კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (99)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹28(550)-43(616) 

 

– რა თქმა უნდა, მან გამომგზავნა. ისე დაიჭირეთ თავი, თითქოს არაფერი ხდება. ჩვენ ახლა რუსები გვითვალთვალებენ და ხელსაყრელ მომენტს ეძებენ, რომ გაგიტაცონ.

– გაგვიტაცონ? – გაფითრდა გოგონა, მე კი ჩუმად ვუთხარი:

– სიმშვიდე, ჩემო კარგო, თავდაჭერილობა და სიმშვიდე – აი, რა  გვიხსნის ახლა ჩვენ... არანაირი მობილური ზარები, არავითარი მისამართისა და ოჯახის წევრების ადგილსამყოფლის ხსენება. სავარაუდოდ, ჩვენ გვისმენენ კიდეც და, ერთი სული აქვთ, თქვენი მამამთილის ადგილსამყოფელი დაადგინონ, რომ მოიტაცონ, სასტიკად აწამონ და სახელმწიფო საიდუმლოება გაათქმევინონ. ამიტომ, თქვენი მობილური შეუმჩნევლად გამორთეთ, რომ შემთხვევით ვინმემ არ დაგირეკოთ და თქვენი ოჯახის წევრების ნომერი არ გაიშიფროს.

გოგონა ისე იყო დაბნეული, რომ მობილური გამორთო და, რომ მეთქვა, ბუჩქებში შეძვერი და დაიმალეო, ამ სისულელესაც უსიტყვოდ შეასრულებდა. ამგვარად მივხვდი, რომ ის უკვე დაბმული მყავდა და ვუთხარი:

– ახლა, ჩემო ეკა, აი, იმ ჭადართან რომ შავი „მერსედესი“ დგას, წადი და ფრთხილად ჩასხედით შენ და ანზორი. მე კი, ჯერ რუსებს გავიტყუებ, მერე კი მოვალ და უსაფრთხო ადგილზე წაგიყვანთ.

გოგონა „მერსედესისკენ“ გაემართა, რომელიც ერთი კვირით მქონდა ნაქირავები, მე კი სამიოდე წუთი აქეთ-იქით ვიარე, შემდეგ მანქანაში ჩავჯექი, ფრთხილად დავძარი ადგილიდან და ქალაქში მანევრირებას შევუდექი.

– კუდს ამოწმებთ, ხომ? – მკითხა ეკამ, რომელსაც ანზორი მკერდზე ჰყავდა მიხუტებული.

– როგორ გეტყობა, რომ ბატონი ანზორის რძალი ხარ. რა თქმა უნდა, კუდს ვამოწმებ. ცოტა ხანს აქეთ-იქით ვივლი და, როცა დავრწმუნდები, რომ ყველაფერი წესრიგშია და არავინ აგვკიდებია, უსაფრთხო ადგილზე გადაგიყვანთ.

კიდევ ათიოდე წუთი ვიარე ქალაქში, ბოლოს კი მცხეთისკენ შევუბერე და საგურამოში ერთ-ერთ აგარაკზე ავედი, რომელიც ციხესიმაგრეს უფრო ჩამოჰგავდა და ეზოში სამი უზარმაზარი ნაგაზი დარბოდა. ეს აგარაკი ერთ ჩემს ნაცნობს ეკუთვნოდა. ის ამერიკაში იყო წასული ექვსი თვით და იქაურობას მისი მოსამსახურე უვლიდა. მოსამსახურე მე საიმედოდ მყავდა გამოკეტილი და არც ძაღლებთან მქონდა პრობლემები, რადგან ნაგაზები მცნობდნენ და ჩემს ყველა ბრძანებას ასრულებდნენ. ამგვარად, დედა-შვილი ისე ტექნიკურად მოვიტაცე, რომ ისინი ვერაფერს მიხვდნენ და ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდებოდა.

აგარაკზე წინასწარ გავაქრე ტელეფონი. სახლში რომ შევედით, დედა-შვილს ვიდეოკამერა მივუშვირე და, სანამ გადაღებას დავიწყებდი, ვუთხარი:

 – ეკა, ჩემო კარგო, ბატონ ანზორს უნდა მივუტანო ეს ფირი და შენ და ანზორიკომ ორიოდე სიტყვა უთხარით, რომ დარწმუნდეს თქვენს უსაფრთხოებაში.

დედამაც და შვილმა პოლკოვნიკი მოიკითხეს, დააიმედეს, რომ კარგად არიან და მოუწოდეს, რომ თავს გაფრთხილებოდა. მე ისინი გადავიღე, თუმცა, ხმა არ ჩამიწერია და, მას მერე, რაც ეკას სახლი დავათვალიერებინე, მისი გამორთული მობილური ჯიბეში ჩავიდე და აგარაკიდან წამოვედი, მანამდე კი გოგონას  დავუბარე:

– იცოდე, ცხვირი არ გამოყოთ გარეთ. მე სულ მალე დავბრუნდები და ახალ ამბებს მოგიტანთ, რომელიც, იმედია, სასიკეთო იქნება.

