კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააპატიმრეს ქართველმა მაძებრებმა 31 კილოგრამი ოქროსა და 160 ცალი ალმასის გამტაცებელი ბოროტმოქმედი თბილისში

– იურა, აი, დაიჭირე ზურგჩანთა, თორემ ამ ტვირთით ვერ გადმოვხტები! – დაუყვირა „ტელეგრეიკიანმა“, ორმოციოდე წლის მამაკაცმა ჭაობის მეორე მხარეს მდგარ კაცს და ზურგჩანთასთან ერთად, სპორტსმენ უროსმტყორცნელივით ადგილზე დატრიალდა და ოცდაათკილოგრამიანი ბრეზენტის ზურგჩანთა ოთხი მეტრის მანძილზე რის ვაი-ვაგლახით გადააგდო.
– ახლა შენც გადმოხტი, – დაუყვირა იურამ საპირისპირო მხარეს მდგომ მამაკაცს, ზურგჩანთას დასწვდა და დაამატა, – რეზო, რა მძიმე „გრუზია“, ალმასებიც აქაა?
რეზოს იურასთვის პასუხი არ გაუცია და ნაპირიდან ათიოდე მეტრით უკან დაიხია. შემდეგ გამოქანდა და ოთხი მეტრის სიგანის ჭაობზე გადახტომა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო და ჭაობში ჩავარდა. ბალახს მოეჭიდა და იურას დაუყვირა:
– ჩქარა ან ხელი მომეცი ან ჯოხი და აქედან ამომიყვანე, გესმის ძაღლების ყეფა? მდევარი მომდევს!
– შენ, ჩემს კითხვაზე არ მიპასუხე, ალმასებიც ზურგჩანთაშია თუ ზედ გაქვს?
– რა დროს ეგენია, დროზე მიშველე!
– ჩქარა მიპასუხე, თორემ, აქედან გავქუსლე.
– ზედ მაქვს, ამომიყვანე.
– ალმასები მომეცი და ამოგიყვან, თორემ წავედი.
რეზომ მარცხენა ხელი „ტელეგრეიკაში“ ჩაიყო, იქიდან ალმასები ამოაცურა, იურას გადაუგდო და შესძახა:
– აჰა, ახლა ამომიყვანე!
იურამ ტომარაში ჩაიხედა, შემდეგ კმაყოფილი სახე მიიღო, ბრეზენტის ტომარა ზურგჩანთაში ჩადო და რეზოს ჩასძახა:
– წავედი... მშვიდობით!
– საით, საით, შე ნაბოზარო? მიშველე, თორემ მიწიდან ამოგთხრი! – აღრიალდა კისრამდე ჭაობში ჩაფლული რეზო, რომელიც თანდათან ფსკერისკენ მიიწევდა.
– ჰმ, ამ დეგენერატს დამიხედეთ, – ცინიკურად თქვა იურამ. მერე ცხენს მოახტა და სანამ გაქუსლავდა, ჩაილაპარაკა, – იხრჩობა და თან, მემუქრება. ძალები შეინახე, იდიოტო, რომ საიქიომდე მიაღწიო...
– იურა, შე იუდა! – მთელი ხმით აყვირდა რეზო და ძაღლების ყეფა უფრო გაძლიერდა.
ექვსჯერ ნასამართლევი
1969 წლის 9 ივლისს საქართველოს სსრ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალაქ ირკუტსკიდან სპეცმოთხოვნა და სურათი მოვიდა. გამომგზავნი იყო ქალაქის მილიციის სამმართველო და ისინი წერდნენ: „ამ სურათზე აღბეჭდილი მამაკაცი 6 ივლისს დავაკავეთ ვერხოიანსკის ქედთან მდებარე ჭაობში. მას აღმოაჩნდა რომან ჭელიძის სახელზე, თბილისში გაცემული პასპორტი. თუმცა, ეჭვი გვაქვს, რომ ის ყალბია და თუკი შესაძლებელია, გთხოვთ, გვაცნობოთ მისი ნამდვილი ვინაობა და სხვა მონაცემები“.
