კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (99)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

მგლები 5

უკანასკნელი ქურდი

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26-42(616)

„სხადნიაკიდან“ წამოსულ ლუკას კვლავ მოგონებები აეშალა. თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ, მაგრამ, თავისდა მოულოდნელად, ნაინა გაახსენდა და ისე მოუნდა მისი მშვიდი ხმის გაგონება, მის ერთგულ, სიყვარულით სავსე თვალებში ჩახედვა, რომ გული ტკივილისგან შეეკუმშა. მერე უცებ ეკა გაახსენდა და სირცხვილისგან სახე აელეწა – ნაინას გახსენება ღალატად ჩათვალა, მაგრამ, თავს მაინც ვერ მოერია: ნაინას სახებამ გადაფარა ეკას ტანჯვისგან გაცრეცილი სახე. ლუკა ტრანსში ჩავარდა და თვალები თავისით დაეხუჭა. მერე სხეული უჩვეულოდ მსუბუქი გაუხდა და იგრძნო, როგორ „გადაცურდა“ წარსულში. ერთი კი მოასწრო და გაიფიქრა, ასეთი რამ უკვე მერამდენედ მემართებაო. ორიოდ წამში მთლიანად მოსწყდა აწმყოს და თავის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე უბედური და ტრაგიკული დღე ისე დეტალურად წარმოუდგა თვალწინ, მთლიანად დაკარგა კონტროლი როგორც საკუთარ თავზე, ისე დროსა და სივრცეზე და მთლიანად მიენდო მისთვის ამოუცნობ ძალას.
„კიდევ კარგი, არავინ მხედავს“, – უმწეოდ გაიფიქრა მგელომ და უცებ ისე რეალურად იგრძნო, როგორ ანჯღრევდა პატარა ნატო და როგორ ეხვეწებოდა, დროზე ადექი, გამოფენაზე არ დაგვაგვიანდესო, რომ მართლა შეეშინდა, არ დაჰგვიანებოდათ ნატოს პირველ პერსონალურ გამოფენაზე, მომენტალურად გამოფხიზლდა (ოღონდ, იქ, წარსულში) და შვილს დამშვიდება დაუწყო, ჯერ ძალიან ადრეაო. მერე ოთახში ნაინა შემოვიდა და ლუკას გულში საოცარი სითბო ჩაეღვარა.
***
– ადექი, – არ მოეშვა ნატო, – ადექი, თორემ დაგვაგვიანდება.
ნატოს დანახვაზე ნაინამ მოჩვენებით შეიკრა შუბლი და მკაცრი ტონით ჰკითხა:
– რას აკეთებ აქ, ნატო?
– მამა გავაღვიძე, – უპასუხა მან.
– მე ხომ გთხოვე, მამა არ გააღვიძო, რადგან შინ გვიან დაბრუნდა და დასვენება სჭირდება-მეთქი.
– გამოფენაზე რომ დავიგვიანოთ? – თავი იმართლა ნატომ.
– არ დავიგვიანებთ, ახლა კი – პირდაპირ სააბაზანოში, – გაუღიმა ნაინამ და გოგონა საძინებელი ოთახიდან გაიყვანა.
ამჯერად ნატომ ნაინას ყველა მოთხოვნა შეასრულა: ისაუზმა, საგანგებოდ დაივარცხნა გრძელი, ოქროსფერი თმა, ლამაზ კაბაში გამოეწყო, შემდეგ კი ისევ გამოფენაზე ალაპარაკდა.
– კარგი, წავიდეთ, – დაეთანხმა ლუკა, რომელსაც თავადაც გადასდებოდა გოგონას ხალისიანი განწყობა.
უკვე სახლიდან გამოდიოდნენ, როდესაც ნაინამ ლუკას ქამარზე ჩამოკიდებული პისტოლეტი შენიშნა.
– ლუკა, იქნებ, სახლში დაგეტოვებინა იარაღი, – ნაინა ლოყით ლოყაზე მიეკრა და ისე სთხოვა, რომ მის სიტყვებს ნატომდე არ მიუღწევია.
– მე შეჩვეული ვარ იარაღს და მის გარეშე ცუდად ვგრძნობ თავს, – უპასუხა ლუკამ.
– მაგრამ ჩვენ ხომ გამოფენაზე მივდივართ. იქ უამრავი ადამიანი მოიყრის თავს: სამხატვრო საზოგადოება, პრესა, ტელევიზია. გთხოვ, ნურავის მისცემ საბაბს ახალი ჭორის ასაგორებლად. ისედაც ათას საშინელებას ყვებიან შენზე, დადაზე და ელიაზე, – გააგრძელა ნაინამ.
– შენ კი ბანდის ადვოკატს გიწოდებენ, არა?! – გაეცინა ლუკას.
– პირდაპირ ვერ მიბედავენ, მაგრამ, ბევრს მართლაც ასე მიაჩნია, – თავი დაუქნია ნაინამ.
– მაშინ, მეტი რაღა დამრჩენია. შენს პრესტიჟს გავუფრთხილდები, – უპასუხა ლუკამ, ქამრიდან პისტოლეტი ბუდესთან ერთად მოიხსნა და დერეფანში, ტუმბოს უჯრაში ჩააგდო.
– გმადლობ, – გაუღიმა ნაინამ, – ორ წუთში ვიქნები მზად.
ეზოში გამოსვლისთანავე ლუკამ ჭიშკრის სიახლოვეს უცნობი ავტომობილი შენიშნა. შავი ფერის „ჟიგული“ ჭიშკრის პირდაპირ იდგა. ჩამუქებული მინები სალონში მყოფთა გარჩევის საშუალებას არ იძლეოდა, მაგრამ ლუკამ მაინც შენიშნა მძღოლის სილუეტი. კიდევ ორი მამაკაცი მანქანის სიახლოვეს იდგა. ისინი დაჟინებით ათვალიერებდნენ სახლსა და ეზოს. წამით მათი მზერა ლუკას თვალებს გადააწყდა. მან ინსტინქტურად იგრძნო, რომ უცნობი მამაკაცებისა და მანქანის გამოჩენა მასთან იყო დაკავშირებული.