„მერსედესი“ თბილისისკენ დავძარი, დიღომში გავაჩერე, ეკას მობილური ჩავრთე და ანზორთან დავრეკე.

– ეკა, შვილო, სად ხარ და ტელეფონი რატომ გქონდა გამორთული? – მომაყარა ანზორმა, მაგრამ, ხმა ჩაუწყდა, როდესაც მე ვუპასუხე:

 – მე თქვენი მეგობარი ვარ, პოლკოვნიკო და ეკას დავალებით ვრეკავ. ყველაფერი კარგადაა. პანიკაში ნუ ჩავარდებით და, თუ გინდათ, რომ ცუდისკენ არაფერი შეიცვალოს, ზუსტად ერთ საათში მარტო მოდით „გეპეის“ ადმინისტრაციულ კორპუსთან და კიბეებთან დადექით. გიმეორებთ, მარტო მოდით და არავის არაფერი უთხრათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდება.

– გასაგებია. ყველაფერს ისე შევასრულებ, როგორც მიბრძანებთ. ნახვამდის, – მითხრა ანზორმა. 

მე ტელეფონი გავთიშე და „გეპეისკენ“ გავაქროლე მანქანა. რომ მივედი, კუთხეში გავჩერდი და იქაურობის დაზვერვას შევუდექი.

პოლკოვნიკი ანზორი ზუსტად დათქმულ დროს მოვიდა საკუთარი „ჯიპით“. მანქანა პარკინგზე გააჩერა, გადმოვიდა და ადმინისტრაციული კორპუსის კიბეებთან დადგა. მე ისევ ყურადღებით შევათვალიერე იქაურობა და „მერსედესით“ კიბეებთან მივედი, კარი გავაღე და დავუძახე:

– ბატონო ანზორ, სწრაფად ჩაჯექით, გვეჩქარება!

პოლკოვნიკი გვერდით მომიჯდა. მე მანქანა ადგილიდან დავძარი, რამდენიმე მანევრი შევასრულე და, რომ დავრწმუნდი, არავინ მოგვდევდა, გეზი იპოდრომისკენ ავიღე, „მერსედესი“ უკაცრიელ ადგილზე გავაჩერე და ვუთხარი:

– მე წარმოვადგენ ადამიანთა იმ ჯგუფს, ვინც თავისიანებს არასდროს ტოვებს გაჭირვებაში, მით უმეტეს, თუ ეს თავისიანები ყოვლად უდანაშაულო, პატიოსანი ადამიანები არიან. ჩვენ, ისლამისტმა ძმებმა თქვენი რძალი და შვილიშვილი უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანეთ და, გარწმუნებთ, მათ არც კი იციან, რომ გატაცებულები არიან. აი, ნახეთ...

პოლკოვნიკმა ვიდეოკადრები ნახა და, როდესაც დარწმუნდა, რომ არ ვატყუებდი, შვებით ამოისუნთქა და მკითხა:

– რა მოთხოვნები გაქვთ?

– ჩვენი მოთხოვნა ერთადერთია: თქვენი საიდუმლო ციხიდან აბუ ბასალი უნდა გამოიყვანოთ და ჩაგვაბაროთ. სანაცვლოდ კი უვნებლად ჩაგაბარებთ თქვენს რძალსა და შვილიშვილს, გარდა ამისა, ერთ მილიონ დოლარსაც მიიღებთ.

– რაო, რა ბრძანეთ?! – შეცბა პოლკოვნიკი, მე კი მას გავუმეორე:

– აბუ ბასალის სანაცვლოდ თქვენიანებს და ერთ მილიონ დოლარს მიიღებთ, მართალია, ამის მერე თქვენ აქ აღარ დაგედგომებათ, მაგრამ, მე მგონი, ეს ნაბიჯი ღირს იმად, რომ თქვენიანების სიცოცხლე გადაარჩინოთ და, თანაც, ისინი საშვილიშვილოდ უზრუნველყოთ.

ჩემს სიტყვებზე პოლკოვნიკი წამოენთო და ჩემკენ წამოიწია, მაგრამ, დროზევე მოთოკა თავი, შეჩერდა და მითხრა:

– რა გარანტია მაქვს, რომ, თუ თქვენს მოთხოვნას შევასრულებ, ჩემი შვილიშვილი და რძალი უვნებლები დაბრუნდებიან სახლში?

