კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე ამბობს გიორგი ლაცაბიძე უარს წარმატებული პიანისტის კარიერის გამო და რით ახდენს ის საკუთარი ექსტრემალური მოთხოვნილებების კომპენსირებას

მიუხედავად ძალიან დატვირთული გრაფიკისა, ვირტუოზი პიანისტი გიორგი ლაცაბიძე, რომელსაც, თამადად შეიძლება, ითქვას, რომ თითქმის მთელ მსოფლიოში იცნობენ და უყვართ, რვა დღით ჩამოვიდა თბილისში და საპატრიარქოში უწმიდესისთვის კონცერტიც ჩაატარა. ეს ფაქტი გიორგისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო.

 გიორგი ლაცაბიძე: თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით კონკრეტული მიზნები მქონდა – მისი უწმიდესობისთვის უნდა დამეკრა კონცერტი და უნდა შევხვედროდი ოფიციალურ პირებს.  უწმიდესმა ძალიან კარგად იცის მუსიკა, მისთვის პირველად ვუკრავ და ეს ჩემთვის დღესასწაულია. დავუკრავ ჩემი რეპერტუარიდან შოპენის, რახმანინოვის, დებიუსის ნაწარმოებებს; ასევე‚ სიურპრიზი მინდა გავუკეთო: ყანჩელის „ჰერიო ბიჭებოზე“ გავაკეთე ტრანსკრიპცია ფორტეპიანოსთვის და, იმედია‚ მოეწონება. ასევე‚ მაქვს საფორტეპიანო და სავიოლინე ნომერი, რომელიც ჩემს მეგობართან ერთად მინდა შევასრულო, რომ კონცერტი უფრო უხვი და საინტერესო გამოვიდეს (ინტერვიუ ჩაწერილია 15 ოქტომბერს, ხოლო კონცერტი გაიმართა 16 ოქტომბერს, – ავტორი). ამის მერე ლონდონში მივემგზავრები, რადგან, ახალი სიდის ჩაწერასთან დაკავშირებით „ბი-ბი-სიზე“ მაქვს ინტერვიუ, პრეზენტაცია ჩატარდება ჩემს პროფესორ-პარტნიორთან ერთად. ამის მერე უკან, ლოს-ანჯელესში ვბრუნდები, თუმცა‚ დეკემბერში ვენაში გადავდივარ საცხოვრებლად, რადგან, ვენის კონსერვატორიაში პროფესორად ამირჩიეს.
–  დიდი ხანია, თბილისში არ დაგიკრავთ. არ აპირებთ საქართველოში კონცერტის ჩატარებას?
–  არ მომწონს‚ როდესაც საქართველოში დომინირებს შოუს ფაქტორი, როდესაც ხალხს მუსიკაში მოსწონს არა კდემამოსილება, არამედ ის, თუ როგორ გამოდიან თეთრი კაბით თეთრ ხიდზე, უკრავენ ლისტს, სანოტო შესრულებაში ფალშები – ეს ჩემთვის აბსოლუტური რეტროგრადობაა კლასიკურ მუსიკაში, ეს არის უკან დახევა და არა წინსვლა. შოუს ასეთი დონით წარმოდგენა არც ერთი კომპოზიტორის ჩანაფიქრში არ დევს, ეს არის მანიპულირება კლასიკური მუსიკით, რაც ყველანაირ ჩარჩოს, კონტექსტს სცილდება, რაც ამაზრზენი ხდება და, თუ ამაზრზენია, მე იქ დაკვრა არ მინდა. თუ ხალხს ეს იტაცებს, ამას ელოდებიან, მე კი ჩამოვალ და აბსოლუტურად სხვა ხედვით წარვუდგენ ჩემს დაკრულს, ალბათ‚ მხოლოდ დანამატი ვიქნები მათთვის, მე კი არ მინდა, დანამატი ვიყო... თუმცა‚ ბოლო დროს ჩემი სტრატეგია, გეზი აბსოლუტურად იცვლება. უკვე მაქვს პროექტები, კონცერტები და, ვიმედოვნებ, რომ 2013 წლიდან მომინდება საქართველოში ჩამოსვლა, კონცერტების დაკვრა და მასტერკლასების ჩატარება.
