კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აკრიფა „თელასმა“ მეწარმე აბონენტებისგან ერთი თვის ელექტროენერგიის საფასური წინასწარ და გაურკვეველი ვადით

სექტემბერში კერძო მეწარმეებს „თელასმა“ სიურპრიზი მოუწყო და აი, იმ ქვითარზე, რომელშიც სამი ერთშია (ელექტროენერგიას რომ გითიშავენ, თუ წყლისა და დასუფთავების გადასახდელს არ დაფარავ და, ზედაც, შუქი რომ ნაგავს ყრის), დამატებითი გრაფა დაუტანა: დეპოზიტი. როგორც მეწარმეებმა მოგვიანებით გაარკვიეს, დეპოზიტად მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის თვიური მაჩვენებელი იყო მითითებული. „თელასელებმა“ კი მათ განუმარტეს, რომ ეს თანხა იმ დრომდე დარჩება „თელასის“ ანგარიშზე, ვიდრე მეწარმეს იჯარის ვადა არ ამოეწურება. რაკი სემეკის გადაწყვეტილება დაანახვეს (რომლის ნომერიც, რატომღაც, ქვითარზე დატანებული არ არის და არც სემეკის ვებ-გვერდზე იძებნება), მეწარმეებსაც, სხვა რა გზა ჰქონდათ, დეპოზიტზე თანხა შეიტანეს (რომლის ოდენობაც 100-დან და ზემოთ მერყეობდა). საკითხის (და არა მხოლოდ ამ კონკრეტულის) განმარტება ყოფილ ენერგოომბუდსმენს დავით ებრალიძეს ვთხოვეთ.

–  მარეგულირებელი კომისიის ამ კონკრეტულ დასკვნას არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რა პრობლემაც არსებობდა ჩემი ომბუდსმენობის პერიოდში: როდესაც დამქირავებელი ტოვებდა ფართს, რომელშიც მუშაობდა, ასევე, ტოვებდა კომუნალურ დავალიანებებსაც და ეს ხდებოდა დავის საგანი. აქამდე კომპანია „თელასი“ ძალიან მარტივად წყვეტდა ამ საკითხს: ამ დავალიანებას ახდევინებდა ფართის მესაკუთრეებს. ამის გამო მრავალი დავა იყო და მე ვიცავდი მესაკუთრეთა ინტერესებს. იგივე ხდებოდა ფართის ყიდვა-გაყიდვისასაც. არადა, ეს იყო სულ სხვა აბონენტის ვალი და სულ სხვა აბონენტს ახდევინებდნენ, რაც სამართლებრივად არ იყო სწორი, მაგრამ „თელასი“ იძულების წესით ახდევინებდა დავალიანებას მესაკუთრეს. მარეგულირებელი კომისია ამაზე თვალს ხუჭავდა და „თელასს“ გასდიოდა ეს უკანონობა. ახლა, როგორც ჩანს, მარეგულირებელმა მოინდომა, რაღაც სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცია ეს საკითხი, რადგან ფართის მეპატრონე არაფერ შუაშია დამქირავებლის დავალიანებასთან.
– არ არის პასუხისმგებელი ფართის მეპატრონე, თავად მოაგვაროს ურთიერთობა მასთან, ვისაც მიაქირავა ფართი და ამაში არცთუ მცირე თანხა აიღო?
–  უფლებამოსილი არის, მაგრამ ხშირად დავაში გადადის. დამქირავებელი ხშირად კოტრდება ან იკარგება და მეპატრონე და „თელასი“ რჩებიან პირისპირ. ჩემი აზრით, ამის გამო შემოიღეს ეს პირობა. გარკვეულწილად, ეს იცავს მეპატრონეს, რომ არ წარმოეშვას კომუნალური პრობლემები. მე, როგორც მეპატრონე, კმაყოფილი ვიქნებოდი ასეთი გადაწყვეტილებით.
– როდესაც მეპატრონის უფლებებზე ვლაპარაკობთ, მისი უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება დამქირავებლის უფლება. წინასწარ რატომ მახდევინებ თანხას?
