კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

როგორ გაიპარა ლილი იოსელიანი თბილისიდან მოსკოვში გამოცდების ჩასაბარებლად და რატომ ეშინოდა მისი სერგო ზაქარიაძეს

„ამბობენ, რომ მასთან მუშაობა რთულია, რომ ის ძალიან მომთხოვნი და პრინციპულია. დიახ ეს ასეა, მაგრამ, ვინც მის მკაცრ სკოლას უძლებს, დიდი ხნის „უჟანგავობა” აქვს გარანტირებული ქართულ ხელოვნებაში,” – ეს სიტყვები ქართული თეატრის მაესტრომ, მიხეილ თუმანიშვილმა იმ კოლეგა-ქალბატონის შესახებ წარმოთქვა, ვინც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ქართული ხელოვნებისთვის ეპოქალური თაობები „შექმნა”. ლილი იოსელიანის ცხოვრება ის ისტორიაა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. საუკეთესო სპექტაკლები ქართული თეატრების სცენებზე, თეატრალურ ინსტიტუტში, პედაგოგიურ საქმიანობაში გატარებული  ექვს ათეულ წელზე მეტი, კულისებს მიღმა დარჩენილი უამრავი ინტრიგა და... პირადი ტრაგედია, რომელიც 91  წლის მხცოვანი ქალბატონის მოგონებებს დღემდე ყველაზე მძიმედ შემორჩა.

ლილი  იოსელიანი: რეჟისორობაზე ფიქრი ყმაწვილობისას დავიწყე, მამაჩემი პროფესიით რკინიგზის ინჟინერი იყო, მაგრამ, უყვარდა მუსიკა, ხელოვანთა შორის ბევრი მეგობარი ჰყავდა.  მისი მეგობრები იყვნენ  ვანო სარაჯიშვილი და დათიკო ანდღულაძე. მამა ოპერის თეატრში აღამებდა, კარგად იცოდა როგორც მუსიკა, ასევე, თეატრის მძიმე კულისები, ალბათ, ამიტომაც, ძალიან აღშფოთდა, როცა გაიგო, რომ რეჟისორობა მინდოდა.  ეს ქალის საქმე არაა, შენ  ხათრიანი და მოკრძალებული ხასიათი გაქვს და მაგ პროფესიას ვერ გაუძლებო, – მითხრა. გავიდა დრო და მამის ყველა ნათქვამი ამიხდა. ის მამაკაცი იყო და კარგად იცნობდა ცხოვრებას. იმ პერიოდში თბილისში თეატრალური ინსტიტუტი არ არსებობდა.  უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე ჩავაბარე გერმანულის განხრით.  ოჯახში ეგონათ, რეჟისორობაზე ფიქრი  დავასრულე, თუმცა, მე პიერ კობახიძის დრამწრეში ჩავაბარე და რამდენიმე როლიც ვითამაშე, მათ შორის, ბიჭის როლებიც კი. 1941 წელს, ომი ახალი დაწყებული რომ იყო,  ისე მინდოდა რეჟისორობა, მეოთხე კურსი მივატოვე და მოსკოვში წავედი მატარებლით. სახლში წერილი დავტოვე: არ გეწყინოთ და არ ინერვიულოთ,  ფული მაქვს და მოსკოვში წავედი-მეთქი.  მოსკოვში ერთ ქალთან მოვეწყვე ბინაში.  მოსკოვის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტს ცნობილი საბჭოთა რეჟისორი ლობანოვი ხელმძღვანელობდა. იქ მოხვედრა იოლი არ იყო,  საგამოცდო კომისია ძალიან გამოცდილი და ავტორიტეტული ხალხისგან შედგებოდა. საგამოცდო დარბაზში რომ შევედი, დაიხოცნენ სიცილით და ერთმანეთს უთხრეს: აქ რა, საბავშვო ბაღი გვაქვსო? ტანმორჩილი გოგონა ვიყავი, დიდი ნაწნავებით, გულუბრყვილო გამომეტყველებით პატარა ბავშვს ვგავდი.  მაინც მომცეს გამოცდის ჩაბარების საშუალება და ჩავირიცხე ინსტიტუტში.  ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ, ეს სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა –  მამაჩემი ჩამოვიდა მოსკოვში. მას, როგორც რკინიგზელს, საკუთარი  ვაგონი ჰქონდა, იმ ვაგონში ჩამსვა და ძალით წამომიყვანა თბილისში,  ისე, რომ დიპლომის აღება ვერ მოვასწარი. იმ დროს თბილისში მარჯანიშვილისა და რუსთაველის სტუდიები იყო, მაგრამ ისეთი პერიოდი იდგა, რომ სტუდიები დახურვის წინაშე აღმოჩნდა. ერთ დღესაც, გაზეთში წავიკითხე განცხადება, რომ აკაკი ხორავამ რუსთაველის თეატრთან დააარსა თეატრთან და ხელოვნებასთან დაკავშირებული ინსტიტუტი და მე გავხდი ამ ინსტიტუტის  სტუდენტი. 
