კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გრძნობდა გურამ რჩეულიშვილი მოსალოდნელ საფრთხეს

„ჯერ ჩემი სიკვდილი შორს იყო, სიცოცხლე მინდოდა,” – წერს გურამ რჩეულიშვილი ავტობიოგრაფიულ მოთხრობაში „მე ახლა ოცდახუთი წლის ვარ”. ეს სულის შემძვრელი, საოცრად მძიმე სიტყვები მან ტრაგიკულად დაღუპვამდე ერთი წლით ადრე დაწერა. ზღვაში ჩაკარგული სიცოცხლე – სხვების სიცოცხლის ფასად. ამაყმა ბუნებამ არ მისცა გადარჩენის საშუალება, მას ხომ ასე უყვარდა სხვების დახმარება და არა ის, როცა მას ეხმარებოდნენ. ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ბევრი რამის გაკეთება მოასწრო და, კაცურ სახელთან ერთად, მიაღწია იმას, რომ თავისი (და არა მარტო) თაობის საყვარელ მწერლად და რომანტიკულად ამაღლებულ, ლეგენდარულ პიროვნებად იქცა. მისი ნაწერების უმრავლესობა ავტობიოგრაფიულია. გურამ რჩეულიშვილის ახლობელი ადამიანები ადვილად ხვდებიან, ესა თუ ის ნაწარმოები მისი ცხოვრების რომელ ფაქტზეა დაყრდნობილი. დღეს ამ არაჩვეულებრივი კაცის დღიურსა და ფოტოალბომს მისი უახლოესი მეგობარი და პირველი ბიოგრაფი, ბატონი ნუგზარ წერეთელი გადაგიშლით და ახლოდან გაგაცნობთ მას.
„ბიჭო, გამიფრთხილდი, ხომ იცი, მე დიდხანს ვერ ვიცოცხლებ!”
 „პირველ ხანებში ძალზე ძნელი იყო გურამ რჩეულიშვილზე საჯაროდ ლაპარაკიც და წერაც, მაგრამ, მისი მოულოდნელად დაღუპვიდან რამდენიმე წლის მერე, დავრწმუნდით, რომ საჭირო კი არა, თითქმის აუცილებელი იყო ამ ბრწყინვალე ახალგაზრდა მწერალზე, მეგობარზე, ვაჟკაცზე, მამულიშვილზე დაგვეწერა. მე არ დავბერდებიო, მართლაც არ დაბერდა, 26 წლის მარადიულ ჭაბუკად დარჩა. ზაფხულის ერთ ღამეს, როდესაც ზემელზე ვიდექით და ჩვენი მეგობრების გამოჩენას ველოდებოდით, მითხრა: ოცდაათ წლამდე თუ ვიცოცხლე, რამდენი რამის გაკეთებას შევძლებო. ეს აზრი მის არტისტულ ბუნებას მივაწერე და ვუთხარი – შენ ყველა ჩვენგანზე მეტხანს იცოცხლებ-მეთქი. ჩემი დღიურებიდან შემდეგ აღვადგინე, რომ ეს საღამო 1959 წლის ზაფხულისა იყო. ერთი წელი, მხოლოდ ერთი წელი რჩებოდა გურამის დაკარგვამდე. ერთხელ, ისევ ზემელზე, ჩვენი შელაპარაკებისა და შერიგების შემდეგ მითხრა: „ბიჭო, გამიფრთხილდი, ხომ იცი, მე დიდხანს ვერ ვიცოცხლებ”. ასეთი რამის დაჯერება მე კი არა, მის არც ერთ უახლოეს მეგობარს არ შეეძლო.     
