კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში დაეკისრებათ დამქირავებლებს დათხოვნილი თანამშრომლისთვის საგრძნობი კომპენსაციის გადახდა და როგორ შეიძლება, მორიგდნენ დამქირავებლები და დაქირავებულები

 

პირველ ოქტომბრამდე ისეთი იდილია იყო, რომ დაქირავებულები დამქირავებლებს უსიტყვოდ და უპირობოდ ემორჩილებოდნენ. ან კი როგორ არ დაემორჩილებოდნენ, როდესაც „შრომის კოდექსი“ არათუ აღმართს ხნავდა, დაქირავებულებსაც ზედ აყოლებდა. კიდეც უნდა მიეყოლებინა, რადგან ასეთი იყო ჩანაფიქრი, რასაც არც მალავდა პრემიერ-მინისტრი გილაური, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო. ეს უკანასკნელი მეტად ამაყობდა საქართველოს შრომის კოდექსის მოქნილობით. კერძოდ, ბრძანებდა, რომ ინვესტორისთვის ყველა პირობა იყო შექმნილი საიმისოდ, თანამშრომელი, როდესაც უნდოდა და სრულიად უმიზეზოდ დაეთხოვა (სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ). მაგრამ ხანი გამოხდა, ხელისუფლება შეიცვალა და ახალი მთავრობა დამტკიცებულიც არ იყო, რომ სრულიად საქართველოსგან დარჩენილ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე გაფიცვებიც დაიწყო. სხვათა შორის, მეტად ყოფითი მოთხოვნებით: ხელფასის მომატება, სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა. ისიცაა, რომ აქამდე გაფიცვების შეწყვეტაში (არადა, გაფიცვა სავსებით დემოკრატიული ქმედებაა) ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები აქტიურად ერეოდნენ. მაგრამ ეს პირველ ოქტომბრამდე იყო: შესაძლოა, იმიტომ რომ ზურგს ვეღარ გრძნობენ, დამქირავებლებმა იკადრეს და დაქირავებულების მოსმენა მაინც მოისურვეს (თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ შრომის მოქმედი კანონმდებლობით, ჩვენ, დაქირავებულები დამქირავებლების მონები ვართ). იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ „შრომის კოდექსის“ გადახედვას დაგვპირდა, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს დაქირავებულთა პირობების გაუმჯობესების პერსპექტივაზე გავესაუბრეთ.

– რა როლი შეასრულა პირველი ოქტომბრის არჩევნებმა გაფიცვების გააქტიურებაში, ანუ იმ განცდის გაცოცხლებაში, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ქართველი დაქირავებულები მონები არ ვართ? 

– რა თქმა უნდა, ამ პროცესების დაჩქარებაში არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებამ დადებითი როლი შეასრულა, მაგრამ ეჭვი არავის შეეპაროს იმაში, რომ იგივე პროცესები დაიწყებოდა, ძველი ხელისუფლებაც რომ დარჩენილიყო და უფრო უარესიც მოხდებოდა თითოეული ჩვენგანისთვის, იმიტომ რომ უუფლებობა ხალხს ყელში ჰქონდა ამოსული და თავის სიტყვას, რა თქმა უნდა, იტყოდა.

– ალბათ, უფრო უხეში ფორმებით, ვიდრე დღეს ხდება?

– რა თქმა უნდა, ამიტომაც ვამბობ, რომ ეს უფრო დიდ ზიანს მოგვიტანდა. ხშირად საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს სპონტანური ხასიათი აქვს, რაც ბუნებრივია, მიზნის მიღწევას ართულებს, იმიტომ რომ აქციისა და გაფიცვის მოწყობას თავისი წესი აქვს.

– თვით ჩვენი ამჟამინდელი მონური „შრომის კოდექსიც“ ითვალისწინებს გაფიცვებსა და პროტესტს თანამშრომლების მხრიდან.

– ითვალისწინებს, მაგრამ ის შეზღუდვები, რასაც აწესებს „შრომის კოდექსი“, რთულად დასაცველია. სპონტანურობაში ვგულისხმობ იმას, რომ გაფიცვის დაწყებამდე აუცილებელია, ადმინისტრაციის გაფრთხილება, რადგან იქნებ ადმინისტრაცია მოდის დათმობებზე?! ხშირად ბიზნესმენების უმეტესობა წახალისებული იყო ხელისუფლების მხრიდან და ყურადღებას არ აქცევდა გაფიცვას. მაგალითად, „ჰერკულესში“ საპროტესტო აქცია პრეზიდენტის ინიციატივით დაიშალა. გაფიცვის შეწყვეტისთვის გამოყენებული სახელისუფლო რესურსი მოწმობს, რომ თანამდებობის პირი, რომელიც ჩაერია, ძალიან მაღალი რანგის იყო.

