კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნგრევს ზოგიერთ ქალს ცხოვრებას ვნების ნაპერწკალი

ადამიანი ემოციური არსებაა. ამ ემოციების ზეგავლენით, ის ხშირად უშვებს შეცდომებს. მხოლოდ გონებით რომ მოქმედებდეს, მისი საქციელი გაცილებით გაწონასწორებული, დაბალანსებული და მშვიდი იქნებოდა. სხვა საქმეა, რამდენად საინტერესო იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ვნების გარეშე, მაგრამ, ბევრ პრობლემას რომ ავიცილებდით თავიდან, ფაქტია. ადამიანისთვის დამახასიათებელია თავისი საქციელის გასამართლებელი გზების ძიება – ეს ბუნებრივია. თუმცა, როგორ გამოსდის, იმათზეა დამოკიდებული, ვისთვისაც ის თავის მართლებას ცდილობს; ცდილობს მონდომებით და ზოგჯერ სრულიად გულწრფელად.

ანასტასია (35 წლის): როცა ამბობენ ხოლმე, ნაპერწკალმა იფეთქაო, ჩვეულებრივ, გულისხმობენ გრძნობის უეცარ გაჩენასა და გაძლიერებას. ჩემს შემთხვევაში სხვანაირად იყო. ჩემმა „ნაპერწკალმა“ ცხოვრება დამიყენა თავდაყირა; ფაქტობრივად, დაწვა და დაფერფლა ყველაფერი, რაც, ერთი შეხედვით, არაჩვეულებრივად მქონდა აწყობილი. შემეძლო, მეთქვა, რომ ბედნიერი ვიყავი – კარგი ოჯახი მქონდა და ნაკლები პრობლემები. ხომ არიან ქალები, რომლებიც ხიფათს ეძებენ – თხრიან, თხრიან, სანამ ყელის გამოსაჭრელ დანას არ გამოთხრიან... სწორედ ასეთი ქალების რიცხვში აღმოვჩნდი. რისთვის, რატომ შევუქმენი საკუთარ თავს პრობლემები? ამის ერთადერთი მიზეზი არსებობს – ვნება!
– რას გულისხმობთ?
– იმას, რაც ვთქვი – ვნებას. ვნება არის ვნება და, ჩემს მტერს, თუ შეგეყარა. საკუთარ თავზე გამოვცადე მისი ძალა. საშინელებაა. არაადეკვატური ვიყავი, თუმცა, ახლაც არ ვარ გამოსული მდგომარეობიდან. აი, ახლა გელაპარაკებით და ვგრძნობ, რომ შეუცნობლად დღესაც მზად ვარ, იგივე განვიცადო.
– ანუ, მოგეწონათ ის მდგომარეობა.
– ამას ერთი სიტყვით ვერ გეტყვით. რა თქმა უნდა, მომეწონა, მაგრამ, არ მომეწონა მისი შედეგები. თუმცა, ეს კიდევ არ არის ყველაფერი. მინდა, უკეთესად აგიხსნათ, მაგრამ მგონი ვერ გამომდის. მოდი, მივყვები და მერე განვსაჯოთ. მეც მინდა, გავერკვიო იმაში, რაც მჭირს. დაავადებასავით არის. ვისაც ეს არ გამოუცდია და მხოლოდ თეორიული წარმოდგენა აქვს ვნებაზე, ის ვერ გამიგებს. მეც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი დარწმუნებული, რომ ქმრის მიმართ ვნება მქონდა. თურმე აზრზეც არ ვყოფილვარ, რას ნიშნავს ეს. აბსოლუტურად სხვა რაღაცაა. ყველაფერი ერთბაშად და აშკარად მოხდა. მე ის მამაკაცი ახლა კი არ გავიცანი – იმ მამაკაცს ვგულისხმობ, ვის მიმართაც ვნება გამიჩნდა. ბევრს არაფერს მოვყვები ჩვენი წარსული ურთიერთობების შესახებ, თორემ, გავიშიფრები. ეს კი არ მინდა. ჯერჯერობით მაინც, რომ ოჯახი შევინარჩუნო. ამდენი ხანია, ვფიქრობ, ვერ ვიღებ გადაწყვეტილებას: სასწორის ერთ მხარეს დევს ვნება, რომელიც თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებს, მეორე მხარეს კი – ჩემი სტაბილური, საიმედო ცხოვრება ქმართან. კიდევ იმის თქმა მინდა, რომ ნურავინ განმსჯის. ყველას შეიძლება ეს დაემართოს. ვნებას უზარმაზარი გავლენა ჰქონია ადამიანზე, მის გონებაზეც და ფიზიკურ სხეულზეც. ვნებისგან კანკალი განგიცდიათ? – შეუძლებელია გაუძლო და მოერიო. ეს ნორმალური, ჩვეულებრივი ადამიანის ძალ-ღონეს აღემატება, რადგან, გონებას აბნელებს.
