კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა განისაზღვროს კეთილსინდისიერი და მიტმასნილი დაზარალებული წართმეული კერძო საკუთრების დაბრუნების პროცესში

 

უკვე ცნობილია, რომ არა ერთი სისხლის სამართლის საქმე გადაიხედება, იმავდროულად, გადახედვას დაექვემდებარება კერძო საკუთრების გადაცემა-გადმოცემის საქმეებიც. ყველას გვახსოვს, რომ ვარდების რევოლუციის აისზე კერძო საკუთრება ხელიდან ხელში გადადიოდა. განსაკუთრებით მონდომებულად მეწარმეები გამოირჩეოდნენ: პანტა-პუნტით სჩუქნიდნენ სახელმწიფოს თავიანთ საკუთრებას, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ, ოღონდ უმეტესწილად მათი მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. შესაბამისად, პირველი ოქტომბრის შემდეგ ერთ საკუთრებას ლამის რამდენიმე მფლობელი გამოუჩნდა. მეორე მხრივ, ისიცაა, რომ შესაძლოა, სადავო ქონება უკვე კეთილსინდისიერი მფლობელის ხელშიც იყოს. როგორც უნდა იყოს, ახალი ხელისუფლება საზოგადოებას სამართლის დაპურებას ჰპირდება და, როგორც კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, სახელმწიფო დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემასაც გეგმავს, თუ რიგ, ობიექტურ მიზეზთა გამო, საკუთრების დაბრუნება ვერ ხერხდება.

რას ნიშნავს საკუთრების ახლებურად და სამართლიანად გადანაწილება და როგორ შეიძლება, წარიმართოს ეს პროცესი? –  ჩვენს შეკითხვებს გია ხუხაშვილი უპასუხებს.

 

– როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესის რეალურად განხორციელება და თუ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი სხვა ქვეყნებში?

– ზუსტი ანალოგიის მოძებნა გამიჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ,  ასეთი რამ მომხდარა ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც რეჟიმი ახერხებდა ეკონომიკურ გადანაწილებას უხეში, უსამართლო მეთოდებით. გეთანხმებით, რომ პროცესი რთულად სამართავია და გარკვეულწილად თავის თავში გულისხმობს ამნისტიას. ოღონდ ამნისტიას არა იმ გაგებით, რომ სამართლიანობა არ აღდგეს, არამედ  მოდავე სუბიექტებს უნდა მიეცეთ მორიგების საშუალება და ამ შემთხვევაში შესაძლოა, ხელისუფლებამ თვალი დახუჭოს იმ მეთოდებზე, რა მეთოდებითაც ეს ყველაფერი თავის დროზე განხორციელდა. თუ, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის დანაშაულთან არ გვაქვს საქმე.

თუ დაზარალებულს მეორე მხარე ამა თუ იმ ფორმით ნებაყოფლობით აუნაზღაურებს მიყენებულ ზარალს, შეიძლება, ქონება დააბრუნოს ან კომპენსაცია გადაუხადოს და დაზარალებული კმაყოფილი იქნება, ჩვენ ეს შეიძლება, განვიხილოთ, როგორც ინციდენტი და სამართალი არ ამუშავდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არ არის ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული.

– დავაზუსტებ, რას ნიშნავს, თუ სისხლის სამართლის დანაშაული არ არის ჩადენილი; მუქარით რომ გამოსძალავ ქონებას, ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული? ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მე, ჯვარი მწერია, წავართმევ ვინმეს რამეს, ვისარგებლებ, შემდეგ დავუბრუნებ და ასე ხახვივით შემრჩება ძალადობა?

– წართმევის სხვადასხვა ფორმა არსებობს. ზეწოლა სხვადასხვა სახის არის, რაც შეიძლება, ხანდახან გადიოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ზღვარზე, მაგალითად, სახელისუფლო რესურსის გამოყენება, მითითებითი მოთხოვნა და ასე შემდეგ.

– ანუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ შემთხვევებზე, რის დამტკიცებაც უფრო რთულია, რადგან ზეწოლა განხორციელდა სიტყვიერად და, ამდენად, პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს?

