კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

მშობლების ჩუმად ჩემი

ძმის გაცნობას ვაპირებ

სულ ახლახან, თანაც, სრულიად შემთხვევით, ისეთი ამბავი გავიგე, რომ ემოციებს ვეღარ ვიკავებ და, ამიტომ, გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა. ჩემმა მშობლებმა ჯერ არ იციან ამის შესახებ (ანუ, მათი საიდუმლო რომ შევიტყვე) და ჯერჯერობით ვერ გადამიწყვეტია, ვუთხრა თუ არა, ან, როგორ ვუთხრა, რადგან, ჯერ პატარა ვარ და მიჭირს თუნდაც დედასთან ასეთ თემაზე საუბარი. მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული ვარ ორივეზე, რადგან, ასეთი რამის დამალვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, უფრო მეტიც – მე ეს დანაშაულად მიმაჩნია შვილების წინაშე.

საქმე ისაა, რომ, თურმე დედა მამაჩემის მეორე ცოლი ყოფილა, ანუ, მამას მანამდეც ჰყოლია ცოლ-შვილი და მე ამას მიმალავდნენ. იმან, ვისგანაც ეს ამბავი მიამბო, მითხრა, რომ მამა პირველ კურსზე იყო, თავის თანაკლასელ გოგონასთან ერთად რომ გაპარულა, რადგან გოგო უკვე ფეხმძიმედ იყო. მალე ბიჭიც შესძენიათ, მაგრამ, ხასიათებით ვერ შეწყობიან ერთმანეთს და ბავშვი 1 წლის რომ გამხდარა, სწორედ იმ დღეს გაშორებია, თანაც, უჩხუბიათ და ისე. მერე რამდენიმე წლის განმავლობაში ბავშვს არ აჩვენებდნენ და მამასაც დაუნებებია თავი. მათი გაყრიდან თითქმის ოცი წელი ისე გავიდა, მამაჩემს თავისი უფროსი შვილი არც უნახავს და არც უხსენებია. დედამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იცოდა, მაგრამ მამას საიდუმლო შეუნახა და არაფერი მითხრა. მე დედისერთა ვარ და მთელი ცხოვრება იმაზე ვოცნებობდი, და ან ძმა მყოლოდა, ესენი კი მიმალავდნენ, რომ მყავს უფროსი ძმა. შეიძლება, მან იცის ჩემი არსებობის შესახებ და უნდა კიდეც, გამიცნოს, მაგრამ, მამაზე ისეა განაწყენებული, რომ არ დგამს ამ ნაბიჯს. ან, იქნებ, პირიქითაც არის – არავითარი სურვილი არ აქვს, გამიცნოს და ჩემში მხოლოდ მტერსა და კონკურენტს ხედავს. მოკლედ, არ ვიცი, სინამდვილეში რას ფიქრობს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიცნობ და თვალითაც არ მინახავს, უკვე ძალიან მიყვარს ჩემი ძმა და ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ. ის ადამიანი, ვინც ეს ამბავი მიამბო, ჩემს ძმასა და დედამისს კარგად იცნობს და ჩემი რეაქცია რომ ნახა, შემპირდა, მათაც დაველაპარაკები და გაგაცნობო. ახლა არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ვუთხრა თუ არა მშობლებს, რასაც ვაპირებ. მაგრამ, რომ ვუთხრა, მეშინია, ვაითუ გაბრაზდნენ, დამიშალონ და ყველაფერი წყალში ჩამიყარონ. იმ ქალმა მითხრა, ჯობია, ჯერ შენი ძმა გაიცნო და მერე დაელაპარაკო მშობლებს, ანუ, ფაქტის წინაშე დააყენო და მერე ვერაფერს იზამენო.

არ მინდა, დედას და მამას ვაწყენინო, მაგრამ, ალბათ, სხვა გზა არ მაქვს და ასეც მოვიქცევი. თვითონ რომ ასეთი ამბავი დამიმალეს და 15 წელი ტყუილში მაცხოვრეს, კარგი იყო?!

თამთა, 15 წლის.

