კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაათენა ანა ასათიანმა ბევერლი ჰილზზე პაპარაცებთან ერთად მთელი ღამე და როგორ ჩაწერა მან გაფრთხილების მიუხედავად, წითელ ხალიჩაზე რობერტ დე ნირო

„დილით, ნიუ-იორკში, ჩემი ბინის ფანჯრიდან ჩანს, როგორ ამოდის მზე და ეს დიდ ენერგიას მაძლევს. როცა წვიმს‚ მაშინ რომანტიკულ ხასიათზე ვდგები. მიყვარს მზე, სითბო, ზაფხული... თუმცა‚ ჭიანჭველასავით მშრომელი ვარ, ამიტომ, მუშაობა მიყვარს შემოდგომასა და  ზამთარშიც, თან, ვიცი, რომ მალე მოვა ჩემს ცხოვრებაში გაზაფხული, რომელიც კიდევ უფრო მეტი ენერგიით ამავსებს“‚ – ეს სიტყვები ჩემს კოლეგას, ანა ასათიანს ეკუთვნის‚ რომელიც მეორე წელია‚ ნიუ-იორკში „იმედის“ კორესპონდენტად მუშაობს და არაერთი საინტერესო სიუჟეტისა და ინტერვიუს ავტორია.
ახდენილი ოცნებები
ანა ასათიანი: ძალიან მიყვარს პაოლო კოელიო. დიდი ხნის წინ ასეთი ფრაზა წავიკითხე: „თუკი ადამიანს რაღაც ნამდვილად უნდა, ეს მისგან გადის, ამ იმპულსს მთელი სამყარო გრძნობს და შემდეგ აუცილებლად აუხდება“. არ ვიცი‚ ეს ფრაზა იმიტომ შემიყვარდა, რომ ჩემს ცხოვრებაში მართლა ასე ხდება, თუ, ჯერ ეს ფრაზა მოვისმინე და მერე შეიცვალა ყველაფერი. არ მახსოვს‚ როგორი იყო ქრონოლოგია, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მით უმეტეს‚ კარიერაში, არ არსებობს, რაღაც მოვინდომო და არ ამისრულდეს. თუმცა‚ ბრძოლის გარეშე არაფერი მოდის, ამიტომაც, ყოველთვის ვდებ ინვესტიციას, მაგრამ, ღმერთიც მეხმარება. რაც შეეხება ჩემს დაინტერესებას ჟურნალისტიკით, უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა, როდესაც „იმედზე“ კონკურსი გამოცხადდა. მართალი რომ გითხრა, უკვე „ალიონში“ ვიყავი, მაგრამ, გადავწყვიტე‚ „დუბლიორში“ მიმეღო მონაწილეობა და სწორედ მაშინ მომეწონა ჟურნალისტობა. არადა‚ უცხო ენათა ინსტიტუტი და კონსერვატორია მაქვს დამთავრებული – საფორტეპიანო ფაკულტეტი. „დუბლიორმა“, პირდაპირმა ეთერმა შემაყვარა ტელევიზია. ბოლოს ყველაზე მეტად „მასკის“ პროგრამაში მინდოდა გამარჯვება, ორჯერ მივიღე კონკურსში მონაწილეობა, ბოლოს გავიმარჯვე და წავედი ამერიკაში – ეს ოცნებაც ამისრულდა, თუმცა‚ ამისთვის‚ რა თქმა უნდა‚ ბევრი ვიშრომე, ვისწავლე, ურთულესი გამოცდები ჩავაბარე... როცა სწავლას ამთავრებ‚ აუცილებელია‚ შენს ქვეყანაში ჩამოხვიდე და, ის ცოდნა, რაც იქ მიიღე‚ სამშობლოს მოახმარო. ბევრი დრო არ მქონდა, მაგრამ მოვლენებს რომ არ ჩამოვრჩენოდი‚ ვუყურებდი ორ გადაცემას: „დროებას“ და „პოსტ სკრიპტუმს“ და, აღმოვაჩინე, რომ უფრო „პოსტ სკრიპტუმში“ მინდოდა მუშაობის დაწყება. 