კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

როგორ გახდა ემიგრაციაში წასული ლევან საღარაძე სირიაში ქარხნების მფლობელი და რატომ დაასაჩუქრა მან ნონა გაფრინდაშვილი ბრილიანტისთვლიანი ყელსაბამით

ცნობილი  მსახიობის, გურამ საღარაძის ბიძაშვილი, ლევან საღარაძე, საქართველოდან ემიგრაციაში გასული საუკუნის  30-იანი წლების ბოლოს წავიდა.  საბჭოთა რეჟიმს გაქცეულმა, მარსელისკენ აიღო გეზი, თუმცა, ქართველ ემიგრანტთა დროებით თავშესაფრამდე ჩასვლა ვერასდროს შეძლო. მისი ემიგრანტული ისტორიის დიდი ნაწილი   სირიაში „დაიწერა”, ქვეყანაში, სადაც არც შავი მუშის მძიმე სამუშაოზე თქვა უარი და სადაც  გავლენიანი, მდიდარი და წარმატებული ადამიანიც გახდა. როგორ იყო ლევან საღარაძის ცხოვრების დეტალები, ამის შესახებ „თბილისელებს“ ემიგრანტის ქალიშვილი, ლიზა საღარაძე ესაუბრა, რომელსაც მამისგან მემკვიდრეობით  საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ერგო.     

ლიზა საღარაძე: მამაჩემი ქუთაისში დაიბადა და  გაიზარდა. ნიჭიერი და გონებაგახსნილი  იყო, იცოდა უცხო ენები,  მათ შორის – თურქულიც, რადგან, სკოლის დამთავრების შემდეგ გარკვეული პერიოდი  აჭარაში  მოუწია მუშაობა მასწავლებლად. მამას  სურდა, ქიმიკოსი გამხდარიყო, მაგრამ, ამ სურვილის ასრულება საქართველოში  ვერ შეძლო. 19 წლის იყო, როდესაც  სამ მეგობართან ერთად გადაწყვიტა, გასცლოდა საბჭოთა რეჟიმს.  ის თავისუფლებისმოყვარე ადამიანი გახლდათ, ჩაკეტილი საბჭოთა სისტემა მისთვის სასჯელი იყო და ამიტომაც გადაწყვიტა, გაქცეულიყო საქართველოდან. მისი ოცნება იყო  მარსელი – ქართველი ემიგრანტების დროებითი თავშესაფარი. მამამ და მისმა მეობრებმა, ისე, რომ ოჯახებში ერთი წერილიც კი არ დაუტოვებიათ, გადალახეს თურქეთის საზღვარი. ისინი მალე დააკავეს. მამა იხსენებდა ხოლმე, როგორი მძიმე ერთი წელი გაატარა სისასტიკით ცნობილ თურქულ ციხეში. მეგობრებს შორის მხოლოდ მან იცოდა უცხო ენა, ამიტომაც, პატიმრობის მთელი სიმძიმე მასზე გადადიოდა. მათ ხშირად უცვლიდნენ საპატიმრო ადგილს,  ხან ერთ ქალაქში გადაჰყავდათ, ხან – მეორეში. ამის წყალობით, ერთი წლის შემდეგ, მამა და მისი სამი მეგობარი ნელ-ნელა „მიუახლოვდნენ” თურქეთის იმ საზღვარს, საიდანაც მათ საზღვაო საზღვრით  შეეძლოთ მოხვედრა სირიაში. 
– რატომ აირჩიეს მათ სირია?