ქართველმა მილიციელებმა რომ იაკუტსკიდან გამოგზავნილ სურათს დახედეს, მასში რეციდივისტი, რევაზ კარლოს ძე კოვზირიძე, მეტსახელად „მორბენალი“ ამოიცნეს. ის 1929 წელს იყო დაბადებული თბილისში, ექვსჯერ იყო ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულისთვის, ციხეში 13 წელი ჰქონდა გატარებული და ორჯერ გაქცევაც მოახერხა.
– ოჰო, ნეტავ ამჯერად რა დააშავა მორბენალმა? – თქვა მაიორმა გივი ბაქრაძემ, რომელიც კარგად იცნობდა კოვზირიძეს და ორჯერ პირადად ჰყავდა დაპატიმრებული.
ქართველმა ძალოვნებმა იაკუტსკში იმავე დღეს გაუგზავნეს თავიანთ კოლეგებს ინფორმაციები მორბენალზე, რომელიც მაიორ ვასინს მიუტანეს. მან კი ყურადღებით შეისწავლა, შემდეგ პატიმრის მოყვანა ბრძანა და რომ ამოიყვანეს, უთხრა:
– მაშ ასე, მორბენალო, შენ საკმაოდ მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, საგანგებო ჩიტი ხარ. ისევ პირში წყალს ჩაიგუბებ, თუ სიმართლეს გვეტყვი, სად გაქრა საბადოს საცავის ძარცვის შედეგად შენ მიერ გატაცებული 31 კილოგრამი ოქრო და 160 ცალი ალმასი? ვეჭვობ, რომ მეწყვილე გყავდა, რომელმაც მიგატოვა, გაიქცა ნადავლთან ერთად და ჩვენებს დროზე რომ არ მოესწროთ, ახლა ჭაობის ფსკერზე იწვებოდი.
– მე უკვე გითხარით, უფროსო, რომ ოქრო და ქვები ჭაობში ჩამიცვივდა. ვმოქმედებდი მარტო და არანაირი მეწყვილე მე არ მყოლია, – მიუგო კოვზირიძემ ვასინს.
საქმე ის იყო, რომ 1969 წლის 5-6 ივლისის ღამეს მორბენალმა, რომელიც რომან ჭელიძის ყალბი პასპორტით მოეწყო დარაჯად იაკუტსკის ოქროს საბადოზე, ამ საბადოს სეიფი გაძარცვა, საბადოს უფროსი გაკოჭა და იქიდან 31 კილოგრამი ოქრო და 160 ცალი ალმასი გაიტაცა, რომლებიც გადასამუშავებლად მოსკოვში უნდა გაეგზავნათ. კოვზირიძეს მართლაც ჰყავდა მეწყვილე და ეს იყო იური პოზნერი. ისიც – წარმოშობით თბილისელი და მართალია, ციხეში არასოდეს მჯდარა, მაგრამ კრიმინალურ სამყაროსთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა. პროფესიით ის მესაათე-იუველირი იყო. სწორედ მან გაიტაცა მორბენლის მიერ გაძარცული სეიფიდან წამოღებული ოქრო და ალმასები, კოვზირიძე ჭაობში ჩატოვა და გაიქცა.
მას მერე, რაც ირკუტსკელმა მილიციელებმა შეიტყვეს, თუ ვინ იყო კოვზირიძე, უსაფრთხოების მიზნით, ეტაპით უფრო საიმედო ციხეში გაამგზავრეს. თუმცა, მორბენალმა, მაინც მოახერხა გაქცევა. ერთ-ერთ პატარა სადგურზე პატიმრები ვაგონიდან გადმოიყვანეს, რომ ციხის მანქანებში ჩაესვათ და საპყრობილეებში გაენაწილებინათ. კოვზირიძემ კი დაძრული მატარებლის ქვეშ შეხტომა, მეორე მხარეს გასვლა და გაქცევა მოახერხა. მასზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა და ერთ-ერთი ასეთი შეტყობინება 1969 წლის 12 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც მოვიდა. ამ ინფორმაციას პირველი კვლავ მაიორი გივი ბაქრაძე გაეცნო, თავი გააქნია და კოლეგებს უთხრა:
– კერკეტი კაკალია ეს მორბენალი. ერთ კვირაში მოახერხა გაქცევა და ეს უკვე მესამე გაქცევაა. თუ აქ ჩამოვიდა, პრობლემებს შეგვიქმნის და მომზადებულები უნდა დავხვდეთ. როგორც ჩვენი ციმბირელი კოლეგები გვატყობინებენ, კოვზირიძეს, სავარაუდოდ, „პაძელნიკი“ ჰყავდა. ალბათ, მან გაიტაცა ნაძარცვი ოქრო და ქვები. ამიტომ, მორბენალი მას ძებნას დაუწყებს. თუ მისი მეწყვილე თბილისელი ან ჩვენი რესპუბლიკიდანაა, მაშინ, ის აქ ჩამოვა და როგორც ვთქვი, პრობლემები არ აგვცდება. ამიტომ, მორბენლის ყველა საქმე ამოიღეთ არქივიდან, მისი ძველი კავშირები დაადგინეთ და მოქმედების გეგმა შევადგინოთ. მე კი მინისტრთან შევდივარ, რომ ედუარდ ამბროსოვიჩს პირადად მოვახსენო.
