კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის ეშინია და არ ეშინია ადამიანს და რით განსხვავდება დემოკრატიული და ნაკლებდემოკრატიული ქვეყნების მოქალაქეების შიშები

შიში ცოცხალი არსებების დამახასიათებელი თვისებაა და გამონაკლისი არც ადამიანია. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ადამის ძენი და ასულები გარკვეული შიშის გრძნობით იბადებიან, ცხოვრების განმავლობაში კი შიშის ნაირსახეობებიც ემატებათ. რის ეშინია და არ ეშინია ადამიანს, რა მეთოდებითაა შესაძლებელი მათი დაშინება, როგორ უნდა დაითრგუნოს შიში და არის თუ არა შესაძლებელი შიშისგან გათავისუფლება? – ჩვენს კითხვებს ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე უპასუხებს.

– რის ეშინია ადამიანს, როგორც ცოცხალ არსებას?
– არსებობს თანდაყოლილი და დასწავლილი შიში. მაგალითად, შვლის ნუკრს ეშინია მტაცებლების, ცნობს მათ სუნით და იცის, რომ მათ უნდა გაექცეს, ისევე, როგორც პატარა ბავშვს ეშინია მკვეთრი ხმის, ერთი სიტყვით, მძაფრი გამღიზიანებლის. დადგენილია, რომ ბავშვი გაურბის სიღრმეს. ჩაატარეს ასეთი ცდა: კვადრატებიან იატაკზე გააკეთეს ჩაღრმავება, ოღონდ ჩაღრმავება დაფარული იყო შუშით, რომ არ ჩაცვენილიყვნენ და ბავშვები შეუშვეს ოთახში. ხოხვისას ისინი ჩაღრმავებას თავს არიდებდნენ; ანუ ეს გენეტიკური შიშია. ბავშვს ეშინია მოულოდნელი და უჩვეული გამღიზიანებლების. მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში გაცილებით მეტია დასწავლილი შიშები. თუ ბავშვობაში რაღაცამ ან ვიღაცამ შეგაშინა, შიში გივითარდება, რაც შეიძლება შემდეგ ფობიაშიც გადაიზარდოს. გაქვთ გველის შიში?
– არ მსიამოვნებს, მაგრამ შორიდან არ მეშინია.
– ცხადია, ლოგინში არ ჩაიწვენთ, მაგრამ სიტყვა „გველის“ გაგონებაზე ან მის დანახვაზე გეშინიათ?
– არა.
– შიშია, როდესაც ამ სიტყვის გაგონებაზე ან ტელევიზორში დანახვაზე საშინელი შფოთის განცდა გიპყრობს.
– მე ასეთი განცდა ხელკეტზე მაქვს.
– გარდა ამისა, არსებობს რაღაც კონკრეტულის შიშიც, მაგალითად, ავი ძაღლის ან მეზობლის ბიჭის, რომელიც სცემს და ფულს ართმევს. ეს არის კონკრეტულ ადამიანთან, მოვლენასთან ან საგანთან დაკავშირებული შიში. მაგალითად, ინგლისელებს აქვთ აბაზანაში ელექტრონული მოწყობილობების შიში. რამდენიმე ინგლისელი ყოფილა ჩემთან და ვერაფრით მიიღეს შხაპი, რადგან ელექტროავზი იდგა. ეშინიათ, რომ დენი დაარტყამთ. გარდა ამისა, არის შიში, რომელსაც შფოთვას უწოდებენ, როდესაც გაურკვეველი რამის გეშინია, მაგალითად, სამსახურიდან დათხოვნის, ომის ან მიწისძვრის. მაგალითად, პირადად მე მაქვს ფინანსური დოკუმენტების შედგენის გამოკვეთილი ფობია. იშვიათად მიწევს, მაგრამ, როდესაც იძულებული ვარ, რომ უნდა შევადგინო, მაქსიმალურად ვაჯანჯლებ და დისკომფორტის გრძნობით ნელა ვაკეთებ. ასეთი ინდივიდუალური შიში ბევრია. შეიძლება, კულტურამ მიგაჩვიოს შიშს, მაგალითად, აი, ეს არ შეიძლება, თორემ ბუა მოვა.
