კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტიპის ამნისტიას გეგმავს ახალი ხელისუფლება, რა სამ კრიტერიუმს ასახელებს ქვეყანაში სამართლიანობის აღსადგენად და რა სქემით დაუბრუნდებათ უკანონოდ წართმეული საკუთრება მესაკუთრეებს

იმ მარტივი მიზეზით, რომ პროცენტულად ევროპაში ყველაზე მეტი პატიმარი გვყავს და კიდევ უფრო მოწინავე პოზიცია გვაქვს პრობაციონერთა რაოდენობით, ბუნებრივია, რომ ხელისუფლების ცვლას ყველაზე მეტად თუ არა, სხვებზე არანაკლებ სწორედ პატიმრები, პრობაციონერები და მათი ოჯახის წევრები ელიან. მათ მოლოდინს რამდენიმე მიზეზი აქვს: მათ შორის, ჯერ ერთი, ის, რომ ახალი ხელისუფლება, განსაკუთრებით, დასაწყისში, როგორც წესი, ლმობიერია და, ჩვეულებისამებრ, ამნისტიას აცხადებს და, რაც მთავარია, აწ უკვე სახელისუფლო ძალა წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს ადეკვატურ სასჯელებსა და კანონმდებლობის გადახედვას ჰპირდებოდა. ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ადვოკატი შალვა შავგულიძე გვესაუბრება კოალიციის მიერ ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე. 

– კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებთ პატიმრებთან და პრობაციონერებთან მიმართებაში?
– ერთ-ერთ მთავარ მისიად მიგვაჩნია ამ ქვეყანაში სამართლიანობის დაბრუნება, და თუ სამართლიანობის განცდა არ მოვიდა ქვეყანაში, სხვაგვარად საზოგადოება და სახელმწიფო ვერ შედგება. რამდენიმე კომპონენტისგან შედგება სამართლის დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში. პირველი: უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა, ვინაიდან 2004 წლიდან მოყოლებული ძალიან ცუდი საკანონმდებლო ცვლილებები გატარდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ მატერიალურ და პოლიტიკურ ინტერესს მოარგო კანონმდებლობა. ამდენად, ჩვენი კანონმდებლობა თანდათან დაშორდა სამართალწარმოების საერთაშორისო, ევროპულ სტანდარტებს, შემდეგ კი უკვე აშკარად დაუპირისპირდა მათ. ასე რომ, ამ კანონმდებლობის შეცვლის გარეშე იმ კანონებით, რომლებიც დღეს გვაქვს, სამართლიანად ვერ განსჯი.
– კერძოდ, რომელი კანონების შეცვლას გულისხმობთ?
– ეს შეიძლება, შეეხოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონს, სისხლის სამართლის მატერიალურ კანონშიც არის გარკვეული დებულებები, რომლებიც გადახედვას საჭიროებს. მაგალითად, სასჯელთა შეკრების წესი ძალიან მანკიერად გამოიყენება ჩვენთან და ეს შესაცვლელია. ასევე, არის ნორმა, რის მიხედვითაც, არსებითად განსხვავებული ჩვენებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. ეს ნორმაც ძალიან მანკიერად გამოიყენება.
– საერთოდ არ უნდა იყოს პასუხისმგებლობა ცრუ ჩვენებისთვის? როგორც ვიცი, ვახტანგის „სამართლის წიგნშიც“ იყო სასჯელი ცრუ მოწმეობისთვის? 
– აი, ეს ნორმა ეწინააღმდეგება ცრუ ჩვენებისთვის პასუხისმგებლობის სამართლებრივ პრინციპს. ცრუ ჩვენებისთვის პასუხისმგებლობა ყოველთვის იყო, მაგრამ საქმე ისაა, თუ როგორ დგინდებოდა ცრუ ჩვენება. ჩვენება განზრახ ყალბი იყო თუ მართალი, დგინდებოდა იმ საქმეზე საბოლოო განაჩენიდან გამომდინარე. მაგრამ არსებობდა ნორმა, რომელიც ათავისუფლებდა პასუხისმგებლობისგან ცრუ ჩვენებისთვის, თუ იგივე საქმის წარმოების შემდგომ ეტაპზე, დასრულებამდე ადამიანი მისცემდა მართალ ჩვენებას, რადგან ადამიანი შეიძლება, აიძულეს, მიეცა ცრუ ჩვენება, მაგრამ მას ყოველთვის რჩებოდა შანსი, რომ იმ საქმის გამოძიების დასრულებამდე მიეცა სწორი ჩვენება და მაშინ ის თავისუფლდებოდა პასუხისმგებლობისგან ადრე იმ საქმეზე მიცემული არასწორი ჩვენებისთვის. ოღონდ, ვიმეორებ, ჩვენების სისწორეს წყვეტდა ის, თუ, საბოლოო განაჩენიდან გამომდინარე, რა ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია გამოძიებამ დადგენილად. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციისთვის, გამოძიებისთვის ძალიან ადვილია, მოიტაცოს ადამიანი, უცბად ჩამოართვას ჩვენება ან უკვე ამობეჭდილ ჩვენებაზე იძულებით მოაწერინოს ხელი. შემდეგ სახლში ატანენ იმ ჩვენებას და ეუბნებიან, კარგად დაიზეპირე და, როდესაც ამ საქმეზე სასამართლო გაიმართება, რამე არ შეგეშალოს და სხვა სიტყვებით არ მოყვე, თორემ პასუხისმგებლობა დაგეკისრება. ეს ინსტიტუტი, რა თქმა უნდა, გასაუქმებელია. ასევე, კერძო ნაწილში რამდენიმე ნორმა აშკარად შეუსაბამოა ყველანაირ სამართლიანობასთან.