– მეორე მხრივ, მეწარმე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, გარანტირებული უნდა იყოს იმით მაინც, რომ კომუნალურ ვალდებულებას შეასრულებს. რადგან ეს საკითხი დაისვა, ეს ნიშნავს, რომ გადაუხდელობა მასობრივ ხასიათს ატარებს. თუ არჩევანია ორ ბოროტებას შორის, მე ვიტყოდი, ის უფრო დიდი ბოროტებაა, რომ მეპატრონეს მოსთხოვო სხვა აბონენტის დავალიანების გადახდა.
– წარმოიდგინეთ, რა სიდიდის თანხა მიიღო ერთჯერადად „თელასმა“ ამ გადაწყვეტილებით? ნაკლებად სავარაუდოა, რომ „თელასი“ ამ თანხას არ გამოიყენებს: ანუ უპროცენტოდ აართვა ამდენ მეწარმეს არცთუ მცირე თანხა?
– ამ კუთხით შესაძლებელია შესაბამისი მექანიზმების მოფიქრებაც, რომ მეწარმის ინტერესიც იყოს გათვალისწინებული ამაში და მანაც მიიღოს აქედან მოგება.
–  იგულისხმება, რომ მეწარმეებს გათვლილი აქვთ თავიანთი ხარჯები, როდესაც გაუფრთხილებლად აკისრებ დამატებით და გაუთვალისწინებელ ხარჯს, ეს რამდენად კანონიერია? მათი გაფრთხილების ვალდებულება არავის აქვს?
– ეს გადაწყვეტილება, უპირველესად აჩვენებს, თუ რა სერიოზული პრობლემაა ჩვენი მეწარმეებისთვის კომუნალური გადასახდელების გადახდა. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ყოფილან, თუ ასეთ სერიოზულ პრობლემად იქცა ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობა.
– არანაკლებ რთული ვითარებაა „ყაზტრანსგაზშიც“. თითქოს იყიდებაო, არც იყიდებაო და, რაც მთავარია, წამგებიანი ბიზნესიაო, არადა გაზი საკმაოდ ძვირი ღირს?
– დღემდე წამგებიანად აჩვენებს ხელისუფლებაც, სემეკიც და თვითონ კომპანიაც, ამიტომაც შევიდა იქ მარეგულირებლის მმართველი. თუმცა ამდენი ხნის განმავლობაშია შესული და მარეგულირებელი მაინც აცხადებს, რომ ის 60-მილიონიანი დავალიანება ჯერაც არ დაუფარავთ. ეს მიგვანიშნებს, რომ სერიოზული პრობლემაა. ის, რომ ვიღაცას „თბილგაზის“ ყიდვა უნდა და ამან შეიძლება, ბუნებრივი აირის ფასი დააგდოს, არ არის კომერციული განცხადება, რადგან, ელექტრონერგიის ტარიფისგან განსხვავებით, გაზის ტარიფი ძალზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე, იმიტომ რომ ჩვენ გაზს ვყიდულობთ. ამიტომ ტარიფში ძირითადი მოცულობაა სწორედ გაზის ფასი და არა მომსახურების ფასი, ელექტროენერგიისგან განსხვავებით. ასე რომ, „თბილგაზის“ ყიდვას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ეს ყველაფერი გარკვეული არ არის აზერბაიჯანულ მხარესთან. ისე მარტივად არ დგას საკითხი, რომ ვიღაც ახლა იყიდის მხოლოდ „თბილგაზს“ და ეს გააიაფებს ბუნებრივი აირის ტარიფს.
– მხოლოდ „თბილგაზსო“, ესე იგი: კიდევ რა უნდა იყიდოს „თბილგაზის“ გარდა, რომ გაზის ტარიფის დაგდება მოხერხდეს?
– იმ ხელშეკრულებასაც უნდა გადახედოს, რომლითაც ხდება გაზის შესყიდვა. ამ საკითხზე უფროა დამოკიდებული გაზის ტარიფის შემცირება, ვიდრე თვითონ „თბილგაზის“ გაყიდვის ფაქტზე.