–  რომელი ქვეყნის აუდიტორია გამოირჩევა განსაკუთრებული ემოციით?
–  ბერლინის ფილარმონიაში დავუკარით კონცერტი მე და ჩემმა მევიოლინემ. ბისები‚ რაც განკუთვნილი გვქონდა‚ ყველა ამოვწურეთ, მაგრამ‚ ხალხი მაინც არ ჩერდებოდა. ასე გაგრძელდა ათი წუთის განმავლობაში და, ამიტომ‚ იძულებული გავხდით‚ დავბრუნებოდით იმ პროგრამას‚ რითაც დავიწყეთ. არისტოკრატული აუდიტორია ზის, ყველა დეტალი ესმის. ასევე‚ გამოვარჩევდი აზიაში დაკვრას, განსაკუთრებით – ტაივანსა და იაპონიაში. მე დამიკრავს ისეთ დარბაზებში, სადაც 2 000 კაცი ზის და, როცა პაუზაა, ხველების ხმაც არ მესმის, რადგან, იციან, რომ ეს მე ხელს შემიშლის.
–  ძალიან ბევრს მოგზაურობთ კონცერტებით, თითქმის ყოველი საათი გაწერილი გაქვთ. თუნდაც კონცერტის წინ თუ ახერხებთ დასვენებას?
–  სანამ აქ ჩამოვიდოდი, მანამდე ვარშავაში მქონდა კონცერტი, იმის წინა დღეს –  ბერლინში, ორი დღით ადრე – ვენაში და მანამდე – ლონდონში. ყველაფერი ჩატარდა ხუთ დღეში, ასე რომ, დასვენების დროც არ მაქვს. თან, ხშირად სხვადასხვა პროგრამას ვუკრავ. როდესაც ერთი კვირის განმავლობაში ერთ ქვეყანაში, მაგრამ სხვადასხვა ქალაქში გაქვს კონცერტები, მაშინ, შეიძლება, სადმე წაგიყვანონ, დაგათვალიერებინონ – ეს მიყვარს ძალიან. ეს ისეთი პროფესიაა‚ შენი ემოციები უნდა დაივიწყო და ყველა სიტუაციას უნდა მოერგო. თუ მოერგები – უფრო მოიგებ, თუ არ შეგიძლია – ესე იგი‚ ლიმიტი გაქვს და ეს უკვე უკან გწევს. საბედნიეროდ‚ მგზავრობის პრობლემა ჯერჯერობით არ მქონია.
–  თქვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გაქვთ ლიხტენშტეინის პრინცესასთან...
–  ჩვენს სფეროში, ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანს, ვინც გეხმარება. ასეთი პიროვნებები‚ ანუ მენტორები‚ ყოველთვის ჰყავდათ ცნობილ ხელოვანებს და ეს არასდროს ყოფილა გასაკვირი. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ლიხტენშტეინის პრინცესასთან, რომელიც ჩემი მენტორი, ჩემი პატრონია და ეს ქალი ჩემთვის აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი არის მსოფლიოს დონორი, რომელიც ბევრ რამეს აკეთებს ხელოვანებისთვის. მაგალითად‚ როსტროპოვიჩისთვის გაუკეთებია ბევრი რამ, ასევე‚ აშკენაზისთვის, რადგან, უყვარს ხელოვნება და აფასებს. ავსტრიაში ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩემთვის მეორე დედასავით არის, დამაკავშირა პრინცესასთან. მან ნახა ჩემი დივიდი‚ რომელზეც ჩაწერილია ავსტრიელების მიერ ჩემზე გადაღებული ფილმი და შემდეგ მისმა მდივანმა დამირეკა. რომ მითხრა, ახლა თქვენ ლიხტენშტეინის პრინცესასთან ხართ ხაზზეო, ცოტა არ იყოს‚ დავიბენი – არ ვიცოდი‚ რა უნდა მეთქვა. პრინცესამ მითხრა: თქვენს ნიჭს ძალიან ვაფასებ და, მინდა‚ შეგხვდეთო. ამის მერე შევხვდი პრინცსაც და პრინცესასაც და მას მერე ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. საქართველოში უნდათ ჩამოსვლა და, ჩემი ერთ-ერთი პროექტის საშუალებით, შესაძლოა‚ ისინი საპატიო სტუმრების რანგში ჩამოვიყვანო საქართველოში და ჩემი კონცერტიც ამას დავამთხვიო.