მკერავი ნატო
შევარდნაძესთან აუდიენციის შემდეგ, ბაქრაძემ ხელქვეითები საგანგებო თათბირზე შეკრიბა და უთხრა:
– ამხანაგმა ედუარდ ამბროსოვიჩმა მორბენლის საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და კატეგორიულად მომთხოვა, ყველაფერი პირადად მას მოვახსენო. ამგვარად, თუკი კოვზირიძეს მეწყვილე ჰყავს და ის აქაურია, აუცილებლად ჩამოაკითხავს ნაძარცვის დასაბრუნებლად და მას მომზადებულები უნდა დავხვდეთ.
ქართველმა მაძებრებმა გულდასმით შეისწავლეს მორბენლის საქმეები და ცხრა ადამიანი გამოარჩიეს, სადაც შეიძლებოდა კოვზირიძე გამოჩენილიყო. ამ ცხრიდან ექვსი მაშინვე გამოირიცხა, რადგან ოთხი უკვე გარდაცვლილი იყო, ორი კი – ციხეში იჯდა. დარჩენილ სამ ადამიანზე კი ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დაწესდა. ეჭვმიტანილებს შორის იყო 36 წლის ქვრივი, უშვილო ქალი ნატო ახალაძე. ის პროფესიით მკერავი გახლდათ და სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობდა. მორბენალი მასთან ცხოვრობდა, როცა ციხეში არ იჯდა და მიუხედავად იმისა, რომ კოვზირიძეს ეგონა, ამის შესახებ არავინ იცოდა, მილიცია ყველაფრის საქმის კურსში იყო. ერთ-ერთი სათვალთვალო პუნქტი სწორედ მის სახლთან, სოლოლაკში, ერთ-ერთ პატარა ქუჩაზე ჰქონდათ მოწყობილი.
ნატო ახალაძე ყოველ დილით სამსახურში მიდიოდა, იქიდან კი საღამოს ბრუნდებოდა და სახლიდან, ფაქტობრივად, არ გადიოდა. მას არც ნათესავი ჰყავდა და არც ბევრი მეგობარი. ნატოს მეზობელი ან კლიენტი თუ მიაკითხავდა ხოლმე ჭიქა ყავის დასალევად და რაიმეს შესაკერად. ძირითადად, ქვრივი ძალიან მშვიდ, კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და მხოლოდ მაშინ ერღვეოდა ცხოვრების ჩვეული რიტმი, როცა მორბენალი ეწვეოდა სასიყვარულოდ...
1969 წლის 19 ივლისს, ანუ მორბენლის გაქცევიდან ერთი კვირის თავზე, მკერავი ნატო სამსახურისკენ გაემართა. როგორც კი ის სახლიდან გამოვიდა, ქალს მეთვალყურე აედევნა, რომ სამსახურამდე მიეცილებინა, იქ კი ნატოს სხვა ჩაიბარებდა. მილიციას სამკერვალო ფაბრიკაში თავისი აგენტი ქალი ჰყავდა შეგზავნილი და სწორედ ის აკონტროლებდა ნატო ახალაძის ყველა გადაადგილებას ფაბრიკაში. სამსახურის დასრულების შემდეგ, ნატოს უკვე სხვა მეთვალყურე „იბარებდა“ და ის აცილებდა სახლამდე, სადაც მას უკვე ორი ოპერმუშაკი უთვალთვალებდა მოპირდაპირე სახლიდან. 19 ივლისის დილას, ნატო ლენინის მოედნისკენ დაეშვა, მეტროში ჩავიდა და ხალხით გაჭედილ ვაგონში შევიდა. დილა იყო და ყველა სამსახურში მიიჩქაროდა. ნატოს, რა თქმა უნდა, მეთვალყურეც თან ახლდა, რომელიც ათიოდე მეტრის მოშორებით იდგა. უცებ მკერავ ქალს ყურში ჩაესმა: „რეზო ვარ, არ შემოტრიალდე, ეს წერილი ფრთხილად წაიკითხე შენი ფაბრიკის ტუალეტში, შემდეგ კი გადააგდე და ზუსტად ისე მოიქეცი, როგორც აქ წერია“.