– აბა, რას ვერჩით ვნებას აყოლილ კაცებს?
– მე არაფერს ვერჩი. როცა ისინი ვნების ზეგავლენით ღალატობენ ცოლებს, მე აბსოლუტურად მესმის მათი. ოღონდ, ასეთი რამ ხშირად არ ხდება და არც ყველას ემართება.
– უფრო გასაგები რომ იყოს, რამე წინაპირობა არსებობს, რომ ვნება „შეგეყრება“? ანუ, შესაძლებელია, წინასწარ მიიღო პრევენციული ზომები, რომ მერე პრობლემები არ შეგექმნას?!
– არ ვიცი და ამ კითხვებზე პასუხი თავადაც მაინტერესებს. თუმცა, მეეჭვება, პრევენცია არსებობდეს ვნების წინააღმდეგ. აბა, რანაირად? თუ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია, ვნებას გონება დაუპირისპირდეს და აჯობოს, მე ამაში ეჭვი მეპარება. სულელი ქალი არ ვარ, მით უმეტეს, რაც გავთხოვდი, კეთილგონიერება გამიძლიერდა. ვიცავდი საკუთარი ოჯახის ღირსებას და, მიმაჩნდა, რომ ჩემს ქმარსაც მაქსიმალური გონიერება უნდა გამოეჩინა. ახლა კი, შერცხვენილი, დამარცხებული ვარ და, უპირველესად, საკუთარ თავთან. სანამ კონკრეტული ადამიანის ადგილას არ აღმოჩნდები, თურმე, მის საქციელზე მსჯელობა სასაცილოა, რადგან, არ არის გამორიცხული, რომ ხვალ შენ თვითონ გააკეთო უარესი. არავინ არის დაზღვეული, რომ ვნებას არ აჰყვება.
– ამ ლოგიკით, მამაკაცების ღალატი გამართლებულია – ისინი ხომ უფრო ხშირად და ადვილად ხდებიან ვნების მსხვერპლნი.
– მე კაცების ადვოკატად არ გამოვდგები და არც თავს გამოვიდებ, მაგრამ, რას ნიშნავს „ხშირად და ადვილად“ – არ ვიცი. ადამიანი ადამიანია – ქალიც და კაციც. უბრალოდ, ქალების შემთხვევაში, ეს ვნება მათ ცხოვრებას ანადგურებს, კაცები კი, უმეტესწილად, გამოძვრებიან ხოლმე სიტუაციიდან.
– ამიტომაც ჰმართებს ქალს მეტი თავშეკავება. არ მეთანხმებით?