– ახლავე სახლში დაბრუნდი! – სწრაფად დაუყვირა უკან დადევნებულ ნატოს, თვითონ კი ჭიშკარს მიუბრუნდა.
მამაკაცები უმალ გამოცოცხლდნენ, ელვის სისწრაფით მოიმარჯვეს პისტოლეტი და მისკენ გამოქანდა.
„ნატო!“ – ელვასავით გაურბინა ლუკას  გონებაში და, ვიდრე უცნობი თავდამსხმელები ცეცხლს გახსნიდნენ, უკან გადახტა, ნატო მკლავებში მოიქცია და სხეულით გადაეფარა.
სროლის ხმამ გუგუნით დაურბინა ეზოს. ლუკას ტკივილი არ უგრძნია, მაგრამ, მარცხენა მხარში დატაკებულმა ტყვიამ ადგილზე დააბზრიალა, რამდენიმე ნაბიჯზე მოისროლა და ძირს დასცა.
– მამაა! – განწირულად აღმოხდა ბავშვს, როდესაც მისი მხრიდან გადმოხეთქილი სისხლის ნაკადი შენიშნა.
გოგონას კივილს თავდამსხმელთა მხრიდან კიდევ რამდენიმე გასროლა მოჰყვა. ტყვიებმა ავი წივილით გაჰკვეთა სივრცე და ლუკასა და ნატოს შორის ასფალტი მოციცქნა. ლუკა მაინც არ შეეპუა მოზუზუნე ტყვიებს, ერთი ნახტომით დაფარა მათ შორის არსებული მანძილი და ნატო ხელის კვრით შეაგდო თავისი მანქანის ქვეშ. იმავ წამს მის ზურგს უკან თავდამსხმელების ნაბიჯების ხმა გაისმა. ლუკა სწრაფად შემობრუნდა, მძვინვარე მზერა მიაპყრო თავდამსხმელებს და იყვირა:
– ბავშვს არაფერი დაუშავოთ, თქვენი დედაც!..
მათ არაფერი უპასუხეს, მხოლოდ სწრაფად შემართეს ორივე ხელით ჩაბღუჯული პისტოლეტები.
– „მორჩა! – გულისტკივილით გაუელვა ლუკას, – ახლა სასხლეტს დაუშვებენ და... აფსუს, როგორ უბრალოდ მომიხელთეს!..“
მაგრამ, თავდამსხმელებმა გასროლა ვეღარ შეძლეს. სრულიად მოულოდნელად, ბრძოლის ველს ახალი მონაწილე შემოუერთდა – თავდამსხმელების ზურგს უკან სახლის კარი გაიღო და კიბის ბაქანზე გაფითრებული ნაინა გამოჩნდა, რომელსაც ორივე ხელით ეჭირა ლუკას პისტოლეტი და უცნობებს უმიზნებდა.
თავდამსხმელებმა რეაგირება ვეღარ მოახერხეს. ნაინამ, რომელიც შესანიშნავად ხვდებოდა, რაოდენ დიდი საფრთხე ემუქრებოდათ ლუკასა და ნატოს, უყოყმანოდ დაუშვა სასხლეტი. პირველმა ტყვიამ ერთ-ერთ თავდამსხმელს კისერში გაუარა და ლუკას გვერდით, მიწაზე დასცა. მეორე ინსტინქტურად იმ მხარეს შებრუნდა, საიდანაც სროლის ხმა მოესმა და ზედიზედ მკერდსა და მუცელში მიიღო რამდენიმე ტყვია. სასიკვდილოდ დაჭრილი თავდამსხმელი წაქცეულიც არ იყო, რომ ლუკამ პირველ თავდამსხმელს პისტოლეტი გამოჰგლიჯა ხელიდან, მის ბორგვას კეფაში გასროლით მოუღო ბოლო და ნაინას უყვირა:
– სახლში! ახლავე სახლში შებრუნდი!
ნაინამ, რომელმაც ვერ გაიგო, რისთვის სთხოვდა ლუკა სახლში შებრუნებას, სწრაფად გამოხედა.
– სახლში! – ყვირილით გაიმეორა ლუკამ, მანქანის კაპოტს მკერდით დაეყრდნო და ცეცხლი გახსნა შავი „ჟიგულის“ მიმართულებით, რომლის ფანჯრიდანაც ავისმომასწავებლად გამოჩრილიყო ავტომატის ლულა.
ავტომატმა და ლუკას პისტოლეტმა თითქმის ერთდროულად იგრიალა. ავტომატის სროლას სახლის მხრიდან სუსტი კვნესის ხმა მოჰყვა. ლუკამ სროლის შეუწყვეტლად გახედა კიბეს. ავტომატის ჯერი ნაინას მისწვდომოდა. ქალს პისტოლეტი ხელიდან გავარდნოდა და, ზურგით კედელზე მიყრდნობილი, წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა. ამ დროს ავტომატმა მეორედ იგრიალა. რამდენიმე ტყვია ერთად დაეძგერა ნაინას და ძირს დასცა.
– შენი დედა, ნაბიჭვარო! – განწირული ხმით იყვირა ამ სურათის ხილვით გააფთრებულმა ლუკამ, პისტოლეტის ტარს ძლიერად მოუჭირა თითები და სროლით გაქანდა შავი „ჟიგულისკენ“.
მძღოლმა უმალ შენიშნა მანქანას მოშორებული ლუკა, სწრაფად შემოაბრუნა ავტომატი და მიზანში მისი ამოღება სცადა, მაგრამ, უკვე გვიან იყო: ლუკამ, რომელიც სულ რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით იმყოფებოდა მისგან, მიჯრით გაუხსნა ცეცხლი. პირველმავე ტყვიამ მას საფეთქელი შეუნგრია და სამუდამოდ დაადუმა. ყოველი შემთხვევისთვის, ლუკამ რამდენიმე ტყვია კიდევ დაახალა. შემდეგ კი შებრუნდა და კიბისკენ გაიქცა, სადაც ნაინა ეგულებოდა. ამ ორიოდე წამში, რომელიც მას მძღოლის დასაცხრილად დასჭირდა, ნაინას ძალიან ბევრი სისხლი დაეკარგა. ქალი სისხლის უზარმაზარ გუბეში იწვა და ოდნავ შესამჩნევად ფეთქავდა.
