კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პროფესიონალის მარცხი

რეიჩელ მაკფეილი საგონებელში ჩავარდნილი ათვალიერებდა დის ოთახს. მისი და, ენი, ორი თვის წინ უკვალოდ გაქრა. გამომცემლობა „ამბროზიიდან“ საღამოს 6 საათზე გამოვიდა და გაქრა. მას მერე არავის უნახავს. დეტექტივი გრეისონი რეიჩელის დამშვიდებას ცდილობდა – საყვარელი ეყოლებოდა და მასთან ერთად გაიპარებოდაო. თუმცა, თავისი ნათქვამის თავადაც არ სჯეროდა. ენის ტანსაცმელი ადგილზე იყო. მაცივარი საჭმელს ვერ იტევდა და, საერთოდაც, რეიჩელის ინფორმაციით, ენს არანაირი საყვარელი არ ჰყავდა. მისი რეპუტაცია, ფაქტობრივად, უნაკლო იყო. დეტექტივმა ყველაფერი ნახა, ყველაფერი შეამოწმა და ბინაში არსებული წესრიგისგან შოკირებულმა ამოიოხრა:
– წარმოუდგენელია! ნუთუ თქვენს დას ნაკლი მართლა არ ჰქონდა?
– არა. თუმცა, ერთი ნაკლი ჰქონდა... პრინციპში, არც ვიცი, არის კი ეს ნაკლი?! ის მეტისმეტად პატივმოყვარე იყო. სულ ცდილობდა, რაღაც ისეთი ეკეთებინა, რაც მას სახელს გაუთქვამდა. მიკვირდა კიდეც, გამომცემლობაში რომ შემორჩა. მეგონა, ცხოვრებაში გაცილებით მეტს მიაღწევდა.
– მდა... – თქვა დეტექტივმა, – ეს არაფერს მომცემს. ისე, ცოტა უცნაურია, თქვენი და დეტექტივების სტილზე მუშაობდა, თქვენც დეტექტივებს შეისწავლით...
– დიახ, მე დეტექტივის აგებულებასა და ჟანრს ვსწავლობ.
– დეტექტივებში რასაც წერენ, ტყუილია. შეუძლებელია, არაპროფესიონალმა გახსნას საქმე, ცხოვრებაში ასე არ ხდება.
– შეგედავებოდით, მაგრამ, ახლა ძალიან ვნერვიულობ. ვერ ვფიქრობ, სად შეიძლება იყოს ჩემი და.
– მე წავალ. თუ რამე გაგახსენდებათ, რაღაც ისეთი, რაც ძიებას გამოადგება, მაშინვე დამირეკეთ. შევთანხმდით?
– დიახ, რა თქმა უნდა.
დეტექტივი წავიდა. რეიჩელმა ენის ნივთების გადმოლაგება დაიწყო და უცებ აღმოაჩინა, რომ კარადაში ბევრი ცნობილი ბრენდის ტანისამოსი ეკიდა. ტუალეტის მაგიდა სავსე იყო ძვირფასი პარფიუმებით. ენს გამომცემლობაში საშუალო ხელფასი ჰქონდა და ამ ყველაფრის შესაძენად ფული ნამდვილად არ ეყოფოდა. ბინის ქირაც საკმაოდ სოლიდური იყო. ენს თანამედროვე, ძალიან კომფორტული და კეთილმოწყობილი ბინა ჰქონდა. ერთადერთი ნივთი, რომელიც ენთან ერთად გაქრა, მისი პირადი „ნოუთბუქი“ იყო. მაგრამ, შეიძლებოდა, მის დას ის თან წაეღო. რეიჩელს რაღაც არ აძლევდა მოსვენებას. ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა და თაროზე მყვირალა ფერის ყდაში ჩასმული რამდენიმე წიგნი დაინახა. გაოცებულმა ჩამოიღო და ხელთ ძალიან ცნობილი და პოპულარული მწერლის, რობერტ ტოულენდის რომანები შერჩა. რობერტ ტოულენდი წარსულში არც ისე ცნობილი მსახიობი იყო, მერე უცებ ბულვარული რომანების წერა დაიწყო და მაშინვე ძალიან პოპულარული გახდა, გამდიდრდა კიდეც. ქალები მასზე ჭკუას კარგავდნენ. საკუთარი იახტა და რამდენიმე აგარაკი შეიძინა. თან, ცოლის ერთგული დარჩა – ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, მოკრძალებული ქალისა. თუმცა, თავად, 55 წლის ასაკშიც საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა. თაყვანისმცემელი ქალბატონები გასაქანს არ აძლევდნენ. მეუღლე რომ გარდაეცვალა, თითქმის წელიწად-ნახევარი აღარაფერი დაუწერია, ისე განიცადა ცოლის სიკვდილი.