– სირია იმ პერიოდში ოკუპირებული იყო საფრანგეთის მიერ და, ამიტომ, ეს ქვეყანა იყო მათთვის საფრანგეთში მოხვედრის გზა. მამა ამბობდა, რომ ძალიან ბევრი იარა ფეხით ემიგრანტული ცხოვრების დასაწყისში და მასთან ერთად იყო  მისი სამი მეგობარიც. მათ საქართველოდან წასვლიდან სიკვდილამდე არ დაუტოვებიათ ერთმანეთი. სირიის ტერიტორიაზე გადასული  მამა და მისი მეგობრები თავიდან ბედუინებთან მოხვდნენ. ისინი ძალიან სტუმართმოყვარე ადამიანები არიან და რამდენიმე თვე შეიფარეს ოთხივე. ისინი დამეგობრდნენ, ბედუინებთან ერთად მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ, მაგრამ,  არ კარგავდნენ იმედს, რომ, ერთ დღესაც, საფრანგეთში მოხვდებოდნენ. ბედუინების დასახლებასთან იდგა ფრანგების პოლკი და მას ხელმძღვანელობდა  პოლონელი  სამხედრო, რომელიც, თურმე, ახალგაზრდობაში თბილისში ცხოვრობდა. მან ძალიან გაიხარა ქართველების გაცნობით, რეკომენდაცია გაუწია მათ და გაგზავნა ქალაქ ჰოლმსის შტაბ-ბინაში. იქიდან მამა და მისი მეგობრები მოხვდნენ ლიბანში, ქალაქ ბეირუთში, სადაც იყო რუსი თეთრგვარდიელების სახლი და მათ შეიფარეს ახალგაზრდა ემიგრანტები, რომლებსაც  თავის გადასარჩენად  მძიმე, შავი სამუშაოების კეთება უწევდათ. ერთხელ, მამა და მისი მეგობრები  გამოიძახეს ძალიან მდიდარ ოჯახში, სადაც მათ საკანალიზაციო სისტემა უნდა შეეკეთებინათ. ამ ისტორიას მამა ყოველთვის განსაკუთრებული ემოციებით იხსენებდა. როდესაც ის  შევიდა სასტუმრო ოთახში, დაინახა  როიალი, მამა მიუჯდა მონატრებულ ინსტრუმენტს და ქართული სიმღერის დაკვრა დაიწყო. უცებ ოთახში შევიდა ბინის მეპატრონე ქალბატონი მეგობართან ერთად, რომელიც, თურმე, საქართველოდან იყო წარმოშობით, გვარად გოგიჩაიშვილი. ის ცოლად გაჰყოლოდა ევროპელ დიპლომატს.  ახალგაზრდა ქალბატონი  ქართული მელოდიის გაგონებაზე, თურმე, შოკში ჩავარდა, თვალები ცრემლით აევსო. მან ძალიან დიდი დახმარება გაუწია მამას და მის მეგობრებს და აღმოჩნდა მათი მფარველი იქ, სადაც მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. ამ ქალბატონის დახმარებით მამამ მეგობრებთან ერთად  გახსნა სპირტის ქარხანა და ასე დაიწყო მისი საქმიანობა ბიზნესში. წარმოიდგინეთ, ემიგრანტისთვის სხვა ქვეყანაში  კომერციული საქმიანობის დაწყება როგორი რთული უნდა ყოფილიყო, მაგრამ, მამამ ეს შეძლო მეგობრებთან ერთად. სირიაში მათმა ბიზნესმა დიდი მასშტაბები მიიღო, მანამდე კი მათ იმავეს გაკეთება სცადეს იორდანიაში, პალესტინაში. პალესტინაში  ხომ ვერ იტყოდნენ, რომ საქართველოდან იყვნენ, ამიტომ, ებრაული სახელები გამოიგონეს. მიხეილ გაწერილია მოშე გახდა, ბიძია გოგიც, რაღაც ებრაული სახელით  გაეცნო მათ,  სახელი ლევანი კი „გააპარეს“ (იცინის). მამამ და მეგობრებმა შეძლეს გარკვეული თანხის დაგროვება, მაგრამ ერთ დღესაც, ქარხნის უფროსებმა მათ უთხრეს: კარგი, მოშე ებრაელია, ესეც, მაგრამ, ლევანი როგორი ებრაელია? არაფერი აქვს მათთან საერთოო. ეს ის მინიშნება იყო, რის შემდეგაც მამა და მისი მეგობრები იძულებულები გახდნენ, სასწრაფოდ დაეტოვებინათ პალესტინა, სანამ დააპატიმრებდნენ. 
