კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ცხოვრობდა გურამ თიკანაძე უშგულში, დაღუპვამდე ერთი თვით ადრე და როგორ გაატარა მან სიცოცხლის ბოლო დღეები

 

„მთამსვლელებს ხშირად გვეკითხებიან: „რა გვაინტერესებს მთაში?“ ეს კითხვა უადგილოდ გვეჩვენება და ხშირად უპასუხოდ ვტოვებთ. ახლა, განმარტებისთვის, ზოგიერთი განცდა თუ მოგვეშველება. მთასთან არ ვლაპარაკობთ და საუბრით არ ვამყარებთ სიყვარულს. კარგად ვიცით, რომ აქ ყოველი ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული. მოწოლილი ღრუბლები ჭექა-ქუხილსა და თოვლს ფანტავენ მწვერვალთა კალთებზე, მცხუნვარე მზე კი ქვის ცვენითა და ზვავების კორიანტელით აფხიზლებს ქედებს. ჩვენ მთასთან და ყინულთან მეტ საერთოს ვნახულობთ, ვიდრე ბართან და ზღვასთან”, – წერს გურამ თიკანაძე წიგნში „მთა და მოყმე”, რომელშიც, მისი ჩანაწერების გარდა, მისი ნაცნობ-მეგობრების მოგონებებია თავმოყრილი. მოკლედ, ჩვენ ამ ერთი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცის ცხოვრების ბოლო დღეებზე მოგიყვებით, რომლის სიცოცხლემ სულ 30 წელი მოითვალა და მერე სადღაც გაქრა. 

ამბობენ, ბუნებით ძალიან უშუალო და კარგი ადამიანი იყოო. როგორც გეოლოგს, მოგზაურობა და ბუნება უყვარდა; უყვარდა მეგობრები, მათთან ყოფნა და, როგორი უცნაური და გულსატკენი ფაქტია, რომ მისი ყველაზე ახლო მეგობარი, გურამ რჩეულიშვილიც ტრაგიკულად დაიღუპა, ისიც ახალგაზრდა – სულ 26 წლის.                                   

ლელა ნიჟარაძე: „ერთხელ უშგულში ალპინისტთა ჯგუფი ჩამოვიდა. ისინი ჩვენს სახლში დაბინავდნენ. ჯგუფს დიმიტრი ობოლაძე ხელმძღვანელობდა. ერთ-ერთი წევრი ოქროსთმიანი, ცისფერთვალება ჭაბუკი იყო. მისმა გარეგნობამ და გულწრფელმა ღიმილმა ბავშვები თავიდანვე დაგვატყვევა. სულ მასთან გვინდოდა ყოფნა, ვუსმენდით და ვეხმარებოდით ყოველგვარ საქმეში. ისიც დაგვყვებოდა ტყეში მოცვის საკრეფად, ჭამდა მოცვს და კბილებჩაშავებული იცინოდა. გურამს ხშირად მოჰქონდა ბავშვებისთვის შოკოლადები, სურათებს გვიღებდა მარხილზე, ცხენზე და ტბის ნაპირას. გუშინდელი დღესავით მახსოვს, ერთ საღამოს შინაური კონცერტი გავმართეთ. გურამი აცხადებდა თითოეული ჩვენგანის სახელსა და გვარს და ხუმრობით გვართან ერთად ამბობდა: „უშგულის დამსახურებული მსახიობი”. გადიოდა დღეები, ჩვენ იმდენად შევეჩვიეთ სტუმარს, ისე შეგვიყვარდა, რომ უიმისოდ ვეღარ ვძლებდით. ალპინისტურმა ჯგუფმა ჩვენს ოჯახში ერთი თვე დაყო. ისინი შხარას მწვერვალის დასაპყრობად იყვნენ მოსული, მაგრამ, საამისო ნებართვა არ ჰქონდათ. გურამ თიკანაძე სწორედ მაშინ ცდილობდა ამ ნებართვის მიღებას და ხშირად მიდი-მოდიოდა რაიონულ ცენტრსა და უშგულს შორის. სიხარულით მივაცილებდით ხოლმე  მესტიისკენ მიმავალს სოფლის ბოლომდე და მოუთმენლად ველოდით მის უკან დაბრუნებას. რამდენიმე დღის შემდეგ ამოვიდოდა მესტიიდან და ჩვენს აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. ისიც, დიდი ხნის უნახავივით, სიყვარულით ჩაგვიკრავდა გულში. თბილისიდან შხარაზე ასვლის ნებართვა, რატომღაც, იგვიანებდა. ამის გამო გურამი ღელავდა. მისი განცდები ჩვენც გადმოგვედო. ერთ ჩვეულებრივ დღეს, გურამი მოსალაპარაკებლად წავიდა მესტიაში. ბავშვებს ერთიორად გრძელი გვეჩვენებოდა ეს დღეები და დღენიადაგ ვეკითხებოდით მთამსვლელებს გურამის დაგვიანების მიზეზს. დაჟინებით გავყურებდით გზას, მაგრამ, ის არსად ჩანდა. დიმიტრი ობოლაძემ ჯგუფის წევრებს უკან დაბრუნება უბრძანა. ბარგი შეკრეს, იქვე, აივანზე დააწყვეს და რაკი გამგზავრებამდე დრო ჰქონდათ, გაისეირნეს კოშკებისა და ძველი ეკლესიების დასათვალიერებლად. ამ ამბავმა ბავშვები დიდად შეგვაწუხა. ჯგუფი ჩვენი სახლიდან წასვლას აპირებდა – მაშასადამე, გურამიც აღარ ჩამოვიდოდა უშგულში. შუადღე მოახლოებული იყო. მე და დედაჩემი პურს ვაცხობდით, თან გურამზე ვლაპარაკობდით. სოფელში სიცარიელე იგრძნობოდა. მოსახლეობა სათიბებში გაკრეფილიყო. ირგვლივ სიჩუმე იდგა. უცებ, ყორის რახარუხი შემოგვესმა, შევკრთით და ორთავემ კარს მივაშურეთ. მოკლე გზით მოსული გურამი ყორეზე მოალაჯებდა. დანახვისთანავე მოგვესალმა და უმალ ალპინისტთა ჯგუფის ამბავი გვკითხა. მზისგან დამწვარ სახეზე ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა – ეტყობოდა, ჩქარი ნაბიჯით ევლო. შუბლზე თეთრი სვანური ქუდი ჰქონდა ჩამოფხატული და მის ცისფერ თვალებს საოცრად ამშვენებდა. ზურგზე ვეებერთელა ზურგჩანთა მოეკიდებინა, რომლის ჩამოხსნას არც კი ფიქრობდა. სახეზე სიხარული და კმაყოფილება ეტყობოდა – შხარაზე ასვლის ნება დაგვრთესო, – კმაყოფილებით წარმოთქვა და მომიბრუნდა: „ახლავე გაიქეცი, ჩემო გოგონი და ჩვენებს შეატყობინე”. მეც სიხარულით მოვკურცხლე ჯგუფის მოსაძებნად. ალპინისტების ჯგუფის წევრები გურამს გარს შემორტყმოდნენ. დიდი ფაციფუცი შეიქნა. ზურგჩანთები ხელახლა გახსნეს, საჭურველი შეამოწმეს და უფრო საიმედოდ შეკრეს. ყველაფერი მოამზადეს და ვახშმის დამთავრებისთანავე დაიძინეს. 