– ლაპარაკია იმაზე, რომ შესაბამისი კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, თუ მხარეები მორიგდებიან და კმაყოფილი იქნებიან, სახელმწიფო არ ჩაერიოს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ქონებრივი დავები ტოტალური პრობლემა გახდა და ძალიან მძიმე პროცესები გველის. ამასთან, ჩვენ სხვა პრობლემაც გვაქვს: თვითონ სასამართლოებშია მძიმე მდგომარეობა, სასამართლოსადმი ნდობა ძალიან დაბალია და, ამდენად, ამ სასამართლოში სამართლის ძიება ძალიან რთულია და ეს სისტემაც დასალაგებელი გვაქვს. ასე რომ, არ გამოვრიცხავ და პირადად მე, ვიფიქრებდი იმაზე, რომ გავაძლიეროთ კერძო არბიტრაჟის სისტემა და მისი სტიმულირება მოვახდინოთ.

– შევახსენოთ მკითხველს, რომ არბიტრაჟი თითქმის გაუქმდა.

– იმდენად დაიჩეხა, რომ ფუნქცია დაკარგა. მე ვფიქრობ, რაღაც ინიციატივებია შემოსატანი, რომ გავაძლიეროთ და გავაჯანსაღოთ სისტემა, ისეთი ინსტიტუტების ამუშავებას შევუწყოთ ხელი, რომ საქმეები გადანაწილდეს და სასამართლოებს არ დააწვეს მთელი ეს ტვირთი. ასე რომ, ეს კომპლექსური ამოცანაა და სხვადასხვაგვარი მიდგომა უნდა განხორციელდეს. ამასთან, არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესს ბევრი მიეტმასნოს, რომელთა მიზანი მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა არ არის.

– აი, ამის კითხვას ვაპირებდი: ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა.

– დიახ და, ამდენად, პროცესი რთულად სამართავია. ვფიქრობ, რომ ამოცანა მძიმეა, მაგრამ აუცილებელია მისი გადაწყვეტა. იმიტომ რომ სამართლიანობა ყველა შემთხვევაში უნდა აღდგეს, სხვანაირად ჩვენი ქვეყანა მუდმივად იქნება იმ საფრთხის წინაშე, რომ უსასრულოდ გაგრძელდეს ეს პროცესი და, თუ დავტოვებთ რამე კითხვებს, ეს ასეც იქნება. მძიმე პროცესია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ის განუკითხაობა რაღაცნაირად უნდა გამოვასწოროთ –  სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს.

– თუ მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო აღარ გამოიყენებს კანონს მიმთვისებლის დასასჯელადო. „იმედის“ დაბრუნებაა ამის მაგალითი?

– „იმედი“ სპეციფიკური შემთხვევაა და ვერ ვიქნებოდი ამაში ასე დარწმუნებული. მე არ ვარ იურისტი, რომ კვალიფიციური დასკვნა გავაკეთო, მაგრამ, რაც მოხდა, ანუ მორიგება ოჯახსა და ხელისუფლებას შორის არ გამორიცხავს პასუხისმგებლობას, თუ ამ პროცესში მოხდა დანაშაული. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოჯახისა და ხელისუფლების გარდა აქ იყვნენ სხვა მხარეებიც და ჩვენ ვიცით, რომ აქციების ნომინალური მფლობელი იყო გოგი ჯაოშვილი, რომლის ჩვენებებშიც საკმაოდ შემაშფოთებელი სიმპტომებია. მე არ ვიცი, ალბათ, გოგი ჯაოშვილი მიმართავს შესაბამის ორგანოებს, რადგან ისიც დაზარალებულია ამ პროცესში, შესაძლოა, არა მატერიალურად, მაგრამ ფიზიკურადაა დაზარალებული. როგორც ის ამბობს, მის მიმართ ტერორი განხორციელდა. ამდენად, არ გამოვრიცხავ, რომ ამას მიეცეს სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაცია და ამ შემთხვევაში იქნას გარკვეული გაგრძელება. თუმცა ეს არ არის ჩემი პირდაპირი საქმე და მხოლოდ ჩემს მოსაზრებას ვამბობ. „იმედის“ სპეციფიკა განსხვავებულია და ის ერთადერთი არ არის: ასეთი საქმე ბევრი იქნება. მორიგება ვერ უზრუნველყოფს პასუხისმგებლობის აცილებას. გარკვეულ შემთხვევებში ეს შესაძლებელი იქნება, გარკვეულ შემთხვევებში –  შეუძლებელი.

– არის შემთხვევები, როდესაც მეტწილად ღამღამობით ადამიანები ჯგუფურად აჩუქებდნენ ხოლმე სახელმწიფოს ქონებას, ამდენად, შესაძლოა, დოკუმენტურად ყველაფერი ძალიანაც წესრიგში იყოს. მეორე მხრივ, იქნებ მართლაც აჩუქა და მერე რა, რომ რატომ უნდა ეჩუქებინა. ეს ნიშნავს, რომ თითოეული შემთხვევისთვის გამოძიება უნდა ჩატარდეს?