დედალმაშო ქმარი არაფერში მჭირდება

ჩემი მომავალი ქმარი ჩემი სადედამთილოს აქტიური მცდელობის წყალობით გავიცანი. საკმაოდ ცნობილი და შეძლებული ოჯახის შვილი ვიყავი და, როგორც მერე გაირკვა, ჩემმა სადედამთილომ ყველაფერი იღონა, რომ მისი რძალი გავმხდარიყავი. უნდა ვაღიარო, რომ ერთმანეთი მოგვეწონა და რამდენიმეთვიანი შეხვედრების შემდეგ დავქორწინდით. თავიდანვე გეგას მშობლებთან დავიწყეთ ცხოვრება. მამა აპირებდა ჩვენთვის ცალკე ბინის ყიდვას, მაგრამ, მოულოდნელად დედა გამიხდა ძალიან მძიმედ ავად, მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი გერმანიაში მკურნალობა იყო და, რა თქმა უნდა, არც კი დავფიქრებულვართ, ისე წავიყვანეთ, უფრო სწორად, მამამ და ჩემმა ძმამ წაიყვანეს, მე კი ვერ წავყევი, რადგან ფეხმძიმედ ვიყავი. მართალია, დედა გადარჩა, მაგრამ ოჯახს ძალიან გაუჭირდა მატერიალურად. ცხადია, ამაზე არავინ ფიქრობდა (ამას, უბრალოდ, ფაქტის აღსანიშნავად ვამბობ), მაგრამ ჩემთვის ბინის ყიდვა კი არა, სადაც თვითონ ცხოვრობდნენ ჩემები, ისიც გაყიდეს და პატარა ბინაში გადავიდნენ. სწორედ ამის შემდეგ ამომითვალწუნა ჩემმა დედამთილმა და ერთხელ წამომაძახა კიდეც, რომ მცოდნოდა, ასეთი გაღლეტილი რძალი შემრჩებოდა ხელში, ჩემი ხელით როგორ დავღუპავდი ჩემს შვილსო. თავიდან არც მე ვაქცევდი ყურადღებას, არც გეგა, მაგრამ, შეტევები ისე გახშირდა, რომ გაძლება აღარ შეიძლებოდა, გეგა კი არაფერს ეუბნებოდა დედამისს. ერთ დღეს კი, ჩემი მული თავისი ქმრითა და სამი შვილით გადმოსახლდა ჩვენთან, რადგან, ორსართულიანი სახლი, რომელშიც ცხოვრობდნენ, უცხოელებზე გააქირავეს ძალიან დიდ ფასად. ამდენი სულის გადმოსვლამ, ცხადია, ძალიან შეგვავიწროვა, მით უმეტეს, რომ თოთო ბავშვი მყავდა. მაინც არ ვიღებდი ხმას, მაგრამ, ერთხელაც, ჩემმა დედამთილმა გვითხრა მე და ჩემს ქმარს, ლოჯიაში უნდა გადმოხვიდეთ, რადგან თქვენი ოთახი ხათუნას – ჩემს მულს) სჭირდებაო. ხათუნას ისედაც ორი დიდი ოთახი ჰქონდა დაკავებული ბინაში (ოთხოთახიანი ბინა გვქონდა), ჩვენ კი ყველაზე პატარა ოთახში ვიყავით შეყუჟულები და ისიც მოუნდა ქალბატონს. გეგა უსიტყვოდ დაემორჩილა დედამისს, მაგრამ მე უკვე პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და ხმა ამოვიღე – დედამთილს ვუთხარი, ლოჯიაში როგორ უნდა ვიყოთ სამი სული, თან ორი გამავალი კარი აქვს-მეთქი (სამზარეულოში შესვლა რომ დაგჭირვებოდა, ოთახიდან ჯერ ლოჯიაში უნდა გასულიყავი და იქიდან – სამზარეულოში). თუ არ მოგწონს, შეგიძლია, შენს მშობლებთან წაბრძანდე და იქ შეგიქმნიან უკეთეს პირობებსო. ეს რომ მითხრა, გეგაც იქ იყო, მაგრამ, ხმა არ ამოუღია. ამ ყველაფრის გარდა, მთელი ოჯახის კვების ხარჯები (მულის ოჯახიანად) ჩვენს კისერზე იყო. ხათუნა ყოველდღე დელიკატესების მოტანას სთხოვდა თავის ძმას (ქმარი ხელფასსაც და სახლის ქირასაც აგროვებდა და კაპიკს არ აკლებდა), მე და ჩემს შვილს კი წამალი რომ დაგვჭირვებოდა, იმაზე ტყდებოდა ალიაქოთი – სად აქვს ჩემს შვილს იმდენი, რომ შენი პრეტენზიები დააკმაყოფილოს, ავადმყოფი თუ იყავი, რაღას თხოვდებოდიო. ყველაზე მძიმედ გადასატანი კი ჩემთვის ის იყო, რომ გეგა დედამისის უკითხავად (ან, შეიძლება, თვითონაც ასე ფიქრობდა) ცოლ-შვილისთვის ერთი ლარის დახარჯვასაც ვერ ბედავდა (ან, არ ემეტებოდა). მოკლედ, ისეთი გაუსაძლისი პირობები შემექმნა, რომ ერთ დღესაც, ჩავალაგე ჩემი და ბავშვის ნივთები და ქმარს ვუთხარი, თუ ოჯახი გინდა, ცალკე ვიქირაოთ ბინა, თუ არა – მე ჩემს მშობლებთან ვბრუნდები-მეთქი. უარი მითხრა – დედაჩემს ვერ ვუღალატებო. იმავე დღეს წავედი და ბავშვიც წავიყვანე. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ჩემი მზითევის წამოსაღებად მივედით მე და ჩემი რძალი (ძმის ცოლი), ყოფილმა მულმა და დედამთილმა გამომიცხადეს, აქედან არაფერი გეკუთვნისო. მე თავის დანებებას ვაპირებდი, მაგრამ ჩემმა რძალმა არ დაუთმო და დიდი გაწევ-გამოწევის შემდეგ ჩემი ავეჯი და მზითვის ნაწილი წამოვიღეთ, ნაწილი კი (ჭურჭელი და თეთრეული) ჩემმა დედამთილმა მაინც არ გამოგვატანა.