– აი, პოლკოვნიკო, მილიონი დოლარი, – ანზორს შავი კეისი ჩავუდე მუხლებში, რომელიც ასდოლარიანი დასტებით იყო სავსე, – თანაც, გარწმუნებთ, რომ არც მანიაკი-კანიბალი ვარ, რომ თქვენები შევჭამო და არც გიჟი ალტრუისტი, რომ მილიონები ვფანტო. მე მხოლოდ და მხოლოდ საძმოს დავალებით ვმოქმედებ და, რამე რომ დამემართოს ან აბუ ბასალი რომ არ გამოიყვანოთ, ვერც თქვენებს იხილავთ ოდესმე და, თბილისშიც იმდენი ბომბი აფეთქდება უახლოეს დღეებში, რომ ნახევარი ქალაქის გაწყვეტას ეყოფა. ამიტომ, გირჩევთ, ჯობია, იყოთ მდიდარი და ცოცხალი... მართალია, მიმალვაში, მაგრამ, მაინც ცოცხალი... ვიდრე მკვდარი და უპოვარი. ამოირჩიეთ... მაგრამ, იჩქარეთ, დრო არ ითმენს, რადგან, ჩემი მორწმუნე ძმები ჩემს ნიშანს ელოდებიან, რომ თქვენი ცოდვილი ქალაქი, სადაც ბილწი ამერიკელების საიდუმლო ციხე მდებარეობს, აღგავონ პირისაგან მიწისა.

– თქვენებურად იყოს. აბუ ბასალს ამაღამ გამოვიყვან და პირადად მოგგვრით, ოღონდ, მითხარით, სად მოვიყვანო.

– მოიყვანთ აქ, ორ საათში კი თქვენს რძალსა და შვილიშვილს მიიღებთ. მაგრამ, ჩვენი გაცურება რომ სცადოთ, გარწმუნებთ, ძალიან ცუდი ამბები დატრიალდება და ამაში დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ თქვენ იქნებით.

– დარდი ნუ გაქვთ, ყველაფერი რიგზე იქნება. გიჟი ან ფანატიკოსი კი არ ვარ, რომ შვილიშვილი და რძალი გავწირო. ჯანდაბაში წასულან ამერიკელები და, თუ საჭიროა, ჩემი თავიც. მელოდეთ, ზუსტად ღამის პირველ საათზე მოგგვრით აბუ ბასალს.

მე ნამდვილად არ ველოდი საქმის ასეთ სწრაფ განვითარებას, ამიტომ, შემკვეთს დავუკავშირდი და წინასწარ შეთანხმებული ტექსტით ვაუწყე, რომ „ტავარი“ ღამის პირველ საათზე ჩემთან იქნებოდა. შემკვეთმა კი იმავე ტექსტით მომიგო, რომ „ტავარი“ ღამის სამ საათზე ცხინვალის გადასახვევთან მიმეყვანა, იქიდან კი თავადვე იზრუნებდნენ მის ტრანსპორტირებაზე.

ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა: პოლკოვნიკმა ანზორმა აბუ ბასალი ზუსტად ღამის პირველ საათზე მომიყვანა. მე მას ეკას მობილური მივეცი და ვუთხარი, რომ ჩემს ზარს დალოდებოდა. ხოლო, როდესაც „ტავარი“ ცხინვალის გადასახვევთან მივიყვანე და პატრონს ჩავაბარე, პოლკოვნიკს დავურეკე და მისი შვილიშვილისა და რძლის ადგილსამყოფელი ვაუწყე...

სხვათა შორის, პოლკოვნიკმა მიმალვაზე უარი განაცხადა, პროკურატურაში მივიდა და ჩაბარდა. თუმცა, როგორც სანდო წყაროდან შევიტყვე, მილიონი დოლარის შესახებ კრინტიც არავისთან დაუძრავს და, რომ იტყვიან, მისმა ოჯახმა შეირგო... თავად ანზორი კი გაასამართლეს და ჯერ ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, შემდეგ კი ათი წელიც მიუმატეს და ოცდაათ წლით გამოამწყვდიეს უმკაცრესი რეჟიმის ციხეში, რომელიც ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯურღმულებში მდებარეობს...

პოლკოვნიკ ანზორის ისტორიას გაგრძელება ჰქონდა. მე ამ საიდუმლო ციხის ამბავი დემოკრატიული ევროპის, რუსეთისა და არაბული ქვეყნების ტელევიზიებს შევატყობინე, აგრეთვე, დაწვრილებითი ინფორმაციები გავავრცელე ინტერნეტში და საქართველოს მოსახლეობაშიც გავავრცელე ანზორის ისტორია.