– თუ სარჩელი შედის, შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, გამოიკვლიონ საქმე. მე არ მივყვები ამ პროცედურებს, რადგან მაინცდამაინც კომპეტენტური არ ვარ და შემიძლია ვილაპარაკო მხოლოდ ზოგად პრინციპებზე. მძიმე და რუტინული სამუშაო იქნება, ჩვენდა სამწუხაროდ და ძალიან დეტალურად ნუ მომთხოვთ ანალიზს.

– მე არ გთხოვთ დეტალურ ანალიზს, უბრალოდ თქვენი ხედვა მაინტერესებს. ეს მეტად აქტუალური საკითხია ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის და შესაძლოა, მათ გადამეტებული ან ნაკლები მოლოდინი ჰქონდეთ, ამიტომ წინასწარ შევამზადოთ.

– სიმართლე გითხრათ, ცოტა მეშინია კიდეც ამ პროცესის.

– მეც.

– რადგან ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ წინა ხელისუფლებას და არ უნდა დავიწყოთ ქონების ტოტალური გადანაწილება, სადაც მტყუან-მართლის გარკვევა ძალიან გაჭირდება, ასე რომ, ინსტიტუციურად გვაქვს ეს პროცესი დასალაგებელი, ამიტომაც ეს პროცესი უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე და სამართლიანი. იცით, რა არის საფრთხე? არ დაემსგავსო შენს წინამორბედს, თუ ვერ მოახერხებ ამ ყველაფრის ობიექტურად მართვას. ეს არის ძალიან ფაქიზად წარსამართი პროცესი და დროში საკმაოდ გაწელილიც, იმიტომ რომ ცეცხლითა და მახვილით ამ საქმის კეთება არ შეიძლება და არც რევანშისტული განწყობით, რადგან ამით შეიძლება მივიღოთ მეორე უბედურება. ფაქიზი პროცესია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია.

– ქონების გადაფორმების პროცესში ჩართულნი იყვნენ ნოტარიუსებიც, ერთი-ორის გვარი ლამის ეროვნულ კუთვნილებად იქცა. უბრალოდ ახლა არ დავასახელებ მათ გვარებს. იმ ნოტარიუსების წინააღმდეგ თუ აღიძვრება საქმე?

– მე გამიჭირდება რამე კონკრეტული სქემა, თუმცა ვიმეორებ, თუ ნოტარიუსები ჩადიოდნენ დანაშაულს, მათ არ აქვთ არანაირი იმუნიტეტი.

– გარდა კერძო საკუთრებების გადაფორმება-გადმოფორმებისა, საკმაოდ ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანებს იჭერდნენ და გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ ათავისუფლებდნენ. ეს თანხები საკმაოდ მრავალნულიანი იყო და ხშირად მათ უწევდათ თავიანთი ქონების გაყიდვა. ასეთი შემთხვევებიც გადაიხედება?

– ეს ინდივიდუალურად განსახილველი შემთხვევებია. ბუნებრივია, იქნება შემთხვევები, როდესაც ბევრმა წესიერმა ადამიანმა გაყიდა სახლი, იმიტომ რომ არ დაეჭირათ ან მისთვის უარესი არ ექნათ, თუმცა, ალბათ, იქნება შემთხვევები, როდესაც დაჭერილი ადამიანები მთლად ანგელოზებიც არ ყოფილან. ანუ ერთიან ქვაბში ამის მოხარშვა შეუძლებელია. ყველა ეს საქმე ინდივიდუალურადაა განსახილველი და სამართლიანი გადაწყვეტილებაა მისაღები. გასაგებია, რომ სისტემა იყო უხეში. რაც ვნახეთ ციხეში, ფაქტობრივად, იგივე ხდებოდა გარეთაც. უბრალოდ ციხეში ცოცხი პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენებოდა, სხვაგან –  გადატანითი, მაგრამ ეს ერთი და იგივე მეთოდია. ერთიც და მეორეც ღირსების შემლახველია. 

– მე ჩემს პროფესიაზე ვიტყვი: დეზინფორმატორი ჟურნალისტი ზუსტად ისეთსავე ძალადობას ახდენს საზოგადოების ტვინზე, რასაც მოძალადე ბადრაგი  –  პატიმრის სხეულზე.