– ნაინა, ეს როგორ? – გაჭირვებით წარმოთქვა ლუკამ და აკანკალებული ხელით მოუსინჯა მკერდი. სისხლით გაჟღენთილ პერანგზე სამი ნატყვიარი აღმოჩნდა. ზურგქვეშ ამოდებულმა ხელისგულმა მაშინვე შეიგრძნო სისხლის თბილი ნაკადი და ლუკა უმალ მიხვდა, რომ ჭრილობები გამჭოლი იყო.
– მტკივა... – უღონოდ ამოიკვნესა ნაინამ, შემდეგ კი თვალები გაახილა, აქეთ-იქით მიმოატარა დანისლული მზერა და მისუსტებული ხმით იკითხა, – ნატო!.. სად არის ნატო?
– ნატო?! – ლუკამ სწრაფად მოძებნა მანქანის საბურავთან მოკუნტული გოგონა, რომელიც შიშისგან გაფართოებული თვალებით შესცქეროდა თავდამსხმელთა ტყვიით დაცხრილულ გვამებს, – ნატოს არაფერი სჭირს, ნუ გეშინია, გამაგრდი, ახლავე... – ამ სიტყვებთან ერთად ლუკამ ნაინას მკლავი მოხვია, გაჭირვებით ასწია, მანქანასთან მიიყვანა და წინა სავარძელზე დაუშვა. შემდეგ ნატოსთვისაც მოიცალა. გოგონა მანქანაში ჩასვა. თვითონ საჭეს მიუჯდა და მანქანა მთელი სისწრაფით მოსწყვიტა ადგილს.
გზაში ნაინა სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა. ლუკა გრძნობდა ამას და, რამდენადაც შესაძლებელი იყო, სწრაფად მიჰყავდა მანქანა, მაგრამ, მხარში მიყენებულმა ჭრილობამ და სისხლდენამ სწრაფად შეახსენა თავი. ლუკას უკვე თვალთ უბნელდებოდა, როდესაც საავადმყოფოს მიადგა. მას სიჩქარის დაგდება არც კი უცდია, ჯიქურ დაატაკა ჭიშკარს, გაანგრია და მანქანა მიმღებ განყოფილებასთან შეაჩერა.
ასეთი სისწრაფით შემოვარდნილ მანქანას მაშინვე შემოეხვივნენ ექიმები.
– საკაცე! ექიმი! საოპერაციო მოამზადეთ! დროზე, რას გაქვავებულხართ! – გააფთრებულმა შესძახა მანქანიდან გადმოსულმა ლუკამ და, როდესაც მისი ნახვით გაოგნებული ექიმები ამის შემდეგაც ვერ მოეგნენ გონს, პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში.
ექიმები უმალ გამოფხიზლდნენ: ნაინა ფრთხილად გადმოიყვანეს, საკაცეზე დააწვინეს და მიმღებ განყოფილებაში შეიყვანეს. ლუკამ კი მანქანიდან ნატო გადმოიყვანა და საკაცეს უკან მიჰყვა.
– რა შეგემთხვათ? ვინ ბრძანდებით? ეს ქალი ვინაა თქვენი? რამდენი წლისაა?.. – კითხვები დააყარეს ლუკას მიმღები განყოფილების თანამშრომლებმა.
– დაჭრილს მიხედეთ! – უხეშად შეუყვირა მან.
– დაჭრილს მიხედავენ, მანამდე კი ჩვენ მილიციას უნდა ვაცნობოთ მომხდარის შესახებ. თანაც, თქვენც გჭირდებათ სამედიცინო დახმარება, – უთხრა მიმღები განყოფილების თანამშრომელმა.
– უკან! – ყველასთვის მოულოდნელად იფეთქა ლუკამ და მიახლოებული ექიმები მიზანში ამოიღო, – არავინ მომიახლოვდეს, თორემ აქვე ავუგებ ანდერძს.
– ჩვენ თქვენი დახმარება გვინდა, – დაიბნა მედპერსონალი.
– უკან-მეთქი! – მუქარით განაგრძო ლუკამ. მისთვის ჯერაც უცნობი იყო, ვინ იყვნენ თავდამსხმელები და ვისი განკარგულებით მოქმედებდნენ ისინი. აქედან გამომდინარე, არ გამორიცხავდა, რომ, შესაძლოა, იდუმალ თავდამსხმელს საავადმყოფოს თანამშრომლების ხელით ეცადა მისი თავიდან მოშორება.
– მაგრამ... – ექიმებმა დაბნეული სახეებით გადახედეს ერთმანეთს.
– ენა დაიმოკლეთ და მომისმინეთ! – უცვლელი ტონით განაგრძო ლუკამ და პისტოლეტის ლულით უახლოეს კარზე ანიშნა, – რა არის ამ კარს მიღმა?
– საორდინატორო, – უპასუხა ერთ-ერთმა ექიმმა.
– გააღეთ კარი! – კატეგორიულად მოითხოვა ლუკამ.
ერთ-ერთი ექიმი უმალ დაემორჩილა მის მოთხოვნას. კარს მიღმა მცირე ზომის სამუშაო კაბინეტი იყო, სადაც არავინ იმყოფებოდა.
– ოთახში შედი და ფანჯრისგან მოშორებით, ტახტზე დაჯექი. ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, – ლუკამ ნატო საორდინატოროში შეუშვა და კარი ისე მიხურა, რომ გოგონა თვალთახედვის არეში ჰყოლოდა, შემდეგ კი ჯიბეში მობილური ტელეფონი მოძებნა, ლარგოს დაუკავშირდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში მოსვლა უბრძანა.