–  არა მგონია, დღეს ასე აქტიურად და, თან‚ ამდენ ფილმს იღებდნენ რომელიმე პიანისტის შესახებ.
–  არ ვიცი, როგორ არის საქართველოში, მაგრამ, უცხოეთში იღებენ. ახლა ამერიკელებს სურთ, გადაიღონ ჩემ შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმი. მაისში ამერიკაში მქონდა კონცერტები, სადაც კინემატოგრაფისტები გავიცანი და მათ გამოთქვეს ამის სურვილი. ეს იქნება ადამიანის პროფილი: როგორია ის სცენის მიღმა, ჩვეულებრივ ცხოვრებაში.
–  როგორი ხართ სცენის მიღმა?
–  ძალიან ემოციური, ადამიანებთან ყოველთვის „ღია“ ვრჩები და, ხანდახან იმ დონეზე, რომ ეს ყველაფერი უკან მიბრუნდება – ცუდად იყენებენ, ან არ ესმით. მახსოვს‚ საქართველოში რახმანინოვის კონცერტი უნდა დამეკრა. იმ დროს ჯანოსთან ვთანამშრომლობდი და, ასევე‚ რეზო ესაძესთან, ქართული ფილმისთვის ვწერდი მუსიკას. საერთოდ‚ ძალიან მიყვარს სიცილი და უზომოდ ვიცინი. რეზო ესაძესთანაც რომ დავიწყე სიცილი, ამან მასზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ თქვა: ეს სერიოზული მუსიკოსი არ არის, კი მპატიჟებს კონცერტზე, მაგრამ, შეიძლება‚ არ მივიდეო. ბოლოს‚ ეტყობა‚ დაარწმუნეს და მოვიდა. კონცერტის შემდეგ კულისებში აღარ უნდოდა შემოსვლა, ბოლოს შემოვიდა და დამიწყო ქვემოდან ყურება – ეს შენ ხარო?! ისეთი სახე ჰქონდა, ფილმებშიც რომ არ მაქვს ნანახი. მე ეს ვარ, რაც ვარ. არ მინდა‚ დაყენებული სიცილი მქონდეს – თუ ვიცინი, ესე იგი, გულიანად ვიცინი, ემოციურად. ასევე‚ მიყვარს კეთილი საქმეების კეთება, გამიკეთებია კიდეც, ამით ვამაყობ და, მინდა‚ მომავალში კიდევ ბევრი გავაკეთო. როდესაც ნიჭიერ ადამიანს ვხედავ, როგორც შემიძლია‚ ისე ვეხმარები – ამაში მხოლოდ ფინანსები არ იგულისხმება. ეს არის ჩემი თავის დაკმაყოფილება, ეს არის მადლობა იმისთვის, რომ, როდესაც იგივე რაღაც მე მჭირდებოდა, სხვა ადამიანები დამეხმარნენ. ბევრჯერ ჩამიტარებია საქველმოქმედო კონცერტიც. ასეთი კონცერტები ძალიან მიყვარს.
–  როგორც ვიცი‚ რომის პაპისთვის აპირებდით დაკვარას.