ნატომ რეზო ხმით და სუნით იცნო და არ შეშინებია. წერილი კი ჩუმად ჩანთაში ჩაიდო და არაფერი შეიმჩნია. სამსახურში რომ მივიდა, ტუალეტში შევიდა, კარი მაგრად ჩაკეტა და წერილი გაშალა. იქ კი ეწერა: „საყვარელო, ძალიან მომენატრე. მე „პაბეგში“ ვარ. შენ კი გითვალთვალებენ. უკანაც დაგყვებიან. შენს სახლსაც უთვალთვალებენ და დარწმუნებული ვარ, რომ ფაბრიკაშიც ეყოლებათ „შპიკი“. შენ არც გაგეკარებოდი, მაგრამ იარაღი მჭირდება. რევოლვერი კი შენთან დავმალე, საკუჭნაოში, ძველ ზანდუკში. „კლეჩატ“ ნაჭერშია შეხვეული. ეს ნაჭერი მოხსენი, რევოლვერი კი გაზეთში კარგად გაახვიე, რომ არ გაიხსნას, ქონიანი „პონჩიკების“ ქაღალდის პარკში ჩადე, ვითომ ნაგავია და ზეგ, ზოოპარკში, ჯიხვების გალიასთან რომ ურნაა, იქ ჩააგდე. ზოოპარკში კი ვინმე მეზობლის ბავშვი წაიყვანე, ვისაც „პონჩიკებს“ უყიდი. ნატო, სულ მალე ისევ ერთად ვიქნებით და ძალიან ბედნიერად ვიცხოვრებთ. აბა, შენ იცი, არ დამაღალატო“.
ორი დღის შემდეგ ნატო, მისი თანამშრომელი ზოია ლაღიძე და ზოიას ორი შვილი – გურამი და თეკლა ზოოპარკისკენ გაემართნენ. მათ, რა თქმა უნდა, მილიციელიც უთვალთვალებდა, რომელიც ნატომაც შეამჩნია. მკერავი ქალი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც წერილში ეწერა და როდესაც ბავშვიანი ქალები და „ფილიორი“ ზოოპარკის სიღრმეში შევიდნენ, ურნას ზოოპარკის უნიფორმიანი თანამშრომელი მიუახლოვდა, იქიდან ნაგავი ამოიღო და გადასაყრელად წაიღო. უნიფორმიანი წვეროსანი კი სინამდვილეში მორბენალი იყო. მან „ნაგანი“ უნიფორმის ქვეშ დამალა. შემდეგ ზოოპარკის ტერიტორია დატოვა და ჩაილაპარაკა: „ესეც ასე, ახლა კი იმ ნაბოზარს დავადგეთ და ჩვენი კუთვნილი დავიბრუნოთ“.
ბრეზენტის ზურგჩანთა
იური პოზნერი თბილისში, პლეხანოვის გამზირზე ცხოვრობდა და იქვე მუშაობდა ერთ-ერთ „კიოსკში“ მესაათედ. მორბენალი 23 ივლისს მის ბინაში შეიპარა და მასპინძელს დაელოდა, რომ ნაძარცვი მოეკითხა. იურა საღამოს დაბრუნდა და კარი რომ მიიხურა, კეფაზე ცივი ლითონის შეხება იგრძნო, თან ნაცნობი ხმა ჩაესმა:
– აბა, შე ბოზო, ოქრო და ქვები გამოაჩინე.
– რეზო, შენ? – აღმოხდა იურას.