– ჩვენ რა მოვიმოქმედოთ? – იკითხეს ექიმებმა, როგორც კი ლუკამ სატელეფონო საუბარი დაასრულა, – თქვენ სერიოზული ჭრილობა გაქვთ და სასწრაფოდ გჭირდებათ ქირურგიული დახმარება.
– გმადლობთ, მაგრამ, ვიდრე აქ ჩემი მეგობრები არ მოვლენ, არაფერი შეიცვლება, – ოდნავ მოლბა ლუკა, – ახლა კი გთხოვთ, დაჭრილს მიხედოთ, მისი გადარჩენისთვის არაფერს დავიშურებ, სიცოცხლესაც კი...
***
სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე წუთი იქნებოდა გასული, მიმღებ განყოფილებაში ლარგო, ჯაბა და „ვერშინის“ დაცვის სამსახურის ოცამდე თანამშრომელი რომ გამოჩნდნენ. „ვერშინის“ თანამშრომლებს უკან მილიციის ტერიტორიული სამმართველოს წარმომადგენლებიც მოჰყვნენ.
ლარგოსა და ჯაბას გაქვავებულმა სახეებმა პირველივე წამებიდან მიახვედრა ლუკა, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ, ვიდრე ექიმმა საგულდაგულოდ არ დაუმუშავა ჭრილობა, არც ერთ მათგანს სიტყვა არ დაუძრავს.
– ცუდი იარაა, ტყვია ჭრილობის სიღრმეშია ჩარჩენილი, სასწრაფო ოპერაციაა საჭირო, – ჭრილობის შესწავლისთანავე თქვა ლარგოს მიერ გამოძახებულმა ქირურგმა.
– სისხლდენა შემიჩერეთ და ჭრილობა შემიხვიეთ. ჯერჯერობით მხოლოდ ამით დავკმაყოფილდები, – მოკლედ მოუჭრა ლუკამ.
ექიმმა ლარგოს გახედა და, როდესაც მისი უსიტყვო თანხმობა მიიღო, ხელსაწყოები მოიმარჯვა და საქმეს შეუდგა. იმპროვიზებულმა ოპერაციამ ათიოდე წუთს გასტანა. ექიმმა სისხლდენა შეუჩერა ლუკას, მხარზე მჭიდრო სახვევი დაადო და მაშინვე გავიდა საორდინატოროდან.
– რა გაქვთ ჩემთვის სათქმელი? – ლუკა მძიმედ წამოჯდა ტახტზე და ლარგოსა და ჯაბას შეხედა! – ვინ იყვნენ ისინი?
– წარმოდგენა არ გვაქვს. ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ჩვენ წინააღმდეგ ნამდვილი პროფესიონალები მოქმედებდნენ და ისინი ადგილობრივები არ არიან. ხარკოველებს შორის არავინ მეგულება ისეთი თავზე ხელაღებული, ჩვენზე თავდასხმა რომ გაებედა. თანაც, აქ ჩვენ არც გვყავს ასეთი მტრები, – უპასუხა ლარგომ.
– შენ არასოდეს გჩვევია ტყუილი. რას მიმალავ, ლარგო? – ლუკას არ ესიამოვნა მეგობრის დაძაბული ხმა.
– საქმე ძალიან ცუდად არის. ახლა არ მინდოდა ამაზე საუბარი, – ყოყმანით წამოიწყო ლარგომ.
– თქვი! – კატეგორიული ტონით მოითხოვა ლუკამ.
– ჩვენ წინააღმდეგ სერიოზული ძალა მოქმედებს. ელია უკვალოდ გაქრა. ოფისში მხოლოდ მისი მცველების გვამები აღმოვაჩინეთ. ყველა კეფაში გასროლითაა მოკლული. უკვალოდ გაქრა კლეშიც – გუშინდელი საღამოს შემდეგ ის აღარავის უნახავს. ვშიშობ, რომ ისიც მკვდარია.
– სულ ეს არის?
– არა, – ყრუდ ჩაილაპარაკა ლარგომ.
– კიდევ რა მოხდა? – დაძაბული ხმით იკითხა ლუკამ.
პასუხად ლარგომ ჯიბიდან მცირე ზომის შეკვრა ამოიღო და ლუკას ხელისგულზე თეთრი ფხვნილი წამოყარა.
– რა არის ეს? – ჰკითხა მან.
– ეს კოკაინია. ვიცი, რომ შენ ნარკოტიკების წინააღმდეგი ხარ, მაგრამ, ეს ძალას შეგმატებს, – უპასუხა ლარგომ, – შეისუნთქე.
– ასეთი რა უნდა მითხრა, ლარგო? – ხმა ჩაეხლიჩა ლუკას.
– შეისუნთქე, – ლარგომ მაჯაზე მოუჭირა თითები და ხელისგული სახესთან მიუტანა.
ლუკას წინააღმდეგობა არ გაუწევია. გრძნობდა, რომ ლარგო მხოლოდ მისთვის ირჯებოდა. თავი დახარა და კოკაინი ღრმად შეისუნთქა.
– უკეთ ხარ? – ჰკითხა ლარგომ, რომელსაც არ გამოჰპარვია მისი მზერის შეცვლა.
– ჰო. ახლა კი მითხარი, კიდევ რა მოხდა?
– გამაგრდი, ლუკა, – მძიმედ წამოიწყო ლარგომ, – როგორც კი შენზე თავდასხმის შესახებ შევიტყვეთ, მაშინვე დადას დავუკავშირდით, თან გავაფრთხილეთ, რომ ფხიზლად ყოფილიყო, მაგრამ...
– რა, მაგრამ? – ადგილიდან წამოიწია ლუკა და რაღაც უსიამოვნოს მოლოდინში ლარგოს დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში.
