კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დახოცა ოთხი ადამიანი 35 წლის კოჭლმა ქალმა

დღევანდელი პუბლიკაციის ზოგიერთი მონაწილის სახელი შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
მკვლელობა
თბილისის ერთ-ერთი ძველი უბნის ოთხსართულიანი სახლის მესამე სართულზე, ოთხოთახიან ბინაში 39 წლის თორნიკე ჯეჯელავას გვამი აღმოაჩინეს. ის მოკლული იყო.  ბინა მის მეუღლეს, ასმათ ქამუშაძეს ეკუთვნოდა, რომელიც იმ დროს ბულგარეთში იმყოფებოდა დასასვენებლად.
ზაფხულის ერთ ცხელ დღეს სახლის მობინადრეები საშინელმა სიმყრალემ შეაწუხა. მათ მილიცია გამოიძახეს და სწორედ სამართალდამცველებმა ნახეს თორნიკე ჯეჯელავას ნახევრად გახრწნილი სხეული, რომელსაც მატლები და ბუზები ეხვია...
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჯეჯელავა სამი კვირის მოკლული იყო. სხეულში მას სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი – მუცელში, გულსა და მხარში, რომელთა შორის მეორე, ანუ გულში მიყენებული ჭრილობა, სასიკვდილო იყო. იქვე აღმოაჩინეს „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტის სამი ვაზნა. ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სამივე გასროლა მაყუჩის გარეშე განხორციელდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გასროლის ხმები ვინმეს უნდა გაეგო.
ჯეჯელავას მკვლელობის საქმეზე მაიორ შალვა გოცირიძის ჯგუფი მუშაობდა. მათ სახლის ყველა მობინადრე გამოჰკითხეს. ერთ-ერთმა, 60 წლის გულნაზი კორძაიამ მილიციის ოპერმუშაკს აცნობა, რომ 2 აგვისტოს, ზუსტად ღამის 23 საათსა და 37 წუთზე, სამი გასროლის ხმა გაიგონა. კორძაია იმ დროს ტუალეტში იმყოფებოდა. მისივე თქმით, ის სასწრაფოდ გამოვიდა იქიდან, ჩაბნელებულ ფანჯარასთან დადგა და ეზოში გადაიხედა. ათი წუთის შემდეგ მან სადარბაზოდან გამოსული საშუალო სიმაღლის კოჭლი მამაკაცი დაინახა, რომელმაც ეზო გაიარა, ქუჩაში გავიდა და თვალს მიეფარა.
გულნაზი კორძაიას ჩვენება ადასტურებდა ექსპერტიზის დასკვნას, რომ 39 წლის თორნიკე ჯეჯელავა 2 აგვისტოს, ღამის 22-24 საათის შუალედში იქნა მოკლული, მისი გვამი კი 23 აგვისტოს იქნა აღმოჩენილი...
მკვლელობის იარაღი
მოკლული თორნიკე ჯეჯელავას მეუღლე ასმათ ქამუშაძე 1 აგვისტოს გაემგზავრა ბულგარეთში, იქიდან კი 26 აგვისტოს დაბრუნდა უკან.
ჯეჯელავა 30 აგვისტოს დაკრძალეს და, როგორც მოთვალთვალე მილიციელები  დარწმუნდნენ, ცოლი მაინცდამაინც არ განიცდიდა ქმრის სიკვდილს. ამის გამო მაიორ შალვა გოცირიძეს ეჭვი გაუჩნდა მასზე, ამიტომ, ამ ვერსიის გადამოწმება სცადა და პირადად ეწვია ქვრივს სახლში.
ასმათმა, რომელსაც არც შავები ეცვა და საკმაოდ მხიარულადაც იყო, რასაც არც გამომძიებელთან მალავდა, გოცირიძე ბინაში შეიპატიჟა და უთხრა:
– როგორ ყავას მიირთმევთ, ნალექიანს თუ უნალექოს?
– თუ არ შეწუხდებით, ნალექიანს – მიუგო მაიორმა ქალს და სავარძელში ჩაეშვა.
ასმათი სამზარეულოში გავიდა, ხუთიოდე წუთში უკან დაბრუნდა, სტუმარს ყავა, ნამცხვარი და კონიაკი დაუდგა, სიგარეტი გააბოლა და უთხრა:
– დარწმუნებული ვარ, ჩემზე გაქვთ ეჭვი თორნიკეს მკვლელობაში, ხომ არ ვცდები?
