კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უყვარს გიორგი ცინცაძის მეუღლეს არაპატრიოტული ცხოვრება და რა პერიოდს გაატარებს ის კიევის „ბუდეველნიკში“

ქართველი სპორტსმენი გიორგი ცინცაძე ახალ საკალათბურთო სეზონს უკრაინაში განაგრძობს – ერთწლიანი კონტრაქტით კიევის „ბუდეველნიკში” აიღო სტარტი. ის ცოლ-შვილთან ერთად კიევში იმყოფება და დღეს სწორედ მეუღლეები, გიორგი და ნანა ცინცაძეები იქნებიან ჩვენი რესპონდენტები.

 

– გიორგი, ცოტა ხნის წინ საცხოვრებელი გამოიცვალე და ოჯახთან ერთად ესტონეთიდან უკრაინაში გადაინაცვლე. ახალი სეზონი უკვე უკრაინის საკალათბურთო გუნდში დაიწყე. როგორ შეეჩვიეთ ახალ გარემოს? 

გიორგი ცინცაძე: ერთი თვეა, უკრაინაში ვართ. თავიდან ცოტა კი გაგვიჭირდა, მაგრამ, იმდენად კარგი პირობები შეგვიქმნეს, რომ მალე შევეჩვიეთ. საცხოვრებელი ბინაც კარგი მოგვცეს, მძღოლიც გვემსახურება, დარბაზიც ახლოს არის და დიდხანს არ მიწევს საცობში ყოფნა. ქალაქის ცენტრში ვცხოვრობთ და ყველაფერი ახლოს გვაქვს. ბავშვისთვისაც კარგი გარემოა – გარშემო ბევრი სკვერი და გასართობი ადგილი გვაქვს. მოკლედ, კარგად მოვეწყვეთ. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და, იმედია სეზონის ბოლომდე ასე გაგრძელდება.

– ერთწლიანი კონტრაქტი გაქვს გაფორმებული გუნდთან თუ მეტი?

– არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ,  მაგრამ, ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული. ალბათ, სეზონის ბოლოს გადავხედავთ და მერე ვიფიქრებთ გახანგრძლივებაზე ან გაუქმებაზე.

– მართალია, სეზონი ახლახან გაიხსნა, მაგრამ თავის გამოჩენა უკვე მოასწარი.

– რომ ჩამოვედი, პირველი თამაში დაახლოებით ხუთ დღეში მქონდა. აქედან გამომდინარე, გუნდთან შეთამაშებული არ ვიყავი და პირველი მატჩი ჩავაგდე. ამის შემდეგ კი, ექვსი თამაში, შეიძლება ითქვას, კარგად ვითამაშე, რითიც მეც კმაყოფილი ვარ და გუნდიც. 

– ანუ, გუნდმა კარგად მიგიღო.

– დიახ, კარგად მიმიღო. მწვრთნელსა და ხუთ მოთამაშეს უკვე ვიცნობდი, ამიტომ, ადაპტაციის პერიოდი ნამდვილად არ გამჭირვებია, თან ენის ბარიერიც არ მქონია. უცხოელები ინგლისურად ლაპარაკობენ, ხოლო უკრაინელები – რუსულად და, ამიტომ, ამ მხრივაც არ გამჭირვებია მათთან კონტაქტი. ძალიან კარგი ბიჭები არიან. შეიძლება ითქვას, კმაყოფილი ვარ. 

– ნანა, შენ თუ შეეჩვიე ახალ საცხოვრებელს?

ნანა ცინცაძე: ჯერჯერობით კიევში კრეშჩატიკის გარდა ბევრი არაფერი მინახავს. პრინციპში, კარგად მოვეწყვე. მიყვარს არაპატრიოტული ცხოვრება, ანუ, საქართველოს გარეთ ყოფნა. აქ კარგად ვარ და მომწონს. რეჟიმში ვართ და ავეწყვეთ აქაურ რიტმს. ისე უკრაინელები ცოტა ბრაზიანები ყოფილან – რატომ, არ ვიცი, მაგრამ, სუპერმარკეტში სულ მეჩხუბებიან. დღეს ვიღაცას ბოდიში მოვუხადე და მაინც მეჩხუბა – ჯერ უნდა იფიქრო და მერე ბოდიშის მოხდა აღარ მოგიწევსო. ამიტომ, გადავწყვიტე, ყველას ინგლისურად ვუპასუხო. არაფერი არ ესმით, მაგრამ, მიღიმიან. 