– აქაც დაგვასწრეს იმ ნაბიჭვრებმა. ჩემთან საუბრის შემდეგ დადა აქ წამოსასვლელად ჩაჯდა მანქანაში და აფეთქდა. ეს შემთხვევითობა არ იყო, ვიღაცას წინასწარ ჰქონდა ჩაფიქრებული მისი მოკვლა, ისევე, როგორც შენზე თავდასხმა.
– დადა დაიღუპა? – დაიხრიალა ლუკამ.
– არა, მაგრამ...
– რა, მაგრამ?! აღარ იტყვი სათქმელს? – იფეთქა ლუკამ.
– დადამ ორივე ფეხი დაკარგა. ახლა ის ამავე საავადმყოფოში იმყოფება. ექიმები დარწმუნებულები არიან, რომ მის გადარჩენას შეძლებენ, მაგრამ ფეხებს აღარაფერი ეშველება. ის სამუდამოდ დახეიბრდა, – გაჭირვებით წარმოთქვა ლარგომ.
ლუკამ პირველი შოკის გადატანა ვერ მოასწრო, რომ საორდინატოროს კარში სისხლის ლაქებით მოსვრილ ხალათში გამოწყობილი ექიმი გამოჩნდა. ის უხმაუროდ შემოვიდა კაბინეტში და დამნაშავის იერით ლუკას წინ შედგა.
„ნაინა!“ – ელვასავით დაურბინა ლუკას, ინსტინქტურად წამოიწია ტახტიდან, ექიმს საყელოში სწვდა, ძლიერად შეანჯღრია და უყვირა:
– არა, არ მითხრათ, რომ ის...
– ლუკა, ეს ხომ ექიმია, მას არაფერი დაუშავებია ჩვენთვის, – ჯაბა და ლარგო აქეთ-იქიდან ეცნენ ლუკას და ექიმი გაჭირვებით გამოჰგლიჯეს ხელიდან.
– მაპატიეთ, მე მესმის თქვენი, მაგრამ ვერაფრით შევძელი მისი დახმარება, ქალი გარდაიცვალა, – ჩავარდნილი ხმით თქვა ექიმმა.
– წადი, ახლავე წადი! – სწრაფად უთხრა ექიმს ლარგომ და ლუკას შესაკავებლად მოემზადა, მაგრამ, აფეთქება აღარ მომხდარა – ლუკა უღონოდ დაეშვა ტახტზე და თავი დახარა.
– მაპატიეთ, – დაუფარავი გულისტკივილით გაიმეორა ექიმმა და მაშინვე გაეცალა საორდინატოროს.
ოთახში ჩამოწოლილმა მდუმარებამ, რომელსაც მხოლოდ ნატოს გულამოსკვნილი ქვითინი არღვევდა, ათიოდე წუთს გასტანა. ლარგო და ჯაბა მოთმინებით ელოდნენ, რას მოიმოქმედებდა ლუკა. ის კი დუმდა. ბოლოს ლუკამ მაინც შეძლო ძალის მოკრება, თავი ასწია, ჯაბას ამღვრეული თვალებით შეხედა და თქვა:
– ჯაბა, ნატო აქედან უნდა წაიყვანო!
– ახლა ვერ მიგატოვებ, ლუკა. ჩვენი ხალხი აქ არის. ნატოზე ზრუნვას მათ დავავალებ, მე კი შენთან დავრჩები, – შეეწინააღმდეგა ჯაბა.
– არა, შენ გარდა ვერავის ვანდობ ნატოს. დაიმახსოვრე, რომ შენ ნატო ყველასგან უნდა დაიცვა. იმას კი, თუ ვინ მოგვეკიდა მტრად, მე და ლარგო გავარკვევთ, – თქვა ლუკამ, შემდეგ კი ადგა და ლარგოს ანიშნა, – გამომყევიო.
***
რამდენიმესაათიანი რთული ოპერაციის შემდეგ დადა რეანიმაციის განყოფილების პალატაში გადაიყვანეს. ლუკასთვის უკვე ცნობილი იყო, რომ მან სამუდამოდ დაკარგა ფეხები; შემდეგ კი გაირკვა, რომ ექიმებმა მას მხედველობაც ვერ შეუნარჩუნეს.
ლუკა ხანგრძლივი დროის განმავლობაში იდგა დადას საწოლთან და ფეხებმოკვეთილ და სახვევებით დაფარულ სხეულში ბავშვობის მეგობრის ამოცნობას ცდილობდა.
– რას გრძნობს ახლა? ტკივილი ხომ არ აწუხებს? – ექიმს მიუბრუნდა ლუკა.
– არა, ის კომაშია. ჩვენ მხოლოდ ხელსაწყოებით ვაკონტროლებთ მის მდგომარეობას, – უპასუხა ექიმმა და სარეანიმაციო ხელსაწყოებზე ანიშნა.
– როდემდე იქნება ასე?
– ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, ტკივილს მაინც არ დავატანჯვინებთ. როგორც კი ტკივილის ნიშნებს შევნიშნავთ, მორფინს ან სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას გავუკეთებთ.
ლუკა რამდენიმე წამით ჩაფიქრდა, შემდეგ კი ჰკითხა:
– მორფინი საკმარისი რაოდენობით გაქვთ?
– რა თქმა უნდა. ეს ხომ რეანიმაციული განყოფილებაა.
– სად ინახავთ მორფს? – გააგრძელა ლუკამ.
– აქვე, – შემინულ კარადაზე ანიშნა ექიმმა.
შემდეგ კი ისეთი რამ მოხდა, რასაც არც ლარგო და არც ექიმი არ ელოდნენ: ლუკა შემინულ კარადას მიუახლოვდა, კარი გააღო, თაროდან მთელი ბღუჯა მორფინის ამპულები და შპრიცი გამოიღო, ექიმს მიაჩეჩა და ყინულივით ცივი ხმით უბრძანა:
– ამ მორფინს თქვენს პაციენტს გაუკეთებთ!
– რა ბრძანეთ? – გაოგნდა ექიმი, – ეს ხომ სასიკვდილო დოზაა, პაციენტი დაუყოვნებლივ მოკვდება.