– სწორედ ამის გასარკვევად გესტუმრეთ.
ქალს ჩაეცინა და მიუგო:
– ნამდვილად არ მომიკლავს და არც შემიკვეთავს, თუმცა, სიამოვნებით გავაკეთებდი ამას.
– გულწრფელი პასუხია, – თქვა მაიორმა, – რატომ, რა დაგიშავათ?
– დავიწყოთ იქიდან, რომ თორნიკეზე ხუთი წლით უფროსი ვარ და ცოლად მხოლოდ იმიტომ მომიყვანა, რომ ჩემს ბინასა და ქონებას დაჰპატრონებოდა. მე კი, სულელმა ქვრივმა ქალმა, დავუჯერე ამ ვირეშმაკა სოფლელს, მის მოქარგულ ენას და გავები. მაშინ მე 27 წლის ვიყავი, ის კი 22-ის და, იმ ჩვიდმეტი წლის განმავლობაში, რაც ერთად ვცხოვრობდით, ერთი დღეც არ ყოფილა, რომ არ გავემწარებინე. ბავშვი მას არ უნდოდა და არც შეეძლო გაკეთება, რადგან უშვილო აღმოჩნდა. უკანასკნელ კაპიკებსა და ნერვებს მწოვდა. ერთი სიტყვით, უკიდურესი ნაძირალა იყო და მოხარული ვარ, რომ ჩაძაღლდა და მომშორდა.
– ვინმეზე ხომ არ გაქვთ ეჭვი?
– არა, – თავი გააქნია ასმათმა და დაამატა, – იცით, მე მის წრეს არც ვიცნობდი და ამის არც სურვილი მქონდა. ჩვენ არც კი ველაპარაკებოდით ერთმანეთს, ის თავისთვის იყო, მე კი – ჩემთვის.
– ნუთუ საერთოდ არაფერი იცით, რას აკეთებდა თქვენი მეუღლე?
– არ მუშაობდა, მრუშობდა და აზარტული თამაშებით იყო გატაცებული – ეს ვიცი, მაგრამ კონკრეტულად სად და ვისთან, ვერ გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი.
შალვა გოცირიძე ქალს გამოემშვიდობა და წავიდა. თუმცა, მასზე მაინც ჰქონდა ეჭვი და მისი ბრძანებით ასმათ ქამუშაძეს ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დაუწესა, რასაც არანაირი შედეგი არ მოუტანია, რადგან ქალი თითქმის არ გამოდიოდა სახლიდან და კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ამასობაში მოვიდა ბალისტიკის დასკვნა იმის თაობაზე, რომ „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი, საიდანაც ჯეჯელავა მოკლეს, მილიციის გადამდგარ პოლკოვნიკს, ემზარ გიუნაშვილს ეკუთვნოდა. იარაღი სამახსოვრო იყო, მასზე გაფორმებული და მის ბინაში ინახებოდა. ამიტომ, გოცირიძე უკვე თავის გადამდგარ კოლეგას ეწვია, რომ მასთან იარაღის ამბავი გაერკვია.
სამუცნობიანი განტოლება
63 წლის ემზარ გიუნაშვილი საქართველოს დამსახურებული მილიციელი იყო და „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი პერსონალური წარწერით მას საქართველოს „ცეკას“ პირველმა მდივანმა, ვასილ მჟავანაძემ უსახსოვრა პენსიაზე გასვლის დღეს. გადამდგარი პოლკოვნიკი მარტოხელა კაცი იყო, მას არც ცოლ-შვილი ჰყავდა და არც ახლო ნათესავი. ის მარტოდმარტო ცხოვრობდა ოთხოთახიან ბინაში და გამორიცხული იყო, რომ ჯეჯელავა მას მოეკლა. „ტეტეს“ პისტოლეტი მას სეიფში ჰქონდა შენახული და როდესაც გოცირიძემ საქმის არსი გააცნო და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნაც დაუდო წინ, გიუნაშვილმა სეიფიდან „ტეტე“ გამოიღო, მაიორს წინ დაუდო და უთხრა:
– არ მგონია, რომ ჩემზე ეჭვობდეთ. გამოდის, რომ ეს იარაღი ჩემი სეიფიდან ვიღაცამ, სავარაუდოდ, მკვლელმა, გამოიღო და საქმე გააკეთა, შემდეგ კი კვლავ უკან დადო, რაც თითქმის გამორიცხულია. თუმცა, ფაქტი ჯიუტია – აშკარაა, რომ ჩემი პისტოლეტით მკვლელმა ისარგებლა.
