კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ავტომობილით მიიღო მონაწილეობა ავტორბოლაში ურუგვაის 77 წლის პრეზიდენტმა ხოსე მუხიკამ და რის გამო გაატარა მან 14 წელი ციხეში

ურუგვაის რესპუბლიკა სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოებს შორის ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე უფრო განვითარებული სახელმწიფოა. ქვეყნის დამოუკიდებლობა 1825 წელს გამოცხადდა და მას შემდეგ ურუგვაის საპრეზიდენტო ინსტიტუტი და სამხედრო დიქტატურა მართავდნენ მონაცვლეობით. ამჟამად საპრეზიდენტო ინსტიტუტი ურუგვაის მართავს რიგით მე-40 პრეზიდენტის, ხოსე ალბერტო მუხიკა კორდანოს სახით. „თბილისელების” ამ ნომერში ურუგვაის 77 წლის პრეზიდენტის შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ.
* ხოსე ალბერტო მუხიკა კორდანო, იგივე ელ პეპო, 1935 წლის 20 მაისს დაიბადა მონტევიდეოში, ბასკი დემეტრიო მუხიკასა და იტალიელი ლუსი კორდანოს ოჯახში. ელ პეპოს დედის ოჯახი ღარიბი იტალიელი ემიგრანტები იყვნენ პიემონტედან. ურუგვაიში ჩასვლის შემდეგ ისინი კოლონია ესტრელაში დასახლდნენ, სადაც მეღვინეობით ირჩენდნენ თავს, ხოლო მამა დემეტრიო, ფერმერი იყო, რომელიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გაკოტრდა. ელ პეპოს მამა 1940 წელს გარდაიცვალა გულის შეტევით.
* 13-დან 17 წლამდე ხოსე მუხიკა სხვადასხვა სპორტული კლუბის სახელით ველოსპორტის შეჯიბრებებში იღებდა მონაწილეობას და საკუთარი ველოსიპედით თითქმის მთელი სამხრეთ ამერიკა მოიარა.
* ჯერ კიდევ თინეიჯერობის წლებში, ხოსე მუხიკა პარტიზანულ მოძრაობა „ტუპამაროსის” წევრი გახდა. მოძრაობა კუბური რევოლუციის შემოქმედის – ფიდელ კასტროს  იდეებზე იყო დაფუძნებული, ურუგვაის სამხედრო დიქტატორულ რეჟიმს ებრძოდა და მუხიკა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. იგი ორგანიზატორული ნიჭითა და საბრძოლო ხელოვნებისთვის აუცილებელი სტრატეგიული აზროვნებით გამოირჩეოდა პარტიზანულ რაზმში. 1969 წელს მუხიკას ორგანიზებულმა რაზმმა დაიკავა ქალაქი პანდო, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში აკონტროლებდა. ხორხე პაჩეკო არეკოს რეჟიმისთვის მუხიკა ყველაზე არასასურველი ადამიანი იყო და მასზე ნამდვილი ნადირობა ჰქონდა გამოცხადებული. პირველად ელ პეპო 1971 წელს დააკავეს, თუმცა ხუთ თანამზრახველთან ერთად მან პუნტა კარეტოს ციხიდან გაქცევა მოახერხა. 1972 წელს მუხიკა მეორედ დააკავეს. დაპატიმრების ოპერაციას ურუგვაის სამხედრო პოლიცია ახორციელებდა და მუხიკას აყვანა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც იგი ექვსჯერ დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღიდან. 1973 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მუხიკა სამხედრო ციხეში გადაიყვანეს, სადაც მან 14-წლიანი პატიმრობა მოიხადა და მხოლოდ 1985 წელს გათავისუფლდა ახალი მთავრობის მიერ გამოცხადებული ამნისტიის შედეგად. ციხეში ყოფნის პერიოდში მუხიკას წამების სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, მას არ შეუწყვეტია კავშირი „ტუპამაროსის“ ლიდერებთან.
* 1985 წელს ციხიდან გამოსულმა ხოსე მუხიკა, თავისი ძველი მეგობრების დახმარებით, კვლავ ჩაერთო ურუგვაის პოლიტიკურ ცხოვრებაში. „ტუპამაროსის” ყოფილმა მებრძოლებმა ჩამოაყალიბეს მემარცხენე ორგანიზაცია, რომელსაც შეუერთდნენ სოციალისტები, კომუნისტები და ქრისტიან-დემოკრატები და შექმნეს ერთიანი ფრონტი. 1994 წელს კი არჩევნებში მუხიკა დეპუტატად აირჩიეს, 1999 წელს იგი სენატორი გახდა. მუხიკას ავტორიტეტი ურუგვაელებში დღითი დღე იზრდებოდა და 2004 წელს მისი პარტია ყველაზე მრავალრიცხოვანი გახდა. 2005 წელს პრეზიდენტმა ტაბარე ვაზქესმა ხოსე მუხიკა სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობის, თევზაობისა და მიწათმოქმედების მინისტრად დანიშნა. ამ პოსტზე მუხიკამ 2008 წლამდე იმსახურა, შემდეგ კი კვლავ სენატორის სავარძელს დაუბრუნდა.