ასე დაიწყო ყველაფერი 
მე მოსწავლეთა სასახლეში ქართული ენისა და ლიტერატურის წრეზე დავდიოდი, გურამ რჩეულიშვილი და მისი მეგობრები – ისტორია-მხარეთმცოდნეობის წრეზე. მეცხრე  კლასს ვამთავრებდით, როდესაც გავიგე, რომ ამ წრის წევრები ექსკურსიაზე ხევსურეთში მიჰყავდათ. თუ არ ვცდები, მთელი კვირით უნდა დარჩენილიყვნენ ხევსურეთში. იყო ერთი მზადება და ფაციფუცი. წრის წევრებს გადაჰქონდათ ალპინისტებისთვის განკუთვნილი საჭურველი, ეზიდებოდნენ კარვებსა და ზურგჩანთებს. მთელ ამ მოფუსფუსე ახალგაზრდებში გურამ რჩეულიშვილი გამოირჩეოდა. მას ან ყველაზე მეტი ტვირთი გადაჰქონდა, ან ყველაზე მეტს მიდი-მოდიოდა. უკან დასდევდნენ ბიჭები და ყველას რაღაც დავალებას აძლევდა. ჩვენ ვიცოდით, რომ ის პლეხანოვიდან, კერძოდ, მეცხრამეტე სკოლიდან იყო. ამბობდნენ, სპორტის ყველა სახეობაში ერთნაირი წარმატებით გამოდის და ტოლი არ ჰყავსო; ჭიდაობასა და კრივში მთელ სასახლეში ვერავინ აჯობებს, ისეთი ღონის პატრონიაო. მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლებზე ვხედავდით ხოლმე, ყოველთვის ახლდნენ ამხანაგები, ჯგუფურად დაჰყვებოდნენ. ეს ჯგუფური სიარული, საერთოდ, მაშინ მოდად იყო ქცეული. ჩვენ, მეშვიდე ვაჟთა სკოლელები, ერთად დავდიოდით, მეექვსე ვაჟთა თუ  მეექვსე ქალთა სკოლელები – ერთად... ჩამოთვლილი სკოლები თითქოს სხვებზე უფრო მეტად ცნობილები იყვენენ თბილისში. ყველა ჩვენგანს ეამაყებოდა საკუთარი სკოლის ღირსებისა და სახელის დაცვა. სკოლას ან კლასს ჰყავდა თავისი ცოტად თუ ბევრად ცნობილი პიროვნებები. მათ ხან „ყოჩებს“ უწოდებდნენ, ხან „ფალავნებს“, ხან – „ჯილებს“. ბევრი რამ ვიცოდი გურამის შესახებ და ძალიან მინდოდა მისი გაცნობა. საერთო მეგობრის წყალობით მანაც იცოდა ზოგიერთი რამ ჩემ შესახებ, მაგრამ, ალბათ, ჯერ პატარები ვიყავით და მისალმება-დაახლოება, როგორღაც გვერიდებოდა.
ჩემი მეგობარი გურამი
ის თვისებები, რაც მას ჰქონდა, ბავშვობიდან მოსდევდა: ბავშვობიდან იყო ძლიერი, ნებისყოფიანი, რისკიანი, მოსიყვარულე... ერთ დღეს, თელავში, სკოლიდან მოდიოდა. უცებ, დაინახა ბავშვი იხრჩობა აუზში. ყველა გაიქცა ბავშვისკენ, გურამი თურმე პირველი გადახტა, თუმცა, ცურვა არ იცოდა, ამასობაში მიუსწრეს. დახმარება მისი პირველი ნიშანი იყო. არ მახსოვს, მოხუცი ან ბავშვი ქუჩაზე გადასულიყვნენ, ან, მათხოვარი დაენახა და არ დახმარებოდა. ძალიან უყვარდა „ბათინკები”, გიჟდებოდა. სპორტულ ფეხსაცმელებს ვერ იცვამდა. გურამს ახალი, ჩეხური ფეხსაცმელი ჰქონდა, მე კი – ჩემი ძმის „ბათინკები,” რკინებით მოჭედილი ამერიკელ ჯარისკაცებს რომ აცვიათ. დილით შემოირბენდა, გადმოიტანდა თავის ფეხსაცმელებს, იმას დატოვებდა და ჩემი მიჰქონდა. ერთხელ მშობლებმა მისცეს ოცდაათი მანეთი „ბათინკების” საყიდლად. ფეხით მივდივართ ვერიდან ორთაჭალაში, რუსთაველზე „ბათინკები” უნდა ვიყიდოთ. პირველი სკოლის წინ გრძელი უნივერმაღი იყო. უნივერმაღთან მათხოვარი ქალი იჯდა სამი ბავშვით. ოდნავ ჩავუარეთ და გურამი გაჩერდა. მერე