კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უწოდებდნენ პაატა წულუკიძეს „წუწკს” და რატომ გადაიხვეწა ის რაჭიდან ოდიშში

 

ფეოდალური ხანის უდიდესი მემატიანის, ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, იმერეთის მეფემ, გიორგი მესამემ, სავარაუდოდ 1617 წელს, რაჭველი თავადი პაატა წულუკიძე დასაჯა. „შერისხა რაისამე ზედა და მიუხუნა მამულნი (მამულები ჩამოართვა). პაატა წარვიდა ლევან დადიანისა თანა”.

ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე, ამ პაატა წულუკიძის ოდიშში მოღვაწეობა-საქმიანობის ცალკეულ დეტალებზე მოგითხრობთ.

 

– ბატონო გელა, რა კუთხით მიიპყრო თქვენი ყურადღება პაატა წულუკიძის პერსონამ?  ვიცით, რომ დაინტერესებული ბრძანდებით მეტსახელების დარქმევის ფსიქოლოგიური მექანიზმით. ამ თავადს კი  არცთუ სახარბიელო მეტსახელი აქვს – „წუწკი”.

– უკლებლივ ყველა მემატიანე მას ამ მეტსახელით იცნობს... ვახუშტის თავის ნაშრომში რამდენიმე ასეული პიროვნება ჰყავს ნახსენები და მათგან მხოლოდ სამიოდე კაცის ზედმეტი სახელის გადმოცემით იფარგლება: 

ბეჟან იოთამიშვილს „თაქალთოიანად“ მოიხსენიებს, ქაიხოსრო ციციშვილს „ლოპინა“ ჰქვია... „ლოპინას“ დარქმევის მოტივაციაც უცნობი რჩება და ამ სიტყვის ეტიმოლოგიაც. იმავე ეპოქაში სხვა ქაიხოსრო ციციშვილიც ცხოვრობდა და მისგან გასარჩევად გახდა საჭირო „მეორადი” ნათლობა... „თაქალთოს” მნიშვნელობას საბას ლექსიკონიდან ვიგებთ, სადაც „წუწკის” შეტანა დავიწყებიათ, გამორჩენიათ. 

„წუწკი” ოთხი სხვადასხვა მნიშვნელობით შეიძლება განიმარტოს: 1. წუწურაქი, ძუნწი. 2. ხარბი, გაუმაძღარი. 3. მსუნაგი, სულსწრაფი ჭამისას. 4. არაჯანსაღი სქესობრივი ლტოლვის მქონე... 

– „მუსუსი” გამოდგება ბოლო მნიშვნელობის სინონიმად?

– ნაწილობრივ. „მუსუსი“, საბას მიხედვით, მეტად მდომელია. მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობაში აღწერილი მომეტებული ლტოლვა მიმართულია საკუთარი საცოლისადმი, რაც დიდ მკრეხელობად არ უნდა ჩაითვალოს. „წუწკი” ბევრად უფრო უარყოფითი შეფერილობისა და ჟღერადობისაა, ვიდრე „მუსუსი”...

– დარწმუნებული თუ ხართ პაატა წულუკიძის აღვირახსნილობაში და რას ეფუძნება თქვენი თვალსაზრისი? როგორც თქვენი ინტონაციიდან მივხვდი, უფრო იქით იხრებით, რომ პაატასთვის ზედმეტი სახელის დარქმევა სექსუალურ ნიადაგზე მოხდა. გაქვთ რაიმე ხელჩასაჭიდი არგუმენტი მაგ ვერსიის დასასაბუთებლად?

– მყარი არგუმენტი არ გამაჩნია, რადგან, ამ საჩოთირო თემაზე საუბრისას ყველა მემატიანე დუმილს ამჯობინებს. ჩემს თვალსაზრისამდე კი ვახუშტის ერთი ფრაზის ანალიზითა და გამორიცხვის მეთოდით მივედი. 

– რა ფრაზაა ასეთი, რას ამბობს ვახუშტი?

– ბერი ეგნატაშვილი, ახასიათებს რა წუწკს, აღნიშნავს მის ფიზიკურ ნაკლს – სიკოჭლეს („მკელობელი”). ვახუშტი კი, როცა პაატაზე გვიამბობს, ერთ ადგილზე ფრჩხილებში უმატებს: „რომელსა უხმობდნენ წუწკად უძლურებისათვის, რამეთუ იყო კუტი.” 

გამოდის, რომ „წუწკი” ყოფილა არა „ისე” კოჭლი, არამედ – კუტი... რაც სხვადასხვა ცნებებია. „მკელობელი“ არის „კოჭლის“ სინონიმი, მაგრამ, კუტის სინონიმად არ გამოდგება. უფრო ოპტიმალური ვარიანტია – საპყარი, ხეიბარი. დღევანდელი ენით – ინვალიდი... 

