კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უფრთხიან არაპროფესიონალი ხელმძღვანელები პროფესიონალ თანამშრომლებს და რატომ არ უნდა დაემორჩილოს პროფესიონალი მოხელე ზემდგომის ყველა მითითებას

პოსტსაარჩევნო რეალობის თანახმად, პრეზიდენტი წარმოადგენს იმ ძალას, რომელმაც ვერ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულიად აღმასრულებელ ხელისუფლებას გამარჯვებული ძალა, ანუ კოალიცია „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს. არჩევნების მეორე დღესვე ქვეყნის პირველმა პირმა გვაცნობა, რომ ოპოზიციაშია, რასაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. შეიძლება თუ არა ქვეყნის პრეზიდენტი იყოს ოპოზიციონერი, თუ ხდება მსგავსი რამ სხვა ქვეყნებში და როგორ არეგულირებს ამ, ერთი შეხედვით, უხერხულობას ცივილიზებული სამყარო. თუმცა, თავისთავად, საპრეზიდენტო და საპარლამენტო ვადების აცდენა (პრეზიდენტი 5 წლის ვადით ირჩევა, პარლამენტი –  4 წლის ვადით, თანაც ერთდროულად ამ ორი არჩევნების ჩატარება მიზანშეწონილი არ არის) მიანიშნებს, რომ ჩვენს ქვეყანაში უჩვეულო არაფერი მომხდარა. თემას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე განგვიმარტავს.

 

– ის, რომ პრეზიდენტი ერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, საპარლამენტო უმრავლესობა კი სხვა პოლიტიკური ძალითაა წარმოდგენილი, ქმნის სირთულეებს სხვა ქვეყნებში?

– ამის შესახებ რამდენიმე განცხადება მოვისმინე, რომ თითქოს ეს არანორმალური მდგომარეობაა და ამიტომ სასწრაფოდ რაღაც უნდა შევცვალოთ. ასეთი განცხადებები ეფუძნება უკანასკნელ რამდენიმე წელიწადში განათლების, ინტელექტუალურ სფეროში მიმდინარე კრიზისს, რაც უკვე კატასტროფამდე მივიდა.

ის, რაც ჩვენთან მოხდა, ჩვეულებრივი მოვლენაა ცივილიზებულ სამყაროში. ევროპაში არცთუ ისე შორეულ წარსულში ფრანსუა მიტერანი, როდესაც მისმა „სოციალისტურმა პარტიამ“ წააგო საპარლამენტო არჩევნები, დარჩა პრეზიდენტად. ამის შემდეგ უნდა გამართულიყო საპრეზიდენტო არჩევნები და მაშინაც საფრანგეთში პრესა წერდა, რომ მიტერანი, ალბათ, წააგებსო. მაგრამ მიტერანმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები ამის შემდეგ და მშვენიერი პრეზიდენტიც იყო. ქვეყანა არ დანგრეულა. ისევე, როგორც ეს ჩვეულებრივი პროცესია ამერიკაშიც.

– მეც მახსოვს, როდესაც ბუში ისევ პრეზიდენტი იყო, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში „დემოკრატები“ მოვიდნენ უმრავლესობით.

– ყველა პრეზიდენტის დროს ასე იყო. ამისთვის ამერიკელებს უკვე აქვთ აპრობირებული მეთოდი. მათთან საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბრის დასაწყისშია და 20 იანვარს ხდება პრეზიდენტის ინაუგურაცია და მთავრობა იწყებს მუშაობას. აი, ის სამი თვე სწორედ ხელისუფლების გადაბარებისთვის გამოყოფილი პერიოდია.

– ანუ ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით? 

– რა თქმა უნდა, ამერიკის კონსტიტუციაშია ჩადებული ეს მექანიზმი. ამდენად, ჩვენთან უჩვეულო არაფერი ხდება. ამასთან, არ არის აუცილებელი, რომ ძველი და ახალი მინისტრები ძმაკაცები იყვნენ. ლაპარაკია სოლიდარობასა და პასუხისმგებლობის გრძნობაზე ქვეყნის წინაშე. კიდევ ერთი მომენტი: ამერიკული სისტემით, მართალია, სამი თვე ისევ ძველი პრეზიდენტია ახლის ინაუგურაციამდე პოსტზე, მაგრამ მის უფლებებს კონსტიტუცია მკვეთრად არ ზღუდავს. ის, როგორც პრეზიდენტი უფლებამოსილია იმ სამ თვეს, მაგრამ არც პრეზიდენტი, არც ერთი წარმავალი მინისტრი, რომ არაფერი ვთქვათ სხვა თანამდებობის პირებზე, არადა იქ პოლიციის შეფსაც ირჩევენ და ლამის ფოსტალიონსაც, თავს უფლებას არ მისცემს, დროის იმ მონაკვეთში მიიღოს რამე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც პრობლემას შეუქმნის ახალ მთავრობას. სხვათა შორის, ამერიკაში ერთ-ერთი არჩევნების დროს 100 000 ადამიანი შეიცვალა მთელ ქვეყანაში.

