კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

რატომ გაუთეთრდა თმა ბელადის შვილიშვილს, ნადია სტალინს, 17 წლის ასაკში და რა მისწერა იოსებ სტალინმა რძალს

 

 

შეძლებული, ძალაუფლების მქონე თუ ცნობილი ადამიანების გარდაცვალების შემდეგ, არცთუ იშვიათად, გამოცხადდებიან ხოლმე, მათი „წარსულის შეცდომად“ წოდებული ხან შვილები, ხან შვილიშვილები და შვილთაშვილებიც კი. დიდი ბელადის, იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგაც მრავალჯერ გათამაშდა მსგავსი სცენარი. თუმცა, რა გასაკვირია, სტალინი ხომ, შეძლებულისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, ძალაუფლების მქონე და ცნობილი უდავოდ იყო.

ალექსანდრე, იგივე საშა ბურდონსკი, ალბათ, ერთადერთია იოსებ სტალინის ნამდვილ თუ თვითმარქვია შთამომავლებს შორის, ვინც მიიჩნევს, რომ ბელადის შვილიშვილობამ მის ცხოვრებას მოუშუშებელი დაღი დაასვა. მეტსაც გეტყვით: როგორც კი სრულწლოვანი გახდა, მან მაშინვე უარი თქვა სტალინის გვარზე და დღესაც დედის გვარს ატარებს. უკვე დიდი ხანია, რაც იგი ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმატებით მოღვაწეობს. საშა ბურდონსკი სტალინის უმცროსი ვაჟის, ვასილ სტალინის შვილია, პირველი ქორწინებიდან.

დაახლოებით 73 წლის წინათ, მაშინ, როდესაც ალექსანდრე (საშა) ბურდონსკი მოევლინა ქვეყანას, ყველას ეგონა, რომ ცხოვრებაში მისთვის შეუძლებელი არაფერი იქნებოდა. თუმცა, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. 

ბურდონსკის მშობლების სიყვარულის ისტორია ძალიან რომანტიკულია: 1940 წელს 19 წლის ვასილ სტალინი ლიპეცკში ჩავიდა უმაღლეს საავიაციო კურსებზე გადასამზადებლად. ერთხელ მან საციგურაო მოედანზე შემთხვევით გაიცნო მისი თანატოლი, მოსკოველი სტუდენტი – გალინა ბურდონსკაია და მალე მათ თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი. შეყვარებულებმა ლიპეცკშივე იქორწინეს, იმ იმედით, რომ ქორწინების ამბავს საიდუმოდ შეინახავდნენ. მაგრამ, რაღა თქმა უნდა, სტალინმა ყველაფერი მალევე შეიტყო. იოსებ სტალინმა რძალს დეპეშა გამოუგზავნა, რომელშიც ეწერა: „ვწუხვარ, რომ ცოლად დურაკს გაჰყევი.” 

ამ ამბის შემდეგ დიდი ბელადი კარგა ხანს აღარ დაინტერესებულა შვილის ცხოვრებით, რადგან მას მნიშვნელოვანი საქმეებისთვის მეტისმეტად უპასუხისმგებლო პიროვნებად მიიჩნევდა. მამა-შვილს შორის ურთიერთობა ვერც შვილიშვილის – ალექსანდრეს დაბადებამ გაათბო, რომელიც 1941 წელს მოევლინა ქვეყანას. ორი წლის შემდეგ კი გაჩნდა მისი და – ნადია. ბავშვებს მამის გვარი მისცეს. წლების შემდეგ, როდესაც ალექსანდრე სრულწლოვანი გახდა, უარი თქვა სტალინის გვარზე და პასპორტი დედის გვარით აიღო. ასე გაცვალა დიდი საბჭოთა ბელადის შვილიშვილმა სტალინის გვარი ბურდონსკიზე. რაც შეეხება მის დას, ნადიას, ის სიცოცხლის ბოლომდე სტალინის გვარს ატარებდა.