–  4 ნოემბერს უნდა დამეკრა, მაგრამ‚ როგორც იცით‚ ვატიკანში დიდი კონფლიქტი მოხდა და ამიტომ კონცერტი შემდეგი წლისთვის გადაიდო. ვენის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაკვრა – ეს დიდი დღესასწაულია, თან‚ სიმბოლურია, რომ მოცარტს დავუკრავ. ეს იქნება არა ვატიკანში, არამედ, რომის ცენტრში‚ სანტა მარია ბაზილიკაში, რომელიც ძალიან ლამაზია. პაპს ჯერ არ შევხვედრივარ, მაგრამ, სამჯერ გამომიგზავნა წერილი – ჩემი დივიდი აქვს ნანახი. წერილებში მლოცავს, უნდა, რომ ყველაფერი ისე განვითარდეს, როგორც ის ისურვებდა და იმ დღეს ელოდება, როდესაც ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით.
–  პიანისტები‚ ალბათ‚ განსაკუთრებულად უფრთხილდებით თითებს.
–  თითებს იზღვევენ კიდეც. ჯერჯერობით მე არ მაქვს დაზღვეული, თუმცა‚ ამას არ გამოვრიცხავ, ეს ნორმალურია. იმ ადამიანებისთვის კი, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და სხვა პრობლემები აწუხებთ, შეიძლება‚ ეს  აბსტრაქტული იყოს‚ რაც ჩემთვის აბსოლუტურად ბუნებრივია. მაგრამ‚ პიანისტისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. პირდად მე‚ სულ მინდა პარაშუტით გადმოხტომა, რადგან, ძალიან მიყვარს თავისუფალი ვარდნის, ფრენის შეგრძნება. მაგრამ‚ ყველა მეუბნება: ვაიდა‚ არ გაიხსნას, დაეცე და რამე მოიტეხო, ხომ უნდა დაემშვიდობო კარიერასო. თხილამურებზეც მინდა დადგომა, მაგრამ, ვიცი‚ დავეცემი, რადგან, თხილამურზე სრიალი როგორ უნდა ისწავლო‚ თუ არ დაეცი?! ასე რომ‚ კომპრომისებზე მიწევს წასვლა. სამაგიეროდ‚ სხვა რაღაცაში ვიკმაყოფილებ ჩემს ექსტრემს.
–  დაოჯახებული არ ხართ?
–  გაყრილი ვარ მეუღლესთან. 11 წლის გოგონა მყავს, რომელიც დედასთან, გერმანიაში ცხოვრობს. ძალიან ნიჭიერია, მამას ჰგავს, თუმცა‚ არ მინდა‚ რომ ჰგავდეს. არ ვურჩევ, პიანისტის პროფესიას გაჰყვეს, ამისთვის ვერ გავიმეტებ, მთელი ცხოვრება უნდა შესწიროს, ეს კი განსაკუთრებულად რთულია ქალისთვის, ან, აბსოლუტური გენიოსი უნდა იყოს, რადგან, ამ სფეროში კონკურენცია ძალიან დიდია. ჯერჯერობით, მეორედ არ ვარ დაოჯახებული, თუმცა‚ ჩემი მეორე გადაწყვეტილება უფრო გაწონასწორებული და რაციონალური იქნება. ახლა უფრო მეტ რამეს გავითვალისწინებ და, ვფიქრობ‚ ვიპოვი ადამიანს, რომელთანაც სრულ ჰარმონიას დავამყარებ. ადამიანებს არა მხოლოდ ფიზიკური მისწრაფება უნდა ჰქონდეთ ერთმანეთის მიმართ, არამედ, ეს ჰარმონია უნდა მოიცავდეს ყველაფერს: უნდა უყვარდეთ ერთმანეთის საქმე, ერთად გაღვიძება, ერთად წასვლა, მონატრება, კარგიც, ცუდიც, დისკუსიაც...

скачать dle 11.3