– როგორ ახერხებ, მარტომ გაართვა თავი ოჯახურ საქმიანობას? 

– ვასწრებ და არც მიჭირს. ბუბუ ისეთი მშვიდი ბავშვია, რომ ხელს არაფერში მიშლის.

– რა ხნის არის?

– წლის და 7 თვის. ძალიან მშვიდია. სახლში რომ ვართ, ყველაფრის გაკეთებას მაცლის, თქვენ წარმოიდგინეთ, აბაზანაში შესვლასაც.

– გიორგი, როგორი მამა ხარ?

გიორგი: ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, უფრო ნაკლებად ვარ ბავშვთან. დილით ვარჯიში მაქვს, რომლის შემდეგაც დასვენება მჭირდება, მერე ისევ ვარჯიში. ამიტომ, უმეტესად ნანა არის ბავშვთან. როცა დასვენების დღე მაქვს, აუცილებლად ოჯახს ვუთმობ. ისე, სხვა დღეებში მაინც ვახერხებ და დღის განმავლობაში ერთ-ორ საათს ვეთამაშები ხოლმე ბუბუს. სანამ დაიძინებს მასთან ვარ, მაგრამ, როგორც გითხარით, ძირითადად, რა თქმა უნდა, ნანაზე გადადის ყველაფერი.

ნანა: რატომღაც, თავმდაბლობს, თორემ, ძალიან კარგი მამაა, და ბუბუს ყველაფერსაც უკეთებს. დაღლილი რომ მოდის ვარჯიშიდან და იცი, რომ სამ-ოთხ საათში ისევ უნდა წავიდეს სავარჯიშოდ, ბავშვი არ უნდა მიუგდო და არ უნდა უთხრა, მიდი და სდიე უკანო. მართალია ბუბუს უკან დევნა არ სჭირდება, მაგრამ, მაინც. 

გიორგი: თამაშით არ ერთობა, მთავარია, აიპედი ჰქონდეს და მერე თავს კარგად ირთობს. სხვათა შორის, ნაადრევ ასაკში კალათბურთის მონაცემებიც აღმოაჩნდა. 

– თამაშებზე თუ დადის?

ნანა: ორჯერ მყავდა და მთელი სპორტის სასახლე მე მიყურებდა. ისეთ ამბავში ვიყავით, ყველა გვცნობდა. შემორბენილი გვქონდა მთელი სასახლე. 

გიორგი: აქ ჩერდება და უფრო წყნარად არის. თან, ბევრი ხალხიც არ არის და ხმაურიც ნაკლებია. 

ნანა: საერთოდ არ იღებს ხმას, ტელეფონით თამაშობს და ხანდახან მამასაც გახედავს მოედანზე. გოგონები რომ ცეკვავენ, იმათ კი უყურებს ყურადღებით. 

– მეორე ბავშვის ყოლაზე არ ფიქრობთ ახლო მომავალში?

გიორგი: გოგო გვინდა, მაგრამ, მინიმუმ ერთი წელი არ ვგეგმავთ, მერე – აუცილებლად. 

– დამოუკიდებლად ცხოვრობთ და ერთმანეთის პატრონები თავადვე ხართ. ახალგაზრდა წყვილისთვის ცალკე ცხოვრება, მით უმეტეს, ქვეყნის გარეთ, ძალიან კარგია. ასე უფრო კარგად გაიცნობთ ერთმანეთს.

– რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ცოლ-ქმარი მარტო უნდა ცხოვრობდეს. წელიწადში ცხრა თვე მე და ნანა ბავშვთან ერთად მარტო ვცხოვრობთ, სამ თვეს კი თბილისში ვატარებთ, თუმცა, სახლში თითქმის სულ არ ვარ, რადგან, ან ნაკრების შეკრებაზე ვარ გასული ან თამაშებზე. თბილისში როცა ვართ, დედაჩემთან და ჩემს დასთან ერთად ვცხოვრობთ. ამ პერიოდში გვიხარია კიდეც მარტო რომ არ ვართ. 