– ცნობილია, რომ ახლა უკვე ძველი ხელისუფლება არ აპირებდა მოქმედი „შრომის კოდექსის“ შეცვლას, თუმცა ახალი ხელისუფლება გვპირდებოდა წინასაარჩევნოდ, რომ „შრომის კოდექსს“ შეცვლიდა. თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს მოქმედ კოდექსში თუ მაინც ახლის დაწერაა აუცილებელი?

– აბსოლუტურად ვეთანხმები ნოდარ ხადურის გამონათქვამს, რომ ეს კოდექსი დასახევია. დასაწვავია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რადგან ეს არის კარგი რეცეპტი საიმისოდ, თუ როგორ უნდა დაიმონო ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანი. ამდენად, მე არც კი ვიცი, რა უნდა შეიცვალოს კოდექსში, ის ხელახლაა დასაწერი, იმიტომ რომ არაფერი აქვს საერთო კლასიკურ შრომის კოდექსთან. ეს ვიღაცის ფანტაზიაა და ვიღაცეების ოცნება ასრულდა ასეთი კოდექსის შექმნით. იმიტომ რომ ძალა ჰქონდათ და კანონად აქციეს, როგორ შეიძლება, დაიმონო ადამიანი.

– საბჭოთა შრომის კოდექსთან შედარებით როგორ გამოიყურება?

– ჩემი დამოკიდებულება საბჭოთა კავშირთან ცნობილია, მაგრამ საბჭოთა კოდექსი ამასთან შედარებით ფრთიანი ანგელოზია. ჩვენს დღეს მოქმედ კოდექსს კოდექსი არ ჰქვია, არც ერთი თავმოყვარე სახელმწიფო თავის მოქალაქეს მონობის ასეთი დოგმებს არ დაუწესებს.

– რა უნდა იყოს ახალი თუ ახლებური „შრომის კოდექსის“ ძირითადი მიმართულებები?

– თქვენთან ინტერვიუშიც არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, ჩვენი პროფკავშირიც, თქვენი ჟურნალიც და ყველა ორგანიზაცია შემოვლებია ჩვენს სამშობლოს. ჩვენი მიზანი არ არის, რომ დომინანტი იყოს პროფკავშირები. მართალია, გაფიცვებს ასეთი ელფერი აქვს, მაგრამ ჩვენ რევანში არ გვინდა, სხვა გზა უბრალოდ არ დაგვიტოვეს. შრომის კოდექსი უნდა იყოს შუალედური, რომ დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა ერთობლივი შეთანხმებით, დააწესონ მინიმალური ნორმები, რის ქვემოთაც ვერავინ ჩამოვა და რაც თავიდან აიცილებს ბიზნესის გაკოტრებას. ამდენად, ოქროს შუალედის გამოძებნაა საჭირო. მეორე მხრივ, ეს ოქროს შუალედი პროფკავშირს გამოძებნილი აქვს, ალტერნატიული კოდექსიც დაწერილია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით. ასე რომ, ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. უბრალოდ, ამას სჭირდება ქართულ რეალობასთან მიახლოება, რომ ბიზნესი გახდეს წარმატებული, მაგრამ არა დასაქმებულთა უფლებების ხარჯზე. ეს მარტივად მოსახერხებელია, თუ პოლიტიკური ნება არსებობს და ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ნება აქვს კოალიციას.

– სწორედ ეს მაინტერესებს, რა პრინციპები უნდა იყოს დაცული, რომლებიც უზრუნველყოფს დაქირავებულის ადამიანად აღიარებას?

– ასოციაციის თავისუფლება და კოლექტიური ხელშეკრულებები.

– პროფესიულ ასოციაციებს გულისხმობთ?

