კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით მალავდა ცოლი ქმრის მკვლელის ვინაობას

 

ქმრის მკვლელის დამალვისთვის 35 წლის მაგდა ს-ს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა. თავად მკვლელი ციხეში 25 წელს გაატარებს, მაგრამ, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ყველაზე საინტერესო ის გარემოებაა, რომ ორივე დაკავებული წარსულში მხოლოდ საყვარლები კი არ იყვნენ, მათ საერთო შვილიც ჰყავდათ. 

გამოძიების მასალებით, გარდაცვლილი რობერტ დ. თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს. 65 წლის კაცი მეზობელმა შემთხვევით იპოვა. მიცვალებული სისხლში ცურავდა და სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. იქვე ეგდო დანაშაულის იარაღი – გასისხლიანებული ჩაქუჩი, რომელიც თავდამსხმელმა სასიკვდილო დაზიანებისთვის გამოიყენა.

ერთი შეხედვით, ყველაფერი ნათელი იყო: სახეზე იყო ბინის ქურდობა, რადგან იატაკზე ეყარა არა მხოლოდ ლოგინები, არამედ, გარდერობებიდან და კომოდიდან გადმოყრილი ტანსაცმელი. სახლიდან წაღებული იყო ძვირფასი ნივთები – სურათები, ოქროული, ფული... 

რამდენი თავდამსხმელი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, გამოძიებისთვის დაუდგენელი დარჩა, რადგან, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზით, ბინიდან ამოღებული თითის ანაბეჭდები ერთი გარდაცვლილს, მეორე კი მის ცოლს ეკუთვნოდა. გამოძიებამ დაასკვნა, რომ ეს იყო კლასიკური ქურდობა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა, თუმცა, დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოცემული ვითარება იძლეოდა იმის ვარაუდს, რომ, შესაძლოა, გამოძიებას საქმე ჰქონოდა განზრახ მკვლელობასთან, რადგან, თუკი ქურდს მხოლოდ ქონება აინტერესებდა, ამოუხსნელი რჩებოდა რატომ მოკლეს ოჯახის უფროსი, რადგან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლებოდა, ქურდებს მისთვის ხელ-ფეხი შეეკრათ.

ასეა თუ ისე, საქმე უბედურ შემთხვევად მოინათლა და, ქონება, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნოდა პირველი რიგის მემკვიდრეზე, ანუ, ცოლზე გადავიდა, რაც 35 წლის ქვრივისთვის სერიოზული შენაძენი იყო...

ახალგაზრდა მომვლელის გათხოვების ისტორია

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მაგდა ს. სახლიდან, ფაქტობრივად, გამოქცეული იყო. რამდენიმე წელი ის ჯერ ქუთაისში, ბოლო ექვსი წელი კი თბილისში ცხოვრობდა. როგორც მის ბიოგრაფიაშია ნათქვამი, მაგდა ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, 17 წლის გათხოვდა, მაგრამ, ქმრის ოჯახმა არ მიიღო. ამიტომ, ის და მისი ქმარი რამდენიმე თვე ნაქირავებში ცხოვრობდნენ, მაგრამ, იმის გამო, რომ არც ერთის მშობლებმა მათი ოჯახის შენარჩუნებას ხელი არ შეუწყვეს, დაახლოებით ექვს თვეში ოჯახი დაინგრა და ჯერ ისევ 17 წლის გოგონა სახლში დაბრუნდა. 

როგორც მაგდა ჩვენებებში წერს, კარგი გარეგნობის გამო ის ბევრს მოსწონდა და ქმართან გაშორების შემდეგ, რამდენიმე სხვა მამაკაცსაც ხვდებოდა, თუმცა, მისი ქორწინება აღარ შედგა. განსასჯელი ამბობს, რომ მისთვის მთავარ პრობლემას მშობლები წარმოადგენდნენ, რომლებიც  განათხოვარ ქალიშვილს არსად უშვებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, სასწავლებლად ქუთაისში მაინც გაგზავნეს და საბუღალტრო ტექნიკუმი დაამთავრებინეს. ორწლიანი სწავლის შემდეგ კი მან  სამსახური იშოვა და უკვე თავად შეეძლო ბინის ქირის გადახდა, რითაც მშობლებისაგან დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება მიეცა.         

მაგდა ს-ს თქმით, მოგვიანებით მან გაიცნო დავით ლ, რომელიც მისი საყვარელი გახდა. როგორც განსასჯელი წერს, ისე შეუყვარდა, რომ უმუშევარსა და ნარკომანს თავად არჩენდა, თუმცა საყვარელი მისგან სულ უფრო მეტს მოითხოვდა, რის გამოც იძულებული გახდა, სხვა საყვარლებიც გაეჩინა. მათგან ნაშოვნ ფულს კი დათო ლ-ს აძლევდა, რომელიც წამალში ხარჯავდა.