2007 წელს თბილისში ჩამოვედი. როდესაც „რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრე, მან საინფორმაციო სამსახურის უფროსს დაუძახა. მკითხეს: ვინ ხარ, რა გისწავლიაო. ვაჩვენე ამერიკაში გადაღებული ჩემი სიუჟეტები – იქ გაზეთსა და ჟურნალში ვმუშაობდი, გარდა ამისა‚ საკაბელო არხზე 9-საათიანი ნიუსებისთვის მიმყავდა კულტურის ბლოკი. ყველაფერს გადახედეს და  ჩათვალეს, რომ უფრო „პოსტ სკრიპტუმის“ ტიპაჟი ვიყავი. იმ წუთას ხმა არ ამომიღია, არ მითქვამს, ან „კურიერში“ მინდა მუშაობა, ან „პოსტ სკრიპტუმში“, ან „ბიზნეს კურიერში“-მეთქი და, აი, ასე ამიხდა მეორე ოცნებაც. როდესაც ამერიკაში ვსწავლობდი‚ პრაქტიკებს გავდიოდი ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში. ყველა ქალაქთან შედარებით ნიუ-იორკმა დატოვა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება. ეს არის გიჟი, გადარეული ქალაქი, რომელიც ან უნდა გეზიზღებოდეს‚ ან ძალიან უნდა გიყვარდეს. „პოსტ სკრიპტუმში“ ოთხწლიანი მუშაობის პარალელურად‚ მქონდა ოცნება, რომ ნიუ-იორკში მემუშავა. მოულოდნელად გადაწყდა, რომ „იმედიდან“ სამუშაოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიშვებდნენ. თავიდან მეგონა, ვაშინგტონში მივდიოდი, რადგან იქ იყო ბიურო. რომ  მითხრეს, ნიუ-იორკში მიდიხარო, ხმა აღარ ამომიღია, მაგრამ, რომ გამოვედი „იმედის“ ეზოში, ხმამაღლა ვკიოდი: „ღმერთო, ნიუ-იორკი, არ მჯერა!“ შარშან‚ 13 აგვისტოს, უკვე ნიუ-იორკში ვიყავი და მთლიანად გადავეშვი საქმეში. ახლა ჩემი კარიერული ოცნებაა‚ უფრო წარმატებული გავხდე, უფრო დავიხვეწო და, ალბათ, „სი-ენ-ენზე“ ვიმუშაო. ოცნებაში ცუდი არაფერია, მით უმეტეს‚ თუ ხელს შეუწყობ, მაგრამ, ძალიან რთულია. ისეთი მასშტაბებია, ამერიკაში‚ ფაქტობრივად‚ არავინ არ ხარ, ნულიდან იწყებ ცხოვრებას, თუმცა, ყველაფერი წინ არის. რაც მთავარია‚ მე ძალიან შრომისმოყვარე ვარ და მიყვარს სირთულეები. რომ ჩავედი‚ პირველად ცოტა ვნერვიულობდი – მაინც ახალი ტელევიზიაა, ამხელა პასუხისმგებლობა, აშუქებ კულტურას, პოლიტიკას, კრიმინალსაც კი, სულ დაძაბული ხარ. ახალი ქალაქია, არავის იცნობ; „მეტროპოლიტენ ოპერის“ გადაღება რომ გინდა, არ იცნობ  პრესცენტრის ხელმძღვანელს, არ იცი‚ შეგიშვებენ თუ არა; სწერ იმეილს, ურეკავ, უხსნი, რატომ უნდა შეგიშვან. ისინი კი გეუბნებიან: „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს და ეს მაინტერესებს, შენ რომ ამას საქართველოში გააშუქებ, მე – რა?!“ ბევრჯერ უთქვამთ უარი, მაგრამ, მე მაინც ასი პროცენტით ვცდილობ და, მერე იქიდან ხომ გამოდის 80 ან 70 პროცენტი?!
პაპარაცებთან ერთად ბევერლი ჰილზზე გატარებული დაბადების დღე...