– გააკეთე, რაც გითხარი! – დაიხრიალა ლუკამ და ექიმს პისტოლეტის ლულა საფეთქელზე მიაბჯინა.
– ლუკა, რას აპირებ? – გაჭირვებით წარმოთქვა ლარგომ.
– შენ რა, გინდა, რომ დადას საფეთქელში დავახალო ტყვია და ისე მოვკლა? – ბრაზით გახედა ლუკამ.
– არა...
– მაშინ, გაჩუმდი! – ლუკამ თითის სწრაფი მოძრაობით შემართა პისტოლეტის ჩახმახი და ექიმთან ლაპარაკი განაგრძო, – მოსაფიქრებელ დროს არ გაძლევ – ან ახლავე გაუკეთებ მორფს, ან შუბლში ტყვიას მიიღებ!
ლუკას წამონთებულმა მზერამ ექიმი უმალ მიახვედრა, რომ ის არ ხუმრობდა.
– არ მესროლოთ, ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც მიბრძანეთ, – თქვა ექიმმა. შემდეგ ხელის კანკალით მორფინი შპრიცში ამოიღო და საწოლისკენ დაიხარა, დადას წამალი ვენაში შეუშხაპუნა და მზერა სარეანიმაციო ხელსაწყოებზე გადაიტანა.
ოციოდე წამის შემდეგ პულსის მაჩვენებელმა სწრაფად დაიწყო ვარდნა. სულ მალე კი ხელსაწყოს ეკრანზე გრძელი ზოლი გაიჭიმა და პალატაში უსიამოვნო ზუმერი გაისმა, რითაც ხელსაწყო იუწყებოდა, რომ პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
– ეს რა ქენი, ლუკა? – ძლივს წარმოთქვა ლარგომ, როდესაც დადამ სუნთქვა შეწყვიტა.
– მე ბავშვობიდან ვიცნობდი დადას და ვიცი, როგორ გადაწყვეტილებასაც მიიღებდა, ამის საშუალება რომ ჰქონოდა. ის ქურდი იყო და სხვანაირად ცხოვრებას არასოდეს ისურვებდა, – უპასუხა ლუკამ, შემდეგ კი დადასკენ დაიხარა, შუბლზე მოეფერა და ჩურჩულით თქვა – მაპატიე, დადა, მხოლოდ ამის გაკეთება შევძელი შენთვის...
***
დაჯგუფების წევრები გაოგნებულები იყვნენ ლუკას უმოქმედობით. ვინ გამოგზავნა იდუმალი თავდამსხმელები, რომლებმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს „ვერშინის“ მომავალი, ჯერაც გაურკვეველი იყო. თანაც, მათი თავდასხმის შედეგად დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაჯგუფების რამდენიმე ხელმძღვანელი. მოკლეს დადა და ელიას დაცვის წევრები. თვით ელიას ასავალ-დასავალი ჯერაც უცნობი იყო. თვით ლუკა შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ მასზე თავდასხმამ ნაინა შეიწირა, სრულიად უდანაშაულო ქალი, რომელიც ყველას უყვარდა. სასწრაფო და გადამწყვეტი მოქმედების ნაცვლად, ლუკა მთელ დროს ნაინასა და დადას კუბოებთან ატარებდა და ახლოს არავის იკარებდა. ბოლოს ლუკა ლარგოს მიუბრუნდა:
– შენს განკარგულებაში ხუთი დღეა. ვიცი, ძნელი იქნება, მაგრამ, მეტ დროს ვერ მოგცემ. ხუთი დღის შემდეგ ყველა კითხვაზე უნდა გამცე პასუხი, – თქვა მან.
ეს იყო და ეს. ლარგო უსიტყვოდ შებრუნდა, თავის მანქანაში ჩაჯდა და სადღაც გაემგზავრა. მას შემდეგ ის ლუკას სიახლოვეს ერთხელაც არ გამოჩენილა.
***
ბოლო ორი დღე-ღამე ლუკამ სრულ მარტოობაში გაატარა. ორმა კუბომ, რომლებიც სასტუმრო ოთახში ესვენა, მთელი მისი ცხოვრება საშინელ წყვდიადში ჩაძირა. ამ კუბოების გარდა ის ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა; ვერც დაჯგუფების წევრებს, რომლებიც გაფაციცებით იცავდნენ სახლსა და მის მისადგომებს და ვერც იმ მრავალრიცხოვან ნაცნობ-მეგობრებს, რომლებიც თანაგრძნობის გამოხატვას ცდილობდნენ. იმ წუთებში კოკაინით აღგზნებული მისი გონება სულ სხვა სურათებს ხატავდა. დადას ხედავდა არა ისეთს, როგორიც უკანასკნელად ნახა – დაჩეხილს, ფეხებმოგლეჯილსა და მხედველობადაკარგულს, არამედ ისეთს, როგორიც ახსოვდა: ხედავდა დადას, რომელიც წლების განმავლობაში მის ახლოს ცხოვრობდა და სკოლაში მასთან ერთად დადიოდა; ხედავდა დადას, რომელიც ბრაზით აღსავსე ესწრებოდა მის სასამართლოს; შემდეგ დადას სახეს ნაინა ცვლიდა და ტკივილი ახალი ძალით ურბენდა მის გონებასა და სხეულს. მეხსიერება თავისთავად აცოცხლებდა ყოველ დღეს, საათსა და წუთს, რომელიც მასთან ერთად ჰქონდა გატარებული. მაგრამ ბოლოს კოკაინის მოქმედება სუსტდებოდა და ლუკა რეალობას უბრუნდებოდა – სასტუმრო ოთახს, სადაც ორი შავი კუბო იდგა და ნაცნობ-მეგობართა მისკენ მომართულ, გაქვავებულ მზერას. რეალობა კი იმდენად საზარელი იყო, რომ ლუკა მაშინვე იღებდა ჯიბიდან კოკაინის მოზრდილ შეკვრას, ყნოსავდა და ისევ წარსულის სურათებს უბრუნდებოდა.