–  თქვენ დაარღვიეთ  არსებული სტერეოტიპი, რომ რეჟისურა ქალის საქმე არაა და გახდით პირველი პროფესიონალი რეჟისორი ქალი საქართველოში. როგორ შეძელით ეს? 
– ეს  იყო ძალიან რთული და ტკივილიანი გზა და ეს მოხდა  ცნობილი  რეჟისორისა  და პედაგოგის, გიორგი  ტოვსტონოგოვის წყალობით. ინსტიტუტის პირველი კურსები იმ სტუდიელებით დაკომპლექტდა, რომლებიც მარჯანიშვილისა და რუსთაველის სტუდიებში სწავლობდნენ, მე ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი ვიყავი გარედან მისულ ახალგაზრდებს შორის. მე მოვხვდი გიორგი ტოვსტონოგოვის პირველ ჯგუფში, მას თავადაც ახალი დამთავრებული ჰქონდა მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტი.  ტოვსტონოგოვი გენიალური პედაგოგი და არაჩვეულებრივი რეჟისორი იყო, მისი მოწაფეობა არ იყო იოლი. მან მასწავლა ყველა ის საიდუმლოება, რაც რეჟისორის პროფესიას ახლავს, ცხოვრების გამოცდილება ბევრ რამეს ჰმატებს ამ პროფესიას, თუმცა, ძირითად, ფუნდამენტალურ პრინციპებს გოგისგან  ვეზიარე. ამბობდნენ, რომ რეჟისურა კაცური პროფესიაა და, ნიჭის გარდა, დიდ ფიზიკურ დატვირთვასაც მოითხოვს. შეიძლება, მამაკაცებს მეტი გონებრივი შესაძლებლობები ჰქონდეთ, რაშიც ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ, ქალი რომ ცხოვრებისეულ ტკივილებს უძლებს, ამას მამაკაცი ვერ გაუძლებს. ვცდილობდი დამერღვია სტერეოტიპი და დამემტკიცებინა, რომ  რეჟისურა სწორედაც რომ ქალის საქმეა. ცხოვრების შეგრძნება სცენაზე, მტკიცე ნებისყოფა და  უკომპრომისობა ქალისთვის უფრო დამახასიათებელია. რა მნიშვნელობა აქვს სქესს,  მაშინ, როცა რეჟისორისთვის, პირველ ყოვლისა, უსაზღვრო ფანტაზია, რეჟისურის უნარი  და კარგი  განათლებაა საჭირო? – ეს არის სამი ძირითადი „საიდუმლო”,  რასაც რეჟისურა ეფუძნება.  პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ტოვსტონოგოვმა თავის ასისტენტად დამნიშნა, სტუდენტების ჯგუფებსაც მაძლევდა და მისი ხელმძღვანელობით ვასწავლიდი ხოლმე თითქმის ჩემს ტოლ სტუდენტებს. სხვა პედაგოგებს  ამით მოლოდინები გაუცრუვდათ და ამან გამოიწვია ერთგვარი უკმაყოფილება  მათი მხრიდან, თუმცა,  ვერავინ  უარყოფდა გოგის სიდიადეს. მეც, ალბათ, იქიდან დამებედა ბევრი მოწინააღმდეგე და მტერი, რომლებიც   საკმაოდ მრავლად იყვნენ ჩემ ირგვლივ მთელი ცხოვრების განმავლობაში. დაგეღწია თავი ამ ინტრიგებისთვის, იოლი არ იყო.  მახსოვს, ერთხელ, ტოვსტონოგოვმა მითხრა: თქვენ შეგიძლიათ, დადგათ სპექტაკლები, მაგრამ, აუცილებლად პედაგოგი უნდა იყოთ, თეატრები  კი, ღმერთის მადლით, თბილისში ბევრი გვაქვსო. როცა მე ინსტიტუტი დავამთავრე, დავრჩი ინსტიტუტის პედაგოგად, გოგი კი  წავიდა საქართველოდან. მოგვიანებით მას ჩემი წაყვანაც უნდოდა ლენინგრადში, სადაც მუშაობდა, მაგრამ, მე გარდამეცვალა და და  წასვლა ვეღარ შევძელი.