– კი, გეთანხმებით, მაგრამ, ასე მარტივადაც რომ არ არის საქმე?! იცით, როგორ დაიწყო ყველაფერი? – როგორც გითხარით, მე მას ვიცნობდი. ერთ დღეს კი შემთხვევით ერთ სუფრასთან აღმოვჩნდით და ჩემი შიშველი ფეხი მის ფეხს ეხებოდა. შეიძლება, ძალიან არასერიოზულად ჩამთვალოთ, მაგრამ, სწორედ ამ დროს გაჩნდა ის რაღაც „ნაპერწკალი“, რომელმაც გონება მომენტალურად დამიხშო. წარმოუდგენელი რაღაც დამემართა. კაცის უნახავივით, ჟრუანტელმა დამიარა სხეულში და სულ გავწითლდი. გეფიცებით, ამ მომენტამდე, ამ ტიპისთვის, როგორც მამაკაცისთვის, არასდროს შემიხედავს. არანაირი ზრახვა არ მქონია და არანაირი მიზიდულობა არ მიგრძნია. აბსოლუტურად ნეიტრალური დამოკიდებულება მქონდა. მის მიმართ სურვილის გაჩენაზე ხომ, ლაპარაკიც ზედმეტია. მართლა არ ვიცი, რა მოხდა. აქამდე მსგავსი არაფერი განმიცდია.
– არც ქმრის მიმართ?
– არა, არც ქმრის მიმართ. იმიტომაც ვარ გაოგნებული და შეწუხებული. არ იფიქროთ, თავის გამართლებას ვცდილობდე. რა გამართლება აქვს ვნებას აყოლილ ქალს, რომელმაც პასუხისმგებლობის გრძნობა დაივიწყა ან დაავიწყდა?! მე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვმოქმედებდი. გინდა დაიჯერეთ, გინდა არა, მაგრამ, აბსოლუტურად გულწრფელი ვარ. არ მოვიტყუები, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან მინდა საკუთარ თავში გარკვევა. მინდა, გავცე პასუხი შეკითხვას – რა მოხდა და ხომ არ მოხდება ეს სხვასთანაც?
– ანუ, როგორც მივხვდი, ამ მამაკაცთან ყოფნას თქვენ არ აპირებთ. გაქვთ ახლა მასთან ურთიერთობა?
– არა, არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ, თვითონ აქვს მცდელობა. მეუბნება, რომ ძალიან ვუყვარვარ და ჩემ გარდა სხვა ქალს ვეღარ ხედავს. რომ თავის საცოლესთან ყველაფერი დაამთავრა. სამწუხაროა, რომ იმ გოგოს უბედურების მიზეზიც მე გავხდი, თუმცა, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ. ძალიან განვიცდი ამ ამბავსაც...
– თქვენ როგორ გგონიათ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო?
– ვნება – გიჟური და არანორმალური. სულ ვკანკალებდი და მთელი სახე მიხურდა. მგონი, სიცხემაც ამიწია... რომ შევხედე, გავოგნდი. მივხვდი, რომ ისიც ზუსტად ჩემს მდგომარეობაში იყო.
– ფეხის ერთმა შეხებამ გამოიწვია ასეთი მდგომარეობა?
– გიკვირთ? მეც მიკვირს. ვინმეს რომ მოეყოლა, მეც არაფრით დავიჯერებდი, მაგრამ, საკუთარ თავზე გამოვცადე. თქვენც შეგიძლიათ, არ დამიჯეროთ.
– ჩემი დაჯერება-არდაჯერება თქვენთვის ნაკლებად არის მნიშვნელოვანი.
– რა თქმა უნდა. ხომ გითხარით, რატომაც მოვედი თქვენთან – იქნებ, საკუთარ თავში გავერკვე. ოჯახი ჩემთვის ყველაფერია, თუმცა, მეორედაც თუ დამემართება ასეთი რაღაც, ალბათ, ოჯახს დავკარგავ. შეიძლება, სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ, ქმარი ახლაც ძალიან მიყვარს. გული მტკივა, რომ მისი ნდობა ვერ გავამართლე. როცა ვუყურებ ხოლმე, თვალები ცრემლით მევსება და ვტირი. ისეთი შეწუხებული ვარ... რამდენი ადამიანის წინაშე დავაშავე... არადა, ზუსტად იმ მომენტში შიშიც ვიგრძენი, სუნთქვა შემეკრა და მთელი სხეული ამიკანკალდა, მაგრამ, ვნება გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, ძალიან ძლიერი... ვერაფრით ვეღარ აღვუდექი წინ. ყველაფერი გვქონდა გიჟური და არანორმალური, მაგრამ, ვნებამ გაიარა და მაშინვე დამეწყო სინდისის ქენჯნა. ტკივილამდე შემაწუხა ამ გრძნობამ და გამოვიქეცი მისგან – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით... მობილურიც გამოვრთე. ვიცოდი, ზარებით ამიკლებდა. როცა ჩავრთე ტელეფონი, მისი მესიჯები დამხვდა. შეწუხებული იყო. მეკითხებოდა, მომწერე, რა დაგემართა, იმედი ხომ არ გაგიცრუეო. ცუდად გავხდი...