შუაღამე კარგა ხნის გადაცილებული იყო, როდესაც დაჯგუფების წევრებმა ლუკას სიმშვიდე დაურღვიეს.
– რა გინდათ? – ლუკამ მძიმედ ასწია თავი.
– ახლახან ტელეფონით დაგვიკავშირდნენ. ქურდებს შენთან შეხვედრა უნდათ, – უპასუხეს დაჯგუფების წევრებმა.
– აქ მოვიდნენ, – ჩაილაპარაკა ლუკამ.
– აქ ვერ მოვლენ.
– რატომ?
– მილიცია გაფაციცებული სდარაჯობს სახლს.
– კარგი, რაც იყო – იყო. სად მელოდებიან ქურდები?
– გორკის პარკში, რესტორან „იანტარში“ აქვთ დანიშნული სხადნიაკი.
– სხადნიაკი – გაუკვირდა ლუკას.
– ჰო, სხადნიაკზე გიწვევენ.
***
რესტორან „იანტარში“ ლუკას ხუთი ქურდი დახვდა. მათ შორის მისი ძველი ნაცნობები – ვოლინა და კრასნოდარელი ქურდი, იგორ სამოილოვიც იყვნენ. ქურდები დუმილით შეხვდნენ შემოსულ ლუკას. მან აუჩქარებლად შეათვალიერა ისინი, შემდეგ ვოლინას პირისპირ მაგიდას მიუჯდა და იკითხა:
– რისთვის დამიბარეთ აქ?
– დადა მძიმე დანაკარგია ჩვენთვის. ჩვენ კი დღესაც არ ვიცით, ვინ და რისთვის მოკლა ჩვენი ძმა. იქნებ, შენ გაგვცე ამ კითხვაზე პასუხი, – ცივი ხმით წამოიწყო იგორმა.
– მე არ ვიცი, ვინ იყვნენ ისინი. როდესაც გავარკვევ, თქვენც შეიტყობთ მათ სახელებს, – უპასუხა ლუკამ.
– დადა იმათ მოკლეს? – ხმას აუწია იგორმა.
– პირდაპირ მითხარი, რა გაინტერესებს? – მზერა გაუსწორა ლუკამ.
– რაც ექიმმა მიამბო, სავსებით საკმარისია შენთვის განაჩენის გამოსატანად! – იფეთქა იგორმა.
– მშვიდად, იგორ. ჩვენ საჩხუბრად არ შევკრებილვართ, – ჩაურთო ვოლინამ, – ლუკა გეკითხება და უპასუხე, რა პრეტენზია გაქვს მასთან.
– ეს უბრალოდ პრეტენზია არ არის. მან დადა მოკლა! – ბრაზით იყვირა იგორმა, – ექიმი აიძულა, რომ მისთვის მორფის სასიკვდილო დოზა გაეკეთებინა.
ნათქვამს ქურდებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია, რამაც ლუკა მიახვედრა, რომ მათ უკვე ესაუბრათ ამაზე და, შესაძლოა, მისთვის განაჩენიც კი ჰქონოდათ გამოტანილი.
– მე და დადა ხუთი წელი ერთ ზონაში ვისხედით. ასეც რომ არ ყოფილიყო, არავინ და არასდროს შეგარჩენდა ქურდის მოკვლას! – ყვირილით დაასრულა იგორმა.
– შენც ასე ფიქრობ? – ვოლინას გახედა ლუკამ.
– ამ შემთხვევაში ჩემი პირადი აზრი არაფერს წყვეტს. იმ ექიმს კი მეც ველაპარაკე, – უპასუხა მან.
– რას ხლართავთ? – ყველასთვის მოულოდნელად იფეთქა ლუკამ, – ჩემთან რატომ არ მოხვედით? მე რატომ არ მკითხეთ? თუ, იმ ექიმს ჩემზე მეტი ავტორიტეტი აქვს და ჩემზე მეტი ეთქმის?
– დამშვიდდი, ლუკა, – მშვიდად განაგრძო ვოლინამ, – და გვიპასუხე, სიმართლე თქვა თუ არა ექიმმა?
– მართალი თქვა. მე ვაიძულე, რომ დადასთვის მორფის სასიკვდილო დოზა გაეკეთებინა, – უპასუხა ლუკამ.
– ესე იგი, მართალი ყოფილა! – მოზეიმე ხმით შესძახა იგორმა.
– ეს რამ გაგაკეთებინა, ლუკა? – აღმოხდა ვოლინას, – ხვდები, რა ჩაიდინე? შენ ხომ ქურდი მოკალი!
– რომელი იცნობდით ჩემზე უკეთ დადას და ჩემზე მეტად რომელს გეტკინათ მისი დაღუპვით გული? – კბილები გააღრჭიალა ლუკამ.
– მით უმეტეს, – განაგრძო ვოლინამ, – მე კარგად ვიცი, როგორი მეგობრობაც გაკავშირებდათ და სწორედ ამიტომაც მაოცებს შენი საქციელი.
– ასე ნუ ფიქრობ. ეს კითხვა არც უნდა დაგესვათ ჩემთვის. რას გააკეთებდით, ჩემ ადგილზე რომ ყოფილიყავით და თქვენ წინაშე მხედველობადაკარგული და სამუდამოდ დახეიბრებული დადა ყოფილიყო? – ლუკამ სწრაფი მზერა მოავლო ქურდებს.
– არაფერს არ მოვიმოქმედებდი. უბრალოდ, მის გამოჯანმრთელებას დაველოდებოდი, – უპასუხა ვოლინამ.