როგორც სანდო წყაროსგან შევიტყვე, საქართველოს მთავრობა ძალიან შეაშფოთა ჩემმა საქციელმა და ძებნა დამიწყეს, პარალელურად კი ანზორს დაემუქრნენ, რომ მას და მის ოჯახს გაანადგურებდნენ. თუმცა, ეს ფუჭი მუქარა იყო, რადგან, ანზორისა და მისი ოჯახის ამბავი ძალიან „გაბაზრებული“ იყო და რომელიმეს თმის ღერიც რომ ჩამოვარდნოდა, საქართველოს მთავრობას დემოკრატიული ევროპა მაგრად „შეახურებდა“. ხოლო, ოცდაათწელიწადმისჯილი პოლკოვნიკის უსაფრთხოება რომ გარანტირებული ყოფილიყო, საპყრობილეში მას ადამიანთა უფლებების დამცველი, ავტორიტეტული ევრომონიტორჯგუფები ყოველთვიურად აკითხავდნენ და ამ ვიზიტებს მათ ვერავინ, თვით ქვეყნის პირველი პირიც კი ვერ უკრძალავდა.

პოლკოვნიკის ციხეში გამომწყვდევიდან ექვსი თვე იყო გასული, როდესაც სანდო წყაროსგან შევიტყვე, რომ პოლკოვნიკზე შურისძიების მიზნით, მის ინფიცირებას აპირებდნენ და ისეთი ვაქცინა უნდა შეეშხაპუნებინათ მისთვის, რომელიც მას მეტასტაზებს გაუჩენდა და კიბოთი მოკლავდა. სანდო წყაროს ფულს ვუხდიდი, მას კარგად შენიღბული ვხვდებოდი და პირადად მისგან ვიღებდი ინფორმაციებს. მორიგი კონსპირაციული შეხვედრის დროს, რომელიც ჩემთვის ტრადიციულ ადგილზე, ალექსანდრეს ქვედა ბაღში შედგა, სადაც ადრე „ძიას“ ვხვდებოდი ხოლმე, ჩემმა ინფორმატორმა მითხრა:

– საბოლოოდ გადაწყდა პოლკოვნიკის მოსპობა შურისძიების მიზნით და ეს აქცია უახლოეს დღეებში უნდა განხორციელდეს.

– რას ნიშნავს – საბოლოოდ გადაწყდა? – ვკითხე მე, მან კი მიპასუხა:

– იმას, რომ ამაზე თანხმობა ამერიკელებმა გამოთქვეს, რადგან ყველაზე მეტად ისინი დაზარალდნენ ამ საიდუმლო ციხის ამბის „გაბაზრებით“ და პოლკოვნიკის ლიკვიდაციის საშუალებასაც ისინი იძლევიან.

– რა საშუალებას?

– ესაა ბლანტი, ვარდისფერი სითხე, რომელსაც ადამიანს ვენაში უშხაპუნებენ. დროთა განმავლობაში ეს სითხე კიბოს ბაცილას ავრცელებს ორგანიზმში. ადამიანს მეტასტაზები უვითარდება და ექვს თვეში კვდება. ყველაზე საშინელი ამ ისტორიაში ისაა, რომ ადამიანი ბოლო ორი თვე საშინლად წვალობს, იტანჯება და სწორედ ეს ტანჯვაა ის შურისძიება, რაც მან ციხის ისტორიის გამო უნდა იგემოს.

– საშინელებაა. კონკრეტულად როდის ჩამოვა ეს ვაქცინა?

– მაქსიმუმ ორ კვირაში და ამავე პერიოდში მოხდება მისი ინფიცირება.

ჩემი სანდო წყაროს სიტყვების გამო სინდისის ქენჯნა დამეწყო, რადგან პოლკოვნიკი თავიდან ბოლომდე მე გავხვიე შარში და ვალდებული ვიყავი, ის ამ გასაჭირიდან გამომეხსნა. ამიტომ, ჩემს წყაროს ვუთხარი:

– რა დაჯდება პოლკოვნიკის იმ ჯურღმულიდან მანამდე გამოყვანა, სანამ მას იმ სასიკვდილო სითხეს შეუშხაპუნებენ?

– მილიონი დოლარი, – ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მომიგო წყარომ და დაამატა – მე პირადად გამოვიყვან მას და მოგგვრით.

– ასე ძვირი რატომ?

– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ ამის მერე საქართველოდან უნდა გავქრე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე გამაქრობენ. მილიონი დოლარი კი ის თანხაა, რომელიც მე აქედან აბარგებაში დამეხმარება და, თუკი გაწყობთ, შემიძლია, ხვალვე გავჩარხო ეს საქმე.

– მაწყობს, მაგრამ, ერთ კვირაში. თუ, რა თქმა უნდა, მას მანამდე არ მოწამლავენ.

– არ მოწამლავენ. ერთ კვირაში პოლკოვნიკს იქ მოგიყვანთ, სადაც მეტყვით, ფული კი მისი მიღების მერე გადმომეცით.

– ფულს, თუ გნებავთ, ახლავე მოგცემთ.

– არა. ერთი კვირის მერე იყოს. მილიონი დოლარის ერთი კვირით სახლში შენახვა საკმაოდ საშარო საქმეა. მით უმეტეს, რომ იტალიურ ეზოში ვცხოვრობ და რკინის კარებიც არ მაქვს.