რეიჩელი საგონებელში ჩავარდა. რა საერთო უნდა ჰქონოდა მის დას ამ კაცთან? შეიძლება, მის რომანებს კორექტურას უკეთებდა, მაგრამ წიგნები რატომ ჰქონდა სახლში? ენი არასდროს ინახავდა სახლში იმ ნაწარმოებებს, რომლებზეც მუშაობდა. მექანიკურად ერთ-ერთი რომანი გადაფურცლა და კითხვა დაიწყო. უცებ წიგნს გველნაკბენივით გაუშვა ხელი და მეორეს მისწვდა... გადაფურცლა... წაიკითხა... მერე მესამე... ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ეს რომანები მისი დის დაწერილი იყო – ბავშვობისდროინდელი ფაქტები, გვარები და სახელებიც კი ემთხვეოდა. რეიჩელმა თვალები დახუჭა... გული გამალებით უცემდა... ენი – „ლიტერატურული ზანგი“ ტოულენდისთვის. ახლა იმის გარკვევაღა იყო საჭირო, ჰქონდა თუ არა რამე კავშირი „დიდ რომანისტს“ მისი დის გაუჩინარებასთან. სახელგანთქმულ მწერალთან შეხვედრა არ გასჭირვებია – ტოულენდი ყოველ ხუთშაბათს ხვდებოდა ხოლმე თაყვანისმცემლებს და ავტოგრაფებს არიგებდა... ტოულენდს მისთვის სახეზე არ შეუხედავს, ისე გამოართვა წიგნი და ჰკითხა.
– რა გქვიათ?
– რეიჩელ მაკფეილი, ენი მაკფეილის და ვარ და თქვენ შესახებ ყველაფერი ვიცი. ენის დღიური წავიკითხე.
ტოულენდი შესამჩნევად გაფითრდა:
– როდის და სად?
– თუ ჩვენს შეხვედრას გულისხმობთ – ენის ბინაში, ხვალ საღამოს....
რეიჩელმა დიდხანს იყოყმანა, დაერეკა თუ არა დეტექტივისთვის და ეთქვა თუ არა იმ სიახლის შესახებ, რომელიც მისი დაკარგული დის საქმეში გამოიკვეთა, მაგრამ უცებ წარმოიდგინა, როგორ აიკლებდა „პროფესიონალური“ რჩევა-დარიგებებით და მობილურს ხელი გაუშვა. რატომღაც, დარწმუნებული იყო, რომ ტოულენდს თავადაც გაუმკლავდებოდა. შეცდა! – იმავე დღეს ენის ბინაში მობრუნებულს, სიურპრიზი დახვდა. სასტუმრო ოთახში თვით ტოულენდი ელოდა – სავარძელში იჯდა და უღიმოდა. რეიჩელმა შეჰკივლა.
– გასაღები მაქვს, ძვირფასო. ოღონდ, არ მკითხოთ, საიდან, თქვენმა დამ მომცა. ალბათ, უკვე მიხვდით, რომ ენი ჩემი საყვარელია.
– სად არის?
– ჩემს ვილაში. მაგრამ, მოდი, ჩაი დავლიოთ და ისე ვილაპარაკოთ. თქვენს დას ძალიან მოსწონდა ჩემი მომზადებული ჩაი.
რეიჩელმა ხმის ამოღება ვერ მოასწრო. კაცი სამზარეულოში გავიდა და მალე ფინჯნებით ხელში დაბრუნდა.
– რა თქმა უნდა, არავითარი დღიური არ არსებობს – ენისნაირი ქალები დღიურებს არ წერენ. მაგრამ, თქვენ რაღაც იცოდით. ამას მივხვდი.
