კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

მაგიური მკვლელი

 

ახალგაზრდა, 23 წლის კაცი, ფილიპ კარმაიკლი, მოულოდნელად უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისმა ექიმმა შეშფოთებულმა მიმართა პუაროს და სთხოვა, კრიტიკული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში დახმარებოდა.

– ვშიშობ, ამ კეთილშობილ ახალგაზრდას სერიოზული საფრთხე ემუქრება. ის აწ განსვენებული სერ უილიამ კარმაიკლის შვილია, უოლდის გრაფის. ბოლო თერთმეტი წელი საფრანგეთში ცხოვრობდა. ბარონეტი ინგლისში მხოლოდ მამის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა. ხუთი წლის წინ, უილიამმა მეორედ იქორწინა. ახალი ლედი კარმაიკლი ეფექტური გარეგნობის, თუმცა, ძალიან უცნაური ქალია.

– რაში გამოიხატება მისი უცნაურობა?

– როგორ გითხრათ... – ექიმმა პენსნე მოიხსნა და უხერხულად შეიშმუშნა, – როცა მას ველაპარაკები და ვუყურებ, უცნაური, აუხსნელი შიში მიპყრობს, გაუგებარი შიში, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგი ვარ. თუმცა, თავადაც ნახავთ.

– ახალგაზრდა ბარონეტზე მიამბეთ, – პუარო უფრო მოხერხებულად მოკალათდა სავარძელში და თვალები მოჭუტა.

– 23 წლის არის, აბსოლუტურად ნორმალური, საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობის, განათლებული, მდიდარი, ბრწყინვალე მომავლით. რომ იტყვიან, ინგლისის ნაღები საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელია... ულამაზესი საცოლეც ჰყავს და, უცებ, ერთ დილით, ვეღარ ცნობს ნაცნობ-ახლობლებს, ვერც ოჯახის წევრებს...

– ოჰო, საინტერესოა! თქვენ რა დასკვნა გააკეთეთ, ექიმო?

– ვერანაირი და პრობლემაც ესაა. არანაირი წინაპირობა არ ყოფილა, არანაირი. ვერც იმას ვიტყვი, რომ რამეს მალავს.

– ექიმო, ყოყმანს გატყობთ, რაღაცას არ მეუბნებით. ყველაფერი უნდა ვიცოდე.

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა... ეს თავად ბარონეტს არ ეხება. თვითონ სახლშია რაღაც მძიმე, იდუმალი ატმოსფერო და ამას ვერ ვხსნი. ამიტომაც მოვედი თქვენთან და, მინდა, რომ გამომყვეთ.

– მდაა... ასეთ სიტუაციებში, ათიდან ცხრა შემთხვევაში, საქმე თაღლითობასთან გვაქვს ხოლმე. მაგრამ, სერ უილიამ კარმაიკლს ვიცნობდი. თან, თქვენც ამბობთ, რომ ბარონეტს საფრთხე ემუქრება. თავი ვალდებულად მიმაჩნია, ინგლისის ნაღებ საზოგადოებას თვალსაჩინო წარმომადგენელი შევუნარჩუნო.

კარმაიკლების სასახლე ულამაზესი, საგულდაგულოდ მოვლილი ეზოს შუაგულში იდგა და თეთრად ქათქათებდა.

– აი, ეს არის სახლი, რომელშიც აშკარად რაღაც ხდება. მესიე პუარო, დარწმუნებული ვარ, თქვენ ახდით ფარდას ამ საიდუმლოს, – თქვა ექიმმა, – სახლში ოთხი წლის ბიჭუნაც არის. ლედი კარმაიკლს სერ უილიამისგან შეეძინა. მშვენიერი ბავშვია.

– აჰა, უკვე მეორე მემკვიდრეც გამოიკვეთა. კარგი, მოდი, ადგილზე ვნახოთ ყველაფერი.

– წარმოიდგინეთ, მომავალ თვეში ქორწილი უნდა ყოფილიყო. საწყალი მის ფელისია პატერსონი ახლა აქ არის.