– ანუ, მას არაფერს აბრალებთ?
– არა, რა თქმა უნდა, იმას რა უნდა დავაბრალო? მე, ქალმა ვერ შევიკავე თავი და კაცს რა უნდა მოვთხოვო, მით უმეტეს, თუ მანაც ისეთივე რაღაც იგრძნო, რაც მე განვიცადე?!
– მხოლოდ ერთხელ გქონდათ ურთიერთობა?
– დიახ, მხოლოდ ერთხელ. მერე უკვე ყველაფერი გავაკეთე, რომ არ შევხვედროდით და არანაირი ფიზიკური შეხება არ მქონოდა მასთან. მეშინოდა, რომ ვნება ისევ მძლევდა და ისევ გავიმეორებდი იმ სიგიჟეს. სიზმარში ვხედავ ხოლმე, როგორ ვეხვევი და ვკოცნი. ვიღვიძებ და თავი მისკდება ტკივილისგან.
– იმის თქმა გინდათ, რომ ის ვნება ამ ყველაფრად არ გიღირდათ?
– ამაზე აღარც არის ლაპარაკი. რა თქმა უნდა, არ მიღირდა. მერჩივნა, ქმრის მიმართ მქონოდა ასეთი ვნება – ამით, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. ახლა რა მაქვს? – სირცხვილისა და გაურკვევლობის განცდა; საკუთარ თავში დაურწმუნებლობა და უამრავი ისეთი პასუხგაუცემელი შეკითხვა, რომელიც მოსვენებას არ მაძლევს. როცა იმან მომწერა, საცოლესთან ყველაფერი დავამთავრეო, ვიფიქრე, შევხვდები, დაველაპარაკები და ავუხსნი, რომ არ უნდა დაშორდეს, ამ შემთხვევის გამო ცხოვრება რატომ უნდა გაიმრუდოს-მეთქი. მაგრამ ამ შეხვედრისაც კი ძალიან შემეშინდა.
– ქმრის მიმართ ასეთი ვნება ჩვენი ურთიერთობის საწყის ეტაპზეც არ მქონიაო, მითხარით...
– დიახ. არ მქონია. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ის არ მიყვარს. ჩემი ქმარი ჩემი ცხოვრების მთავარი მამაკაცია და სულ ასე იქნება. ის, რაც იმ მამაკაცის მიმართ ვიგრძენი, ადამიანურ გრძნობას არაფრით ჰგავდა, უფრო ცხოველური ჟინი იყო, რომელმაც უცებ წამომიარა და კაცის უნახავივით მოვიქეცი. გულახდილად რომ გითხრათ, არც მინდოდა იმ მომენტში წინააღმდეგობის გაწევა. ეტყობა, არ მინდოდა და ამას ახლა ვხვდები; ახლა ვაცნობიერებ, რომ მთლიანად ვნების, ინსტინქტების კარნახით ვმოქმედებდი, როგორც მდედრი მამრის დანახვაზე. მაგრამ, ეს ჩემს ჩადენილ დანაშაულს ოდნავაც არ ამსუბუქებს. მე ხომ ცხოველი არ ვარ, რომ მხოლოდ ინსტინქტების ამარა ვიყო? რა გამოდის, ხვალ და ზეგაც რომ წამომიაროს ასეთმა ჟინმა თუ ვნებამ, საკუთარი თავი ვერ უნდა გავაკონტროლო? მოკლედ, ძალიან ცუდ დღეში ვარ...

скачать dle 11.3