ამას გარდა, ჩვენ სამართლიანად აღვფრთოვანდით, რომ პირველად გადავეცით მშვიდობიანად ხელისუფლება.

– კომუნისტებმაც მშვიდობიანად არ გადასცეს?

– აი, ამის თქმას ვაპირებ სწორედ. მთელი ამ 20 წლის განმავლობაში სანატრელი გვქონდა ის, როგორც კომუნისტებმა გადასცეს ხელისუფლება, თუმცა ჩვენ არ ვიცით, რა მოხდა მაშინ და რა გათვლებით გაკეთდა, რაც გაკეთდა. მაგრამ მას შემდეგ ლამის საფრანგეთს გავუსწარით რევოლუციების რაოდენობით.

– ნეტავ ცხოვრების დონითაც გავუსწროთ?

– დავეწიოთ, ჯერ არ გვინდა გასწრება. დღეს ვხედავთ, რომ მერია ერთი მეორის მიყოლებით იღებს რაღაც გადაწყვეტილებებს. მეტიც, ფინანსთა მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, ვალები ჩამოეწეროს „რუსთავსა“ და „იმედსო“. ძალიან ადვილია სხვისი ჯიბიდან ფულის გაცემა! ხეთაგურს ჩემგან არ ესწავლება, რომ ბიუჯეტი უკვე მისი აღარ არის და მან ეს ბიუჯეტი ახალ მთავრობას უნდა დაუტოვოს. თავი რომ დავანებოთ საკითხის მორალურ მხარეს, მაგალითად, პირადად მე, წარმოდგენა არ მაქვს, ჩემი გადასახადიდან ფული რატომ უნდა გადავუხადო „იმედსა“ და „რუსთავს“, რომლებსაც მე არ ვუყურებდი. შეიძლება, ქსენია დიასახლისმა და მარო ბაბომ გადაუხადონ, იმიტომ რომ სერიალებზე გიჟდებოდნენ და არც ერთი სერია არ გამოუტოვებიათ, მაგრამ მე, რომელსაც არც ერთი სერიალის არც ერთი სერია არ მინახავს, რადგან მიმაჩნია, რომ სერიალები ტვინის გარეცხვის საშუალებაა, რატომ უნდა გადავიხადო მათი ვალი?! გარდა ამისა, მაინტერესებს, როგორ დაგროვდა ეს ვალი. 4-ლარიანი დავალიანების გამო ელექტროენერგია მაშინვე ჩამიჭრეს და სამი დღე მოვანდომე იმას, რომ ხელახლა ჩაერთოთ. მათ კი არც დენს უთიშავდნენ, არც გაზს. თუმცა ეს მაინც პოლიტიკური კულტურისა და ტრადიციის საკითხია.

– ანუ ჩვენი პოლიტიკური უკულტურობის მაჩვენებელია?