პუარომ თანაგრძნობით დაუქნია თავი. ლედი კარმაიკლი მართლაც ლამაზი, ორმოც წლამდე ასაკის ქალი აღმოჩნდა. ის ქედმაღლურად მიესალმა პუაროსა და ექიმს.

– კარგია, რომ ჩამოხვედით, ექიმო არსტარს. ძალიან შეწუხებულები ვართ. საწყალი ფილიპის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. მე არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ, მგონია, რომ პიროვნების გაორება სჭირს. ეს არსება ფილიპი არ არის და ფელისიაც ამას ამბობს.

– იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი მოგვარდება.

– ჰო, რა ვიცი... – ლედი კარმაიკლმა თეატრალურად ამოიოხრა და პუაროს შეხედა. იყო მის ამ გამოხედვაში რაღაც ავბედითი.

– შეიძლება, ბარონეტს ველაპარაკო? – იკითხა პუარომ.

– ვშიშობ, ვერ დაელაპარაკებით. იშვიათად გამოდის თავისი ოთახიდან. სადილზე ჩამოვა და სცადეთ.

სადილობამდე პუარო ბარონეტის საცოლეს, მის ფელისიას შეხვდა.

– ექიმო, როგორ მიხარია, თქვენი ნახვა. ძალიან ცუდად ვარ ფილიპის გამო, – ჰაეროვანი არსება ჩურჩულზე გადავიდა, – იცით, მგონი, ჩემს საქმროში კატის სული ჩასახლდა.

– კატის? – ექიმმა პუაროს გადახედა, – მის ფელისია, გესმით, რას ამბობთ?

ქალიშვილმა თავი დაუქნია:

– თქვენ ხომ იცით, რომ ლედი კარმაიკლს კატა ჰყავდა, დიდი, ციმბირული ჯიშის, რომელიც მოულოდნელად გაუჩინარდა, ლედი კარმაიკლი ამტკიცებს, რომ კატა არხში დაიხრჩო... ხოლო მისი მოხეტიალე სული ფილიპში ჩასახლდა. ჩემი საცოდავი ფილიპი... მას ხომ ჩვევად ჰქონდა საღამოობით არხის პირას სეირნობა. იცით, რომ ღამით დგება და დახეტიალობს? რძეს სვამს და წუხელ სახლის პარაპეტზეც ნახეს.

– ექიმო, თქვენ გსმენიათ ფსიქოლოგიაში მსგავსი შემთხვევის შესახებ?

ექიმმა მხრები აიჩეჩა:

– არსებობენ ადამიანები, რომლებიც ღამით დგებიან და დადიან, მაგრამ, ისინი ამას შეუცნობლად აკეთებენ, დღისით კი აბსოლუტურად ჩვეულებრივად ცხოვრობენ. ასეთი ფაქტი კი არ მახსენდება.

ფილიპი პუარომ სადილობისას ნახა. ახალგაზრდა კაცმა სწრაფად, ხმის ამოუღებლად დახვრიპა რძე და მერე, მთელი საღამოს განმავლობაში, მალულად ათვალიერებდა ოთახში მყოფებს. მხოლოდ დედინაცვალს უმზერდა სხვანაირი, ალერსიანი მზერით. თავად ლედი კარმაიკლი თითქოს შეეცადა, სუფრასთან გამეფებული მძიმე ატმოსფერო გაენეიტრალებინა და რამდენჯერმე საუბრის წამოწყება სცადა. მოგვიანებით, პუარომ ექიმს უთხრა:

– ლედი კარმაიკლის შესახებ რაც თქვით, მართალი იყავით. მის ძარღვებში აშკარად ჩქეფს აღმოსავლური სისხლი. მეტსაც გეტყვით, ოკულტისტურ ძალასაც უნდა ფლობდეს. დარწმუნებული ვარ, ის თავს გვაჩვენებს, რომ შეწუხებუ  ლია გერის მდგომარეობით. თუ ფილიპი ცოცხალი და მით უმეტეს, საღ გონებაზე დარჩება, მისი შვილი ვერც მამის ტიტულს ეღირსება და ვერც მემკვიდრეობას მიიღებს; მხოლოდ უმნიშვნელო ნარჩენებს უნდა დასჯერდეს... რას იტყვით, მოტივი გამოიკვეთა?