დილით ჯგუფი გზას გაუდგა. ბავშვები კვალდაკვალ მივყვებოდით. გასცდნენ თუ არა სოფელს, გურამს გავაყოლე თვალი და შევამჩნიე, რომ მას დაღვრემილი სახე ჰქონდა და თავდახრილი მიაბიჯებდა. მეორე დღიდან დიმიტრი ობოლაძესთან ერთად სოფლის მცხოვრებნი დავდიოდით ლამარიას ეკლესიასთან და გავცქეროდით შხარას კედელს, რომელზეც კარგად მოჩანდა მიმავალი ჯგუფის მიერ ანთებული შუშხუნები. ასე მიდიოდა დღეები. ერთ ღამეს შხარას მწვერვალზე სინათლე შევნიშნეთ, რაც მწვერვალის დაპყრობისა და უკან დაბრუნების ნიშანი იყო. სოფელი დიდმა სიხარულმა მოიცვა, განსაკუთრებით უხაროდა ობოლაძეს. აღფრთოვანებისგან მას სიმშვიდე ჰქონდა დაკარგული, ფუსფუსებდა, ქაღალდზე მონახაზებს აკეთებდა. ბავშვები მალ-მალე ვეკითხებოდით მთამსვლელთა დაბრუნების შესახებ. კვლავ დავდიოდით ღამღამობით, მაგრამ, დრო გადიოდა და შავი ბურუსი თანდათან მატულობდა, შხარას კედელი აღარ ჩანდა. ბავშვებმა მოვიწყინეთ. ბოლოს, როდესაც დაბრუნების ვადა ამოიწურა ობოლაძის მღელვარებამაც იმატა. ყველა ვწუხდით და ვღელავდით. დიმიტრი დღეში რამდენჯერმე მიდიოდა შხარას ძირას. მას ხან მამაჩემი და ხან ბიძაჩემი მიჰყვებოდა და დურბინდებით გასცქეროდნენ შხარას კედელს. ერთ დღეს ბიძაჩემმა და ობოლაძემ შხარას კედლის შუაწელზე შეამჩნიეს ძირს მომავალი ოთხი სილუეტი, რომლებიც ჯიხვებად მოეჩვენათ, მით უმეტეს, რომ თითქოს ოთხივემ უფსკრულისკენ შეუხვია. დიმიტრი ნერვიულობისგან ბავშვებს სიახლოვეს არ გვიკარებდა. ის ჯგუფის დაკარგვის საშიშროებაზე ლაპარაკობდა... შხარას ძირიდან ბიჭებმა მოირბინეს და უბედურების ამბავი მოიტანეს – ჯგუფის ოთხი წევრი დაბრუნდა, გურამი კი დაიღუპაო. ბავშვები თავდაღმა დავემხეთ და ავღრიალდით. იმ დღიდან გაოგნებულები დავდიოდით და აღარ ვიცოდით, როგორ გამოგვეხატა ჩვენი მწუხარება. მერე, როდესაც გურამის ცხედარი საკაცით ჩამოასვენეს, ვცდილობდით ცხედარი დაგვენახა, მაგრამ, რას დავინახავდით – ის მაგრად იყო შეფუთული ნაცრისფერ უხეშ ქსოვილში. საღამოს ბინდი რომ ჩამოწვა, ცხედარი ჩვენი სახლის წინ პატარა მოედანზე დაასვენეს, ბიცოლა ივდითიმ ცხარე ცრემლით და ხმამაღალი მოთქმით დაიტირა გურამი. შემდეგ კაცებმა ისევ ბეჭებზე დაიდგეს საკაცე. ამასობაში კარგად დაბნელებულიყო. მიმავალთ გზას მთვარე უნათებდათ და ზარის გუგუნიღა ისმოდა. გულჩათუთქული ბავშვები შინ დავბრუნდით. არასოდეს არ წაიშლება ჩემს მეხსიერებაში ის მწუხარე ღამე. იმ დღიდან ჩემს სახლში გურამის სურათი ხატივით კიდია“.

 

 

скачать dle 11.3