თქვენც და მკითხველსაც ხაზგასმით ვეუბნები: შეცდომაში არ შეგიყვანოთ სიტყვამ – „უძლურება”, თქვენი ასოციაციები უსაფუძვლოა! სიტყვათშეთანხმება „სქესობრივი უძლურება” მეოცე საუკუნის პროდუქტია, ფეოდალურ ხანაში ამ ცნებას „ცვედანი” გამოხატავდა.

– თუ „უძლურება” უნდა უკუვაგდოთ, როგორც გარკვეული ინფორმაციის შემცველი პაატას სექსუალური იმიჯის დასადგენად, მაშინ... თუმცა, თქვენ გამორიცხვის მეთოდიც ახსენეთ.

– „უძლურება” – შეუძლებლობის აზრით არის ნათქვამი. ბუნებრივია, მხოლოდ გამართულად სიარულის შეძლება იგულისხმება. 

დავიწყოთ გამორიცხვა, შეიძლება, ლოგიკურად, აზრობრივად მართებულად მივიჩნიოთ მსჯელობა: „პაატას უხმობდნენ ძუნწად, რადგან, გამართული სიარული არ შეეძლო“?! უხმობდნენ ხარბად...  უხმობდნენ გაუმაძღრად... 

– თქვენი ჩანაფიქრის ამოცნობა სიძნელეს არ წარმოადგენს, ეგაა, რომ მთლად დამაჯერებელი არ არის! 

– განა ვამტკიცებდი, რომ ყველა დაიჯერებს- მეთქი! მესმის თქვენი დაეჭვებისა და სიფრთხილის არსიც. 

ისე, ცნობისთვის: „წუწკი” ცოლშვილიანი გახლდათ. მისი ცოლი თეთრუა ლაშხიშვილი უნდა ყოფილიყო. ცნობილია მისი ოთხი ვაჟიშვილის სახელებიც, რომელთაგან ყველაზე ავტორიტეტული და გამორჩეული მერაბი გახლდათ. 

– სხვა რა პიროვნული შტრიხები იკვეთება მისი საქმიანობის გაცნობისას?

– პაატა წულუკიძე სასტიკი, ბოროტი, შურისმაძიებელი, შეუბრალებელი და უღმერთოა. მისთვის მიტევებაც სრულიად უცხოა და მტრისა და მოყვრის გარჩევის უნარიც! 

– ალბათ, მისი შეგონებანი გაქვთ მხედველობაში?

– როცა იმერეთს მიუხდებოდნენ, მოარბევდნენ და მოიალაფებდნენ, იგი ლევან დადიანს ასე მოძღვრავდა: „არს ძლევა მტერთა შენთა ზედა დღესასწაული შენდა”. ოდიშარნი ყოველთვის ცდილობდნენ, თავიანთი გალაშქრება შობისთვის, ნათლისღებისთვის, აღდგომისთვის შეეწვერათ... ქრისტიანი, ღვთისმოშიში, ამას იკადრებდა?!

ანდა, იმერელი, თანაც ბაგრატიონი, რატომ იყო მეგრელისა და რაჭველისთვის მტერი? მეფე-პოეტი არჩილი ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობდა: „თუ ყმა ბატონს მოერევა, აჯას აღარ გამოართომს, ბევრია, რომ ღმერთსაცა ჰგმობს, პირში სულსაც ამოართომს.” 

წუწკის შესახებ, შესაძლოა, არჩილს თავისი მეურვისგანაც სმენოდა. 1661-1663 წლებში, როცა იმერეთში მეფობდა, მისი მეურვე ხოსია ლაშხიშვილია. ზემოთ ნახსენები მერაბ წულუკიძე და ხოსია, დიდი ალბათობით, ბიძაშვილ-მამიდაშვილნი უნდა ყოფილიყვნენ. 

ოდიშის სამთავროს მეორე პირი – პაატა წულუკიძე ხშირად ილაშქრებდა ჰუმანური აზრების წინააღმდეგ. დიდი შოთა ამბობს: „ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე; გინდეს სრული მამაცობა, ესე სიტყვა დაიხსოვნე.” იცით, რა აზრისაა წუწკი ამ თემაზე? 

მეჩვიდმეტე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში ლევან დადიანს თეიმურაზ პირველი ეწვია. დადიანი სტუმართმოყვარულად და გულღიად დახვდა... თეიმურაზმა იმერეთის მეფესთან, ალექსანდრე მესამესთან შერიგებაზე შუამავლობა და თავდებობა იკისრა, თანაც, ალექსანდრეს ძმის, მამუკას ტყვეობიდან გათავისუფლებაც დაამატა. ლევანმა პირობის აღსრულება აღუთქვა... მაგრამ, უცებ, საქმეში წუწკი ჩაერია და ნათესავების მორიგება ჩაშალა: „არ გაიშვება!” – და დადიანმაც მაშინვე უარყო პირობა...