– აბა, რა გეგონა? ხომ გითხარი, რომ მიწიდან ამოგთხრი-მეთქი... შენ გეგონა, ჭაობში ჩავიხრჩე?
– არა. ვიცოდი, რომ ჩამოხვიდოდი, – იცრუა პოზნერმა, რის გამოც „ნაგანის“ ტარი მოხვდა კეფაში. იატაკზე დავარდნილს მორბენალმა რევოლვერი მიუშვირა და უთხრა:
– ვის ატყუებ, შე ბოზო?! მთელი „კუშის“ აღება გინდოდა. ფიქრობდი, რომ დავიბრიდებოდი და ყველაფერი შენ დაგრჩებოდა, მაგრამ იაღლიში მოგივიდა. ჩქარა ოქრო და ქვები მოიტა, თორემ ტვინს გაგასხმევინებ!
– აბა, რა მექნა, რეზო, ძაღლიანი ძაღლები კუდზე გასხდნენ და ორივეს დაგვიჭერდნენ. მე კი „ტავარი“ შევინარჩუნე, შენ გამოიქეცი. ახლა კი ყველაფერი გავიყოთ, როგორც თავიდან მოვილაპარაკეთ და რაც იყო, დავივიწყოთ.
– ბოზურად მოიქეცი და წილი აღარ გეკუთვნის. ახლა კი ყველაფერი მისხალ-მისხალ ჩამაბარე და მადლობა მითხარი, რომ ცოცხალს გტოვებ.
– რაო? წილს არ მაძლევ? – აყვირდა პოზნერი, მაგრამ მორბენალმა მას კბილებში წიხლი ორჯერ ჩააზილა და უყვირა:
– ჩქარა „ტავარი“ გამოიტანე, თორემ გაგაგორებ, შე ნაბოზარო!
იური პოზნერს აღარაფერი უთქვამს. წამოდგა და საიდუმლო ნიშასთან მივიდა, რომელიც წიგნების თაროებთან ჰქონდა გაკეთებული და ბრეზენტის ტომარას დასწვდა. თუმცა, მანამდე, იქვე „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტს დასტაცა ხელი. ამ დროს კი მორბენალმა მას „ნაგანიდან“ ესროლა და მხარში დაჭრა. თუმცა, თავადაც მარცხენა ფეხში დაიჭრა. მიუხედავად ამისა, კოვზირიძემ ბრეზენტის ტომარა გახსნა და რომ დარწმუნდა, ოქროც და ალმასებიც შიგ იყო, ოცდათერთმეტკილოგრამიანი ზურგჩანთა მხარზე მოიგდო, პოზნერს მთელი ძალით ცხვირ-პირში წიხლი ჩააზილა  და მისი ბინა დატოვა. თუმცა, პოზნერის მეზობლების მიერ გამოძახებულმა მილიციამ მორბენალი რკინიგზელთა სახლთან აიყვანა და იქვე, მილიციის ქვეგანყოფილებაში მიიყვანეს. უზარმაზარი ბრეზენტის ზურგჩანთის შიგთავსი რომ იხილეს, ქართველი ძალოვანების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ის თვითნაბადი ოქროებით იყო გატენილი, პატარა ზომის ტომარაში კი 160 ცალი დაუმუშავებელი ალმასი ეყარა...
P. S. კოვზირიძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, პოზნერს კი  – 10 წელი აკმარეს, ხოლო ირკუტსკის საბადოდან წამოღებული ოქრო და ალმასები კი უკან დააბრუნეს. მორბენალი 6 წლის შემდეგ გათავისუფლდა ციხიდან, თბილისში ჩამოვიდა და მკერავ ნატოზე დაქორწინდა, რომლისგანაც ვაჟი შეეძინა. იური პოზნერი კი 3 წელიწადში გამოვიდა ციხიდან და ისრაელში მოახერხა გამგზავრება, სადაც 1976 წელს გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, 31 კილოგრამი ოქრო და 160 ცალი ალმასი პირადად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ედუარდ შევარდნაძემ ჩაიტანა მოსკოვში და მინისტრ შჩოლოკოვს ჩააბარა, რისთვისაც საკავშირო მინისტრის პირადი მადლობა და საჩუქარი, მაჯის ოქროს საათი დაიმსახურა...

скачать dle 11.3