შალვა გოცირიძემ გიუნაშვილის „ტეტე“ დროებით წაიღო, რომ გამოძიებას წადგომოდა. მან იარაღი ბალისტიკაზე გაგზავნა და დადასტურდა, რომ ჯეჯელავა სწორედ იმ „ტეტეთი“ იყო მოკლული.
 – ამხანაგებო! – მიმართა მაიორმა ხელქვეითებს ერთ-ერთ თათბირზე, – ჯერჯერობით ჩიხში ვართ. ჩვენ წინაშეა სამუცნობიანი განტოლება, რომლის ამოხსნა არც ისე ადვილია: პირველი – ჩვენ არ ვიცით, ვინ და როგორ მოახერხა გიუნაშვილის სეიფიდან იარაღის მოპარვა და უკან დაბრუნება; მეორე – რა მოტივით მოკლეს ჯეჯელავა და მესამე – გარეულია თუ არა ამ საქმეში მოკლულის მეუღლე, ასმათ ქამუშაძე...
საქმის ვითარების ანალიზმა და მოპოვებული ფაქტების შეჯერებამ ცხადყო, რომ პოლკოვნიკ გიუნაშვილის სახლში მინიმუმ, ორჯერ შეიპარა ვიღაცა და, ჯერ სეიფიდან აიღო „ტეტე“, შემდეგ კი უკან დააბრუნა. პოლკოვნიკის მტკიცებით, მისი ბოლო სტუმარი იყო შორეული ნათესავი, რომელიც ექვსი თვის წინ ჩამოვიდა სოფლიდან და მეორე დღესვე გაემგზავრა უკან. გიუნაშვილი, ასევე, ამბობდა, რომ მასთან არც მეზობლები შემოდიოდნენ და, თუკი ვინმეს მასთან საქმე ჰქონდა, ან ურეკავდნენ, ან კარის ზღურბლთან ეუბნებოდნენ.
– მაშინ, გამოდის, რომ თქვენი სახლის გასაღები ვიღაც მეორე პირსაც აქვს, რომელიც სეიფსაც უპრობლემოდ აღებს.
– ასე გამოდის, – დაუდასტურა გოცირიძეს გიუნაშვილმა და დაამატა – მართალია, პენსიაზე ვარ, მაგრამ, ვეცდები, დაგეხმაროთ, მით უმეტეს, რომ ამ საქმეში მეც ვარ გარეული. მართალია, ირიბად, მაგრამ, მკვლელობა ხომ ჩემი იარაღით მოხდა!
გოცირიძე თავის პენსიონერ კოლეგას დაეთანხმა და წავიდა. ორი დღის შემდეგ კი, თადარიგის პოლკოვნიკი ემზარ გიუნაშვილი მეზობლებმა მოკლული იპოვეს სადარბაზოში. ის გულაღმა ეგდო კიბეებზე და გულში ალესილი ხანჯალი ჰქონდა ტარამდე ჩარჭობილი. გარდა ამისა, თავში მძიმე საგანი ჰქონდა ჩარტყმული და, როგორც ექსპერტი ამტკიცებდა, მას ჯერ თავში ჩაარტყეს და გათიშეს, მერე კი ხანჯლით მოკლეს.
დამსახურებული მილიციელის მკვლელობა განსაკუთრებული შემთხვევა იყო კომუნისტურ საქართველოში. ამიტომ, ამ დანაშაულის გამოძიება თავად ვასილ მჟავანაძემ აიყვანა პირად კონტროლზე და საქმის სასწრაფო გახსნა მოითხოვა...
მკვლელის ჩვენება
შალვა გოცირიძეს თანამშრომლები დაუმატეს, მილიციამ ცხრა დღის განმავლობაში ტიტანური სამუშაო შეასრულა და 22 დეკემბერს, ანუ ჯეჯელავას გვამის აღმოჩენიდან ოთხი თვის შემდეგ, გიუნაშვილის კარის მეზობელი, 35 წლის ანეტა ბოკუჩავა დააპატიმრა, რომელმაც მკვლელობები აღიარა...