– მტკივნეული თემაა ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის დაწესებული მკაცრი სასჯელი. ეს ნორმაც გადაიხედება?
 – დიახ, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და გასაღების ამ ორი არსებითად განსხვავებული დანაშაულის შემადგენლობები გაერთიანებულია ერთ ნორმაში და 260-ე მუხლით ერთნაირად ისჯება როგორც ნარკოტიკის გამსაღებელი, რომელიც მართლაც მკაცრად უნდა ისჯებოდეს, ისე გამსაღებლის მსხვერპლი, ანუ ნარკომანი, რომელიც უკანონოდ შეიძენს და შეინახავს ნარკოტიკს. ამ მუხლის პირველი ნაწილითაც კი პირადი მოხმარებისთვის უმნიშვნელო დოზის აღმოჩენისას პირი ისჯება თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. მეორე ნაწილით – 7-დან 14 წლამდე და მესამე ნაწილით – 10-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით. როგორ შეიძლება, განზრახ მკვლელობა ისჯებოდეს 7-დან 15 წლამდე, ჯაშუშობა –  15 წლამდე და ნარკოტიკის პირადი მოხმარებისთვის ქონა – 10-დან 20 წლამდე?! ხომ აბსურდია?! მაგრამ ეს ნორმა გამოიყენებოდა შემოსავლის მიღების წყაროდ.
– საპროცესო შეთანხმება გაუქმდება? ახლაც „სამართლის წიგნს“ მოვიშველიებ, ისიც ითვალისწინებს დანაშაულის თანხით ან პროდუქტით გამოსყიდვის პრაქტიკას?
 – რა თქმა უნდა, საპროცესო შეთანხმება არსებობს ამერიკაშიც, სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ სხვა შინაარსი აქვს და იქ  სხვაგვარად გამოიყენება. ჩვენთან გამოიყენებოდა მანკიერად, შემოსავლის მიღების წყაროდ იქცა და მოხდა სამართალწარმოების კომერციალიზაცია. ერთი სიტყვით, სამართლიანობის აღდგენის პირველი კომპონენტია კანონმდებლობის შეცვლა, ანუ ჩვენი კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სამართალწარმოების საერთაშორისო და უფრო კონკრეტულად, ევროპულ პრინციპებთან. ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, ევროპის სასამართლოს განსჯადი ქვეყანა და, ამდენად, სამართალწარმოების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა იყოს მოყვანილი ჩვენი კანონმდებლობა.
– ჩვენ ახლა არ გავმხდარვართ, ვიყავით ევროსაბჭოს წევრი და ევროსასამართლოს განსჯადი ქვეყანა. რას უყურებდნენ აქამდე ჩვენი ევროპელი მეგობრები, ვერ ამჩნევდნენ, რომ შორდებოდა ქართული კანონმდებლობის ნორმები ევროპულს?