თებერვალი იყო, ჩემი დაბადების დღე. ლოს-ანჯელესში ვიყავით მე და ჩემი ოპერატორი ირაკლი შეწირული. უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა და დღის განმავლობაში ყველაფერს ვიღებდით, სიუჟეტს დილის გადაცემისთვისაც ვაკეთებდი და 8-საათიანი „ქრონიკისთვისაც“. მე და ირაკლიმ თვითმფრინავში მოვილაპარაკეთ: როგორი დაღლილებიც არ უნდა ვიყოთ, საღამოს აუცილებლად წავიდეთ სადმე და თუნდაც ერთი ჭიქა ღვინით აღვნიშნოთ ჩემი დაბადების დღე. მაგრამ‚ ბოლოს არ მომინდა სადმე წასვლა, ჟურნალისტური ჟინი გამიჩნდა და ირაკლის ვუთხარი: ახლა ვარ ბევერლი ჰილზზე, აქ ძალიან ბევრი ვარსკვლავი დადის, თან „გრემის“ ცერემონიალი  იყო, მოდი‚ ღამე გავათენოთ, ვიაროთ, ვინმეს შევხვდებით და ჩავწერთ-მეთქი. ირაკლიც დამეთანხმა. საერთოდ ძალიან კომფორტული ადამიანია და, უპირველეს ყოვლისა‚ ჩემი მეგობარია. თან‚ იცოდა, რომ ასეთი შანსი მეორედ აღარ მოგვეცემოდა. მივედი ერთ კაფესთან, სადაც პაპარაცი იჯდა და გავეცანი. ვუთხარი – შენი კონკურენტი არ ვარ, საქართველოდან ჩამოვედი, რედაქტორი არაფერს გეტყვის და, მოდი‚ ერთად ვიაროთ-მეთქი. გავიგეთ, რომელი იყო ყველაზე ცნობილი კაფე, სადაც „გრემის“ ნომინანტები დადიან, თან, ყველა კარისკაცს მივეცი ჩემი ნომერი – თუ რამეა‚ დამირეკეთ-მეთქი. პირველი შემხვდა ჯენიფერ თილი თავის შეყვარებულთან ერთად. რა თქმა უნდა‚ იცნობდა უიტნის. გავაჩერე და ჩავწერე. ამ დროს მეორე პაპარაციმ დამირეკა – რაღაც ხდება, ჩოჩქოლია და მოდიო. გავიქეცი მეორე ადგილას. აღმოჩნდა, რომ „გრემის“ სამგზის ნომინანტი, უიტნის უახლოესი მეგობარი, საქსოფონით გამოდიოდა. დავაკვრევინე ის კომპოზიცია, რომელიც უიტნის მიუძღვნა ცოტა ხნის წინ „გრემის“ ცერემონიალზე და ინტერვიუც ჩავწერე. ახლა კიდევ უფრო მეტი ჟინი გამიჩნდა, აღარ მინდოდა წამოსვლა. ჭორის დონეზე გავიგეთ, რომ ლაიონელ რიჩი შეყვარებულთან ერთად შევიდა კაფეში. ვალენტინობა თენდებოდა. ზუსტად არ ვიცოდით‚ ის იყო თუ არა, მაგრამ, ხუთი საათი ველოდებოდით გარეთ, ფეხი არ მოგვიცვლია. არადა‚ საკმარისად მქონდა ინტერვიუები, სიკვდილის ვერსიები, შვიდი თუ რვა სინქრონი  მქონდა, მაგრამ, მაინც დაველოდე. ჩემი დაბადების დღის საჩუქარი ის იყო, რომ ხუთსაათიანი ლოდინის შემდეგ ულამაზეს შავკანიან გოგონასთან ერთად გამოვიდა ლაიონელ რიჩი და ის ჩავწერე „იმედის“ მიკროფონით. მოკლედ‚ შემდეგ ბოლომდე ვიმუშავეთ. ბოლოს მეხუმრებოდნენ, ბარემ ქელეხშიც დარჩითო.
„ურჩი“ ქართველი ჟურნალისტი და რობერტ დე ნირო
 არანაირ შანსს არ ვუშვებ ხელიდან. გავიგე, რომ ნიუ-იორკში, საგარეო საქმეთა საბჭოში, სადაც ექსპერტებს ვწერ ხოლმე‚ ჯორჯ კლუნს სუდანთან დაკავშირებით მოხსენება უნდა წაეკითხა. რა თქმა უნდა‚ მაშინვე წავედი. ოპერატორმა მითხრა, ტყუილად მივდივართ‚ ჯორჯ კლუნი ინტერვიუს არ მოგვცემსო. რა იცი‚ რა ხდება-მეთქი და მაინც წავედით. ჟურნალისტები საერთოდ არ შეგვიშვეს, ოპერატორებს უთხრეს – ჩანაწერის კასეტას მოგცემთო. მაინც არ წამოვედი, ისედაც მინდოდა მასთან შეხვედრა. ავიღე ჩემი სავიზიტო ბარათი და ჩავდექი რიგში, სადაც სიაში ჩაწერილი ხალხი ხელის