– კარგი, ერთ კვირაში შევხვდეთ, – შევუთანხმდი ჩემს წყაროს.

ერთი კვირა იმისთვის მჭირდებოდა, რომ პოლკოვნიკისთვის ქვეყნიდან გასასვლელი ფანჯარა მომემზადებინა და მისთვის საიმედო თავშესაფარი მომეძებნა, რადგან, სულელისთვისაც კი ნათელი იყო, რომ მას ასე ადვილად არ დაანებებდნენ თავს, მით უმეტეს – ამერიკელები, რომლებსაც მან მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.

დათქმულ დროსა და ადგილზე მე და ჩემმა წყარომ ფული და პოლკოვნიკი გავცვალეთ. სანამ დავშორდებოდით, წყარომ მითხრა:

– თავი სიზმარში მგონია. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მილიონ დოლარს ვიშოვიდი.

– ეს არც ისე ცოტა ფულია, ჩემო კარგო და, თუკი ადამიანი გონივრულად მოიხმარს მას, შეიძლება, კარგი ცხოვრებაც კი აიწყოს, – ვუთხარი წყაროს, – მაგრამ, თქვენს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მილიონი დოლარი ყველა პრობლემას ვერ მოუხსნის, ამიტომ, მეგობრულად გირჩევთ, რომ მეტი სიფხიზლე და წინდახედულება გამოიჩინოთ. კარგად დაიხსომეთ, რომ თქვენი პირდაპირი მტერი ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელსაც თქვენ მტკივნეული დარტყმა მიაყენეთ, ეს ქვეყანა კი ასეთ რამეებს არავის არასოდეს პატიობს და დარტყმას ათმაგად პასუხობს.

– რამე კონკრეტულს მირჩევთ?

– დიახ. გარეგნობა შეიცვალეთ და სადმე, ტბის ნაპირას პატარა სახლი იყიდეთ. ახლა კი მშვიდობით, წარმატებებს გისურვებთ!

პოლკოვნიკი ანზორი პირდაპირ საგურამოში მივიყვანე, სადაც ადრე მისი რძალი და შვილიშვილი მყავდა დაბინავებული და ვუთხარი:

– ხვდებით, ალბათ, რაშიცაა საქმე...

– მე მგონი, კი, – თავი დამიქნია ანზორმა და დაამატა, – მეც იმ დღეში ვარ, როგორშიც ის, თქვენი ეგრეთ წოდებული წყაროა, რომელსაც თქვენ ამერიკელებისგან დამალვა ურჩიეთ.

– თქვენ ბევრად უარეს დღეში ხართ, პოლკოვნიკო. ამერიკელები საშინელ აღსასრულს გიმზადებდნენ და ციხიდან ასე სასწრაფო წესით იმიტომ გამოგიხსენით.

– მაინც, რას მიპირებდნენ?

– წამებით მოკვლას, ჩემო კარგო. მათ სპეციალური სითხე აქვთ, რომელსაც ადამიანს ვენაში უკეთებენ და ექვსი თვის შემდეგ ის კიბოთი კვდება. ბოლო ორ თვეს კი, საშინელ ტანჯვა-წამებაში ატარებს.

პოლკოვნიკმა პაუზა გააკეთა და მითხრა:

– ასეთ ზრუნვას რატომ იჩენთ ჩემი პერსონის მიმართ?

– იმიტომ, პოლკოვნიკო, რომ ჩემი იძულების მსხვერპლი გახდით, ეს იძულება კი ჩემი ქვეყნის ინტერესებმა მიკარნახა. არაბი ტერორისტებისთვის აბუ ბასალი საღ-სალამათი რომ არ მიმეყვანა, ტერორისტები საქართველოს ააოხრებდნენ და ამერიკა ვერაფერს გვიშველიდა.

– და, რამდენი დაგიჯდათ თქვენი პატრიოტიზმი?

– ორი მილიონი უკვე გადავიხადე, ერთიც – თქვენ და სამი გამოდის.

– მილიარდერი ხართ?

– ყოველ შემთხვევაში, მიღირს.

პოლკოვნიკმა გააბოლა, ოთახში გაიარ-გამოიარა, შემდეგ შეჩერდა და მითხრა:

– საოცრად უცნაური ადამიანი ჩანხართ. სხვა, თქვენს ადგილას, მათ შორის, ალბათ, მეც, ასე არ მოვიქცეოდი.

– ყველას თავისი მორალი აქვს, მაგრამ, ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. თუ გადარჩენა გსურთ, უნდა დამიჯეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიღუპებით.

– გისმენთ, ბატონო, ყურადღებით გისმენთ და გემორჩილებით.

– ყველაფერი მზად მაქვს. თქვენთვის ქვეყნიდან გასასვლელი ფანჯარა უკვე გაჭრილია და ზეგ ჯერ ერთ შუალედურ ნაბიჯს გადავდგამთ, ორ-სამ კვირაში კი აქაურობას, ალბათ, კარგა ხნით დატოვებთ.