მათი ასეთი ურთიერთობა წლები გაგრძელდა, მაგრამ, ვინაიდან ნარკომანის მოთხოვნებთან ერთად მისი აგრესიაც იზრდებოდა, მაგდა ს. იძულებული გახდა, თავიდან მოეშორებინა. მართალია, უყვარდა, მაგრამ, მეტის ატანა აღარ შეეძლო და მის გაუფრთხილებლად საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, სადაც მხოლოდ ერთადერთი ნაცნობი ჯგუფელი ყავდა. 

ბრალდებული ჩვენებაში წერს, რომ ვიდრე ჯგუფელს იპოვიდა, ღამეებს ქუჩაში ათევდა, მაგრამ, მეგობრის პოვნის შემდეგ ის ბინაში გადავიდა და სამუშაოს ძებნას აქტიურად შეუდა. 

მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ მაგდა ს. თავს ვაჭრობით ირჩენდა და უწესო ცხოვრებას საერთოდ ჩამოსცილდა. შესაბამისად, მას ყველა პატივს სცემდა. თანაუგრძნობდნენ, რადგან, ახალგაზრდა და ლამაზი ქალი ბევრს შრომობდა. ერთ დღეს კი, სრულიად მოულოდნელად, ერთი ნაცნობისგან შეთავაზება მიიღო: 63 წლის ინფარქტგადატანილ ქვრივ მამაკაცს მომვლელი სჭირდებოდა. გარდა იმისა, რომ მას თვეში 300 ლარს გადაუხდიდნენ, კომფორტულ ბინაში იცხოვრებდა და არც კვების თანხა დაეხარჯებოდა.

მაგდა ს. ამბობს, რომ შეთავაზებას მეორე დღესვე დასთანხმდა, პირობები კი იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა. 63 წლის ინტელიგენტ რობერტ დ-ს მეუღლე რამდენიმე წლის გარდაცვლილი ჰყავდა, მისი ორივე შვილი კი უცხოეთში ცხოვრობდა.

საბრალდებო დასკვნაში  ნათქვამია, რომ თითქმის 28-წლიანი ასაკობრივი განსხვავების მიუხედავად, მაგდა ს. და რობერტ დ. ოთხ თვეში დაქორწინდნენ. როგორც მეზობლები ამბობდნენ, მაგდა იმდენად ლამაზი და მომხიბვლელი იყო, რობერტს ვეღარ ცნობდნენ – ის თითქმის 20 წლით გაახალგაზრდავდაო. თუმცა, ყველაფერი მთლად ისეც არ ხდებოდა, როგორც შორიდან ჩანდა – კაცისგან განსხვავებით, ქალი მასთან გულწრფელი არ იყო.

მაგდა ს-ს ჩვენებიდან: „რობერტი არაჩვეულებრივად მექცეოდა, მაგრამ, გარდა იმისა, რომ ჩემზე ბევრად უფროსი იყო, თავიდან არ მიყვარდა და არ მინდოდა მისი ცოლი გავმხდარიყავი. გათხოვების გადაწყვეტილება დავით ლ-მ მიმაღებინა,” – აცხადებს განსასჯელი, რომლის ჩვენებიდან ირკვევა, რომ გათხოვებამდე ცოტა ხნით ადრე მის ცხოვრებაში ისევ გამოჩნდა დავით ლ. ქალი დარწმუნდა, რომ მას დავით ლ. ისევ უყვარდა და რობერტ დ-ს ბინაშიც კი აჰყავდა – საყვარლები, თურმე, იმ დროს ხვდებოდნენ ერთმანეთს, როდესაც რობერტი სტუმრად დასთან მიდიოდა. მაგდას კი იმდენად ენდობოდა, რომ სახლსაც და გასაღებსაც თავისუფლად უტოვებდა.

მაგდა ს-ს ჩვენებიდან: „რობერტი აღფრთოვანებული იყო – ჩემი დალაგებული სახლიც მოსწონდა და სადილებიც. როდესაც ცოლობა მთხოვა, მე მას უარი ვუთხარი, მაგრამ, გამოუვალი მდგომარეობის გამო დავთანხმდი. ეს მდგომარეობა ჩემი ორსულობა იყო...”

როგორც აღმოჩნდა, მაგდა ს. საყვარლისგან დაორსულდა და სწორედ ამ პერიოდში მიიღო რობერტისგან წინადადება ცოლად გაყოლაზე. ორსულობის ამბავი მას ჯერ საყვარლისთვისაც არ ჰქონდა ნათქვამი, მაგრამ, როცა მიხვდა, რომ დავით ლ-ს, ბავშვი საერთოდ არ აინტერესებდა, ქალმა გათხოვების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან, უნდოდა, რომ ბავშვი ოჯახში გაზრდილიყო, მის ქმარს კი, შესაძლოა, ვერასოდეს გაეგო, რომ ბავშვი მისი არ იყო...