– ზოგი ტყუვდებოდა, ზოგი თავს იტყუებდა... ეს ცვლილებები ერთ დღეში ხომ არ მომხდარა?! მე სისხლის სამართლის კანონმდებლობაზე ვისაუბრებ, ამის სპეციალისტი ვარ: 1999 წელს გატარდა სასამართლო რეფორმა, საკანონმდებლო რეფორმა და ამ რეფორმის შედეგად ჩვენი კანონმდებლობა მართლაც იქნა შესაბამისობაში მოყვანილი სამართალწარმოების ევროპულ სტანდარტებთან. რაც მთავარია, საქართველოში გაცოცხლდა სამართალწარმოება. გამოჩნდნენ კარგი ადვოკატები, კარგი მოსამართლეები, კარგი პროკურორები, რეალური გახდა შეჯიბრებითობა პროცესზე. ეს ხდებოდა1999-2004 წლებში, რაც ოქროს ხანად შეიძლება, დავასახელოთ ჩვენი ბოლო ეპოქის სამართალწარმოებაში, მაგრამ 2004 წლიდან დაიწყეს ამ კანონმდებლობის დამახინჯება, კონკრეტულ პარტიულ ინტერესზე მორგება და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ამის შედეგია ის, რომ ევროპის სასამართლოში საქართველოდან უამრავი საქმეა გაგზავნილი. პროცენტულად აქაც ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ უკვე, თუმცა დიდი ხანი არ არის, რაც ევროსაბჭოს წევრი გავხდით. ზოგ შემთხვევაში ჩვენი ევროპელი პარტნიორები აკეთებდნენ სწორ დასკვნებს, მოქმედ იურისტებს, სადაც ხელი მიგვიწვდებოდა, ვაწვდიდით ინფორმაციას. მაგალითად, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დაინტერესება გამოიჩინეს და მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ტეფტი ორჯერ შეგვხვდა მე და ირინა ენუქიძეს. შემდეგ მისივე ინიციატივით შევხვდით სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლებს, რაც იმ წელს აისახა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. საბოლოოდ კი, მივედით იმ შედეგამდე, რაც პირველმა ოქტომბერმა აჩვენა.
სამართლიანობის აღდგენის მეორე კრიტერიუმია, რომ სასამართლო უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ზეწოლისგან.
– და ასე ერთბაშად გათავისუფლდება? ნათქვამია, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო.
– საჭირო გახდება სასამართლო რეფორმის გატარება, მაგრამ უნდა მოიძებნოს ამის სწორი, კანონიერი ფორმა და მოსამართლეები, რომლებსაც არ აქვთ მორალური უფლება, იყვნენ მოსამართლეები, არ უნდა იყვნენ მოსამართლეები.
– მოსამართლისთვის მინიმალურ ასაკად ისევ 28 წელი დარჩება? ძალიან ნორჩი ასაკია.
– ძალიან მცირე ასაკია მოსამართლისთვის, მე რომ მკითხოთ. მოსამართლეობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და სოციალური ფუნქციაა. განსჯის უფლება ზემოთ თუ ღმერთს აქვს, აქ –  მოსამართლეს. სასამართლო უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური წნეხისგან, ხელისუფლების მხრიდან რამე ზეწოლისგან. ისევე, როგორც უნდა მოხდეს სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია.
– რა გაათავისუფლებს პოლიციელს, თუ მთელი თავისი პოლიციელობის განმავლობაში დაქვემდებარებას არის მიჩვეული?
– ეს არ არის რთული. მე ვფიქრობ, რომ ეს სამართლის დაბრუნების ყველაზე იოლი კომპონენტია. უბრალოდ უნდა უთხრა მოსამართლესაც, პოლიციელსაც, ნუ იყურებით ჩვენკენ, ჩვენ ვერაფერს გიკარნახებთ, შეხედეთ კანონს და განსაჯეთ კანონით. ახალი კანონმდებლობის შექმნა და სასამართლოს პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლება არ არის რთული ორი კომპონენტი. მესამე კომპონენტია საქმეების გადასინჯვა. უნდა გადაისინჯოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ ცუდი კანონებისა და ამ სასამართლოს მიერ იქნა გამოტანილი და აშკარად ეწინააღმდეგება სამართალწარმოების საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპს. ალბათ, შეიქმნება კომისიები სამართლის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიერ.
– პარლამენტში?
– ჩამოვყალიბდებით. შეიძლება, უწყებათაშორისი კომისიები შეიქმნას სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ და კერძო სამართლის სფეროებში. ეს კომისიები შეისწავლის მოქალაქეთა განცხადებებს. ეს იქნება რთული პროცესი. ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო იქნება, რადგან ძალიან ბევრი რამ დააშავეს და ამის განხილვა არ იქნება ადვილი. მეორე საკითხი, თუ გადაწყვეტილება შეიცვლება მოქალაქის სასარგებლოდ, სახელმწიფოს უჩნდება მოქალაქის რეაბილიტაციის ვალდებულება. ამ პასუხისმგებლობის აღება მოგვიწევს. ბუნებრივია, გაკეთდება გარკვეული დათქმები. კომპენსაციები ვერ იქნება იმ ოდენობის, რაც ვთქვათ, უკვე დემოკრატიულ ქვეყნებში უხდის სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ამ რანგის უფლების დარღვევისთვის, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს იმ მოქალაქის სრული და მყისიერი რეაბილიტაცია, რომლის მიმართაც უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ და არსებითი საგრძნობი კომპენსაცია გაიცეს მიყენებული ზიანისთვის. როგორც გითხარით, ეს კომპენსაცია ვერ გახდება უკვე შემდგარი დემოკრატიის ქვეყნებში არსებული კომპენსაციის ტოლი, თუმცა ეს იქნება თანასწორი და არავის ექნება განცდა, რომ ვიღაცას გულუხვად მოექცნენ, ვიღაცას –  მომჭირნედ. ეს საკითხები გამჭვირვალედ უნდა გადაწყდეს.