– თქვენ იყავით პედაგოგი განსაკუთრებით მკაცრი იმიჯით. სერგო ზაქარიაძე თქვენ შესახებ წერდა:  „ლილი იოსელიანი ის რეჟისორია, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინია. მას ვერ გამოაპარებ ვერც ერთ ნიუანსს, მის წინაშე არ შეიძლება მოიტყუო და ითამაშო განცდის გარეშე. ალბათ, ამიტომაა, რომ ლილის სპექტაკლებში თამაში, დიდ სიხარულთან ერთად, შიშსაც მგვრის”. სერგო ზაქარიაძის მსგავსი ლეგენდების „შეშინებაც” შეგეძლოთ?  
–  თუ პედაგოგი მკაცრი არაა, ის არაა კარგი პედაგოგი. სტუდენტი თუ არ დააინტერესე, თუ არ ჩაითრიე ამ პროფესიაში, ისე არაფერი გამოდის. იმ სტუდენტის მიმართ, ვისაც ნიჭი ჰქონდა, განსაკუთრებით მომთხოვნი ვიყავი. ცხოვრებაში  ძალიან წყნარი და მოკრძალებული ხასიათი მქონდა, მაგრამ, ჩემს პროფესიაში, სტუდენტებთან, რატომღაც, ასე მკაცრი ვხდებოდი.   რობერტ სტურუას აქვს ჩემზე ნათქვამი: „ლილი სათნო ადამიანია, მაგრამ, სასტიკი და დაუნდობელი ხდება, როცა  საქმე პროფესიას ეხება. მასთან მუშაობა საინტერესოც არის და მტკივნეულიც. როდესაც იმ წლებზე ვფიქრობ, ის საღამოები მახსენდება, როცა ჩემს პედაგოგს ინსტიტუტიდან სახლამდე მივაცილებდი. ის მიყვებოდა თეატრზე, კინოზე, პოლიტიკაზე, თავისი ოჯახის სატკივარზე და ეს საუბრები ისეთ რეჟისორულ ანალიზს ეფუძნებოდა, რომ ჩემთვის უძვირფასეს გაკვეთილებად რჩება”. მე თავიდანვე ვატყობდი ახალგაზრდას ნიჭიერებას, მაღალ ზნეობას. გამოცდაზე ეს როგორ ჩანდა? იმ ამოცანებში, რომლებსაც მათ ვაძლევდი შესასრულებლად, ჩანდა ადამიანი, ვინც ჩემ წინაშე იდგა.
– თქვენზე ამბობენ, რომ ხშირად ეუბნებოდით  დამწყებ  სტუდენტებს: მე შევეცდები, შეგაძულოთ არჩეული პროფესია. ვინც გაუძლებს ამ წვალებას და ბოლომდე ერთგული დარჩება, ის იქნება ჭეშმარიტი პროფესიონალი.
თქვენს ხელში გაიზარდა ქართული თეატრის და კინოს არაერთი თაობა.  ვინ გახსოვთ ყველაზე გამორჩეულად თქვენი სტუდენტებიდან, ვინც გაუძლო თქვენს „გამოცდებს”?