– რაც ხდებოდა ციხეში, ხდებოდა სხვა სეგმენტშიც, ანუ ღირსების აყრა იყო მოქმედების მთავარი იარაღი. სამწუხაროდ, ეს ტოტალური პრობლემა იყო, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, რეჟიმის გასამართლება გვიწევს, ამ პროცესში უნივერსალური მიდგომა, რომ ყველა მართალია, ვინც რეჟიმს ედავება, არ გამოდგება. რეჟიმი ცალსახად დამნაშავეა, მაგრამ, ვისაც სჯიდნენ, მათგან ყველა არ იყო ანგელოზი და ესეც გასათვალისწინებელია.

– დავის თავისებურება ის არის, რომ ორივე მხარე შეუძლებელია, დარჩეს კმაყოფილი. უკმაყოფილოთა არმიის საფუძვლის შექმნის საფრთხეს ხომ არ ხედავთ?

– ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ფაქიზი და რთული პროცესია. არ შეიძლება, ყველა იყოს კმაყოფილი, მაგრამ ეს არ უნდა დაემსგავსოს რევანშს. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი და უნდა ჩავეტიოთ სამართლისა და სამართლიანობის ფარგლებში. გადამლაშება არ შეიძლება და ეს არანაკლებ რთული პროცესია, ვიდრე ის ერთი წელი, რის შედეგადაც დამარცხდა რეჟიმი. საქმე ის არის, რომ სისტემა ბევრად უფრო მდგრადია, ვიდრე საკუთრივ რეჟიმი. სისტემას აქვს ადაპტაციის უნარი. თუ ჩვენ იმავე მეთოდებით ვიმოქმედებთ, გავხდებით ისეთნაირი, როგორიც იყო წინა ხელისუფალი. ანუ ურჩხულთან ბრძოლაში საკუთარ თავში არ უნდა გავზარდოთ ის ურჩხული, რომელიც შემდეგ მძევლად აგვიყვანს, ამიტომ ამ პროცესში აუცილებელია მუდმივად აუდიტის ჩატარება, რომ არ მოხდეს ზედმეტი ძალის გამოყენება და მთელ ამ პროცესში სამართლიანობა უპირობოდ იყოს დაცული.

– პირადად მე გავაკეთე ის მასალა და ზუსტად ვიცი, როდესაც შევარდნაძის ხელისუფლებამ გაასამართლა გურამ აბსანძე, მას 64 ბრალდება წაუყენა პროკურორმა, სახელმწიფო ბრალდებელმა, ვარდების რევოლუციის შემდგომ საქმე გადაიხედა და გურამ აბსანძეს 64-დან 63 ბრალდება მოუხსნეს. ის პროკურორი, რომელმაც 64 ბრალდება წაუყენა, ვარდების რევოლუციის შემდეგაც მუშაობდა პროკურატურაში. იმის თქმა მინდა, რომ საკადრო რესურსი თუ გვეყოფა?

– ეს სკეპტიციზმი გასაგებია, რესურსის სიმწირე იქნება ამ პროცესში და ძალიან დიდი სამუშაო იქნება ჩასატარებელი, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვაქვს. არ გვაქვს უფლება, უარი ვთქვათ სამართალზე. ძალიან მძიმე პროცესი იქნება და შეიძლება, დიდი ხნითაც გაიწელოს დროში ზუსტად იმ მიზეზით, რომ სახელმწიფო სამართლებრივი მანქანის რესურსი არ ეყოს ამ ყველაფრის მომსახურებას, მაგრამ ჩვენ უნდა მივყვეთ რეალობას, რომელსაც ვერსად გავქცევით. სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს.

– ხომ არ იცით, როდის დაიწყება ეს პროცესი და არის კავშირში აი, იმ საგამოძიებო კომისიასთან, რომელიც იქმნება პარლამენტში?

– საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ეს არის მხოლოდ ერთი, მე ვიტყოდი მცირე სეგმენტი და ეს უფრო პოლიტიკური სეგმენტია. საკუთრებით საქმეების განხილვის ცენტრი, ჩემი აზრით, სამართალდამცავი სტრუქტურები უნდა გახდეს. თუ შესაძლებელი გახდება საქმეების კერძო არბიტრაჟში გაწვევა, ეს იქნება მისასალმებელი, სასამართლო, თავისთავად, მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას. ანუ, ძირითადად, სახელმწიფომ უნდა იმუშაოს. რაც შეეხება საპარლამენტო კომისიას: მას თავისი ფუნქცია აქვს და ის ამას ღირსეულად გაართმევს თავს.

 

 

 

скачать dle 11.3