და მეოთხე, სამართლის დადგენისთვის აუცილებლად უნდა დადგეს იმ სახელმწიფო მოხელეთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც დააშავეს კანონის წინაშე. სხვანაირად სამართლიანობის განცდა ვერ მოვა: უნდა შეიქმნას პასუხისმგებლობის გარდაუვლობის პრინციპი.
– ყველა სახელმწიფო მოხელეს ეხება ეს?
–  არ არის საჭირო ყველა სახელმწიფო მოხელის მკაცრად დასჯა, განსაკუთრებით, მათი დასჯა, რომლებსაც მსუბუქი დანაშაულები აქვთ, მაგრამ უნდა განისაზღვროს პასუხისმგებლობა. ბევრ შემთხვევაში ეს შეიძლება, არ იყოს დაკავშირებული სასჯელთან, მაგრამ ასეთი სახელმწიფო მოხელის ბიოგრაფიაში უნდა დარჩეს ნასამართლეობა. ოღონდ იმ მაღალი თანამდებობის პირებმა, რომლებსაც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. ეს ეხება ნებისმიერი რანგის სახელმწიფო მოხელეს, იმიტომ რომ სწორედ მათგან არის, უპირველესად, მიუღებელი დანაშაულის ჩადენა და კანონის დარღვევა.
– ამნისტია იგეგმება?
– რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, ხელისუფლების არსებითი ცვლილების დროს ყოველთვის გამოდის ამნისტია; მეორე, საჭიროა საპატიმრო ადგილების განტვირთვა. არ შეიძლება, თავმომწონედ ვიყოთ ერთ-ერთ პირველ ადგილზე მსოფლიოში პატიმართა ოდენობით და, მესამე, საქმეების გადასინჯვა მე დავასახელე ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად, თუმცა, სადაც არის მსუბუქი კატეგორიის დანაშაულები, თუ თანახმა იქნება ადამიანი, რომ ამინისტიის ქვეშ მოექცეს და გათავისუფლდეს, ამით ამ სამუშაოსაც შეამსუბუქებს.
– ახსენეთ კომპენსაცია უკანონოდ დაჩაგრული ადამიანებისთვის, მაგრამ, ალბათ, როდესაც უკანონოდ ჩამორთმეულ საკუთრებაზეა საუბარი, უფრო რთულად იქნება საქმე?
– შესაძლებელია, ნატურით დაბრუნება.
– თუ თავის დროზე უკანონოდ ჩამორთმეული ქონება უკვე მეორე ან მესამე პირის საკუთრებაა?
– შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ უკვე კეთილსინდისიერი მყიდველის საკუთრება იყოს სადავო ქონება, ამ შემთხვევაში შესაძლოა, გარკვეული კომპენსაციის გაღება მოუწიოს სახელმწიფოს, მაგრამ აქაც მოიძებნება კომპრომისი სახელმწიფოსა და ჩვენს საზოგადოებას შორის. საზოგადოება დაინახავს, რომ ეს ხელისუფლება მზადაა, რომ სამართალი ერთხელ და სამუდამოდ მოვიდეს და აღარასდროს წავიდეს. ბუნებრივია, ყველა ის უკანონოდ ჩამორთმეული ქონება ერთბაშად და უცებ ვერ დაბრუნდება. თან მოხდება რაღაც შეთანხმებები, მოხდება ადამიანის რეაბილიტაცია და გაიცემა არსებითი და საგრძნობი კომპენსაცია. სამართლიანად განაწილდება ეს ყველაფერი: ზოგ შემთხვევაში შემუშავდება გრაფიკი, კომპენსაციის ოდენობაზე შემუშავდება ურთიერთკომპრომისი. ჩვენ გვყავდა ბრძენი კაცი რუსთაველი და ის ამბობს: „თქმა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“.

скачать dle 11.3