კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მძიმე სტრესის გადატანა უწევდა „მის საქართველოში“ მონაწილეობის პარალელურად თამთა შედანიას და ვის აუსრულა მან ამ კონკურსში გამარჯვებით ყველაზე დიდი ოცნება

საიუბილეო „მის საქართველოს“ ახალი  და ღირსეული გამარჯვებული ჰყავს – მშვენიერი თამთა შედანია. თამთა რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან წარმატებულად საქმიანობდა ევროპისა და აზიის ცნობილ სააგენტოებში – „ფეშენ-შოუებზეც“ გამოდიოდა და სხვადასხვა ბრენდის სახეც იყო. თამთა ნოემბერში „მის სამყაროზე“ მიემგზავრება და, როგორც თავად ამბობს‚ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველების მოლოდინი გაამართლოს და წარმატებას მიაღწიოს.

თამთა შედანია: ჩემი სამოდელი კარიერა დაიწყო სწორედ 2007 წელს, როდესაც ჯერ „მის სამეგრელო“ გავხდი, შემდეგ კი მონაწილეობა მივიღე „მის საქართველოში“. იმ დროს სრულიად გამოუცდელი, 15 წლის ბავშვი ვიყავი და ვერ ვიტყვი, რომ კონკურსიდან რამეს ველოდი. თან‚ ჩემი ასაკიდან გამომდინარე‚ ვერც უცხოეთში წავიდოდი საერთაშორისო კონკურსზე. მახსოვს‚ მივიღე ასეთი ტიტული – „მის საქართველოს“ ყველაზე პატარა მონაწილე“ და პრიზად მერგო ერთკვირიანი საგზური ანტალიაში. ამის შემდეგ „იმიჯ ცენტრმა“ ჩაატარა სამოდელო კონკურსი – „ელიტ მოდელ ლუქი“, რომელშიც ვმონაწილეობდი, რადგან, ეს კონკურსი სილამაზის კონკურსისგან განსხვავდება და უფრო პატარა ასაკის გოგონები სჭირდებოდათ. იმ წელს ჩამოვიდა საფრანგეთში „ელიტის“ წარმომადგენელი, რომელმაც ჩემზე ასეთი რამ თქვა: ევროპული ტიპაჟი ხარ, სამოდელო ბაზარზე გაყიდვადი სახე იქნებიო. მოკლედ‚ დიდი მოწონება დავიმსახურე და გავიმარჯვე. ზუსტად სამი კვირა მქონდა, რომ „ელიტის“ მსოფლიო ფინალისთვის მოვმზადებულიყავი. ამ სამ კვირაში მაქსიმუმის მაქსიმუმი გავაკეთე, დღე-ღამეში მხოლოდ სამი საათი მეძინა. საერთოდ‚ მაქსიმალისტი ვარ და ყოველთვის მინდა გავაკეთო ის, რასაც მიზნად დავისახავ. 80 გოგონას შორის ტოპ-თხუთმეტეულში მეექვსე ადგილზე გავედი და ეს ჩემთვის დიდი შოკი იყო. ის სიხარული  და გრძნობა, რაც მაშინ განვიცადე, ახლა‚ როდესაც „მის საქართველოზე“ გამარჯვებულად დამასახელეს, კიდევ ერთხელ გაასმაგებულად განმიახლდა. „ელიტზე“ წარმატების მიღწევას მოჰყვა სამოდელო კონტრაქტები, მიწვევები. სამი თვე ვიმყოფებოდი პარიზში, მქონდა გადაღებები, ბუქი შევქმენი. შემდეგ ვიყავი აზიაში და ამის შესახებ შენთან არაერთხელ მისაუბრია. მოკლედ‚ ძალიან ბევრი, შეიძლება ითქვას‚ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ  მქონოდა ის‚ რაც ახლა მაქვს. ამ სფეროში საკუთარ თავს უკვე  პროფესიონალად მივიჩნევ. დღეს მაქვს ძალიან ძლიერი ბუქი, რაც მოდელისთვის აუცილებელია. ასევე, მაქვს გამოცდილება და კამერებთან მუშაობის ნიჭი. როცა კამერებთან ვმუშაობ, ასე მგონია‚ მეორე სიცოცხლე მეხსნება, სხვა ადამიანი ვხდები. ამ წლების განმავლობაში ისეთი ცნობილი ჟურნალების წინა ყდებზე მოვხვდი, როგორებიცაა: „კოსმოპოლიტენი“, „ბაზარი“‚ „ელლი“. მე არ მაქვს ბუქში სტუდიური ფოტოები, იქ მხოლოდ ცნობილი ჟურნალების გვერდებიდან ამოღებული ფოტოებია. გარდა ფოტომოდელობისა, ფეშენ-მოდელიც ვარ. მაგალითად‚ 2010 წელს მონაწილეობა მივიღე რობერტო კავალის ჩვენებაში, სინგაპურში. ასევე‚ სხვდასხვა დროს გამოვდიოდი „კელვინ ქლაინის“, „პრადას“, „დიორის“, „შანელისა” და კიდევ სხვა ცნობილი ბრენდების შოუებზე‚ რაც ჩემთვის დიდი წარმატება და გამოცდილება იყო, განსაკუთრებით – უცხოეთში, სადაც ამ მხრივ ძალიან დიდი კონკურენციაა. ასევე‚ გავხდი „ჯორდანოს“, „კელვინ ქლაინის“, „ნაინ ვესტის“, „ჯიმუ ჩუს“, „შანხაი ტანგის“ სახე – ეს კი მოდელისთვის ძალიან დიდი წარმატებაა.