თავიდან მშობლებთან ვცხოვრობდით მე და ჩემი შვილი, მაგრამ, რადგან თვითონაც ძალიან ვიწროდ იყვნენ, იქვე, მეზობლად, ერთოთახიანი ბინა ვიქირავე, სამსახურში გავედი და ძიძა ავიყვანე. ჩემი ძმა და რძალი ძალიან მეხმარებოდნენ ყველაფრით, ჩემს ქმარს კი ერთხელაც არ მოუკითხავს თავისი შვილი. მოუკითხავს კი არა, სხვისი  პირით შემომითვალა, გაყრაზე შევიტანე განცხადება და ორ კვირაში სასამართლოზე უნდა მოხვიდეო. რა თქმა უნდა, თანახმა ვიყავი – რად მინდოდა ასეთი ქალაჩუნა ქმარი, რომელსაც შვილიც ფეხებზე ეკიდა და ცოლიც.

სასამართლოს ჩატარებიდან ერთი თვის შემდეგ კი მოხდა სასწაული – მამაჩემმა ლატარიაში ძალიან დიდი თანხა მოიგო. მართალია, მილიონები არ იყო, მაგრამ იმ თანხით მეც მიყიდა სამოთახიანი ბინა დიღომში და თვითონაც გაფართოვდნენ. ამ ამბის შემდეგ ძალიან მალე სამსახურში საკმაოდ დიდ თანამდებობაზე გადამიყვანეს. შესაბამისად, ხელფასიც სოლიდური დამინიშნეს და მძღოლიც მემსახურებოდა. მოკლედ, ჩვენკენაც გამოანათა მზემ. თბილისში ხომ არაფერი იმალება, საიდანღაც გეგამ და დედამისმაც გაიგეს ეს ამბები და, უნდა გენახათ, რა დღეში ჩაცვივდნენ და როგორ მოიქცნენ: ხან ერთი მირეკავდა მოკითხვებით, „მომენატრეს“ ძახილითა და ცრემლების ღვარღვარით, ხან – მეორე. უცებ, აღმოჩნდა, რომ ბავშვს მამა სჭირდება და აუცილებლად უნდა შევრიგდეთ (როცა სახლიდან გაგვყარეს და როცა გვიჭირდა, მაშინ, ეტყობა, არ სჭირდებოდა), რომ, თურმე, გეგა ჩემი სიყვარულით დნება, დედამისი კი – ჩემი მონატრებით. კი ვიცოდი, რაც იყო ამ ყველაფრის მიზეზი, მაგრამ, ბოლომდე არ მცოდნია. აღმოჩნდა, რომ გეგას სამსახური დაუკარგავს, ბინა კი დედამისს თავისი ქალიშვილის სახელზე გადაუფორმებია და ახლა ცარიელ-ტარიელი, უმუშევარი და უფულო აღარც შვილი უნდოდათ და აღარც ძმა.

ნამდვილად შემეცოდა ჩემი ყოფილი ქმარი, მაგრამ იმ დონეზეც არა, რომ ტაშ-ფანდურით მიმეღო. ერთადერთ დათმობაზე წავედი: უფლება მივეცი, როცა მოესურვებოდა, კვირაში ერთხელ, რამდენიმე საათით ენახა შვილი. ჯერჯერობით არც ერთხელ არ უნახავს, მაგრამ, როგორც გავიგე, აპირებს, ბავშვი დედამისთან მიიყვანოს და ანახვოს ნაამაგარ და მზრუნველ ბებიას, მაგრამ, ალბათ, ამის უფლებას არ მივცემ, თუნდაც მთელმა ქვეყანამ გამამტყუნოს. გეგას კი არასდროს შევურიგდები, ცხოვრებაში კაცმა რომ აღარ შემომხედოს.

მარიამი, 28 წლის.

 

скачать dle 11.3