– ამას ხომ არ უკავშირდება ის რჩევა, რომ ბავშვების შეშინება არ შეიძლება გუდიანი კაცებითა თუ კუდიანებით?
– რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ამან შეიძლება, კვალი დატოვოს. შიში არის 6-7 ძირითადი ემოციიდან ერთ-ერთი ძირითადი  და ერთ-ერთი უძლიერესი ემოციაცაა. გარდა ამისა, არსებობს პოლიტიკური შიში, როდესაც ქვეყანაში ტერორია და ეს არის სწორედ ის შიში, რომელიც შეიქმს სიყვარულსა. სტალინი და მისი მსგავსი სხვა ფიგურები მართლაც უყვართ.
– იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვთ?
– დიახ, იმიტომ რომ მუდმივი შიშით ცხოვრება ძალიან მძიმეა, ამიტომ პიროვნების ფსიქიკა, როდესაც ამ შიშს ვერ ერევა, რაღაცნაირად გადაასტრუქტურებს ამ შიშს და რელიგიური გრძნობის მსგავსი გრძნობით განიმსჭვალება დიქტატორის მიმართ. მაგრამ ყველას ეს არ შეუძლია და მუდმივი შიშის ქვეშ არიან. ბაბუაჩემის მაგალითს მოვიტან: ის არ ყოფილა ბოლშევიკურ პარტიაში, მწერალი იყო და, როგორც ვიცი, ერთხელ დაიბარა ბერიამ. არავინ იცის, რა ილაპარაკეს, მაგრამ იმის შემდეგ ყველანაირად გაურბოდა პოლიტიკურ თემებს, ბრეჟნევის  დროსაც კი, როდესაც ყველა აგინებდა და მეც მაფრთხილებდა, ამას ნუ იტყვიო. ეს იყო მუდმივი შიში, რომელიც რეჟიმმა ჩაუნერგა. მამაჩემმა მიამბო ასეთი რამ: ჩვენი ერთ-ერთი ნათესავი, სტალინის დროს, ჩამოვიდა გადასახლებიდან და კარგა ხნის განმავლობაში ყველა კაკუნზე, ნებისმიერ გაფაჩუნებაზე კრთებოდა.
– რადგან შიში არის თანდაყოლილი და შეძენილი, ეს ხომ ნიშნავს, რომ მისი დაძლევის გზებიც არსებობს? მამაცი ის კი არ არის, ვისაც არ ეშინია, არამედ ის, ვისაც ამ შიშის დაძლევა შეუძლია.
– სწორედ ამის თქმა მინდოდა. ბავშვს არ აქვს ელექტროობის შიში, იმიტომ რომ არ იცის, რა მოუვა, მაგრამ, როდესაც გაიგებს, შიშიც უჩნდება. რა თქმა უნდა, არსებობს შიშის დაძლევის მეთოდიკები. არსებობენ ადამიანები, რომლებიც უფრო ექცევიან შიშის ქვეშ, სხვები –  ნაკლებად, არიან ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ ამ შიშის დაძლევა ან შეუძლიათ, საერთოდ არ ეშინოდეთ. არის მამაცი, გულადი ხალხი და ეს ძალიან კარგია. თუმცა შიში ჩვეულებრივი ადამიანური რეაქციაა. მეტიც, ადამიანი შეიძლება, ბრძოლაში ნამდვილი გმირი იყოს, მაგრამ რეჟიმმა ისე დააშინოს, რომ სწორედ რეჟიმის ეშინოდეს. ალბათ, ყველას აქვს რაღაც, რისიც ძალიან ეშინია და რასაც მალავს. ეს შეიძლება იყოს ვირთხა, ობობა ან ნებისმიერი რამ.
– როგორი უცნაური გრადაციაა: ვირთხის და სტალინის შიში ორივე შიშია.