ვასილ სტალინისა და გალინა ბურდონსკაიას ოჯახი თბილი ურთიერთობებით არ გამოირჩეოდა.  მართალია, ვასილს უყვარდა მეუღლე, მაგრამ, ის ვერც სასმელზე ამბობდა უარს და გამოუსწორებელი მექალთანეც იყო. ალექსანდრე ბურდონსკი იხსენებს: „დედაჩემი ეხვეწებოდა, გონს მოსულიყო და ღირსეულად მოქცეულიყო, რაზეც მამაჩემი პასუხობდა: „გალკა, მე ხომ მანამ ვიცოცხლებ, სანამ იცოცხლებს მამაჩემი!..“

ვასილი სტალინი მართალი გამოდგა – იგი იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ძალიან მალე წავიდა ამქვეყნიდან – ეს მოხდა 1962 წელს. მანამდე ვასილისა და გალინას ოჯახს სხვა წინააღმდეგობები ჰქონდა გადასალახავი. 1945 წელს, როდესაც საშა 4 წლის იყო, გალინამ ვეღარ აიტანა ქმრის ღალატი და გადაწყვიტა, ბავშვებთან ერთად გასცლოდა მას. ვასილი სტალინმა ცოლი არ დააკავა, მაგრამ, ბავშვები თავისთან დაიტოვა. „ამ დღის შემდეგ ჩემი და ჩემი დის ცხოვრებიდან გაქრა დედა”, – იხსენებს ალექსანდრე ბურდონსკი. 

ცოლთან დაშორების შემდეგ ვასილი იშვიათად იცლიდა შვილებისთვის. ბავშვები მოსკოვთან ახლოს, ერთ-ერთ სამთავრობო აგარაკზე იზრდებოდნენ. ეს პერიოდი მწარედ ახსენდება ალექსანდრეს: „მე და გალია სულ მოწყენილები ვიყავით. ჩვენ ირგვლივ არც ერთი ახლობელი ადამიანი არ იყო. მამა იშვიათად მოდიოდა ჩვენთან და სათევზაოდ დავყავდით, ხან ნავით გვასეირნებდა. ის გულადი იყო და სიჩქარე უყვარდა. მახსოვს, ერთხელ, როგორ ამოყირავდა მისი მანქანა. მას კი წარბიც არ შეუხრია, საერთოდ არ შეშინებია...”

ბურდონსკაიასთან დაშორების შემდეგ, ვასილი სტალინს რამდენიმე რომანი ჰქონდა. მამის ცხოვრების წესს ნაკლები სიხარული მოჰქონდა მისი შვილებისთვის. „მე და ნადიას ორი დედინაცვალი გვყავდა, – იხსენებს საშა ბურდონსკი, – პირველს, ეკატერინა ტიმოშენკოს, გულახდილად რომ გითხრათ, ფეხებზე ვეკიდეთ. მას შეეძლო, სამი დღის განმავლობაში ვეშიმშილებინეთ. დიდი მადლობა ჩვენს მზარეულს, რომელიც მალულად გვაპურებდა ხოლმე. ამის გამო მან სამსახურიც კი დაკარგა. ჩვენი მეორე დედინაცვალი კაპიტოლინა ვასილიევა, ცნობილი მოცურავე იყო. ის ჩვენთან თავის გოგონა, ლინასთან ერთად ცხოვრობდა. კაპიტოლინა კიდეც გვივლიდა და სპორტულადაც გვზრდიდა.”

როდესაც საშამ სასკოლო ასაკს მიაღწია, ვასილმა შვილები აგარაკიდან მოსკოვში გადაიყვანა საცხოვრებლად და ალექსანდრე იმხანად პრესტიჟულ 59-ე ვაჟთა სკოლაში მიაბარა აღსაზრდელად. საშას ძალიან ეთაკილებოდა, რომ მას მანქანა ემსახურებოდა. მალე მისი თხოვნა შეისმინეს და სკოლაში თანმხლები პირების გარეშე დაიწყო სიარული. „ვასილი ჩვენთან დროგამოშვებით ჩნდებოდა, – ისხენებს იგი, – ჰქონდა მცდელობებიც, რომ შვილების მიმართ სითბო გამოეხატა, თუმცა, ჩემი აზრით, ეს მას არ გამოსდიოდა. მე ის კი არ მიყვარდა, არამედ, მეშინოდა მისი. ჩვენ ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები ჩამოგვიყალიბდა. ის, რაც მოსწონდა მას, არ მომწონდა მე და – პირიქით. მამას ძალიან უყვარდა ფეხბურთი, ჩემთვის კი სტადიონზე ჯდომა და გულშემატკივრობა სასჯელი იყო. მე არასპორტული ბავშვი ვიყავი, სამაგიეროდ, ძალიან მიყვარდა ხატვა”.