ჩამოსართმევად იდგა. რამდენიმე ადამიანმა მკითხა, თქვენ ვინ ხართო. სიაში ვარ ჩაწერილი-მეთქი, – ყველას ასე ვპასუხობდი, სხვა შემთხვევაში‚ გამომიშვებდნენ. ჩემი რიგი რომ მოვიდა, მითხრეს: ჩქარა, ჩქარაო, რადგან, ჩემ უკანაც იდგა ხალხი. მე კი დავიწყე: „გამარჯობა, მე ანა მქვია“ – და, უნდა გამეგრძელებინა, რომ საქართველოდან ვარ, ჟურნალისტი, მაგრამ,  შემაწყვეტინა: გამარჯობა, მე ჯორჯი მქვიაო‚ – გამეხუმრა. საუბარიც მოვახერხე – ვუთხარი, რომ ქართული ტელევიზიიდან ვარ და თავს ბედნიერად ჩავთვლი, თუ მექნება იმის საშუალება, რომ ჩაგწეროთ-მეთქი. კი მიღიმოდა, სავიზიტო ბარათიც გამომართვა – აუცილებლად დაგირეკავო, მაგრამ, ჯერჯერობით არ დაურეკავს. ნიუ-იორკში ყოველ წელს ტარდება „თრაბეიქას ფილმების ფესტივალი“, რომელიც რობერტ დე ნიროს დაარსებულია – მთელი მსოფლიოდან ჩამოაქვთ პრესტიჟული, ინტელექტუალური,  ფილმები. აქაც ურთულესი ერთკვირიანი შრომა მქონდა. რომ ვეუბნებოდი,  წითელ ხალიჩაზე მინდა დავდგე-მეთქი, მპასუხობდნენ: არა, აქ „სი-ენ-ენი“, „ფოქსი“ უნდა დადგეს, შენ ვინ ხარო და, უკან მაყენებდნენ. არანაირი შანსი არ მქონდა. ჩემი ქართული გაძრომა-გამოძრომა გამოვიყენე, მაგრამ, მაინც ვერაფერი გადავიღეთ: არ მიგვიშვეს, არ შეგვიშვეს. შემდეგ ვაშინგტონში გაგვიშვეს გადაღებაზე – საქართველო-ამერიკის ქარტიასთან დაკავშირებით შეკრება იყო. იქ უნდა დავრჩენილიყავით, მაგრამ, ღამით იმეილი მომივიდა: ხვალ დილით, სიუზან სარანდონი რომ გამოივლის წითელ ხალიჩაზე, შეგიძლიათ‚ კადრი გადაიღოთო. ირაკლის ვუთხარი‚ უნდა წავიდეთ-მეთქი, ღამის 2 საათზე მატარებელში ჩავსხედით და  დილის 6 საათზე უკვე ნიუ-იორკში ვიყავით. დავდექი, მივუშვირე სიუზან სარანდონს მიკროფონი და საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩავწერე. რობერტ დე ნიროსთან დაკავშირებით გაგვაფრთხილეს, ვერ იტანს ჟურნალისტებს, არ მიეკაროთო. ყველამ დაიჯერა, მხოლოდ მე არ დავიჯერე, ურჩმა ქართველმა. მაინც მივედი,  ცხვირთან მივუშვირე „იმედის“ მიკროფონი და, ვრცელი არა‚ მაგრამ, მოკლე ინტერვიუ მაინც ჩავწერე. მერე მოვიდნენ და მითხრეს, ხომ გაგაფრთხილეთო. ვუთხარი: ცხოვრებაში ერთხელ მომეცა შანსი, ინტერვიუ ჩამეწერა ადამიანთან, რომელიც მიყვარს და ვერაფრით ვერ დაგიჯერებდით-მეთქი.
სრული ეგზოტიკა
სერბეთიდან ვარ ახალი ემოციებით ჩამოსული. ასეთი ადგილია – გუჩა, სადაც ყოველ ზაფხულს ეწყობა ბოშების საყვირების ფესტივალი. სრულ ეგზოტიკაში ვიყავი. ისედაც, ბუნებით ისეთი ენერგიული, ემოციური, ცეცხლოვანი ვარ, მგონია, რომ წინა ცხოვრებაში ბოშა ვიყავი. იქ იმდენი ბოშა ბავშვი იყო – ჭუჭყიანები, ბრჭყვიალა კაბებით, აკორდეონებით ხელში. მაგიდაზე დახტოდნენ გადარეული ბალკანელები, საყვირებზე უკრავდნენ. ქუჩაში ჯოხებზე იწვოდა გოჭები, თხები; ნაკვერჩხალი ეყარა და იხარშებოდა კომბოსტო.
ბრაზილიაში სამუშაოდ ვიყავი, საოცარი ქვეყანაა. რომ ჩავედი, ღმერთს ვუთხარი: ღმერთო, რა ბედნიერებაა, რომ ცოცხალი ვარ და ასეთი სილამაზე მაჩვენე-მეთქი. ქრისტეს ქანდაკება ისეთი შთამბეჭდავია, დავმუნჯდი – ვიდექი და მხოლოდ ვუყურებდი...

скачать dle 11.3