კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

როგორ აჩუქა „იავნანამ“ ნუკრი მენთეშაშვილს საცხოვრებელი ბინა და რა სენსაციურ აღმოჩენამდე მივიდა ის დაკვირვებებისა და ფიქრის შემდეგ

სულ ახალხან „იმედზე“ დაწყებულ მუსიკალურ პროექტში – „ახალი ხმა“ ნუკრი მენთეშაშვილის მიერ შესრულებულმა სიმღერამ თითქმის არავინ დატოვა გულგრილი. ნუკრის, ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით, საკმაოდ განსხვავებული მოსაზრებები აქვს, რომლებზეც‚ თურმე‚ ის ჯერ კიდევ პატარაობიდან ფიქრობდა. მას ბავშვობაც ბევრი ბავშვისგან რადიკალურად განსხვავებული ჰქონდა. 

 

ნუკრი მენთეშაშვილი: ამჟამად ვუკრავ ქუჩაში და მეტს არაფერს ვაკეთებ. ზოგჯერ არის შემოთავაზებები და პოეზიის საღამოზე ვუკრავ, ხან ჩემი  კონცერტები მაქვს. ბენდი მყავს, რომელსაც „აკრძალული ხილი“ ჰქვია. თავიდან ასეთი იდეა იყო: კაცობრიობა ისე განვითარდა, რომ აკრძალულ ხილს მიირთმევს, მაგრამ, ახლა სხვანაირად ვფიქრობ. პირიქით‚ კარგია‚ უნდა განვითარდეს, გემოვნება უნდა გამოიკეთოს. ადამიანები უნდა გადახარისხდნენ, არ უნდა მოუწოდებდნენ ვიღაცეები: შენ ასე უნდა მოიქცე, შენ – ისეო. ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი ნება და იმით გამოარჩიონ ადამიანები ერთმანეთისგან. ყველას განსხვავებული გემოვნება უნდა ჰქონდეს, მერე მეტი თავისუფლება იქნება და ადამიანები უფრო ურთიერთშეხმატკბილებულები იქნებიან. მერე, როგორი ადამიანიც გინდა, ზუსტად ისეთს არჩევ, რადგან, იცი‚ სად რა კატეგორიაა. ჯერჯერობით‚ მე რაც მინდა‚ იმას თავისუფლად ვერ ვაკეთებ. ჩემი უმთავრესი მიზანია, ჩემს ბენდთან ერთად კონცერტები გავაკეთო. მე სხვანაირი აზროვნების ადამიანი ვარ. ჩემი აზრით‚ ადამიანს შეუძლია, ერთ ოთახში მოიპოვოს თავისუფლება, ან, ფეხები და ხელები არ ჰქონდეს და მაინც მოიპოვოს თავისუფლება. ჩემს შემთხვევაში თავისუფლება ის არის, რომ ვთქვა ის‚ რაც მინდა და ჩემი მიზანია, ადამიანი მოიქცეს ისე, როგორც მას უნდა, ანუ, მეტი თავისუფლება მივცეთ. ყველა ადამიანმა მშვიდად უნდა იცხოვროს, არ უნდა იყოს საზღვრები, არ უნდა იყვნენ მეფეები, პრეზიდენტები. მაგრამ, ჯერ ჩვენი აზროვნება უნდა მივიდეს ამ დონემდე. ვფიქრობ‚ ადამიანების აზროვნება გაერთიანდება, მაგრამ‚ თუ არ გაერთიანდა‚ არც ეგ მადარდებს. ვისთვისაც ეს მიღწევადია, ისინი ჩემ გვერდით დადგებიან და ერთად მივაღწევთ ამას; ვისაც არ სჯერა, ისინი ერთად დადგებიან და, ალბათ‚ შეჭამენ ერთმანეთს. 

– მშვიდობისმოყვარე ადამიანი ჩანხარ.

– ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ხანდახან უნდა გაბრაზდეს ადამიანი. ხიწვი თუ შეერჭობა და არ გამოიძრობს, ესე იგი‚ იდიოტია. უბრალოდ‚ ვფიქრობ‚ შეიძლება ცუდი რაღაცეების დავიწყება, ან‚ პირიქით – მისი განვითარება. ოღონდ‚ ადამიანს მეხსიერება უნდა ჰქონდეს, ახსოვდეს, საიდან სად წამოვიდა, თორემ, ისევ უკან დაბრუნდება. 

– დიდი ხანია‚ ასეთი საკითხებით ხარ დაინტერესებული? 