მაგდა ს-ს ჩვენებიდან: „ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ბავშვის გამო მივიღე, თუმცა, ძალიან მალე ტყუილის გამო სინდისი მქენჯნიდა. რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდი რობერტს,  კიდევ უფრო მეტად მრცხვენოდა მისი. ის ჩემ მიმართ ძალიან ყურადღებიანი იყო, ჩემი ორსულობაც ძალიან ახარებდა. რეალურად, არ ვიცი, რას ფიქრობდა ჩემს ორსულობაზე და ბავშვზე, მაგრამ, ბავშვი შვილად აღიარა და ჩემთვის არასდროს არაფერი უკითხავს.

ბავშვი რომ დაიბადა, გვერდიდან არ სცილდებოდა, მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ, ყველაფერი ისევ დათოს გამოჩენამ გააფუჭა: დამირეკა და 100 დოლარი მთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამემუქრა, რომ ყველას ყველაფერს გააგებინებდა. იძულებული გავხდი, რობერტისთვის ფული მეთხოვა – მოვატყუე, რომ ჩემს მეგობარს სჭირდებოდა და დაგვიბრუნებდა. მან კი მიპასუხა, რომ ფულის აღება მის უკითხავადაც შემეძლო და მაჩვენა ფულს სად ინახავდა.

ბოლო სამი თვის განმავლობაში დათომ შანტაჟით 500 დოლარამდე გამომძალა. მუდამ ნარკოტიკის გავლენის ქვეშ მყოფი, მემუქრებოდა, რომ ყველაფერს ეტყოდა ჩემს ქმარს და ოჯახს დამინგრევდა. ვეხვეწებოდი, თავი დაენებებინა ჩემთვის, მაგრამ, ვერ მოვიშორე. ამ ყველაფრის გამო, გადავწყვიტე რობერტისთვის სიმართლე მეთქვა. ვიცოდი, მაპატიებდა, მაგრამ, ვერ გავბედე. ბოლოს დათო დამპირდა, რომ თავს დამანებებდა და ცოტა ხნით ჩემს მშობლებთან წასვლა გადავწყვიტე. სამი დღის ჩასული ვიყავი, რომ ჩვენს ბინაზე თავდასხმისა და რობერტის მკვლელობის შესახებ შემატყობინეს. მაშინვე გამკრა გულში, რომ ეს დათოს ჩადენილი იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა. დაახლოებით სამი კვირის შემდეგ მან თავად დამირეკა და მითხრა, რომ ჩემს კართან იდგა და კარი გამეღო. სხვა გზა არ მქონდა და სახლში შემოვუშვი. სწორედ იმ საღამოს მითხრა, რომ ყველაფერი მან მოაწყო და ამიერიდან, ჩვენს ბედნიერად ცხოვრებას ხელს აღარაფერი შეუშლიდა. დავემუქრე, რომ მომხდარს პოლიციაში განვაცხადებდი, მაგრამ, მიპასუხა, რომ, თუ ასე მოვიქცეოდი, ისიც სიმართლეს იტყოდა”. დანაშაულის ჩადენიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მაგდა ს. ბრალდებულად დააკავეს და გამოძიებას დეტალური აღიარებითი ჩვენება მისცა. მეტიც, სამართალდამცველებს ხელი შეუწყო დავით ლ-ს დაკავებაში. კერძოდ, გამოძიებამ დაგეგმა მათი სატელეფონო საუბრის ჩაწერა, რა დროსაც მაგდამ დავით ლ-ს კიდევ ერთხელ მოაყოლა დეტალურად, თუ როგორ მოკლა რობერტ ს. და მარტომ როგორ გაქურდა მათი სახლი. პოლიციამ ეჭვმიტანილი საუბრის დასრულებისთანავე დააკავა. 

დანაშაულის დაფარვისთვის მაგდა ს-ს 5 წლით, ხოლო მის საყვარელს, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის, 25 წლით პატიმრობა მიესაჯა.

საბოლოოდ, რეალურად, მკვლელობა გარდაცვლილის დამ, ციცო ს-მ გახსნა. მართალია, ახალგაზრდა რძალთან მას თავიდანვე კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ, ხვდებოდა, რომ ის რაღაცას მალავდა. საკუთარი ეჭვის შესახებ მან სამართალდამცველები ჩააყენა საქმის კურსში და არცთუ უსაფუძვლოდ, გამოძიებამ მოსმენები განახორციელა მაგდა ს-ს სატელეფონო ზარებზე და ამ გზით გახდა ცნობილი მკვლელის ვინაობა, რომელსაც მაგდა ს. ხელს აფარებდა... 

 

 

скачать dle 11.3