– მარტო პოლიტიკური უკულტურობა რომ იყოს, სანახევრო უბედურება იქნებოდა. ეს უფრო სხვა რამის მაჩვენებელია. ნახეთ, ალბათ, როგორი ტბა დგას, სანამ ჩვენთან შემოხვალთ, ერთი თვეა, წყალი მოდის, იმიტომ რომ ჭაა გაფუჭებული, თან ეს სასმელი წყალია. საერთოდ, ჩვენთან წყლის გადასახადი იმიტომ არის მაღალი, რომ დანაკარგები ტარიფშია ჩადებული. წინასწარ განისაზღვრა, ჩვენ ფულს არ ვხარჯავთ რემონტზე, მაგრამ მაინც არ ვზარალობთ, რადგან წინასწარ ჩავდეთ ტარიფში დანაკარგების თანხა და აბონენტებს ვახდევინებთო. თანაც, ეს პირველად კი არ ხდება. ერთ თვეს იდენს წყალი, შემდეგ მოვლენ, თითქოს აკეთებენ, მაგრამ ორ თვეში ისევ ფუჭდება და ასე შემდეგ. მარტო აქ რომ ხდებოდეს ეს, ლაპარაკიც არ ეღირებოდა, მაგრამ ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრია. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ უკვე მივაღწიეთ დემოკრატიას, ჯერ ნაადრევია. ის ეჭვიც კი, რომელიც დღეს არსებობს, რის მიხედვითაც, ძველი მთავრობა ხელისუფლებას ასე ადვილად არ დათმობდა, გარედან რომ არ ყოფილიყო კატეგორიული რჩევებიო, უკვე მიუთითებს დემოკრატიის დეფიციტზე. ანუ ხელისუფლების შეცვლა ჩვენი მოთხოვნა კი არ ყოფილა, არამედ ვიღაცამ გვიკარნახა. როდესაც ჩვენ დარწმუნებული ვიქნებით, რომ გარედან კი არ უთქვამს ვინმეს რამე, არამედ ჩვენ გავაკეთეთ ასეთი არჩევანი, მაშინ შეიძლება, ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე. არადა მთელი წინასაარჩევნო კამპანიისას უკვე ყოფილი ოპოზიციის მთავარი არგუმენტი, სააკაშვილს არჩევნებს არავინ გააყალბებინებსო, ჩვენთვის ძალზე სასტიკი განაჩენი იყო.

– მაგრამ რეალობაა, რომ ჩვენ ვართ დამოკიდებული დასავლეთის პოზიციაზე?

– მეც ამას ვამბობ, ეს განაჩენი რეალობას ასახავდა. იმის იმედზე იყო ყოფილი ოპოზიცია, რომ სააკაშვილს არ გააყალბებინებდნენ არჩევნებს. არადა, ესა თუ ის პოლიტიკური პარტია რატომ აგებს არჩევნებს? იმიტომ რომ ხალხია უკმაყოფილო. თუ გინდა, დაარქვი პოპულიზმი, მაგრამ, თუ გადასახადის შემცირება პოპულიზმია, ეს ამომრჩეველს მოსწონს, ხოლო, თუ გადასახადების ზრდა ახალი ეკონომიკური სკოლის კურსია, ხალხი ზურგს აქცევს ამ სკოლას.  მაგალითად, დღეს ბენდუქიძეს შეიძლება, თავისი ხედვით, ქვეყნის სამომავლო სიკეთედ ის მიაჩნია, რომ ქვეყნის განვითარებას ერთი თაობა უნდა შეეწიროს, მაგრამ ეს თეორია, რომ ერთი თაობა, ანუ ოცი წელი სჭირდება ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას, კომუნისტების დროს მოქმედებდა. მაშინ იყო ლოზუნგი: „მომავალი თაობა იცხოვრებს კომუნიზმში“. 1968 წელს ეგვიპტეში ვიყავით, შევხვდით იქაური მთავარი გაზეთის, „ალახრამის“ რედაქტორს. ეკამათებოდნენ საბჭოთა მეცნიერები და მან მშვენივრად უთხრა: არანაირი გამართლება არ აქვს ერთი თაობის შეწირვას იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ კარგად იცხოვროსო. მე შეიძლება, ომში მოვკვდე იმისთვის, რომ ჩემი შვილი თავისუფალი იყოს, მაგრამ აბსოლუტურად გაუმართლებელია, მათხოვრულად ვიცხოვრო იმ იმედით, რომ ჩემი შვილი ან მოესწრება ან ვერა კარგ ცხოვრებას.

– სანამ გადაცემის პროცესი მიმდინარეობდა, როგორც ვიცი, თითქმის პარალიზებული იყო სახელმწიფო სტრუქტურები. არავინ არაფერს აკეთებდა: ზოგი მოხსნას ელოდა, ზოგი –  დაწინაურებას, ზოგი –  დაჭერას და ასე შემდეგ.