– ორეულის რომანში „1984“ მთავარ გმირს, როდესაც იგებენ, რომ ვირთხის პანიკური შიში აქვს, სწორედ ამით აწამებენ: ვირთხებს უყრიან. ასე რომ, მთლად უშიშარი ადამიანი მთლად ნორმალურიც არ უნდა იყოს.
– რის შიშია ნორმალური?
– ნორმალურია რაციონალური შიში. რაც საფრთხის შემცველია, იმის უნდა გეშინოდეს. შეიძლება, ადამიანი შევარდეს ცეცხლში და ვინმე გადაარჩინოს ან რამე გამოიტანოს, მაგრამ ეს აფექტური მდგომარეობაა ან უფრო ძლიერი გრძნობა, რომელიც ფარავს შიშს. მაგრამ, ზოგადად, სახიფათო ცხოველის უნდა გეშინოდეს, მაგრამ იმ ზომით, რა ზომითაც იმსახურებს. გველების მხოლოდ 2 პროცენტია შხამიანი და ისიც, თუ არ დააბიჯე, არაფერი გემუქრება, მაგრამ მაინც საყოველთაო შიშია. ეს შიშები ზოგჯერ ძალიან უცნაურია და მათი წარმომავლობის გაგება ძალიან ჭირს. შარშან გავაკეთეთ მცირე გამოკვლევა შიშებზე და ძალიან ეგზოტიკური შემთხვევები აღვწერეთ: ერთ ქალბატონს ეშინოდა ანტიკური ღმერთების, ამიტომ ცაში ახედვას უფრთხოდა, ზევსმა მეხი არ მესროლოსო, ასევე, არ შედიოდა წყალში, პოსეიდონმა არ ჩამითრიოსო.
– და ის ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანია?
– ეს ჩვეულებრივი ფობიაა. ფობიების მთელი ტომია აღნუსხული. მაგალითად, ინგლისელი პარტნიორი მყავს, კიტრის ეშინია. ძალიან უცნაური ფობიები არსებობს და უცნობია, საიდან მომდინარეობს, თუმცა ხშირად კულტურაშია მოცემული ესა თუ ის შიში, ინგლისელების მაგალითი უკვე გითხარით. ეტყობა, დედამ ჩაუნერგა. დედა ხშირ შემთხვევაში კი არ გასწავლის შიშს, არამედ მას თუ ეშინია, ბავშვსაც ეშინია.
– ეს ნიშნავს იმას, რომ ტყუილის თქმის შიშის ჩანერგვაც შეიძლება?
– რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს უფრო მორალური კატეგორიაა და შეიძლება, ბავშვი მიაჩვიო, რომ პატიოსნება არის ადამიანობის მთავარი თვისება. არის რელიგიური მიმდინარეობა, რომლის მიმდევრებმაც ტყუილი არ იციან. მაგალითად, კვაკერები. მათ პირველ ხანებში იწვევდნენ კონფლიქტების გადასაწყვეტად, რადგან ყველა დარწმუნებული იყო, რომ პატიოსნები იქნებოდნენ. ამჟამად ვაკეთებთ რელიგიის შესახებ კვლევას და გამოიკვეთა, რომ, მართალია, საქართველოში არ უყვართ „იეღოვას მოწმეები“, მაგრამ არიან ოჯახები, რომლებიც დამლაგებლად, სახლში სამუშაოებისთვის სპეციალურად ეძებენ ამ მიმდინარეობის წარმომადგენლებს, რადგან იციან, რომ ისინი არაფერს მოიპარავენ.
– ჩვენთან არ ჩატარებულა კვლევები, რის გვეშინია, მაგრამ, კვლევებით, ვიცით, რომ გვეშინია მანქანის მოპარვის და ასე შემდეგ. ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ ევროპაში, ეს ნიშნავს, რომ შიში არ გვაქვს?