– მოტივი? დიახ, მაგრამ, ფილიპის მდგომარეობასთან დედინაცვლის სურვილებსა და ამბიციებს რა კავშირი აქვს? გინდათ, მითხრათ, რომ ჯადოქარია, ბარონეტი მოაჯადოვა და თავისი მკვდარი კატის სული მასში ჩაასახლა?

– ექიმო, თქვენ ეს რეალობად მიგაჩნიათ?

– მეცნიერების თვალსაზრისით, არა. თუმცა, თუ ამბობთ, რომ ქალში ოკულტისტური შესაძლებლობები შეამჩნიეთ...

– დიახ. ოკულტისტური შესაძლებლობები და ჰიპნოზის უნარი, მაგრამ, ეს საკმარისი არ არის ადამიანის მოსაკლავად.

– მოსაკლავად? გინდათ, თქვათ, რომ ლედი კარმაიკლი გერს მოკლავს?

– აუცილებლად და ეს არავის გაუკვირდება.

– კი მაგრამ, რანაირად?

 პუარომ გაიცინა:

– როდისმე გინახავთ, როგორ იქცევა ადამიანი, რომელიც ოპიუმშერეულ რძეს სვამს?

– რა?! 

– დიახ. თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ფილიპი ამ საშუალებით ჰყავს გაბრუებული, მერე კი – ჰიპნოზი. ამაღამ აქ უნდა დავრჩე და ვნახო, რა ხდება.

– თქვენ როგორ გგონიათ, რა უნდა ხდებოდეს?

– წეღან მის ფელისიას ვთხოვე და ფილიპის ოთახი მანახვა. იქ სულ დგას გრაფინი რძით. ლედი კარლმაიკლი ღამითაც ასმევს ოპიუმიან რძეს გერს. ჩვეულებრივ, ამ გზით მოწამლულებს წყურვილის დაუოკებელი სურვილი აქვთ. იცით, რა მოხდება? მკვლელი ოპიუმის დოზას ნელ-ნელა გაზრდის. მერე ბარონეტი სახლის პარაპეტიდან ჩამოვარდება ან არხში ჩაიხრჩობა – ერთი სიტყვით, უბედური შემთხვევების ფართო სპექტრია...

– ახლა რა უნდა ვქნათ?

– ღამეს უნდა დაველოდოთ. რაც შეეხება ბარონეტს, როცა ის ნარკოტიკის, თანაც, რძეში შერეული ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ აღარ იქნება, თქვენ სწრაფად შეძლებთ ამქვეყნად მის მობრუნებას.

პუარო მართალი აღმოჩნდა. ლედი კარმაიკლი იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ ძლევამოსილებაში, რომ ელემენტარული სიფხიზლეც არ გამოუჩენია. პუარო და ექიმი იმ დროს დაადგნენ თავზე, როდესაც გრაფინში მუქ სითხეს ასხამდა. ქალმა წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწია: მთელი ხმით წიოდა. გრძელი ფრჩხილებით პუაროსთვის სახის დაკაწვრას ცდილობდა. ექიმის გასაოცრად, მას ჰიპნოზითა და ოპიუმით გაბრუებული ფილიპიც წამოეშველა – როგორც ჩანს, დედინაცვალმა ის საკუთარ პერსონაზე დამოკიდებული გახადა. საბედნიეროდ, პოლიციის ლეიტენანტმაც მოუსწროთ, რომელიც პუარომ გააფრთხილა. 

მიუხედავად იმისა, რომ ლედი კარმაიკლი გერის დაბინდულ გონებას სისტემატურად აპროგრამებდა – ჩააგონა მას, რომ კატა იყო და ტკბებოდა მოსალოდნელი გამარჯვების განცდით, ბარონეტი მაინც გადარჩა. რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ კი მან მის ფელისიაზე იქორწინა...

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

 

скачать dle 11.3