– დიახ, პროფესიულ ასოციაციებს. შეიძლება, შეიქმნას მშრომელთა საბჭოები, შეიძლება, შეიქმნას პროფკავშირები. განვმარტოთ თითოეული: ასოციაციის თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ ასოციაცია ორიენტირებულია საწარმოს განვითარებაზე, ოღონდ ამ განვითარებაში აქვს თავისი ხედვა, რომ დასაქმებულის უფლებები იყოს დაცული. მეორე მხრივ, ბიზნესსაც აქვს თავისი ხედვა: მინიმალური დანაკარგებით მაქსიმალური მოგება მიიღოს. როდესაც ასოციაცია თავისუფალია, ორივე ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია. რაც შეეხება კოლექტიურ ხელშეკრულებას: ამერიკაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ჩემი საქმიანობის ადრეულ პერიოდში, დოკერები აღფრთოვანებული იყვნენ იმით, რომ გაფიცვის უფლება აიკრძალა კოლექტიური ხელშეკრულებით. მე ეს გამიკვირდა, პროფკავშირებს რა უხარიათ, თუ გაფიცვის უფლება შეუზღუდეს-მეთქი, მაგრამ, როგორც შემდგომ გავარკვიე, იმ ხალხს ის უხაროდა, რომ გარანტიები მიიღეს დამსაქმებლის მხრიდან, რის გამოც დამსაქმებელმა მოითხოვა, თუ მე ჩემს ვალდებულებებს შევასრულებ, თქვენ აღარ უნდა გაიფიცოთო. უნდა შედგეს ღირსეული და თავისუფალი მოლაპარაკება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, რითაც ერთმანეთს გააგებინებენ, რა უნდათ და რისი საშუალება არის. ეს დგინდება სწორედ „შრომის კოდექსით“. კანონით, მინიმალური სტანდარტი უნდა იყოს დაცული.

– რა არის ეს მინიმალური სტანდარტი?

– მაგალითად, სამუშაო დრო, რვასაათიანი და არა ის, რაც წერია ამჟამად მოქმედ შრომის კოდექსში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 

– და ეს ხანდახან 24-საათიანი სამუშაო რეჟიმია.

– ეგრეთ წოდებული სამუშაო საათებს ზემოთ ანაზღაურება, შრომის ინსპექცია და მისი დაცვა, სამედიცინო მომსახურება და დაზღვევა.

– შვებულება, რომელიც უნდა აგინაზღაურონ?

– ეს მოახერხა პროფკავშირებმა და მოქმედ „შრომის კოდექსში“ არის გათვალისწინებული 24-დღიანი შვებულება, თუმცა ბატონ ბენდუქიძეს უნდოდა, რომ 15-დღიანი ყოფილიყო.

– თუმცა დამსაქმებელს შეუძლია, ერთ წელს არ გაგიშვას შვებულებაში.

– ამ პრობლემას იმით აგვარებენ, რომ დასაქმებულებთან ერთწლიან ხელშეკრულებებს აფორმებენ და, თუ მოითხოვთ შვებულებას, მარტივად გეტყვიან, რომ კონტრაქტის ვადა ამოგეწურა, რატომ უნდა გადაგიხადო ზედმეტად შვებულების თანხა და დატოვე კომპანიაო.

– შვებულება აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს?

– რა თქმა უნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დანაშაულია. 

– ანაზღაურების მინიმალური სტანდარტი არ უნდა დაწესდეს? მაგალითად, ცნობილია, რომ ამერიკაში არ შეიძლება, დაქირავებულს ერთ საათში 8 დოლარზე ნაკლები გადაუხადო, ოღონდ ეს არ ვრცელდება რამდენიმე პროფესიაზე. რომელთათვისაც ნორმა 4 დოლარია.

– ევროპული ქარტია, რასაც ჩვენ ვართ მიერთებული, ამას არ ითვალისწინებს, სამაგიეროდ, ჩვენთან არის მინიმალური ხელფასის ცნება და, თუ მინიმალური ხელფასი ადეკვატური იქნება, ამ შემთხვევაში თავისთავად დარეგულირდება ეს საკითხი. ახლა ჩვენთან მინიმალური ხელფასი სასაცილოა –  კერძო სექტორში 20 ლარია, სახელმწიფო სექტორში, თუ არ ვცდები, 115 ლარი.

– კოლექტიური ხელშეკრულების პირობები უნდა განისაზღვროს კანონითო, მაგრამ უმუშევრობა იმდენად ტოტალური პრობლემაა, რომ დამქირავებელს ზეპირი მოლაპარაკებით შეუძლია, დაიყოლიოს დაქირავებული, რის წყალობითაც, მას აღარ მოუწევს მის წინაშე არანაირი ვალდებულების აღება და კოლექტიური ხელშეკრულების არსიც იკარგება?