– მიზეზი არის ის ტრადიცია, რომელიც დამკვიდრდა ბოლო წლებში. როდესაც, მოვიდოდა თუ არა ახალი მინისტრი თუ დეპარტამენტის თავმჯდომარე, ყველა იცვლებოდა და პირველი განცხადება, რასაც ახლად დანიშნულები აკეთებდნენ, ასეთი იყო: მე ჩემი გუნდით მოვდივარ. ამას რომ ვისმენდი, ჟრუანტელი მივლიდა. 24 წლის ბიჭი ინიშნება თანამდებობაზე და ამბობს, ჩემი გუნდით მოვდივარო. საიდან ჰყავს გუნდი, ვინ არის მისი გუნდი: სკოლისა და უბნის მეგობრები?! აი, ეს შიში უკვე ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი ყველას. ათჯერ თქვა ივანიშვილმა და მისი მინისტრებიც იმეორებდნენ, რომ შეიძლება, ზოგიერთი მოადგილეც კი შევინარჩუნოთ, თორემ ქვედა დონეზე არავინ მოიხსნება პოლიტიკური საბაბითო. თუ ეს მართლაც გაკეთდა, რადიკალურად შეიცვლება ყველაფერი და შემდგომში, როდესაც კიდევ დადგება ხელისუფლების გადაცემის საკითხი, ეს პროცესი ბრწყინვალედ წავა. დღეს პრობლემები იმიტომ არის ამ გადაცემის პროცესში, რომ არავინ იცის, ხვალ რა ელის. უფრო სწორად, ყველამ იცის, რა ელის 80-პროცენტიანი ალბათობით. თან, როდესაც ოპოზიცია ასეთი გამწარებული ბრძოლის შემდეგ მოდის, როდესაც ოპოზიციის თითოეული აშკარა მომხრე რაღაცას რისკავდა, სუფთა აღმოსავლური მენტალობაა, მე რომ გავრისკე, რაღაც უნდა მივიღო სამაგიეროდ.

– მაგრამ ხომ ვნახეთ, რომ ეს გამოცდილება უვარგისია, როდესაც კადრები რევოლუციაში დამსახურების მიხედვით ინიშნებოდა?

– მერე, რომ გავიარეთ?! მე იმას კი არ ვამბობ, რომ აუცილებლად ასე მოხდება, მაგრამ ახალ ხელისუფლებაზე ზეწოლა იქნება. თანამდებობის თითოეულ პირს ჰყავს თავისი წრე, რომელიც ეუბნება, მე შენ გვერდით ვიდექი, შენთან ერთად დავდიოდი მიტინგზე, ამის გამო ვიღაც მაშინებდა, ამიტომ ახლა მინდა რაღაც. არადა, საიდან უნდა მისცენ ახალი თანამდებობა?! ხომ შეუძლებელია, ძველებიც დატოვონ და ახალი შტატებიც დაამატონ უწყებებში?! ამიტომ ეს იქნება ყველაზე რთული პროცესი. ყველაზე რთული დაპირება შესასრულებლად: ხელფასების, პენსიის მატებაზე რთული; ბენზინისა და წამლების გაიაფებაზე რთული. მეორე მხრივ, ქვეყნის მართვის ეფექტიანობა სწორედ ბიუროკრატიულ ფენაზეა დამოკიდებული. როდესაც ისე კარგადაა აწყობილი საქმე, რომ დამლაგებლიდან დაწყებული და დეპარტამენტის უფროსით დამთავრებული ყველა თავის საქმეს კარგად აკეთებს,  მინისტრს შეუძლია, ერთი თვეც არ იაროს სამსახურში.

– ჩემს სამსახურშია ასეთი სისტემა, სხვათა შორის.

– სწორიც არის. ისტორიული ფაქტია, როდესაც სერგო ორჯონიკიძე ამერიკაში გაგზავნეს ავტოსამშენებლო ქარხნების მუშაობის შესასწავლად, როგორც კი ჩამოვიდა, დაიბარა ქარხნების დირექტორები და უთხრა, დღეიდან ყველანი შვებულებაში ხართ ერთი თვითო. ზოგიერთი დირექტორი გაბრაზდა, უჩვენოდ საქმე გაფუჭდებაო, მაგრამ მაინც გაუშვეს შვებულებებში. ერთი თვის შემდეგ ყველანი დაიბარა. უმრავლესობამ თქვა, ხომ ვთქვით, რომ ასე იქნებოდა, ყველაფერი გაფუჭებული დაგვხვდა, მე რომ არ ვარ, არაფერი კეთდებაო. რამდენიმემ თქვა, ნორმალურად არის საქმეო. ვინც თქვა, ნორმალურად არის საქმეო, ისინი დატოვა, დანარჩენები გაყარა. ასეთია მართვის ამერიკული მეთოდი და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს. ამიტომ ვამბობ, რომ ყველაზე რთული იქნება ამ დაპირების შესრულება, რომ თანამშრომლებს არ დაითხოვენ სამინისტროებიდან. თუ ამას შეძლებს ივანიშვილი, მაშინ შეიქმნება თავის ღირსებაში, თავის მომავალში დარწმუნებული, კეთილსინდისიერი ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც მოემსახურება არა ერთ პარტიას, არაერთ პიროვნებას, არამედ სახელმწიფოს.