– ჩვენ შეიძლება, ქუჩაში უსაფრთხოდ ვგრძნობდეთ თავს, მაგრამ მანქანას რომ მოგპარავენ, ეს მთლად შიშის გრძნობას არ იწვევს. ეს არის დისკომფორტი და ხარჯი. სხვა რამაა საინტერესო: ერთ-ერთ თოქ-შოუში ხელისუფლების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა დიდი აღშფოთება გამოთქვა, როდესაც გაიგო, რომ სააკაშვილის პერიოდში მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც უარს ამბობენ თავისი დამოკიდებულების გამჟღავნებისგან პოლიტიკურ საკითხებზე. ასეთი კვლევა მეც ჩამიტარებია და შეიძლება ითქვას, პირველი ხელი ვარ. თუ წინა ხელისუფლების დროს ასეთი ადამიანების რიცხვი, მაქსიმუმ, 10 პროცენტი იყო, ახლა 40-პროცენტზე მეტია, რაც ნამდვილად იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანს ერიდება ან ეშინია აჩვენოს თავისი პოლიტიკური მიდრეკილებები, თუ ეს მიდრეკილებები არ იქნება მმართველი ძალის სასარგებლო.
– მაგრამ ის, რომ არ აჩვენებს თავის მოსაზრებას, ხომ აღძრავს ეჭვს, რომ მისი შეხედულება არ არის მმართველი ხელისუფლების სასარგებლო?
–  მაგრამ რეალური დამოკიდებულება იმალება იმის გამო, რომ ძალიან გავრცელდა კომპრომატების ჩვენება, მოსაზრება, რომ ტელეფონში გისმენენ. მახსოვს, საბჭოთა დროს იყო ასეთი ფრაზა, ეს არ არის სატელეფონო საუბარიო, რადგან იგულისხმებოდა, რომ ვიღაც გისმენდა, თუმცა ეს ტექნიკურად შეუძლებელი იყო, თუ არ იყავი სახაროვი, რომელსაც ნამდვილად უსმენდნენ. ცხადია, ტექნიკურად ახლაც ძნელია ყველას მოსმენა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ კონკრეტულ ადამიანებს უსმენენ, მაგრამ ზოგადადად არსებობს შიში, რომ მოგისმენენ. ამდენად, როდესაც ადამიანს უტარებენ სოციოლოგიურ გამოკვლევას, მას არ სჯერა, რომ ეს კვლევა მართლაც ანონიმური დარჩება. მას ჰგონია, ფარულად გადაუღებენ ან ჩაწერენ, თუ თქვა, რომ არ მოსწონს მიხეილ სააკაშვილი, რასაც მოჰყვება მისი შვილის სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნა. რაც ყველაზე სამწუხაროა, ასეთი შიში არ არის საფუძველმოკლებული. თუ გაგიგეს, რომ მიხვედი მიტინგზე, რაღაც ფორმით ოპოზიციური აქტივობა ჩაიდინე, ამაზე რეაგირების ყველაზე მსუბუქი –  სამსახურის დაკარგვაა, რაც შიშს კიდევ უფრო აძლიერებს. ეჭვი კი არ მაქვს, ფაქტობრივად, დარწმუნებული ვარ, მიზანდასახული პოლიტიკაა, რომ მოსახლეობას ეშინოდეს ისეთი რამის, რისიც არ უნდა ეშინოდეს ნორმალურ ქვეყანაში და, რაც მთავარია, ეშინოდეს იმის, რისიც არ ეშინოდა ადრე.
–  კალიების, კიტრისა თუ ელექტროგაყვანილობის შიში გავლენას ახდენს მხოლოდ პიროვნების ცხოვრებაზე, მაგრამ პოლიტიკური შიში, რომელიც თქვენ ახსენეთ, გავლენას ახდენს ქვეყნის ცხოვრებზე. ასეთი შიშის დაძლევის გზები თუ არსებობს?
– ამის დაძლევა არის შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმი აღარ დააშინებს თავის მოქალაქეებს. საერთოდ, ასეთი შიში ძალიან მალე გადის, როგორც კი დაშინება შეწყდება. საბჭოთა დროიდან მოვდივართ და გვეშინოდა ტელეფონით ლაპარაკის, გავიდა დრო და აღარ გვეშინოდა, ახლა ისევ გვეშინია. ასე რომ, ეს შიშები იცვლება.