– მე კი ვერ დაველოდებოდი. ვერ დაველოდებოდი იმ დღეს, როდესაც გონსმოსული დადა თვითონ მთხოვდა მოკვლას და, თუ მე ვერ შევძლებდი, თვითონ გააკეთებდა ამას. დადა ქურდად იყო დაბადებული. სხვა მიზანი მას არასდროს ჰქონია. ის მე არ მომიკლავს, ის იმ ნაბოზარმა მოკლა, რომელმაც მის მანქანაში ნაღმის ჩადების განკარგულება გასცა. მე მხოლოდ ის ტკივილი ავაცილე, გონებაზე მოსვლის შემდეგ რომ იგრძნობდა. ამისთვის მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე ვაგებ პასუხს და ამ თემაზე საუბრის გაგრძელებასაც აღარ ვაპირებ. თქვენ თვითონ თუ ვერ ხვდებით, მე გეტყვით: რკინისა არ ვარ და აქ ყოფნის არც სურვილი მაქვს და არც ძალა.
– ძალიან ბევრს იღებ თავზე, – შეუღრინა იგორმა, – ეს პირადი საქმე არ არის. ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ და რამდენ წელს ძმაკაცობდით შენ და დადა. მე ჯერჯერობით არაფერი ვიცი დადას სიკვდილის მიზეზებზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი შენი დამსახურებით მოხდა. შენ სიკვდილი გდევს. სადაც კი ფეხი დადგი, ყველგან სისხლი დაიღვარა და ყველგან ვიღაც მოკვდა.
– ჩემი ცხოვრება შენ არ გეხება. თუ საჭიროდ მივიჩნევ, ხვალ ისევ დავღვრი სისხლს და, ვისაც გული ერჩის, გაბედოს და პრეტენზია წამომიყენოს! – მზერა გაუსწორა ლუკამ.
– ეს შენი პირადი საქმე არ არის. შენ ქურდზე ასწიე ხელი. ქურდების გადაწყვეტილების გარეშე არავის აქვს მისი მოკვლის უფლება მით უმეტეს, არიფს, – სკამიდან წამოიწია იგორი.
– ვინ არის არიფი? – არ შეეპუა ლუკა.
– შენ!
–  მაშ, შენ არიფი გგონივარ? – ცივად შენიშნა ლუკამ.
– მაშ, ვინ ხარ?
– ეგ მანამდე უნდა გაგერკვია, სანამ აქ მომიწვევდი, მე ქურდი ვარ!
– ქურდი? – აშკარად დაიბნა იგორი.
ცნობა სხვა ქურდებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ყველამ ვოლინას შეხედა, რომელიც ყველაზე უკეთ იცნობდა ლუკას. არაოფიციალურ ნათლობას, რომელზეც ბერომ ლუკა ქურდად დაასახელა, მხოლოდ ვოლინა და დადა ესწრებოდნენ. დადა მკვდარი იყო და ახლა ვოლინას რომ ეთქვა უარი, ქურდები ცოცხალს არ დატოვებდნენ ლუკას. მაგრამ, ვოლინას მთელი ცხოვრება ღირსეულად ჰქონდა გატარებული და ახლაც არ აპირებდა თავისი პრინციპებისთვის ღალატს.
– ლუკა ქურდია, – დაადასტურა ვოლინამ, – მან ბეროსგან მიიღო ეს წოდება და ამას მე და დადა ვესწრებოდით. თუ რომელიმე არ ეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას, შეგიძლიათ, სხადნიაკი მოაწყოთ, მაგრამ, ახლა ის აქ ქურდი კაცის ყველა უფლებით სარგებლობს.
– აქამდე რატომ არ თქვი ამის შესახებ? – უკმაყოფილოდ ჰკითხა იგორმა.
– მე მხოლოდ ახლა შევიტყვე ამის შესახებ, – გახედა ვოლინამ.
– როგორ თუ ახლა?! – გაუკვირდათ ქურდებს.
– ლუკა ავტომატურად გახდებოდა ქურდი, თუ ამას ქურდების თანდასწრებით იტყოდა – ასეთი იყო ბეროს ანდერძი.
– ეს ბევრ რამეს ცვლის, – ჩაილაპარაკა იგორმა და სკამს დაუბრუნდა.
– ეს არაფერს ცვლის. დადას მომავალი, როგორც მეგობარმა, ისე გადავწყვიტე. რომელიმე თქვენგანს რომ მოემოქმედებინა ეს, სიტყვასაც არ დავძრავდი; პირიქით, მადლობასაც კი გადაგიხდიდით ასეთი ტვირთის ზიდვისთვის, –  ლუკამ პაუზის შემდეგ ჰკითხა, – კიდევ რა გაინტერესებთ?
ქურდებმა ერთმანეთს გადახედეს.
– ამაზე ბაზარი დამთავრებულია, – პაუზის შემდეგ უპასუხა იგორმა, – ჩვენ მხოლოდ ის გვაინტერესებს, რით და როგორ შეგვიძლია შენი დახმარება?
– ჯერჯერობით არაფრით. მე წარმოდგენაც არ მაქვს, ვინ იყვნენ ისინი, – უპასუხა ლუკამ, – მაგრამ, რამდენიმე დღეში ჩვენ ყველა კითხვაზე გვექნება პასუხი და მაშინ მართლა დამჭირდება თქვენი დახმარება.
***
... ლუკა უცბად დაუბრუნდა რეალობას, თითქოს ხელი ჰკრეს და გამოაღვიძეს, მაგრამ, ნაინასა და დადას სახეები დიდხანს არ შორდებოდა თვალიდან. მათმა გახსენებამ ის ერთგული, მისთვის და მათი საქმისთვის თავდადებული ადამიანებიც გაახსენა, ვინც მაშინ ჰყავდა გარშემო, ახლა კი მათი თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა მიწაში იწვა. მართალია, ერთგული ხალხი ახლაც ჰყავდა, მაგრამ, იმდენი აღარ, რამდენიც მაშინ. სიკვდილის წინ ციგანოვის აღიარებამ ლუკა საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ახლა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ყოფილიყო, რადგან, ღალატი და თავდასხმა ყოველ წუთს და ყოველი მხრიდან იყო მოსალოდნელი. ეს რომ გააცნობიერა, რაღაცნაირად, იგრძნო, რომ ნაინასა და დადას ზმანება ერთგვარი გაფრთხილება იყო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3