– ამ ყველაფრის მიუხედავად‚ დაბრუნდი საქართველოში და გადაწყვიტე „მის საქართველოს“ ტიტულისთვის ბრძოლა. რამ მიგაღებინა ეს გადაწყვეტილება?
– ჰონკონგში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვიმყოფებოდი. იქ ჩემი კარიერა ძალიან წარმატებულად განვითარდა – იმ ბაზრისთვის უკვე ტოპ-მოდელი ვიყავი. ქასთინგებზე არც მიწევდა სიარული, თავად მირეკავდნენ და ასე ავყავდი სამუშაოზე. ძალიან კარგი შემოთავაზებები მქონდა. მიმაჩნია, რომ ადამიანმა არასდროს არ უნდა თქვას: მე დავამთავრე, ამის მეტი არ შემიძლიაო. ბებიაჩემი იურისტი იყო, ძალიან ჭკვიანი, განათლებული ქალი და, სულ მეუბნებოდა: ადამიანმა მთელი ცხოვრება უნდა ისწავლოს, იკითხოს და იმუშაოს საკუთარ თავზე, „სწავლა – სიკვდილამდეო“. ეს სულ მახსოვს, ამიტომ, მუდმივად მინდა‚ საკუთარი თავი ახალ-ახალ რაღაცეებში გამოვცადო, ახალ-ახალ რაღაცეებს მივაღწიო. საქართველოში ჩემი ყოფნა სწორედ ამ კონკურსს დაემთხვა. სხვათა შორის‚ ჰონკონგში ვმუშაობდი არა მხოლოდ როგორც მოდელი, არამედ, ჟურნალ „კოსმოპოლიტენშიც“ ვმუშაობდი სტილისტად. ეს ჟურნალი  გამოდის ყოველთვიურად და მასში იბეჭდება ცნობილი ბრენდების კოლექციები, რისთვისაც მოდელებს იღებენ. მე ბრენდების ბუტიკებში, მაღაზიებში დავდიოდი, ახალი კოლექცია მომქონდა და შემდეგ მას მოდელები იცვამდნენ. ამის პარალელურად‚ კარგად მეხერხება მაკიაჟის გაკეთება და მოდელებს სხვადასხვა სტილს ვურჩევდი – ამ მხრივაც მქონდა გამოცდილება. თბილისში ყოფნის დროს‚ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან სამსახური შემომთავაზეს. ასეთი დეპარტამენტია: ღვინის  ეროვნული სააგენტო, სადაც მე ვარ ხალხთან ურთიერთობის კოორდინატორი და ძირითადად‚ უცხოელებთან მიწევს ურთიერთობა. რაც შეეხება „მის საქართველოს“, როდესაც სააგენტოდან შემომთავაზეს რეგისტრაციის გავლა, რა თქმა უნდა‚ დავთანხმდი.
– ის ფაქტი, რომ შენ გამოცდილი მოდელი ხარ, თუ მოქმედებდა შენდამი სხვა მონაწილეების დამოკიდებულებაზე? ხომ არ ფიქრობდნენ, რომ შენ გაიმარჯვებდი და მათ‚ ამ მხრივ‚ ნაკლები შანსები ჰქონდათ?