– თუ განსხვავდება შიშები, იმისდა მიხედვით, რამდენად განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრობს ადამიანი?
– დემოკრატიის დონეს გააჩნია, რა თქმა უნდა. მახსოვს, ჩემი ნათესავი შოკირებული იყო: საფრანგეთში მოხვდა საბჭოთა დროს და კაფეში პოლიტიკაზე საუბრობდნენ. თქვენ არ იცით, რა ქვეყანაში ცხოვრობთო, უთხრა მას ფრანგმა მასპინძელმა, წამოხტა და საფრანგეთის პრეზიდენტის ლანძღვა დაიწყო. არავის არანაირი რეაქცია არ ჰქონია, ჩემი ნათესავი კი კინაღამ მოკვდა ადგილზე: მისთვის პრეზიდენტის გინება საჯაროდ წარმოუდგენელი იყო. ასე რომ, საკუთარი აზრის გამოთქმის შიშია სწორედ საზოგადოების განვითარების დონის მაჩვენებელი. მაგალითად, ჩინეთში საერთოდ არ გაგცემენ პასუხს, რომ ჰკითხო, მოგწონს თუ არა ქვეყნის პოლიტიკა.
– არ იციან თუ ეშინიათ?
– ეშინიათ. მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, სტუმრები გვყავდა ჩინეთიდან და ახალი მომხდარი იყო ტრაგედია, როდესაც პეკინში, მოედანზე, სტუდენტები ამოხოცეს. ყველანი ამაზე ვლაპარაკობდით, საზარელი ამბავი იყო, როდესაც ვკითხეთ, გვიპასუხეს, არ გაგვიგიაო, არადა პეკინიდან იყვნენ.
– თუ სწორად მივხვდი, დემოკრატიაა შიშის დათრგუნვის წამალი?
– დემოკრატია არის, როდესაც, რაც შეიძლება ნაკლები შიში გაქვს შენი საზაგადოებრივი აქტივობების გამო. რა ორგანიზაციასაც მინდა, იმას დავაარსებ, რასაც მინდა ვიტყვი პრეზიდენტსა თუ პრემიერ-მინისტრზე, გინდაც, იდიოტს ვუწოდებ. როდესაც ამის თქმა შეგიძლია, მაშინ არის დემოკრატია.
– და, როდესაც ეს შენი პირადი აზრები, თუ პროფესიონალი ხარ, არ აისახება შენს კარიერულ წინსვლაზე?
– რა თქმა უნდა. თუმცა კარიერაზე ის უფრო აისახება, თუ ხმამაღლა აგინებ შენს უშუალო ხელმძღვანელს, იმიტომ რომ ორგანიზაციაში დაძაბულობა უსიამოვნებებს იწვევს, მაგრამ დემოკრატიის დროს ყოველთვის გაქვს სასამართლო, რომელიც შენს მხარეს დადგება, თუ დაამტკიცებ, რომ შენი უშუალო ხელმძღვანელი არ მოგწონს.
– კონკურენცია არის პროგრესის აუცილებელი ფაქტორი, შიშის ქვეშ მყოფ საზოგადოებას აქვს განვითარების შესაძლებლობა?
– შიშისგან სრული გათავისუფლება, ცხადია, შეუძლებელია, იმიტომ რომ შიში, იმავდროულად, სასარგებლო ემოციაა.
– რა თქმა უნდა, უნდა მეშინოდეს კანონის, რომ დანაშაული არ ჩავიდინო.
– რა თქმა უნდა, შიშის გარეშე დაიღუპება ცხოველი და ადამიანიც. რისიც საჭიროა, იმის უნდა გეშინოდეს. ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაშიც კი არის რაღაცეები, რისიც უნდა გეშინოდეს, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში არათუ ნაკლებით, თითქმის ნულამდეა დასული იმის შიში, რომ ადამიანმა გამოთქვას თავისი აზრი. აი, ეს არის დემოკრატიის ძალიან დიდი მიღწევა.

скачать dle 11.3