– არასდროს არ ვკითხულობდი, არ ვსწავლობდი და უფრო მეტს ვფიქრობდი. იმიტომ არ ვკითხულობდი, რომ‚ როდესაც რამეს ვიტყოდი, ის უკვე სხვისი ნათქვამი გამოვიდოდა და არა ჩემი. დიდ პატივს ვცემ ისეთ ადამიანს, რომელიც ყველაფერს თავისით აღწევს, „რეკაშეტაა“. მეც მიმაჩნია, რომ ვარ „რეკაშეტა“. 13 წლის რომ ვიყავი‚ მაშინ ჩამომიყალიბდა ეს მსოფლმხედველობა. ძალიან ბევრი ფიქრი დავიწყე, თან‚ ისეთ რაღაცეებზე ვფიქრობდი, რაზეც დიდი ასაკის ადამიანებიც არ ფიქრობენ. ალბათ‚ ეს ზებუნებრივი ძალის დახმარებით მოხდა. ვაკვირდებოდი ხეებს, ყვავილებს, ძაღლებს, ჭიანჭველებს, ყველაფერს და ამით ბევრი რამ ვისწავლე. ფილოსოფიური გამონათქვამებიც მაქვს, ლექსებსაც ვწერ, პოემაც მაქვს დაწერილი, ვხატავდი კიდეც, რაღაცეებსაც ვიგონებ. ბოლო დროს ვამტკიცებ, რომ დედამიწა მზის გარშემო არ ბრუნავს. ზამთარში შუაღამეს რომ გაიხედავ და თანავარსკვლავედები მოჩანს, მაშინ, ზაფხულში აღარ უნდა ჩანდეს. ამას ამტკიცებს დღისა და ღამის ხანგრძლივობა. ზაფხულში დღე უფრო ხანგრძლივია და ვერანაირად ვერ გამოჩნდება ერთი და იგივე ვარსკვლავი. ჩემი ვარაუდია, რომ დედამიწა კი არ ბრუნავს, არამედ, უახლოვდება და შორდება მზეს. მართლია‚ ვარსკვლავებს დიდად არ დავკვირვებივარ ტელესკოპით, მაგრამ, ნათურაზე დავკვირვებივარ და მასზე დაყრდნობით ორი თვის წინ მომივიდა ეს აზრი, თუმცა‚ არ ვარ დარწმუნებული. 16 წლის ვიყავი, როდესაც ამ თემაზე დავიწყე ფიქრი, რადგან, მეეჭვებოდა: რატომ იყო გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. თუ დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს, მაშინ ერთი და იგივე ტემპერატურა უნდა ყოფილიყო ოთხივე დროში. მაქვს სურვილი, კიდევ დავაკვირდე და სხვა ადამიანების მოსაზრებებიც გავიზიარო.

– იმ ასაკში, როდესაც შენ ასეთ რაღაცეებზე ფიქრობდი, სხვა ბავშვები ძირითადად გართობით არიან დაკავებულები. 

– თავს ყოველთვის განსაკუთრებულად მივიჩნევდი, თუმცა‚ არასდროს მიფიქრია, რომ ვინმეზე მეტი ვარ, რადგან‚ არავინ არავისზე მეტი არ არის, გინდა მეფე იყოს, გინდა – მონა. დაკვირვებული ვიყავი და ყველაფერი მაინტერესებდა, წყნარი ვიყავი, მაგრამ, ჩუმჩუმელაც, თუმცა, ძალიან გულუბრყვილო და დამჯერი. როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი, უცნაურ ილეთებს ვაკეთებდი – შეიძლებოდა, ჰაერში სალტო გამეკეთებინა და ისე დამერტყა ბურთისთვის. კარგი მონაცემები მქონდა, მაგრამ, ბავშვთა სახლის დირექტორს არ მოუნდა, რომ ფეხბურთის თამაში გაგვეგრძელებინა. 1999 წელს საქართველოს ჩემპიონი ვიყავი კლდეზე ცოცვაში, ორ კატეგორიაში: რთულ და სწრაფ ცოცვაში. მაგარი მონაცემები მქონდა და ჩემს ყოფილ მასწავლებელს, გიორგი კომახიძეს უნდოდა‚ მე და ჩემი მეგობარი გავყოლოდით ამ საქმეს. ერთი თვე ვივარჯიშეთ და გუნდურში მესამე ადგილი ავიღეთ – ჩვენზე უფროსებს გადავუსწარით, მაგრამ, დირექტორმა არ მოინდომა, რომ გაგვეგრძელებინა. ხანდახან ვფიქრობ: რომ დავკავდე, ეს ფიქრები არ შემაწუხებს? შემაწუხებს, რადგან, ყველაფერს ვაკვირდები, ვითვლი.

– როგორც მივხვდი, უპატრონო ბავშვთა სახლში ხარ გაზრდილი.