ბოკუჩავა კოჭლი იყო და გოცირიძემ სწორედ ამის გამო მიიტანა მასზე ეჭვი, რადგან, კარგად ახსოვდა ჯეჯელავას მეზობლის, გულნაზი კორძაიას ჩვენება, რომელიც ამბობდა, რომ მკვლელობის ღამეს ეზოში კოჭლი კაცი ნახა... ბოკუჩავა კი, პროფესიონალი გრიმიორი იყო და შენიღბვა არ გაუჭირდებოდა. მას მერე, რაც შალვამ მასზე ეჭვი მიიტანა და ფარული თვალთვალი დაუწესა, მილიციელებმა მისი ბინა გაჩხრიკეს, იქ „ტეტეს“ ტყვიები აღმოაჩინეს და ქალი ამ საბაბით დააპატიმრეს...
– თორნიკე ჯეჯელავა ხორცშესხმული ეშმაკი იყო, – დაიწყო თავისი ჩვენება დაკავებულმა ბოკუჩავამ და მცირე პაუზის მერე განაგრძო – ჩვენ საყვარლები ვიყავით. ის მე თავის ყველა კაპრიზს მასრულებინებდა და, ისე ვყავდი დამორჩილებული, რომ ადამიანების მოკვლაც კი დამაწყებინა.
– ადამიანების მოკვლა? – ჩაეკითხა გოცირიძე.
– დიახ, ადამიანების მოკვლა. ის თავგამოდებული „იგროკი“ იყო და უფრო ხშირად აგებდა, მართალია, თავიდან ცოტ-ცოტას, მაგრამ, მერე და მერე უფრო დიდ თანხებს, რასაც ბევრი ფული სჭირდებოდა. მან ჯერ თავისი ცოლის ძვირფასეულობა გაყიდა, მაგრამ, რომ არ ეყო, დახმარებისთვის მე მომმართა და სექსის სანაცვლოდ ფულს მცანცლავდა. ერთხელ კი, როდესაც მორიგ თანხაზე უარი ვუთხარი, რადგან აღარაფერი მქონდა გასაყიდი, მითხრა, წადი და მოიპარე ან გაძარცვეო... მე ის ძალიან მიყვარდა და ჯერ ორი ქურდობა ჩავიდინე, შემდეგ კი ორი ძარცვა. მეორე ძარცვისას კი ორი ადამიანი შემომაკვდა, მათ შორის, პატარა ბავშვი...
– ბავშვი?! – გაოგნდა გოცირიძე.
– დიახ. ამ ცხრა თვის წინ რომ სირაძეების ბინა გაძარცვეს და დედა-შვილი მოკლეს, ჩემი ნახელავია. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე ამ სატანის მოშორება და ბატონ ემზარს დავუახლოვდი. შემდეგ მას ლოგინშიც ჩავუწექი, რომ მისი ბინისა და სეიფის გასაღები ჩამეგდო ხელში და, როდესაც ეს მოვახერხე, ჩემი ჩანაფიქრიც შევასრულე...
– სამწუხაროა, რომ ეს პოლკოვნიკმა დაგვიმალა, თორემ მის სიცოცხლეს მაინც ვიხსნიდით, – თქვა გოცირიძემ და ბოკუჩავას უთხრა:
– გიუნაშვილი, ალბათ, მიხვდა, რომ მკვლელობა თქვენ ჩაიდინეთ და პასუხის მოთხოვნა უნდოდა?
– მას ეს პირდაპირ არ უთქვამს. უბრალოდ, ტელეფონით დამირეკა და მასთან მისვლა მთხოვა. მე კი, ყველაფერს მივხვდი. წინასწარ მოვემზადე და რკინის არმატურა და ხანჯალი მოვიმარაგე, მას კიბეებზე დავხვდი, ჯერ გავთიშე, შემდეგ ხანჯალი ჩავარჭე გულში და მივიმალე.
ანეტა ბოკუჩავა უმაღლესმა სასამართლომ გაასამართლა. ოთხი ადამიანის მკვლელობისთვის მას პრიმა მუხლი მიუყენეს და დახვრიტეს...

скачать dle 11.3