ერთხელ ალექსანდრეს სკოლაში მიაკითხა ბებიამ (დედის მხრიდან), რომელსაც არ აძლევდნენ შვილიშვილებთან შეხვედრის უფლებას. მაშინ ბიჭი 10 წლის იყო. მან საშა გვერდზე გაიყვანა და ჰკითხა: „დედა გახსოვს? გინდა მასთან შეხვედრა?“ – შემდეგ დედა-შვილი სკოლისგან მოშორებით, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში შეახვედრა ერთმანეთს, თუმცა, მათ ვერ მოახერხეს დალაპარაკება, ორივეს ცრემლები ახრჩობდა.

რა თქმა უნდა, ამ შეხვედრის შესახებ ვასილ სტალინს დაუყოვნებლივ აცნობეს.  რის შემდეგაც საშა ბურდონსკი გაგზავნეს დედისგან შორს, კალინინში (დღევანდელი ტვერი), სუვოროვის სასწავლებელში. სწორედ ამ სასწავლებლის სცენიდან გაისმა პირველად სტალინის შვილიშვილის სახელი.

1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა იოსებ ბესარიონის ძე სტალინი და ალექსანდრე მაშინვე გადმოაფრინეს მოსკოვში. „მე უფროსებს შორის ვიჯექი იმ დარბაზში, სადაც საბჭოთა ბელადი ესვენა. ვხედავდი, როგორ ტიროდა ხალხი და შეძრწუნებული ვიყავი, რომ ცრემლიც არ მომდიოდა. მაშინ ვერ ვითავისებდი, რომ გარდაიცვალა არა მხოლოდ საბჭოთა ხალხის ბელადი, არამედ ჩემი ღვიძლი ბაბუა. ჩემთვის იოსებ სტალინი ისეთივე მიუწვდომელი და შორეული იყო, როგორც მილიონობით საბჭოთა ადამიანისთვის, რომლებიც მხოლოდ წითელ მოედანზე აღლუმის დროს თუ ხედავდნენ მას”, – იხსენებს სტალინის შვილიშვილი.

ბელადის სიკვდილის შემდეგ ვასილმა ცოლს უფლება მისცა, შვილები თავისთან გადაეყვანა საცხოვრებლად. „ამ დღის შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში ისევ გამოჩნდა დედა. მე და ჩემი და უკვე დიდები ვიყავით, მაგრამ, მაინც გამოვნახეთ დედასთან საერთო ენა და დავმეგობრდით კიდეც”, – იხსენებს საშა.

იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, თითქმის ერთი თვის თავზე, 23 აპრილს, დააკავეს მისი მანამდე ხელშეუხებელი ვაჟი – ვასილ სტალინი. იგი გაასამართლეს და სამშობლოს ღალატის ბრალდებით ლუბლიანაში გადაასახლეს. მასთან მოსანახულებლად ხშირად ჩადიოდნენ საშა და დედამისი. ვასილ სტალინი 1960 წელს გაათავისუფლეს. 1961 წელს კი, კავკასიაში გადაასახლეს. სადაც ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა კიდეც. ვასილ სტალინის სიკვდილის ამბავი შოკის მომგვრელი იყო ყველა მისი ახლობლისთვის. დაკრძალვაზე დასასწრებად ალექსანდრე, მისი და და კაპიტოლინა ერთად გაემგზავრნენ, საიდანაც 17 წლის ნადია სტალინა სრულიად გათეთრებული თმით დაბრუნდა. ვასილი ერთი ღარიბული ოთახიდან გამოასვენეს, ირგვლივ თითო-ოროლა ყვავილს თუ დაინახავდით. ვისილ სტალინის საფლავის ქვას ასეთი წარწერა ამშვენებს: „ერთადერთს”.

მას შემდეგ რუსეთის არმიის თეატრის წამყვანი რეჟისორისთვის თეატრი იყო და რჩება ყველაზე დიდ სიყვარულად. სტალინის შვილიშვილს მრავალჯერ ჰქონდა შეთავაზება, რომ კინოში განესახიერებინა დიდი ბელადი, მაგრამ, მისი პასუხი ყოველთვის ერთია: „არასოდეს, არავითარ შემთხვევაში, არანაირი თანხის სანაცვლოდ!”

 

 

 

скачать dle 11.3