 – ცნობილია, რომ მამა სირიაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა. როგორ მოახერხა ეს?
– უაღრესად ნიჭიერი კაცი იყო, დიპლომატიის საოცარი უნარი ჰქონდა. მამა დაუახლოვდა ადამიანებს საბჭოთა კავშირიდან, რომლებსაც სირიასთან ახლო კონტაქტები ჰქონდათ და მათთან ერთად ჩაერთო ნავთობის ბიზნესში. ის ხელმძღვანელობდა რეზერვუარების დამზადებას, რომლებსაც საწვავისთვის იყენებდნენ. 1956 წელს  სირიაში გაიხსნა საბჭოთა კავშირის გამოფენა-პავილიონი, სადაც მოწყობილი იყო ყველა რესპუბლიკის კუთხე, მაგრამ, ყველაზე კარგი მაინც ქართული კუთხე იყო – იქ იმართებოდა გამოფენები, ხდებოდა  კულტურული და ეკონომიკური კავშირების დამყარება ამ ორ ქვეყანას შორის. მამასთვის ეს პავილიონი იყო დაკარგულ სამშობლოში დაბრუნების ძაფი. მართლაც, გამოფენა-პავილიონის გახსნის მეორე წელს, მამამ შეუძლო ჩამოსვლა საბჭოთა კავშირში და, ორ ათელ წელზე მეტი ხნის დაშორების შემდეგ, პირველად ნახა მშობლები, რომლებსაც, მთელი ამ წლების განმავლობაში, მისგან მხოლოდ ერთი წერილი ჰქონდათ მიღებული: „ცოცხალი და ჯანმრთელი  ვარ”. როცა მამა საქართველოში წამოვიდა, მე მაშინ პატარა ვიყავი. მახსოვს, როგორ განიცდიდა დედა იმას, თუ როგორ დაბრუნდებოდა მამა თავისი  სამშობლოდან უკან, რადგან, შეიძლებოდა, დაეპატიმრებინათ კიდეც, თუმცა, ყველაფერი კარგად დასრულდა. მამა მას შემდეგ რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში, მოგვიანებით კი შვილებიც ჩამოგვიყვანა თან. საოცარი იყო ჩვენი პირველი შეხვედრა ქვეყანასთან, რომელზეც ბევრი რამ გაგვეგონა – მამა ამ ქვეყნის სიყვარულით გვზრდიდა ორ დას და ერთ ძმას. როცა პატარები ვიყავით, დაგვსვამდა ხოლმე  ჩვენ, თავისი მეგობრების შვილებს  და გვიყვებოდა,  როგორი მაგარი იყო საქართველო, როგორი ჩვეულებები ჰქონდათ აქ. ხშირად ტრაბახობდა,  საქართველოში ვაშლიც კი ისეთი მოდის, მისი მსგავსი სხვაგან არსად მოიძებნებაო. მახსოვს, როცა საქართველოში პირველად ჩამოვედი, საოცრად მომეწონა  აქაურობა, თუმცა მამას ვუთხარი: მამა, ყველაფერი მართლაც ისეა ამ ქვეყანაში, როგორც შენ ყვებოდი, მაგრამ, ეს ვაშლი მაინცდამაინც ისეთი დიდი არ არის-მეთქი (იცინის).
– თვითონ როგორ ინარჩუნებდა საქართველოს სირიაში?
