კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: მინდა, სარჩელი შევიტანო სასამართლოში სამოქალაქო საქმეზე. გთხოვთ, განმიმარტოთ, რა კრიტერიუმის მიხედვით ხდება სამოქალაქო სარჩელის განმხილველის  სასამართლოს განსაზღვრა და სარჩელის შეტანა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საერთო განსჯადობის სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. არასასარჩელო წარმოების დროს განსჯადობა განისაზღვრება იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია განცხადება (საჩივარი). თუ მოპასუხეს არ აქვს საცხოვრებელი ადგილი, სარჩელი განიხილება სასამართლოში საქართველოს ტერიტორიაზე მისი ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო, თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია, მაშინ სარჩელი შეიძლება აღიძრას მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს სამოქალაქო საქმეზე გამოგზავნილ სასამართლო უწყების ჩაბარებაზე უარს მხარის მიერ?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში, უწყება ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. ამ წესიდან არსებობს გამონაკლისი, კერძოდ: უწყების მიღებაზე სუბიექტის მიერ უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისთვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილ იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე.
კითხვა: მაინტერესებს, იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია სამოქალაქო საქმის მხარისთვის უწყების ჩაბარება და არავითარი საშუალება არ არსებობს უწყების ჩაბარებისა, წყდება თუ არა საქმის გაგრძელება და ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სამოქალაქო პროცესში არსებობს საჯარო შეტყობინება, რაც გულისხმობს, რომ, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებ-გვერდზე განთავსებით; ან, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან, ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამ შემთხვევაში, სასამართლო უწყება მხარისთვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებ-გვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
კითხვა:  გთხოვთ, განმიმარტოთ, აქვს თუ არა მოსამართლეს უფლება, სამოქალაქო პროცესში საქმის განხილვისას მხარეს დაუსვას შეკითხვები?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, კოლეგიური სასამართლოს თავმჯდომარესა და მის ნებისმიერ წევრს, უფლება აქვთ, მხარეებს მისცენ შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ იმ კატეგორიის საქმეთა ჩამონათვალი, რომლებიც განიხილება სასამართლოში უდავო წარმოების წესით.
პასუხი: გაცნობებთ, რომ უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ; მოქალაქეთა უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ; მოქალაქის ქმედუუნაროდ და შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შესახებ; დაკარგულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და საორდერო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენის შესახებ (გამოწვევითი წარმოება); ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ; შვილად აყვანის შესახებ; ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ.
კითხვა: პირმა ჩაიდინა დანაშაული, რის შემდეგაც იგი ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში, ასევე, აანაზღაურა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი და ყოველმხრივ ითანამშრომლა გამოძიებასთან. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ეს გარემოებები და სასჯელის მაქსიმუმი გამოუტანა. გთხოვთ, მაცნობოთ, კანონიერია თუ არა ამ შემთხვევაში სასამართლოს განაჩენი და აქვს თუ არა აზრი მის გასაჩივრებას?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე გამოცხადდა ბრალის აღიარებით, აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას და არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებები, დანიშნული სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს. შესაბამისად, თუ არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებები და დანიშნული სასჯელის ვადა აღემატება ამ დანაშაულის სანქციის მაქსიმალური ვადის სამ მეოთხედს, შეგიძლიათ, გაასაჩივროთ განაჩენი და მოითხოვოთ შესაბამის ფარგლებში სასჯელის შემცირება.
კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, გამოძიების რა ეტაპზე აქვს დაცვის მხარეს ბრალდების მხარისგან მტკიცებულებების გადაცემის მოთხოვნის უფლება?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის შესახებ, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდების მხარე, ასევე, ვალდებულია, ამ შემთხვევაში დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებებიც.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ ხდება ნასამართლევი პირის მიერ ნასამართლეობის ვადამდე მოხსნა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ნასამართლეობის მოხსნის საკითხს განიხილავს გადაწყვეტილების მიმღები პირველი ინსტანციის სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, რომელსაც უნდა მიმართოთ შუამდგომლობით. ნასამართლეობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში, შუამდგომლობის ხელახლა დაყენება შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ.
კითხვა: მაინტერესებს, ვინ შეიძლება იყოს დღევანდელ საქართველოში მოსამართლე და რა პირობებს უნდა აკამყოფილებდეს ის. ასევე, შეიძლება თუ არა, მოსამართლე პარალელურად სხვა საქმიანობითაც იყოს დაკავებული?
პასუხი: საქართველოს კონსტიტუციით, ზოგადად მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 28 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება. მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და გათავისუფლების წესი განისაზღვრება კანონით. რაც შეეხება სხვა საქმიანობას, მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისა. ასევე, არ შეიძლება, მოსამართლე იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

скачать dle 11.3