– 4 წლის ასაკიდან უკვე აღარ ვიყავი დედასთან და მამასთან. მამამ წამიყვანა რუსთავში, ერთი ქალი იყო – მადონა, მასთან ჩემი ძმებიც იყვნენ და ერთად ვიზრდებოდით. მერე მარტო დავრჩი და შემდეგ წამიყვანა წყნეთის ბავშვთა სახლში, იქიდან ჩემს სოფელში წამიყვანეს, მამამ კი ლაგოდეხის სკოლა-ინტერნატში მიმაბარა. მერე ჩემმა ძმებმა წამომიყვანეს და ძეგვის ბავშვთა სახლში გადამიყვანეს, იქიდან გადავედი ბედიანის ბავშვთა სახლში, იქ ცუდად მოვიქეცი და უკან, ძეგვში დამაბრუნეს. ბავშვთა სახლში ცუდ რაღაცეებს მაბრალებდნენ და ვთქვი: რადგან მაბრალებენ, ბარემ გავაკეთებ-მეთქი. ბოლოს პაატა ბურჭულაძემ და „იავნანას“ ფონდმა სახლი გვიყიდა მე და ჩემს ძმებს – სულ შვიდნი ვართ. იმ სახლში ახლა მე და ჩემი მეუღლე, ალექსანდრა ადამაშვილი ვცხოვრობთ, რომელიც 17 წლის არის. 1 წლის წინ დავოჯახდით. მე‚ როგორც მახსოვს‚ მიწისქვეშა გადასასვლელში ვუკრავდი და იქ გავიცანი, თვითონ კი მეუბნება, სამხატვრო აკადემიის ეზოში გაგიცანიო. მოვწონდი, ხშირად მოდიოდა ჩემთან, მნახულობდა. სამი წელი რომ გავიდა‚ ქობულეთში ვიყავი, იქ ჩამომაკითხა და ამის მერე სულ ერთად ვართ. არ მითქვამს, ცოლად გამომყევი-მეთქი, თითქოს მარადიულად ერთად ვიყავით და ერთად ვართ. ახლა შეგვეძინა ბავშვი და ია დავარქვით. ერთი თვის და ერთი კვირის არის. როცა როგორ არის საჭირო‚ ისეთი მამა ვარ. ჩემს მეუღლეს ყველაფერში ვეხმარები. იყო მომენტი‚ როდესაც ბავშვსაც და მეუღლესაც მე ვურეცხავდი, რადგან, ასე იყო საჭირო. საერთოდ‚ ცივი ადამიანი ვარ, მკაცრიც. არ მიყვარს‚ როცა ერთი კაცის გასაკეთებელ საქმეს ორი აკეთებს; არ მიყვარს ჩემს კონცერტზე მეუღლის მოსვლა; მინდა‚ რომ ბავშვის დედა იყოს, ოჯახს დაუთმოს დიდი დრო. არაფერში არ ვზღუდავ, მაგრამ‚ მე მინდოდა მეოჯახე მეუღლე. ისე ვიქცევი‚ როგორც მე გადავწყვეტ, რადგან, ჩემზე დიდი თვითკრიტიკოსი არ არსებობს. ზოგჯერ ისე ვაკრიტიკებ საკუთარ თავს, რომ დეპრესია მემართება. 

– როდის დაიწყე სიმღერა?

– პირველად ვიმღერე „კათარზისის“ 3 წლის იუბილეზე, სადაც ბევრი სტუმარი იყო. ბებიებთან ერთად მე და მადონამ ვიმღერეთ – ეს იყო ჩემი პირველი ნამღერი. ამის მერე სულ ვღიღინებდი, ხან ვჭყაოდი, ვბურდღუნებდი, ვკნაოდი. ბავშვთა სახლშიც ვმღეროდი ხალხურ სიმღერებს, მერე დავიწყე ლექსების წერა, მოვუსმინე როკ-შემსრულებლებს, კლასიკურ მუსიკას და ნელ-ნელა ჩამომიყალიბდა გემოვნება. ყველაფერი გავაერთიანე და, რასაც რა ერგება, ისე ვაკეთებ: მუსიკასაც მე ვწერ და ტექსტსაც. „ახალ ხმაში“ იმიტომ გადავწყვიტე მონაწილეობა, რომ მეტი თავისუფლება ვაჩუქო ხალხს. ასე მგონია‚ დიდხანს არ ვაპირებ სიმღერას, რადგან, მშვიდი ცხოვრება მიყვარს. შეიძლება, ისე მოვიქცე, იფიქრონ, კაიფშიაო და ყურადღება არავის მივაქციო, თავისუფლად ვიყო. მინდა‚ მთელ მსოფლიოში იყოს ბევრი ბედნიერი ადამიანი და, მინდა, ამ პროექტის დახმარებით, ჩემი მსოფლმხედველობა ადამიანებს მივაწოდო. გამარჯვებაზეც ვფიქრობ, რადგან, გამარჯვებაზე ვფიქრობდი „ნიჭიერშიც“ და „ჯეოსტარზეც“, მაგრამ ეს ყოველთვის მენგრეოდა, თუმცა‚ ვეგუებოდი. ყველაფრისთვის ვარ მზად. ახლა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თან‚ ხალხისგან დიდი სითბო წამოვიდა. მწვრთნელებიც მეუბნებიან, სულ სხვა ტემბრი გაქვსო. მე მაქსიმალურს შევეცდები და, ვნახოთ‚ რა იქნება.

 

 

скачать dle 11.3