ნანა: ვგიჟდები ჩემს დედამთილზე. ისეთი კარგია, რომ დედამთილსაც კი არ ვეძახი არასდროს. არაჩვეულებრივი ია მყავს. ძალიან მიყვარს იასთან ჭორაობა, არასდროს არ ვჩუმდები, უკან დავდევ და ველაპარაკები. ასევე, ძალიან კარგი მული მყავს. შეიძლება ითქვას, მათი სახით სახლში ორი ჩემნაირი მყავს. ძალიან საყვარლები და კარგები არიან.

გიორგი: შეიძლება ითქვას, რომ თბილისში სახლში თითქმის არასდროს არ ვარ. 

ნანა: სულ მეგობრებთან არის გასული, მეც არ ვივიწყებ ჩემს ახლობლებს, ჩემს დებს და ხშირად მათთან ერთად ვარ. ამიტომ, როცა თბილისში ვართ, ერთად ძალიან ცოტა დროს ვატარებთ და თითქმის გვავიწყდება კიდეც ერთმანეთი. მადლობა ღმერთს, რომ წელიწადში ცხრა თვე ქვეყნიდან გავდივართ და ერთმანეთის მეტი არავინ გვყავს. 

– თბილისში როდის გეგმავთ ჩამოსვლას?

გიორგი: საახალწლოდ ჩამოვალთ. 30 დეკემბერს მაქვს ბოლო თამაში დონეცკში და მერე, როგორც მოგვიხერხდება, ისე ჩამოვალთ. პირველივე რეისით გამოვფრინდებით თბილისში.

– ნანა, პირველ იანვარს იუბილარი ხარ, როგორც მახსოვს.

ნანა: დიახ, პირველში ჩემი და ჩემი ტყუპისცალის დაბადების დღეა. შარშან ერთად აღვნიშნეთ დაბადების დღე, რაც ძალიან გამიხარდა, რადგან მანამდე საკუთარ დაბადების დღეზე ოთხი წელი არ ვყოფილვარ თბილისში.

– გიორგი, ახლა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებზე მინდა გკითხო, რომელიც საქართველოს ნაკრებმა კარგი შედეგით დაასრულა. 

გიორგი: ნამდვილად დიდი ემოცია იყო. ჯერ მარტო იმიტომ, რომ მიზანს მივაღწიეთ, თან, ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლა ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის და გუნდისთვის. ჩემი აზრით, კარგი კალათბურთი ვაჩვენეთ,  რაც მთავარია, ხალხი გავახარეთ და უკვე  სჯერათ ჩვენი. რამდენიმე წელია, ზაფხულობით თბილისში ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კალათბურთია. ყველა უყურებს და გულშემატკივრობს საქართველოს ნაკრებს. მთავარი ის არის, რომ, შედეგებიდან გამომდინარე, ხალხში უფრო პოპულარული გახდა კალათბურთი.

– უკრაინაში თუა სპორტის ეს სახეობა პოპულარული?

– უკრაინაში პირველი სპორტი ფეხბურთია და, შეიძლება ითქვას, რომ მასთან კალათბურთი ახლოსაც ვერ მიდის პოპულარობის მხრივ. ფეხბურთი აქ ძალიან უყვართ და ამ სპორტში გაცილებით მეტი ფულია. მიუხედავად ამისა, უკრაინის ჩემპიონატშიც ბევრი კარგი გუნდი მონაწილეობს. ბევრი ლეგიონერიც ჩამოჰყავთ და უფრო მათ ხარჯზეა ჩემპიონატი ძლიერი. სწორი მიმართულება აქვთ აღებული და შორს იხედებიან. 2015 წელს ევროპის ჩემპიონატი უკრაინაში ტარდება, რისთვისაც ძალიან ემზადებიან.

 

 

скачать dle 11.3