– მამა ახერხებდა, შემოენახა თავისი სამშობლო ცხოვრების ყველა ნიუანსითა და  ჩვეულებით.  ჩვენ გვქონდა სახლში ყანწები, ხანჯლები, ხალიჩები, ღვინის თასები. მამას ძალიან უყვარდა ქართული ღვინო. როდესაც დამასკოში, ჩვენს სახლში, სტუმრები მოდიოდნენ,  ყოველთვის ქართული სუფრა იშლებოდა – საცივით,  ბადრიჯნით.  დედაჩემი უკრაინელი იყო, მაგრამ, მამა სულ ცდილობდა, რომ ის კარგად  დაუფლებოდა ქართული საჭმელების კეთებას – ასწავლიდა, რომელ  კერძს რომელი სუნელი უხდებოდა... თვითონ ძალიან მეგობრობდა ყველასთან, ვინც კი საქართველოდან ჩამოდიოდა სირიაში, მათ შორის იყვნენ ქართველი მეცნიერები, ინჟინრები, ავიატორები, სტუდენტები.  
– ცნობილი ფაქტია, რომ მამათქვენმა ნონა გაფრინდაშვილი საჭადრაკო დაფის მსგავსი  ბრილიანტებით შემკული გულსაკიდით დაასაჩუქრა.                      
– დიახ, მამამ ამ დიდ  მოჭადრაკეს ასეთი საჩუქარი გაუკეთა პატივისცემის ნიშნად.  მას ძალიან უნდოდა, რომ ქართული კულტურა, საქართველოს მიღწევები, უფრო ცნობილი გამხდარიყო მთელი მსოფლიოსთვის. მან დააფინანსა „ვეფხისტყაოსნის” თარგმნა არაბულ ენაზე.  მამა მეგობრობდა დიპლომატებთან, საკმაოდ გავლენიანი ადამიანი იყო ყველა წრეში. მაგრამ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი ცხოვრება ისე ვეღარ გაგრძელდა, როგორც ადრე იყო – მამა ავად გახდა და მისი ბიზნესიც უკან-უკან წავიდა. ის კავშირებიც, რომლებიც მას ჰქონდა სამთავრობო დონეზე სირიასა და საბჭოთა კავშირს შორის,  სხვა ურთიერთობებმა შეცვალა.  მამა ყველანაირად ცდილობდა, რომ შვილებიც დაკავშირებული ვყოფილიყავით საქართველოსთან – მე  აქ ჩამომიყვანა სასწავლებლად, საქართველოში გათხოვდა ჩემი და. ჩემთანაც იყო მცდელობა, რომ ქართველს გავყოლოდი ცოლად, მაგრამ, მე არჩევანი სირიელ ქმარზე შევაჩერე.
– როგორი იყო მისი ცხოვრების ბოლო წლები?
– ბოლოს ძალიან უტევდა ნოსტალგია. მეგობრებთან ხუმრობდა ხოლმე: მოდი,  ერთ  ტროტუარზე მე გავივლი, მეორე ტროტუარზე შენ გამოიარე და ვითომ შემთხვევით შევხვდით ორი ქართველი, ქართულად მოვიკითხოთ და მივესალმოთ ერთმანეთსო.  ასე „თამაშობდნენ“ ქართულად (იცინის). მამამ ძალიან რთულად გადაიტანა ერთ-ერთი მეგობრის სიკვდილი, რომელიც მათ შორის ყველაზე ადრე გარდაიცვალა – გოგი მხეიძე ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი გახდა. მისი მეორე მეგობარი, აპოლონ დანელია, ამერიკაში დაიღუპა და იქვე დაასაფლავეს. მიშა გაწერილია და გოგი მხეიძე  სირიაში არიან დასაფლავებული, მამა ბელგიაში გარდაიცვალა – ის  ჩემს ძმასთან იყო ჩასული სამკურნალოდ. ბოლო ოცნება ავუსრულეთ – საქართველოში ჩამოვიყვანეთ და აქ დავასაფლავეთ. სიკვდილმა დააშორა ის დედას, რომლის  სამუდამო განსასვენებელი სირიაში დარჩა, მაგრამ, ალბათ, ოდესმე ისინი შეიყრებიან ერთად აქ, ქართულ მიწაზე – აქ ხომ სხვანაირი სითბო და სიყვარულია...

скачать dle 11.3