამიანია და სულ იმას მირჩევს, რომ ის სიმართლე უკმეხად არ ვთქვა, ადამიანს გული არ ვატკინო.

–  ოჯახი რატომ გაუშვით საქართველოდან, როცა „ქართული ოცნების“ აქტიური პოლიტიკური პერიოდი დაიწყო? 

– დასამალი არაფერი მაქვს. იმ მკაცრ პროცესში, რაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარეობდა, შესაძლო იყო, ჩემი შვილის უსაფრთხოება დამდგარიყო რისკის ქვეშ.  რა მიმართულებით შეიძლებოდა, ყოფილიყო ხელისუფლებისგან დარტყმა ჩემზე? ყველაზე დიდ „სისუსტედ“ მხოლოდ შვილს თუ მომიძებნიდნენ, ამიტომაც, ძალიან ბანალურად,  გავხიზნე ჩემი ოჯახი საქართველოდან.  მოგვიანებით ნამდვილად დადასტურდა ჩემი ეჭვი. იმ პერიოდში, როდესაც ჩემი ოჯახი უცხოეთში იყო, მელანოს გულის ოპერაციის გაკეთებაც კი დასჭირდა. საკმაოდ მძიმე ოპერაცია იყო, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის თანადგომის გარეშე ვერ გავაკეთებდით.   

ქალბატონი მელანო: საკუთარი სიცოცხლით ვარ დავალებული მისგან, ამას მადლიერებაზე მეტი სახელი ჰქვია.

– ბატონი გია ჩამოვიდა შვეიცარიაში? 

– გია ვერ მიატოვებდა აქაურობას და ვერ  ჩამოვიდოდა ჩემთან  დიდი ხნით, მაგრამ, ოპერაციის დროს ჩემს გვერდით იყო, თუმცა, დიდხანს ვერ გაძლო.  

ბატონი გია: მე არ ვიცი, რას ნიშნავს დასვენება; იმიტომ კი არა, რომ ჰიპერაქტიური ვარ, არა, უბრალოდ, დასვენების არანაირი კულტურა არ მაქვს. ადრე ჩემი მთავარი რელაქსი იყო ცხენოსნობა, სამოყვარულო დოღებშიც  ვიღებდი მონაწილეობას... ამ წლებთან ძალიან კარგი პერიოდია დაკავშირებული. მოსკოვში იპოდრომზე ვთამაშობდი კიდეც – ცოტას ვდებდი, რაც მქონდა, თუმცა, ერთხელ სოლიდურადაც მოვიგე. ცხენოსნობისთვის დიდი ხანია, აღარ მომიცლია. შვეიცარიაში რომ ვიყავი, ეს იყო სამოთხე, ვიცი, რომ კარგია და იდეალური ის ყველაფერი, რაც იქ ხდება, მაგრამ, მე ვერ გავძელი, გავგიჟდი.  იქ ვერ ვიცხოვრებ, აქაური პრობლემები მირჩევნია სხვაგან არსებულ კეთილდღეობას.  ჩემს ცხოვრებაში არაერთი შემოთავაზება იყო, შემეძლო, კარგად მეცხოვრა, თან, ძალიან კარგად და სხვაგან, მაგრამ, ვერ შევძელი. ფესვები იმდენად ღრმად მაქვს გადგმული საქართველოში, მეტსაც გეტყვით – თბილისში, რომ ზუსტად ვიცი, სხვაგან  ჩემი ცხოვრება აზრს დაკარგავს...  

 

скачать dle 11.3