– დოდო აბაშიძე. მისი ჯგუფი ერთ-ერთი პირველი ჯგუფი იყო ჩემთვის, საინტერესო ადამიანები იყვნენ, მაგრამ, დოდოს გარდა არც ერთი არ გამხდარა მსახიობი. დოდო ნიჭიერი ადამიანი იყო, თუმცა, ძალიან გულუბრყვილო.  ერთხელ მივეცი ეტიუდი – უნდა განესახიერებინა ადამიანი, ვინც დიდხანს იდგა რიგში. ოო, როგორი ხალასი იყო... დოდო არ თამაშობდა, როლს რომ მისცემდი, მთლიანად იქ იყო, გარდაიქმნებოდა. თამაში არის წარმოსადგენი, გარდაქმნა კი განცდაა. დოდო იყო თავიდან ბოლომდე განცდა. ჩვენ მეგობრებად დავრჩით მის სიკვდილამდე; ჩემი მოწაფე იყო ეროსიც.  ჩვენ ერთ პერიოდში ვიყავით სტუდენტები. ის  სამსახიობოზე სწავლობდა და მე ავიყვანე ჯგუფში, რომელიც იმ სპექტაკლზე მუშაობდა, რომელიც ტოვსტონოგოვმა მე დამითმო. ეროსი მთავარ როლს თამაშობდა; უნიჭიერესი სტუდენტები იყვნენ თენგიზ არჩვაძე და ოთარ მეღვინეთუხუცესი, ჩემი მოსწავლე იყო თენგიზის შვილი ნატოც, რომელმაც, პირადი ცხოვრების მოუწყობლობის გამო, ვერ შეძლო დიდი პროფესიული კარიერის  გაკეთება. ოთარ მეღვინეთუხუცესი უნიჭიერესი სტუდენტი იყო, სულითა და გულით ითავისებდა როლს, ის  არ თამაშობდა გმირს, გმირი ხდებოდა ტვინით, სისხლით, თან ისეთი შრომისმოყვარე იყო, ისე მოწყურებული ცოდნას, არ ისვენებდა, სულ მუშაობა უნდოდა. საერთოდ, ასეა: ყველა, ვინც ინსტიტუტში ნიჭიერი და კარგი სტუდენტი იყო, კარგი მსახიობი დადგა.             
– თქვენი პროფესია აღმოჩნდა ის მთავარი, რის გამოც თქვენი პირადი ცხოვრება ვერ აეწყო?
– ალბათ, შემიშალა ხელი. მამაკაცები ხშირად როგორც კონკურენტს, ისე აღმიქვამდნენ.  პირადი ცხოვრება კი ტრაგიკული იყო – დავკარგე ყველა, ვინც ჩემთვის ძვირფასი იყო: ადრე გარდამეცვალა და, ძმა, მაგრამ, საკმაოდ გამძლე აღმოვჩნდი და ეს ტრაგედიები ღირსეულად გადავიტანე. საზოგადოება ჩემი ძმის, ჯაბას გამო, თითქოს სულ ჩასაფრებული იყო ჩემთან.  ათას ლეგენდას თხზავდნენ ჩვენს ოჯახზე, მაგრამ, მთელი ცხოვრება მე მაინც ჩემს საყვარელ  საქმეს შევალიე. ჯერ იყო მარჯანიშვილის თეატრი, მერე რუსთავი, გორი, რუსთაველი... რეგალიებიც მივიღე: რუსთაველის პრემია და სახალხო არტისტის წოდება, მაგრამ, ამის მიღმა ძალიან ბევრი ტკივილი იყო.  წლების წინ დავიწყე მუშაობა ავტობიოგრაფიულ წიგნზე, თითქმის ექვსასგვერდიანი წიგნის მასალა მზად მქონდა. ღამე იყო,  სინათლე ჩაქრა. სანთელზე განვაგრძე მუშაობა, მეორე სანთლით მეზობელთან გავედი – მეგონა, ჩემი ძმის გამო, მარტო ჩემს სახლში ჩააქრეს სინათლე.  ოთახში რომ შემოვბრუნდი, ყველაფერი დამწვარი დამხვდა – სანთელი წაქცეულიყო და ყველაფერი ფერფლად იყო ქცეული. მას მერე აღარ მიფიქრია, კიდევ დამეწერა წიგნი, ის ყველაფერი, რაც იყო ჩემს ცხოვრებაში. ჩემს მოგონებებში, ჩემთან  დარჩა...

скачать dle 11.3