უცებ მოტრიალდა – ეტყობა, გადაწყვიტა, დახმარებოდა, – ამოიღო ჯიბიდან ეს ოცდაათი მანეთი, რომელიც იმ დროს ძალიან დიდი ფული იყო და ჩაუდო ქილაში. კიდევ ექვსი თვე იარა დაკერებული ფეხსაცმელებით. მაშინ ასე იყო, მშობლები კაპიკს არ გვაძლევდნენ ზედმეტს. მამაჩემი,  მაგალითად, კვირაში სამ მანეთს მაძლევდა. ასეთი მოგონებები ძალიან ბევრია. ერთხელ, მივდივართ ელბაქიძის დაღმართიდან პლეხანოვისკენ სასადილოში ხინკლის საჭმელად, ბუნებრივია, ლექციების შემდეგ. ვართ ძალიან მშივრები, სულ გვაქვს 25 მანეთი (დღევანდელი ფულით – 3 მანეთი). შეამჩნია, რომ იქვე, კუთხეში, მოხუცი ქალი ზის და იქაც იგივე დაემართა. ეტყობა, ცუდად გახდა, ადამიანი ასეთ დღეში რომ დაინახა, ამოიღო მთელი ჩვენი ფული და მისცა. ასე დავრჩით მშივრები. შეგვეძლო, სახლში წავსულიყავით და გვეჭამა, მაგრამ, სახლშიც არ გვხვდებოდა ხოლმე საჭმელი – გაჭირვების პერიოდი იყო, არაფერი იშოვებოდა. სულიერადაც ძლიერი ადამიანი იყო და ფიზიკურადაც, ამიტომაც ფიქრობდა, მათთვის გაეწია მფარველობა, ვინც შედარებით სუსტები ვიყავით. საოცრად  სპორტული ბიჭი იყო, ჯირითობა კარგად იცოდა, ცურვა ისწავლა ბრწყინვალედ, კალათბურთს თამაშობდა, კარგი მთამსვლელი იყო და ამ თავის ძალას ჩვენს დასაცავად იყენებდა. ასეთი საინტერესო პიროვნება ცხოვრებაში არ შემხვედრია. ჩვენი სამეგობრო წრე ოცდაათ კაცამდე  შედგებოდა, ყველა საინტერესო იყო, მაგრამ, ასეთი არა. ყველაფერში მაგალითის მომცემი იყო. ერთხელ, სამხედრო ბანაკში ღამით წამოგვყარეს და, სადაც სიცხე იყო, მაინცდამაინც იქ დაგვაყენეს. ფეხით გვატარეს კილომეტრები ეს უძინარი ბიჭები. წინდები არ გვეცვა და ფეხები სულ გადამეტყავა,  ვეღარ დავდიოდი, ისე მტკიოდა. ღამის „პაიოკი” გამოგვატანეს – ორი ნაჭერი დაბალი წარმოების ძეხვი, პური და წყალი. რა მოგივიდაო, – მკითხა. ფეხი მაქვს სულ გადაყვლეფილი-მეთქი. ნუ გეშინია, აქ არა ვარო: – გამხადა ჩექმები, აიღო ჩემი ფეხი, შეათვალიერა. მერე მითხრა: მართალია, წამალი არ გვაქვს, მაგრამ, გამიგია, მთაში მწყემსებს რომ ემართებოდათ მსგავსი რამ, ქონს იდებდნენ ზედ და ამით ირჩენდნენო. მერე ადგა, ძეხვიდან გამოაძრო პატარა ქონები, ხელით დასრისა, ნატკენ ადგილზე დამადო და თავიდან გადამიხვია. მთელი გზა კარგად ვიარე. ერთხელ მყინვარზე ავედით ერთად. გურამი რომ არ ყოფილიყო, ვერც ვერასდროს ვნახავდი მყინვარწვერს. დილის 6 საათზე წავედით. თავიდან ადვილია, მაგრამ, საშინელი ასასვლელია. შუა გზაში ფეხები მოგვეყინა, გვეცვა სამი წყვილი წინდა და მაღალყელიანი „ბათინკები”. მე და გურამ გეგეშიძე ვიპარებით, სად მიდიხართო, – შეგვამჩნია. არ შემიძლია, ძმაო, ფეხები გამეყინა-მეთქი. სირცხვილი არ არისო? – ვერ იტანდა, თუ ვინმე სულმდაბლობას გამოიჩენდა, – მერე მაგას რა უნდაო – მითხრა, დაჯდა თოვლში, აიღო ჩემი ფეხი, გარედან მიზელს და მიზელს, თან აორთქლებს, რომ გახურდეს, მართლაც, გადამიარა და გავნაგრძეთ გზა. იქიდან რომ წამოვედით, მეორე მწვერვალზე ავედით.