– ზეპირ შეთანხმებებს გულისხმობთ? კანონით დავარეგულიროთ და აღარ იარსებებს ზეპირი შეთანხმებები. ზეპირი შეთანხმებებით, უპირველესად, ზარალდება ბიუჯეტი. შეგითანხმდებათ 300-დოლარან ხელფასზე, მაგრამ გამოგიწერთ 40 ლარს და იმ 40 ლარიდან გადაუხდის ბიუჯეტს საშემოსავლოს. ამას დაქირავებულისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მხოლოდ ბიუჯეტი კარგავდა თანხას. მე არ ვიცი, რატომ აკარგვინებდნენ ბიუჯეტს შემოსავლებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მათთვის ხელსაყრელი იყო.

– ვადიანი ხელშეკრულების ვალდებულება კანონით განისაზღვრება?

– ბუნებრივია, ხელშეკრულება ვადიანი უნდა იყოს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ეს საკითხი ასეა დარეგულირებული: გამოსაცდელი ვადა შეიძლება, იყოს სამთვიანი, შემდეგ დაქირავებულს უფორმებენ მუდმივ ხელშეკრულებას. თუ შემდეგ იმ თანამშრომლის გაშვება მოგინდება, გადაუხადე კომპენსაცია და გაუშვი. ორი ვარიანტია, ან ქვეყანამ უნდა გადაუხადოს უმუშევრობის კომპენსაცია, ან დამსაქმებელმა უნდა მისცეს კომპენსაცია, რომ ადამიანმა არსებობა შეძლოს, სანამ სამსახურს იშოვის.

– და რამდენი ხანი სჭირდება ჩვენს ქვეყანაში სამსახურის შოვნას?

– ეს ნორმა ამოქმედდება მაშინ, როდესაც დამსაქმებელი თავის ახირების გამო ათავისუფლებს თანამშრომელს. თორემ, თუ რაღაც პრობლემა აქვს დამსაქმებელს: რეორგანიზაციაა, გაკოტრდა ან შეკვეთები შეუმცირდა, მაშინ მას არ აქვს კომპენსაციის გაცემის ვალდებულება. ამდენად, ეს არ არის პრობლემა. საქართველოში ბიზნესმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაითავისოს, რომ დასაქმებული ადამიანი არის ბიზნესის შემადგენელი ნაწილი. რომ ის არ არის რობოტი, რომელიც არც ხელფასს მოგთხოვს და რასაც შეუკვეთავ, იმას გაგიკეთებს, არამედ ის არის შენი ბიზნესის ნაწილი და ბიზნესის აი, ამ ნაწილს სჭირდება შესაბამისი პატივისცემა. ეს არის და ეს.

– მე მომისმენია ბიზნესმენებისგან, თუ შემოსავალი შემიმცირდა ან თანამშრომელი აღარ მომწონს, რატომ არ უნდა მქონდეს მისი დათხოვნის ან მისთვის ხელფასის შემცირების უფლებაო?

– თანამშრომლის გათავისუფლების შემთხვევაში, უნდა ჩაიწეროს მიზეზი: რეორგანიზაცია, ბუნებრივი კატასტროფები, ფორსმაჟორი და ასე შემდეგ. თუ მიზეზი არსებობს, ბუნებრივია, შეუძლია, გაათავისუფლოს თანამშრომელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა გამოდის?! მე შევქმენი შენი ბიზნესი, შემოგალიე ჯანმრთელობა და ახლა არაფრით მიშვებ?! უმზითვოდ?!

– დაქირავებულების გასაგონად გავიმეორებ: თუ არ მოგწონვართ, გაგვამზითვეთ, ბატონო! დღეს მოქმედი კოდექსით, სამსახურიდან დათხოვნისას კომპენსაცია გულისხმობს ერთი თვის ხელფასს, თუ განცხადებას არ აწერინებენ, რომ თავისი ნებით წავიდა…

–  როგორც წესი, დაქირავებულებს ათავისუფლებენ იმ მიზეზით, რომ ერთწლიანი ხელშეკრულება ამოეწურათ და ამიტომ არ აძლევენ კომპენსაციას.

– იმის კითხვა მინდოდა, კომპენსაცია რამდენი უნდა იყოს თქვენი აზრით?

– მაგალითად, „თელასის“ შემთხვევაში არსებობდა კოლექტიური ხელშეკრულება, რაც ითვალისწინებს ხუთი თვის ხელფასის ანაზღაურებას. 5-6 თვე არის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შესაძლოა, ან პროფესიული გადამზადება გაიარო, ან ახალი სამსახური იშოვო.

 

 

скачать dle 11.3