– შუალედურ ნაბიჯს?

– დიახ, პოლკოვნიკო, ამის გაკეთება აუცილებელია.

– და, რა ნაბიჯია ეს?

– გარეგნობა უნდა შეიცვალოთ.

– შენიღბვას მიპირებთ? – გაეცინა პოლკოვნიკს, რომელიც ვერ მიხვდა, რას ვგულისხმობდი. მე კი მივუგე:

– არა, ბატონო ანზორ. თქვენ პლასტიკური ოპერაცია უნდა გაიკეთოთ. შემდეგ რუსეთში დასახლდეთ და, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები რომ იტყვიან: „ბალახზე დაბალი და წყალზე წყნარი უნდა იყოთ“, წინააღმდეგ შემთხვევაში, გიპოვიან და უსასტიკესად გაგისწორდებიან. მერწმუნეთ, ჩემო მეგობარო, რომ ამერიკელები ასეთ რამეს არავის არასოდეს პატიობენ და თქვენს ძებნას ისე დაიწყებენ, თითქოს ბინ ლადენი იყოთ.

ჩემს სიტყვებზე პოლკოვნიკს მიტკლისფერი დაედო და მცირე ხნით გაყუჩდა. შემდეგ კვლავ გააბოლა და მითხრა:

– ჩემიანებიც არ უნდა ვნახო?

– რამდენიმე წელიწადი მაინც.

– მაინც, რამდენი?

– მინიმუმ ხუთი.

– ხუთ წელიწადს მათ გარეშე რა გამაძლებინებს?

– თუ ასე არ იზამთ, მაშინ მათთან სამუდამოდ მოგიწევთ განშორება და მათაც დიდ შარში გახვევთ. ახლა კი აირჩიეთ – ან პირველი ან მეორე.

– პირველი, – მტკიცედ მომიგო ანზორმა და მკითხა, – ექიმი სანდო კაცია?

– ბოლომდე სანდო არავინაა. ექიმი კი საკმაოდ სანდოა, თანაც, რამდენიმე პრევენციულ ღონისძიებასაც ჩავატარებთ და, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება.

ანზორმა დამიჯერა და ორი დღის შემდეგ ერთმა ძალიან კარგმა ქირურგმა მას საუცხოო ოპერაცია ჩაუტარა, რომელიც საგურამოში გაკეთდა. ექიმი იქ თვალახვეული მივიყვანე და თვალახვეულივე დავაბრუნე უკან, მის საბანკო ანგარიშზე კი ორმოცდაათი ათასი დოლარი გადავრიცხე. ექიმი მკაცრად მყავდა გაფრთხილებული, რომ ამ ამბის გათქმის შემთხვევაში, სიკვდილი არ ასცდებოდა.

– რას ბრძანებთ, ბატონო ჩემო, – მითხრა ექიმმა, – გიჟი კი არ ვარ, რომ ასეთი სისულელე ჩავიდინო! მე არა მარტო პროფესიონალი ქირურგი ვარ, არამედ, საკმაოდ ჭკვიანი კაციც; თან, კომფორტული ცხოვრებაც მიყვარს და, მერწმუნეთ, რომ ენაზე კბილის დაჭერა ძალიან კარგად ვიცი.

– ჰოდა, მოვილაპარაკეთ. მშვიდობით, ექიმო...

– მშვიდობით, ბატონო! და ჩემზე ნუ იდარდებთ. რაც დაგიბარეთ, პაციენტს ყველაფერი ზუსტად ისე გაუკეთეთ და ორ კვირაში სახეზე წერტილიც არ დარჩება, – მითხრა ექიმმა და ასე დავშორდით ერთმანეთს.

პოლკოვნიკს ძალიან მოუხდა ახალი გარეგნობა, თანაც, თავის ნამდვილ ასაკზე ათი წლით ახალგაზრდად გამოიყურებოდა. მას მე ყველა საჭირო საბუთები გადავეცი, რომლებსაც წყალი არ გაუვიდოდა. სანამ ცხინვალის გავლით რუსეთში გაემგზავრებოდა, მისი საბანკო ანგარიშის ნომერიც ვაუწყე და ვუთხარი:

– დაიხსომეთ, პოლკოვნიკო, რომ თქვენ უმაღლესი კატეგორიის ძებნილი ხართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხმითაც გეძებენ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ილაპარაკოთ ტელეფონით, ანუ, ყოველმხრივ მოერიდეთ ელექტროქსელში ხმოვან ჩართვას.

– ხუმრობთ? – გაეცინა ანზორს, მე კი სრული სერიოზულობით მივუგე:

– სულაც არა. ამერიკელებს სპეციალური პროგრამული მოწყობილობა აქვთ, რომელიც ყველა სახის ელექტროქსელში შეჰყავთ და, საკმარისია, ძებნილმა დაილაპარაკოს ტელეფონით ან სხვა საშუალებით, რომ სიგნალი „ცეერუში“ მიდის მისი ზუსტი კოორდინატების შესახებ.

