კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ წელს და რომელი გეგმით აშენდა ტფილისის სახაზინო ოპერის თეატრი და რომელი ეკლესიის ეზოში დაიდგა ლენინის პირველი ბიუსტი თბილისში

შოთა რუსთაველის გამზირზე, რომელსაც მეცხრამეტე საუკუნეში გოლოვინის პროსპექტი ეწოდებოდა, არაერთი ისტორიული შენობაა, რომელთა აგების ისტორია სათავეს მეფის რუსეთისა და საბჭოთა საქართველოს პერიოდებს უკავშირდება. ძველ, მათ შორის, მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის დასაწყისის ფოტოებზე, კარგად არის შემონახული გამზირის პირვანდელი სახე და „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ მოგზაურობას მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების რუსთაველის გამზირზე.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
საოპერო თეატრის დაარსება თბილისში მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის სახელს უკავშირდება. მისი თაოსნობით, მეცენატების ფულითა და იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის პროექტით, პირველი ოპერის თეატრი ამჟამინდელ თავისუფლების მოედანზე (1851 წელს ერევნის მოედანზე) აშენდა, რომელმაც სულ 23 წელი იარსება და 1874 წლის 11 ოქტომბერს ხანძარს შეეწირა, რომელმაც მთლიანად გაანადგურა თეატრის დეკორაციები, კოსტიუმები და რეკვიზიტები. ქალაქი ოპერის ახალ თეატრს საჭიროებდა და, გოლოვინის პროსპექტზე, აკადემიკოს ვიქტორ შრეტერის პროექტით, 1896 წლის 3 ნოემბერს დასრულდა ეგრეთ წოდებული „სახაზინო თეატრის” მშენებლობა. ვიქტორ შრეტერი, იმ დროის ცნობილი საზოგადო მოღვაწე, რუსეთში პირველი არქიტექტურული ჟურნალის – „ზოდჩის” დამაარსებელი და რედაქტორი, პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინრების ინსტიტუტის პროფესორი იყო. ის აშენებდა სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს რუსეთის იმპერიაში და მას დაევალა ტფილისში ოპერის თეატრის აშენება. სახაზინო თეატრის მშენებლობა 1880-1896 წლებში მიმდინარეობდა. ეს იყო „მავრიტანული სტილის,” 1 200 ადამიანზე გათვლილი დარბაზის მქონე ნაგებობა, რომლის გეგმის „პროტოტიპად“ რიჰარდ ვაგნერის ბაიროითის თეატრი იყო აღებული. სხვათა შორის, ოპერის მშენებლობა რამდენჯერმე შეჩერდა და, იყო მომენტი, როდესაც დაუსრულებელი შენობის ქალაქის საინტენდანტო სამმართველოს საწყობისთვის გადაცემა გადაწყვიტეს. ოპერის თეატრის საზეიმო გახსნა 1896 წლის 15 ნოემბერს შედგა მიხაილ გლინკას ოპერით „ივან სუსანინი”. ეს დადგმა განახორციელა რუსულმა საოპერო დასმა, რომლის რეპერტუარის წყალობით, ქართული საზოგადოება რუს კომპოზიტორთა საოპერო ნაწარმოებებს გაეცნო. სხვადასხვა დროს, ოპერის სცენაზე გამოდიოდნენ ცნობილი საოპერო და საბალეტო დასები: იტალიური ოპერა (1897-1998, 1910), ვენის საიმპერატორო ოპერეტა (1903), მოსკოვისა და პეტერბურგის კომიკური ოპერები (1907), პეტერბურგის საიმპერატორო ბალეტი (1907-1908,1913). მღეროდნენ მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში მოღვაწე ცნობილი საოპერო მომღერლები: შალიაპინი, სიბირიაკოვი, მოზჟუხინი, დავიდოვი, სობინოვი და სხვები. აღსანიშნავია, რომ 1905 წელს დაფუძნებულმა თბილისის ფილარმონიულმა საზოგადოებამ განახორციელა რუსული და დასავლეთევროპული ოპერების ქართულ ენაზე დადგმა, რაც საოპერო ხელოვნების შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესს უწყობდა ხელს და, შესაბამისად, მოსახლეობის სულ უფრო ფართო ფენებს იზიდავდა. ყოველივე ამან და ქართულმა სასიმღერო თუ პოეტურმა ტრადიციამ, ხელი შეუწყო ქართული ეროვნული ოპერის შექმნას, რომელსაც ახალი ქართული პროფესიული მუსიკის ისტორიის პირველი ეტაპი უკავშირდება. პირველი ქართული ოპერა, რომელიც სახაზინო თეატრის სცენაზე დაიდგა, გოგნიაშვილის „ქრისტინე” იყო, რომლის პრემიერა 1918 წლის 17 ივნისს შედგა.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1937 წელს, სახაზინო თეატრს გამოჩენილი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის სახელი ეწოდა. საბჭოთა დროსვე, 1973 წელს, ოპერის თეატრს გაუჩნდა ხანძარი, რომელმაც მთლიანად დააზიანა ინტერიერი, თუმცა, აღდგენითი სამუშაოების შედეგად, რომელსაც არქიტექტორები მეძმარიაშვილი და ჩაჩანიძე ხელმძღვანელობდნენ, მოხერხდა შენობის ფასადის აღმოსავლური, ფსევდომავრიტანული სტილის შენარჩუნება. 2010 წლიდან დაიწყო ოპერის თეატრის რეკონსტრუქცია, რომელიც ახლაც მიმდინარეობს.
წმინდა თეოდოსე ჩერნიგოველის ეკლესია
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებმა ომი გამოუცხადეს მართლმადიდებლურ რელიგიას და უამრავი ტაძარი წაბილწეს, გაანადგურეს, პროფილი შეუცვალეს შენობებს ან მთლიანად დაანგრიეს. ერთ-ერთი ასეთი რუსული მართლმადიდებლური ტაძარი იდგა რუსთაველის გამზირის ¹49-ში, ახლანდელი ვანო სარაჯიშვილისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების შესაყარზე, წარსულში კი – ეკლიანი ხევისა და ფოსტის მოედნის კვეთაზე.  მეცხრამეტე საუკუნეში კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენი ორგანიზაციის დახმარებით აგებულ ტაძარს ხუთი გუმბათი ჰქონდა და წმიდა თეოდოს ჩერნიგოველის 2 მეტრი სიმაღლის ხატი ამშვენებდა. ეკლესია 1920-იან წლებში ბოლშევიკების ხელში გადავიდა და ერთხანს შენობაში სტამბა იყო გახსნილი. სწორედ ამ ეკლესიის ეზოში, 1922 წელს, მსოფლიოში პირველად, დაიდგა ვლადიმირ ლენინის მონუმენტი. ეს იყო საბჭოთა ბელადის სიცოცხლეშივე დადგმული პირველი ბიუსტი. ამჟამად შენობის ფართს სხვადასხვა ორგანიზაცია იკავებს, ხოლო საბჭოთა დროს, ერთი პერიოდი, ტაძარი საცხოვრებელ სახლადაც კი იყო გადაკეთებული.

მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი” (მეორე გამოცემა 2006 წელი).

скачать dle 11.3