კარგი უნაგირი
ცხენებისადმი მისი მისწრაფება ცნობილი იყო. თითქოს ცხენზე იყო შეზრდილი. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა ჯიშის, ღონისა და სტილის ცხენი იყო. ერთ დღეს, თელავის მთავარი მოედნისკენ ჩაისეირნა. თეატრის წინ ბიჭებს შეხვდა, კარგა ხანს იდგნენ და საუბრობდნენ. მოედნის ახლოს ძველი აფთიაქი იყო, ერთსართულიან მაღალჭერიან სახლში მოთავსებული. ამ დროს გლეხკაცი გამოჩნდა. ცხენი მოჰყავდა აღვირით, აფთიაქთან შეჩერდა და ხეზე ცხენის დაბმა დაიწყო. მოედანზე ცხენის გამოჩენამ გურამი ააღელვა, სწრაფად მივიდა პატრონთან და სთხოვა – ერთს გავაჭენებ და მოგიყვანო. პატრონმა ჯერ იუარა: ხან თქვა, ცხენი მაკედ არის, ხან – უნაგირი არ უვარგაო, მაგრამ, გურამის თხოვნა ისეთი გულწრფელი და დამაჯერებელი იყო, რომ, ცოტა ხნით წაიყვაო, – უთხრა. გურამი მოახტა ფაშატს, ერთი-ორი წრე დაარტყა მოედანს, შემდეგ ბაზრისკენ გააჭენა და ცოტა ხნის შემდეგ მობრუნდა. სიცხეში გაჩერებული ცნობისმოყვარენი ისევ იდგნენ მოედანზე. გურამმა ჩამოუქროლა მათ და აფთიაქის წინ ცხენი ყალყზე შეაყენა. გლეხკაცი ჯერ კიდევ არ გამოსულიყო გარეთ, წამალს ელოდებოდა. სიცხის გამო ფართოდ გაღებულ კარში ცხენზე ამხედრებული გურამი აფთიაქში შევიდა და გაოცებულ პატრონს გადასძახა: მოვიყვანე, ძია კაცოო, მერე უკანვე გამოვიდა ცხენით, სხარტად გადმოხტა და გარეთ გასულ პატრონს გადასცა აღვირი. მთელ დღეს მოედანზეც და სხვაგანაც ხალხი ამაზე ლაპარაკობდა.
„მე ისევ მიყვარს იისფერ თოვლის...”        
პირველი სიყვარული იყო მზია ჩაჩავა, ძალიან ლამაზი, კარგი გოგო, ის უყვარდა ბოლომდე. მერე მოხდა ისე, რომ მზია გათხოვდა, სრულიად მოულოდნელად. ტიციან ტაბიძის წიგნი არსად იშოვებოდა, იშოვა და მითხრა – მზიამ მთხოვა ეს წიგნი, დილით ადრე მიდის ქალაქგარეთ და, მინდა, მივუტანოო. ახლოს ვცხოვრობდით ერთმანეთთან. გამთენიას გადმოვიდა ჩემთან, ექვსზე უკვე მზიას სახლთან ვიყავით, იქვე, კიბეებზე ჩამოვსხედით. გაიარა ერთმა საათმა, ორმა, სამმა... არ ჩანს. მერე გავიგეთ, რომ გათხოვილა. ამან ძალიან იმოქმედა მასზე, ვერ იჯერებდა. სამი წლის შემდეგ შეუყვარდა რუსუდან თიკანაძე, გურამ თიკანაძის და. ისიც ძალიან ლამაზი იყო. საქმე ის იყო, რომ ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ამხანაგის დის შეყვარება. მითხრა: გურამთან უნდა მივიდე და ყველაფერი გულწრფელად ვუთხრა. ვეტყვი, რომ შემიყვარდა, მასაც ვუყვარვარ და, რადგან ასე მოხდა, აწი რაიმე შეცდომა აღარ მოგვივიდეს და ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით გავაკეთოთო. მთხოვა, წავყოლოდი. ძალიან მერიდებოდა, მაგრამ, უარის თქმა შეუძლებელი იყო. გურამი დატრიალდა, მეორე დღისთვის ფულიც ისესხა, რომ ჩვენი მოლაპარაკება სადმე რესტორანში მეგობრული შეხვედრით დაგვირგვინებულიყო. მეორე