– ეგ როგორ? – მკითხა გაოცებულმა პოლკოვნიკმა.

– მაგალითად, თქვენ დგახართ ლაღიძის წყლებთან და მობილურით ვიღაცას ესაუბრებით. „ცეერუში“ ელვისებურად მისული სიგნალის მერე მიმღები მონიტორზე ხედავს იმ ადგილს, სადაც დგახართ. ამის შემდეგ კი თქვენი დაპატიმრება ან ლიკვიდაცია უკვე ტექნიკის საქმეა. ასეთი მოქმედებები „ცეერუს“ ავტომატიზმამდე აქვს აყვანილი და ამის გაკეთება საქართველოში ნამდვილად არ გაუჭირდება. რუსეთში შედარებით გართულებულია მათთვის ასეთი ტიპის სპეცოპერაციის ჩატარება, მაგრამ, უკვე თქვენი  აღმოჩენისა და გაშიფვრის ფაქტი იქნება დიდი მიღწევა, შემდგომი მოქმედებები კი მათ თვით რუსეთშიც კი ხელეწიფებათ. ამიტომ, ზუსტად დაიცავით უსაფრთხოება და არასოდეს დაარღვიოთ ის.

– საოცარია, – თავი გააქნია პოლკოვნიკმა,  – ამერიკელების დედაც... მართლაც რომ მაგრები არიან.

– არც რუსები არიან ნაკლები. აბა, თქვენ იცით, წარმატებას გისურვებთ!

პოლკოვნიკი დღესაც რუსეთში ცხოვრობს და ისე კარგად მოერგო იქაურობას, რომ მას თვით ეშმაკიც ვერ მიაგნებს. ის მუშაობს. ჰყავს ქალი და, ისეთი შეუმჩნეველი და კარგად შენიღბულია, რომ ვერავინ იოტისოდენა ეჭვსაც კი ვერ მიიტანს, თუ ვინ იმალება ამ კაცის მიღმა. მე შეგნებულად არ ვასახელებ მის საცხოვრებელ ქალაქსა და პროფესიას, რადგან, ამ ჩანაწერებს მისი მძებნელიც კითხულობს და „ნაკოლს“ ხომ არ მივცემ? რუსეთი კი, უზარმაზარი ქვეყანაა და ეძებონ თივის ზვინში ნემსი...

ჩემს წყაროს კი, რომელიც მილიონი დოლარით გაუჩინარდა საქართველოდან, არ გაუმართლა. ის თურქეთში, ერთ-ერთ კერძო კლინიკაში იმ დროს დააპატიმრა ადგილობრივმა პოლიციამ, როდესაც ის ერთ-ერთ ქირურგთან კონსულტაციას გადიოდა სახის შეცვლასთან დაკავშირებით. მას, რა თქმა უნდა, „ცეერუს“ გადასცემდნენ, ისინი კი საფუძვლიანად დაამუშავებდნენ, მაგრამ, ვერაფერს გაიგებდნენ, რადგან მან არაფერი იცოდა პოლკოვნიკის შემდგომი ბედის შესახებ და ამიტომ ჩვენს კვალზე ამერიკელებს ვერ დააყენებდა...

არ გამიკვირდება, რომ ბევრს ჩემი სიტყვები გადაჭარბებულად მოეჩვენოს, ხელი აიქნიოს და ირონიულად თქვას: მეტი საქმე არ აქვთ ანგარიშიან ამერიკელებს, რომ ამდენი ფული ხარჯონ ვიღაც ტილიანი ქართველი პოლკოვნიკის მოსაძებნადო... ასეთ ხალხს მე ვუპასუხებ: თქვენ ცდებით, ბატონებო! სწორედ რომ, ანგარიშიანი ამერიკელები სჩადიან ასეთ რამეებს და მათთვის არანაირი წვრილმანი არ არსებობს, როცა საქმე მათ სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და ღირსებას ეხება. ასეთი რამ ამერიკის სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტშია ჩადებული და ეგრეთ წოდებულ დემოკრატიის მამების ერთ-ერთი ძირეული პოსტულატია. და, საერთოდ, ვისაც ჰგონია, რომ ამერიკელები მიამიტი ხალხია, ძალიან ცდება. ყველაფერი პირობითია. იმპერიული აზროვნება და გლობალური ინტერესები ამერიკელებს თვით რუსებზე, ბრიტანელებსა და გერმანელებზე უფრო მეტად აქვთ შესისხლხორცებული და მიამიტი და უვიცი თავად ისაა, ვისაც ამერიკელები გულუბრყვილოდ მიაჩნია.