* 2009 წელს ერთიანმა ფრონტმა ხოსე მუხიკა ურუგვაის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატად წარადგინა. საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მუხიკამ დისტანცია დაიჭირა უგო ჩავესისა და ევო მორალესის რეჟიმებთან, რომლებმაც მხარდაჭერა აღუთქვეს გაპრეზიდენტების შემთხვევაში. 2009 წლის 30 ნოემბერს ხოსე მუხიკა ოფიციალურად გამოცხადდა ურუგვაის მეორმოცე პრეზიდენტად. თავის ინაუგურაციაზე მუხიკამ სიტყვით მიმართა ურუგვაელებს და განაცხადა: „მოვუწოდებ ყველას გაერთიანებისკენ, ურუგვაიში არ არიან წაგებულები და არ არიან მოგებულები, ჩვენ ერთად, უნდა დავდგეთ და ქვეყანა სამაგალითო სახელმწიფოდ ვაქციოთ”.
* ჯერ კიდევ სენატორად მსახურობის პერიოდში, ხოსე მუხიკამ თავისი ყველაზე ცნობილი ფრაზა წარმოთქვა: „მე არ მსურს ბურჟუაზიის განადგურება, მე მათი მოწველა მინდა”. ამ ფრაზაში მუხიკამ იგულისხმა ის, რომ იგი კი არ შეებრძოლებოდა ბურჟუაზიას, არამედ, მათ შესაძლებლობებს ურუგვაის ეკონომიკის საკეთილდღეოდ გამოიყენებდა.
* მუხიკას პრეზიდენტობის პერიოდში ურუგვაიში ამოქმედდა მარიხუანის ლეგალიზებული გაყიდვის პროგრამა, რომელსაც უშუალოდ სახელმწიფო სტრუქტურები გააკონტროლებენ. თავისი ინიციატივა მუხიკამ იმით ახსნა, რომ მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზება ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობის ფაქტებს მნიშვნელოვნად შეამცირებდა. ამ ინიციატივის გაზიარებისკენ მუხიკამ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა.
* 2005 წელს, 70 წლის ასაკში, ხოსე მუხიკა პირველად დაქორწინდა 61 წლის ლუსია ტოპოლანსკიზე – კოლეგაზე ურუგვაის სენატიდან. მას შემდეგ წყვილი ბედნიერად თანაცხოვრობს მონტევიდეოსთან ახლო მდებარე ფერმაში. პრეზიდენტობისგან თავისუფალ დროს მუხიკა და მისი მეუღლე მიწათმოქმედებით არიან დაკავებულნი, მოჰყავთ ყვავილები და ბოსტნეული თავის 34 ჰექტარ მიწაზე. გასაგები მიზეზის გამო ურუგვაის პრეზიდენტს არ ჰყავს შვილები, სამაგიეროდ, მას ჰყავს ერთგული მეგობარი – ძაღლი „მანუელა”, რომელიც უკანასკნელი 16 წელია, პატრონს გვერდიდან არ შორდება.
* ურუგვაის პრეზიდენტის საყვარელი ავტომობილია ცისფერი „ფოლკსვაგენ ჟუკი”. მუხიკა, რომელიც ცნობისთვის ათეისტია,  თავად ზის საჭესთან და კატეგორიულად უარყოფს მძღოლის გვერდით ჯდომას. 2012 წლის 13 მაისს პრეზიდენტმა თავისი ავტომობილით ელ-პინარის ავტოდრომის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული რბოლა გახსნა და სიმბოლურად ორჯერ შემოუარა ტრასას. საინტერესოა, რომ რბოლაში მონაწილე პრეზიდენტს ავტომობილში გვერდს მისი ძაღლი, „მანუელა” უმშვენებდა, რომელსაც დამცავი ღვედიც კი ეკეთა.
* ხოსე მუხიკას ურუგვაელები „ელ პრეზიდენტ მას პობრეს”, ანუ, „ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს” უწოდებენ. აღმოჩნდა, რომ ხოსე მუხიკა თავის ხელფასს მთლიანად ხარჯავს ქველმოქმედებაზე, რაც ავტომატურად მას ყველაზე ღარიბ და გულუხვ პრეზიდენტად ხდის. მუხიკას ხელფასი, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, თვეში 12 500 დოლარია, საიდანაც თავისთვის პრეზიდენტი მხოლოდ 1 250 დოლარს იტოვებს, რაც, მისი თქმით, სავსებით საკმარისია, რომ ნორმალურად იცხოვროს. პრეზიდენტის მეუღლე, ლუსია ტოპოლანსკიც, ასევე, თავისი ხელფასის დიდ ნაწილს ქველმოქმედებაზე ხარჯავს. მუხიკას არ გააჩნია არანაირი საბანკო ანგარიშები და კრედიტები. „მე სავსებით მაკმაყოფილებს ის თანხა, რომელსაც ვიტოვებ საცხოვრებლად. ეს ფული მყოფნის, რადგან, ვიცი, რომ ურუგვაელების უმეტესობას ამდენიც კი არ აქვს თვეში”, – ამბობს მსოფლიოს ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი, რომლის ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი, დეკლარაციის თანახმად, 1 945 დოლარად შეფასებული ავტომობილი „ფოლკსვაგენია”.
* ურუგვაის პრეზიდენტი ხოსე მუხიკა ფეხბურთის დიდი მოყვარულია. მისი თქმით, მას ახსოვს ის დღე, როდესაც ურუგვაის ნაკრებმა მეორედ მოიპოვა გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში 1950 წელს. გარდა ამისა, პრეზიდენტი ხშირად ახერხებს შეხვედრების მოწყობას ნაკრების ფეხბურთელებთან და ბევრ მათგანთან მეგობრობს კიდეც. მაგალითად, როდესაც „ლივერპულისა” და ურუგვაის ნაკრებების ფორვარდი ლუის სუარესი რასისტული სკანდალის მონაწილე გახდა, მუხიკამ მას სოლიდარობა გამოუცხადა და ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ სუარესი არ არის რასისტი.
უშანგი რუხაძე

скачать dle 11.3