დღეს წასასვლელად გამზადებულებს თენგიზ ჯაშიაშვილი და ქართლოს სვანიძე შეგვხვდნენ. გურამმა მათაც სთხოვა წამოსვლა. ეს ოთხი ბიჭი მივედით. გურამი სახლში დაგვხვდა, თავის ოთახში მიგვიპატიჟა. სასმელიც შემოიტანა. ცოტა ხანს ვისხედით, ვსაუბრობდით, საუბარი მაინც თითქოს დაძაბული და არაბუნებრივი გამოგვდიოდა. ამასობაში გურამმა დაძლია თავისი შინაგანი მღელვარება და დინჯად, ვაჟკაცურად უთხრა, რაშიც იყოს საქმე. გურამი ცოტა დაიბნა, ერთხანს ჩაფიქრებული და გაჩუმებული იჯდა – საერთოდ, ბევრი  ლაპარაკი არ უყვარდა. როგორც ჩანს, გურამის უშუალობამ და პირდაპირობამ მოინადირა მისი გული. მერე გურამმა გვთხოვა, სადმე ერთად ვივახშმოთო. დაღმართზე დავეშვით, გავიარეთ რუსთაველის პროსპექტის ნაწილი და რესტორან „თბილისში” შევედით. ეს რესტორანი იმ შორეულ წლებში თითქოს ყველაზე სახელგანთქმული იყო. შემოვუსხედით ყველა ჩვენგანისთვის ალბათ უჩვეულო სუფრას. თამადაც ავირჩიეთ. გურამ თიკანაძემ თქვა: ვნახოთ, რა იქნება, მომავალი გვიჩვენებსო... გვიან ღამით დავიშალეთ. გურამის გატაცება გრძელდებოდა. ამ სიყვარულმა დააწერინა შესანიშნავი მოთხრობა „ირინა და მე”. ორი წლის შემდეგ ნელ-ნელა დაშორდნენ. იმის გამო კი არა, რომ არ უყვარდა, იმდენი სამუშაო ჰქონდა, გრძნობდა, რომ ოჯახი ხელს შეუშლიდა წერაში. დღე და ღამე წერდა. ამის შემდეგ, სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, შეუყვარდა ირინა ბეგიშვილი, რომელიც გახდა მისი მეუღლე და ქალიშვილის – იას დედა. სამწუხაროდ ხელის მოწერა ვერ მოასწრეს. გურამი რომ გარდაიცვალა, მისი გოგონა ათი თვის იყო. მახსოვს, პანაშვიდებზე მოიყვანეს პატარა გოგონა, ეს იყო ღმერთისგან გამოგზავნილი დიდი საჩუქარი და იმედი. მისი მშობლები სწორედ იამ გადაარჩინა.
„მე ისევ ოცდაექვსი წლის ვარ”
უკვე ოცდაათი წელი გავიდა იმ საშინელი დღიდან. ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ, ის უკიდურესი მწუხარების წუთები დღემდე გულს მიღრღნის. გაგრის საქალაქო საავადმყოფოს სარდაფის პატარა ოთახში გურამის ცხედართან თავზარდაცემული და სულიერად განადგურებული ვიდექი, შინაგანი შიშით ვკანკალებდი, თუ როგორ ასრულდა გურამის სიტყვები, ის, რის შესახებაც არაერთხელ უთქვამს ჩვენთვის. გურამი ვიწრო სამედიცინო სკამ-ლოგინზე ესვენა. ფართო ქამრით შემოჭერილი ჯინსის მსგავსი შარვალი და შავი მაღალყელიანი „ბათინკები” ეცვა – ზღვას ვერ გაეხადა. მხოლოდ წელს ზემოთ იყო შიშველი, ზღვაში დარჩენილიყო მისი საყვარელი მეზღვაურის ზოლიანი მაისური. ოთხი დღე  მარილიან წყალში ყოფნას მისი ულამაზესი ტანი და ფართო ბეჭები არაბუნებრივად გაედიდებინა, ხვეული თმები კეფისკენ ჰქონდა გადატანილი, შუბლი გასდიდებოდა. სტიქიას ზედ იღლიასთან მოეტეხა ხელი და პირდაღებული იარა ჩანდა“...

скачать dle 11.3