– ვიცოდი, რომ ჩემი გამოცდილება და პოპულარობა სხვა კონკურსანტებში უთანხმოებას გამოიწვევდა. პირველი ორი დღე სხვანაირად მიყურებდნენ, მაგრამ, რომ გამიცნეს, მიხვდნენ: მე ადამიანებს სტერეოტიპების მიხედვით არ ვყოფ და ჩემთვის ყველა ერთნაირია, არავის ვუყურებ ზემოდან. ყველანაირად ვცდილობდი‚ მათთვის ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა. თუ ვინმეს რამე კითხვა ჰქონდა, ყოველთვის გულწრფელად ვპასუხობდი და ჩემი ძალები არ დამიშურებია. რამდენიმემ მაკიაჟის გაკეთება არ იცოდა და დილის 6 საათზე ვუკეთებდი, ისევე‚ როგორც ფინალის დღეს.
 – კონკურსში მონაწილეობის პარალელურად‚ შენს ცხოვრებაში ძალიან მძიმე დღეები გაქვს – მამა გყავს ავად.
– მამაჩემი ძალიან ცუდად არის. მისთვის ყოველთვის ქალღმერთი ვიყავი, მეუბნებოდა: შენ ნომერ პირველი უნდა იყო საქართველოში, პირველი ლედიო. 4 აგვისტოს, როდესაც 20 გოგონას შორის მოვხვდი, მაშინ ჯერ ისევ გონზე იყო. ვუთხარი: მამა, ოცეულში გავედი, ორ თვეში კი კონკურსი ჩატარდება-მეთქი. მითხრა: შენ ჩემთვის ყოველთვის „მის საქართველო“ იყავი, რაც არ უნდა მომივიდეს, შენს საქმეს ბოლომდე მიჰყევი, ხომ იცი‚ ჩემი ბოლო სურვილი რაც არისო. ამის მერე მამას მდგომარეობა ძალიან გართულდა და ეს ჩემთვის დიდი სტრესი იყო, მიჭირდა კონკურსში მონაწილეობა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კონკურსანტს, რადგან, ძალიან დამიდგნენ გვერდში, დამეხმარნენ ამ ყველაფრის გადატანაში. მამას ბოლო სურვილი შინაგან მუხტს სულ მაძლევდა. გამარჯვების მოლოდინი მქონდა, მაგრამ‚ როცა გვირგვინი დამადგეს, ვერ გეტყვი‚ როგორი საოცარი ემოცია დამეუფლა – მინდოდა მეტირა, მეცინა, გავგიჟებულიყავი... შემდეგ კულისებში გავედი და დედას დავურეკე ყვირილით: დედა, გამოიცანი, ახლა რა მადგას თავზე, ჩქარა, მამა გააღვიძე და უთხარი-მეთქი. დედა მამას ყოველ საღამოს დამამშვიდებელს უკეთებს, თან ელაპარაკება, რომ კონტაქტში იყოს. თვალები კი აქვს დახუჭული, მაგრამ, ესმის ჩვენი ხმა. იმ ღამეს, როდესაც დედამ უთხრა: დღეს თამთა „მის საქართველოზე“ გამოდისო, თვალი არ მოუხუჭავს, ელოდებოდა‚ რას ვიზამდი. რომ გაიგო ჩემი გამარჯვების ამბავი, თურმე‚ რაღაც ხმა გამოსცა და თვალიდან ცრემლი წამოუვიდა. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ მას სურვილი ავუსრულე და ახლა უფრო დამშვიდებულია.
– მოდი, სასიამოვნო თემაზე გადავიდეთ. არაჩვეულებრივი ავტომობილის მფლობელი გახდი. როგორც ვიცი, ჯერ არ გაქვს მართვის მოწმობა.
– არა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ტოიოტა ცენტრს“ ასეთი საოცარი პრიზისთვის. ახლა ერთდროულად გავდივარ თეორიასა და პრაქტიკას და, მჯერა, რომ მალე ავიღებ მართვის მოწმობას.
– როგორც ვიცი, პირად ცხოვრებაშიც სიახლე გაქვს – ერთ კარგ ბიჭზე ხარ შეყვარებული.
– დიახ, შეყვარებული ვარ. მიყვარს ადამიანი, რომელიც‚ შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ცხოვრების აზრია. ორივე კარიერისტები ვართ და ერთმანეთს წარმატების მიღწევაში ხელს არ შევუშლით. ერთი რამ ვიცი: ჩემი პირადი ცხოვრება ჩემს კარიერას არასდროს დააზარალებს და სწორედ იმასთან ვარ, ვინც ამ აზრს ეგუება – ამაში ნამდვილად გამიმართლა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობს ისეთი ადამიანი, როგორიც სულ მყავდა წარმოსახვაში.

скачать dle 11.3