ერთ-ერთი კოჯრელი ინსტრუქტორი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამერიკაში და ლენგლსაც კარგად იცნობდა, მასწავლიდა:

– კარგად დაიმახსოვრე, რომ საბჭოელის ყველაზე დიდი მტერი ამერიკელია. ეს, ერთი შეხედვით კეთილი სათვალიანი მსუქანა ყოველთვის იმას ფიქრობს, თუ როგორ გაგითხაროს საფლავი, შიგ ჩაგაგდოს, თვითონ კი ყველაფერი შენი მიითვისოს და ისე დაიჭიროს თავი, თითქოს არაფერი მომხდარა. მათი ფული და საჩუქრები, ერთი შეხედვით გულუხვობა, რაც მიამიტობითაა შენიღბული, სხვა არაფერია, თუ არა ტროას ცხენის პოლიტიკა. კარგად გახსოვდეთ: „გეშინოდეს დანაელების, ძღვენს რომ გიძღვნიან“, რამეთუ ეს ძღვენი შენი განადგურებისთვისაა მოტანილი და შიგნით შენი სიკვდილი ბუდობს.

ჩემი კოჯრელი ინსტრუქტორი ძალიან განათლებული კაცი იყო, კარგად ფლობდა იგავებსა და ანდაზებს და მათ ყოველთვის დანიშნულებისამებრ იყენებდა, თან, საკმაოდ წარმატებითაც. მე, რა თქმა უნდა, ტროას ომის ისტორიაც კარგად ვიცოდი და დანაელების ძღვენის ამბავიც, მაგრამ, ინსტრუქტორმა ისე ზუსტად და ხატოვნად მიუსადაგა ის ამერიკულ საგარეო პოლიტიკას, რომ უკეთესად ვერავინ იტყოდა. სხვათა შორის, ეს შეგონება მე ბევრჯერ დამეხმარა ამერიკელებთან ბრძოლის საქმეში და, როდესაც „ცეერუს“ მორიგი ვერაგობის წინააღმდეგ მიწევდა გალაშქრება, ყოველთვის ამ ფორმულით ვხელმძღვანელობდი. ამ კუთხით, ამერიკული მიმართულების ერთგვარ სპეციალისტად, მცოდნედ ჩამოვყალიბდი და საკმაოდ ხშირად კონსულტაციებსაც კი ვუწევდი ჩემს კოლეგებს. ერთხელ, ლუბიანკაზე მიხმეს და, შჩუკინს რომ ვეახლე, მითხრა:

– როგორ ხარ, შექსპიროლოგო?

შექსპიროლოგიაში მე დისერტაცია მაქვს დაცული და ეს, ისევე, როგორც ჩემი ბიოგრაფიის სხვა დეტალები, შჩუკინმა კარგად იცოდა.

– ისე, როგორც ეს შექსპიროლოგს შეეფერება, – მივუგე მე.

– ანუ, შენ ამ სფეროში ცოდნა არ დაგიკარგავს.

– აქედან ვერ ამოშლი! – ვუპასუხე ვიქტორ იაკოვლევიჩს ცნობილი ქართული ფილმის ციტატით და დავამატე – პირიქით, როდესაც თავისუფალი ვარ, ჩემს ცოდნას ამ სფეროში ვაღრმავებ კიდეც.

– ძალიან კარგი. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ: სამი დღის შემდეგ ლონდონში შექსპირის კვირეული უნდა გაიმართოს და იქ მოგიწევს გამგზავრება. ეს კვირეული ყოველ წელს იმართება და ამაში საეჭვო არაფერია, რომ არა ერთი ფაქტი: კვირეულში მონაწილეობს „ცეერუს“ გამოცდილი მზვერავი, მაიორი პეპი როჯერსი. ის საბჭოთა მიმართულების ოფიცერია და სწორედ ამან დაგვაეჭვა და იმიტომ გგზავნით, რომ მისი ზრახვები ამოიცნო და, თუკი რამე ვერაგული აქვთ ჩაფიქრებული, ხელი შეუშალო მათ გეგმებს.

– იქნებ, იმ როჯერსს, უბრალოდ, შექსპირის შემოქმედება უყვარს, მისი თაყვანისმცემელია და ამ კვირეულში ამიტომ მონაწილეობს? – ნახევრად ხუმრობით ვუთხარი შჩუკინს, მან კი მითხრა:

– თეორიულად, გამორიცხული არაფერია, მაგრამ, არა მგონია, რომ „ცეერუს“ ასეთი რანგის ოფიცერი შექსპირის სიყვარულის გამო ჩადიოდეს ბრიტანეთის დედაქალაქში... აქ რაღაც იმალება.

– ვერსიები თუ გაქვთ?

– მაქვს რამდენიმე, მაგრამ, ისეთი მნიშვნელოვანი და ხელჩასაჭიდი არაფერია, რომ მიმართულება დავსახოთ. ამიტომ, ლონდონში, ადგილზე მოგიწევს ყველაფრის გარკვევა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3