– ცნობილია, რომ უმეტესად საჯარო სამსახურებში კონკურსები ცხადდებოდა ყასიდად, წინასწარ იცოდნენ, ვინ უნდა მიეღოთ და, ძირითადად, ასაქმებდნენ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულების ცოლებს. ასეთი ტიპის კადრებიც უნდა შენარჩუნდნენ?

– ეს იგივეა, რაც, ვთქვათ, უსამართლოდ წართმეული ქონების გადანაწილება. საერთოდ, სამართლის უზენაესობის პრინციპით მიდგომა ორლესური მახვილია. რასაკვირველია, მაღალჩინოსნების ცოლები იყვნენ დასაქმებული სამინისტროებში, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს, რომ ახალმა ხელმძღვანელმა მაშინვე გამოცოცხვის პრინციპს უნდა მიმართოს. უნდა შეხედოს ყველას მუშაობას და კეისრის ცოლიც რომ იყოს, თუ კარგად არ იმუშავებს, უნდა გაუშვას სამსახურიდან, მაგრამ წინასწარ მათი სამსახურიდან გაშვება არ შეიძლება. ამას გარდა, შეიძლება, ათი ცოლიდან, ექვსი ცუდი თანამშრომელი იყო, მაგრამ, თუ ოთხი პროფესიონალია, მათ რა დააშავეს?! სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ამის გამოცდილება. მახსოვს, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველთა საბჭო რომ შეიქმნა, პირველი ის ვუთხარით, რომ სამსახურებიდან მასობრივი დათხოვნა უნდა შემწყდარიყო. გაოცებული ვიყავი, როდესაც მეორე დღესვე, დილით, გამოვიდა ტელევიზიით, დაარტყა მუშტი და თქვა: არ გავიგონო, რომ ძველი თანამშრომლები მასობრივად დაითხოვოთო. ვიფიქრე, გვეშველა-მეთქი, მაგრამ იმავე საღამოს ისევ დაიწყო დათხოვნები.

– ევროპაში ასეთი პრობლემა არასდროს დგება?

– რა თქმა უნდა, არა. იქ არიან ჩინოვნიკები, რომლებსაც 7-8 პრეზიდენტი და მინისტრი ჰყავთ გამოცვლილი. მათ არ ეშინიათ თავიანთი მომავლის და ამიტომ ღირსების გრძნობაც აქვთ. ისინი არ კანკალებენ, რადგან დარწმუნებული არიან, არ გაყრიან იმის გამო, რომ მინისტრის რაღაც გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენეს. არ გააგდებენ იმისთვის, რომ საკუთარი აზრი აქვს. თუმცა ისიცაა, რომ თვითონ მინისტრიც უნდა იყოს პიროვნება. ცოტა შორეული შედარებაა, მაგრამ, როდესაც ნაპოლეონმა თავისი პირველი მთავრობა შეადგინა, შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა თავისი დაუძინებელი მოწინააღმდეგე ქიმიკოსი შეპტელი, რომელიც გაზეთებში შავ დღეს აყრიდა ნაპოლეონს, მაგრამ კარგი ადმინისტრატორი იყო. იმის თქმა მინდა, რომ პროფესიონალიზმი იყო და არის მთავარი, თან არა დეკლარირების, არამედ საქმის დონეზე. ამიტომაც ყველა ხელმძღვანელი იმასაც უნდა შეეგუოს, რომ პროფესიონალი ხორკლიანია. პროფესიონალი არ მუშაობს პრინციპით, რას ინებებთ. პროფესიონალი არ იტყვის, მე მიბრძანეს და რა მექნა, უნდა შემესრულებინა. ასეთ დროს პროფესიონალი ადგება და წავა, იტყვის, მე ამ კურსს ვერ გავატარებ.

– პროფესიონალები არ უყვართ და მათ ვერ ეგუებიან არაპროფესიონალი ხელმძღვანელები.

– თუმცა, როდესაც შენც პროფესიონალი ხარ, თანამშრომელი ბევრ რამეს გპატიობს. მაგალითად, რობიკო სტურუას უნდა აპატიო ყველაფერი, მას შეუძლია, რაც უნდა ის თქვას, მაგრამ არ უნდა აპატიო შეცდომა, თუ ცუდ სპექტაკლს დადგამს. ამერიკული წესია, რომ ახალ მთავრობას პირველი 100 დღის შემდეგ აფასებენ. ვნახოთ, ღმერთმა ქნას, ჩვენს თხას მგელი დაეჭიროს.

 

 

 

скачать dle 11.3