ამის შემდეგ ბევრს ეცადა თეიმურაზი, ხვეწნითაც და შემუდარებითაც, ფიცის მიცემითაც, მაგრამ, არაფერმა გაჭრა. „არა აუფლა წუწკმან ამის ყოფად ესრეთ მეტყველმან: უჯერო არს განტევება მტრისა, რამეთუ, მოიცემს რა ძალსა, კუალადცა არს მტერი.“

დადიანმა შენდობა სთხოვა თავის ბიძაშვილს: მაპატიე, რაც აღგითქვი, რა ვქნა, ვერ აღვასრულებო.

ბერი ეგნატაშვილი ასე აღწერს ამ ეპიზოდს: „ესრეთ იყო დამორჩილებულ დადიანი, რამეთუ არარას მოქმედებდა თვინიერ მისსა.” 

– ბუნებრივია, თქვენთვის ცნობილია, თუ რა დიდი აზრთა სხვადასხვაობაა დადიანის პირველი ცოლის საყვარლის ვინაობის შესახებ. თქვენ რომელ თვალსაზრისს იზიარებთ ამ საკითხში?

– ვახუშტის მიაჩნდა, რომ დადიანის პირველ ცოლს, შარვაშიძის ასულს, მისი მეწდე, ანუ, მერიქიფე ჰყვარობდა... როგორც ჩანს, ვახუშტი ცდებოდა. მაშინაც ცდებოდა ის, როცა წერდა, რომ მეორე ცოლმა არც ძე გაუჩინა, არც ასულიო. არის სხვა მოსაზრებაც, რომელსაც კურიოზი უფრო ჰქვია: თითქოს, საყვარელი პაპუნა წულუკიძე გახლდათ, ანუ, პირველი ვეზირი! 

– ორივე პირველი ვეზირია? ეს პაპუნა „წუწკის” ძმა არის თუ, პაპუნა და „წუწკი“ ერთი და იგივე პიროვნებაა? 

– ზუსტად ნამდვილად არ ვიცი. ამ „მოსაზრების” ავტორმა ეს მცდარი თვალსაზრისი 1973 წელს გამოცემულ „საქართველოს ისტორიის ნარკვევების” მეოთხე ტომში განავითარა, თანაც, ყოველგვარი კომენტარისა და დასაბუთების გარეშე! მიუხედავად იმისა, რომ არავინ გაიზიარა მისი ვერსია, უფრო მეტიც – გააკრიტიკეს კიდეც, თქვენც არ მომიკვდეთ, – ახლახან გამოცემულ საქართველოს ისტორიის ოთხტომეულის მესამე ტომში ავტორმა თავისი ვარიანტი კიდევ უფრო ჩახლართა: როცა დადიანის მიერ თავისი ცოლისთვის ცხვირის მოჭრასა და გაძევებაზე საუბრობს, მაშინ პაატა წულუკიძეა საყვარელი, ხოლო, როცა დადიანისგან მოკვეთილი ვეზირი გურიიდან ცდილობს მისი მოკვლის ორგანიზებას, მაშინ – პაპუნა წულუკიძე.

– პირადად თქვენ რომელ თვალსაზრისს ემხრობით?

– ისტორიკოს ილია ანთელავას ვარიანტს ვიზიარებ, რომელსაც ზარბაზნიდან გასროლილ ვეზირად მერაბ ქორთოძე მიაჩნდა... ოლღა სოსელიაც იმავე თვალსაზრისზე იდგა...

„წუწკისა“ და დადიანის ურთიერთობის შესწავლისას, შეიძლება, ზოგს ჰიტლერისა და ჰებელსის ასოციაციები წამოუტივტივდეს...

– რატომ, ჰებელსიც ხეიბარი რომ იყო, იმის გამო?

– ბევრი კოჭლი და ხეიბარი ვიცი, რომლებიც თავიანთი საქმიანობით საქართველოს ისტორიაში დადებით პერსონაჟებად არიან ჩაწერილნი. მაგრამ, ახლა, საუბრის მიწურულს, რატომღაც, აბელ-არქიფო სეთურისა და კაკოია თაბაგარის ურთიერთობა გამახსენდა. 

– იმიტომ, რომ კოჭლი კაკოია სეთურის მარჯვენა ხელია? 

– კიდევ რა არის, იცით, საინტერესო? თაბაგარი ადრე მედავითნე იყო! „მედავითნე“ – გადატანითი მნიშვნელობით, დოგმათა უაზროდ დამცველს, სქოლასტიკოსს, ასოკირკიტას ნიშნავს. პაატა წულუკიძის ტიპს ასინეთა უფრო შეესაბამება, ის უფრო არ ეპუება აბელ-არქიფოს... 

– ასინეთა ის დედაბერი არ არის, სესილია თაყაიშვილი რომ თამაშობს მის როლს დიდებულად?

– სწორედ ის გახლავთ. 

 

 

 

скачать dle 11.3