– თქვენი რომანები ჩემი დის დაწერილია.
ტოულენდმა მხრები აიჩეჩა:
– მერე რა, არც ვაპირებ ამის უარყოფას. მეტსაც გეტყვით: არც ერთი ჩემი რომანი ჩემი დაწერილი არ არის, მათ ჩემი ცოლი წერდა. ძალიან ჯიუტი ქალი იყო. მანვე მოიფიქრა, ავტორად მე გამოვეცხადებინე. ხომ ხვდები, მარკეტინგული ხრიკი იყო, რომელმაც გაამართლა. თაყვანისმცემელი ქალების წყალობით ტირაჟები არნახულ რაოდენობამდე გაიზარდა. ჩემი ცოლი რომ გარდაიცვალა, ცუდ დღეში აღმოვჩნდი. ენი მაშინ უკვე იყო ჩემი საყვარელი. სხვათა შორის, ძალიან გამჭრიახი და გყავდათ, მის რეიჩელ...
– მყავდა? რას გულისხმობთ?
– ბოლომდე მომაყოლეთ. ენი მაშინ გავიცანი, როცა გამომცემლობაში ჩემი ნაწერები მივიტანე... მომწონდა, არ დაგიმალავ. ვანებივრებდი კიდეც. როცა შემომთავაზა, რომანებს დაგიწერო, ყოყმანის გარეშე დავთანხმდი. კარგადაც ვუხდიდი, მაგრამ, თქვენი დაიკო მეტისმეტად ამბიციური არსება აღმოჩნდა. ულტიმატუმი წამომიყენა: ან ცოლად შევირთავდი, ან საჯაროდ გამოაცხადებდა, ვინ იყო რომანების ნამდვილი ავტორი. პრინციპში, ცოლად მოყვანაც არ იყო პრობლემა, მართლა ძალიან მომწონდა, მაგრამ, გიმეორებთ – მეტისმეტად ამბიციური და გყავდათ. ის მაინც არ გაჩერდებოდა. ერთხელაც, აუცილებლად მოინდომებდა უფრო მეტს – პოპულარობასა და რომანების საკუთარი სახელით დაწერას. ვერ გავრისკავდი!
– ანუ... – რეიჩელს ხელისგულები გაეყინა, – რა... რა მოუვიდა ენის?
– ის, რასაც ახლა შენ გამოსცდი საკუთარ თავზე... – კაცის ხელში მაყუჩიანი რევოლვერი გაჩნდა, – რა ვქნა, სხვა გამოსავალი არ მაქვს, ეს დები მეტისმეტად ამბიციურები ხართ.
რეიჩელი მიხვდა, რომ შეცდა, როცა დეტექტივს არ დაურეკა. რევოლვერის ლულიდან სიკვდილი უმზერდა... უცებ, ინსტინქტურად, ჩაით სავსე ფინჯანს სტაცა ხელი და ტოულენდს სახეში შეასხა. სამწუხაროდ, ჩაი საკმაოდ ცხელი არ აღმოჩნდა. ტოულენდი მხოლოდ დასველდა და თვალები დახუჭა... რევოლვერი კი ხელიდან არ გაუშვია... მაგრამ, სწორედ იმ მომენტში, როცა რეიჩელმა იფიქრა, რომ ყველაფერი დამთავრდა, გაისმა მინის ჩამსხვრევის ხმა და ქალმა იკივლა...
დეტექტივმა კიდევ ერთხელ შეამოწმა, კარგად იყო თუ არა ხელბორკილი შეკრული  ტოულენდის მაჯებზე და მერე რეიჩელს მიუბრუნდა:
– ხომ გეუბნებოდით, პროფესიონალების გარეშე არც ერთი დეტექტივი არ არსებობს-მეთქი! დილეტანტებს უჩვენოდ ძალიან გაგიჭირდებოდათ. თუმცა, თქვენი დამსახურებებიც ჯეროვნად უნდა ვაღიაროთ... ძალიან ვიდარდებდი, საკუთარ თავს არ ვაპატიებდი, რომ ვერ მომესწრო.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3