– და ვინ შეიძლება, დაინტერესდეს და რატომ ამ, თურმე, წამგებიანი „თბილგაზით“? მხოლოდ აზერბაიჯანული კომპანია?
– გაზის ტარიფის გაიაფება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე პოლიტიკურ ფასს დაადებს, რომ საზოგადოების კეთილგანწყობა მოიპოვოს, თორემ გაზის ტარიფის დაწევა კარგი მენეჯმენტით შეუძლებელია. რა თქმა უნდა, თუ ამ გამანაწილებელ ქსელს იყიდის აზერბაიჯანული კომპანია და თან კარგი მენეჯმენტიც ექნებათ, ნაკლები დანახარჯიც ექნებათ.
– და გახდება ბუნებრივი მონოპოლისტი, რატომ დააკლებს გაზის ტარიფს აზერბაიჯანული კომპანია?
– თუ პოლიტიკური ინტერესი არ დევს, რომ ფასმა დაიკლოს, დიდი ალბათობით, გაზის ტარიფი არ დაიკლებს.
– აბა, გაიზრდება?
– გაზრდა უფროა შესაძლებელი, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემი აზრით, ეს არ არის მოსალოდნელი: ასე უცბად არ შეიცვლება.
– დაზუსტებით არავინ იცის, ბოლოს და ბოლოს, რამდენი ჯდება 1 000 კუბამეტრი გაზი: რამდენს ვიღებთ სომხეთის ტრანზიტიდან, შაჰ-დენიზიდან როგორც უფასოს, ისე შეღავათიან ფასად და რამდენად ვყიდულობთ აზერბაიჯანისგან. ამბობენ, მთლიანობაში,  1 000 კუბამეტრი 160 დოლარი გამოდისო. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– ცოტა დახურული ინფორმაციაა, თუ რატომ გამოდის 160 დოლარი, მაგრამ მეტ-ნაკლებად ვიცით, საიდან რამდენს ვიღებთ. ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან განმარტება კეთდება, რომ ეს ყველაფერი მიდის „სოკართან“ და იქ დგინდება შეწონილი ტარიფი.
– „სოკარის“ კეთილი გაანგარიშებების იმედზე ვართ?
– ერთად დათვალეს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ 1 000 კუბამეტრი გაზის ფასი 140 დოლარი ყოფილიყო თბოსადგურებისთვის და 160 დოლარი –  აბონენტებისთვის: მოსახლეობისთვის 51 თეთრია, კომერციული აბონენტებისთვის –  70 თეთრამდე. ეს აჩვენებს, რომ ცოტა მეტ ფასად ვიძენთ გაზს.
– ან მეტს ამატებენ. 160 დოლარი 25 თეთრი გამოდის, ესე იგი, გამანაწილებელი ორჯერ მეტს გვახდევინებს.
– დიახ. ან ფასნამატია მეტი, მაგრამ ამ ყველაფერს სხვანაირად ითვლიან. თუ ასე დავთვლით, მართლაც, აშკარად დიდი მოგებებია და მაშინ ის ვალები „ყაზტრანსგაზს“ არ უნდა ჰქონდეს. თუ სემეკი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი გახდება, შეიძლება, გავარკვიოთ, რა ხდება სინამდვილეში: უფრო ძვირად ვყიდულობთ გაზს თუ იაფად ვყიდულობთ და ფასნამატია დიდი. როგორც ვიცი, აზერბაიჯანიდან ჩვენ გაზს 280 დოლარად ვყიდულობთ.
– ჩვენთვის, აბონენტებისთვის, მომგებიანია, თუ „თბილგაზს“ ახალი მეპატრონე ეყოლება?
– ნებისმიერ შემთხვევაში გამოდის, რომ ამჟამად „ყაზტრანსგაზი“ ხელისუფლების მმართველობაშია და ეს არაჯანსაღია. ამდენი ხანი არ შეიძლება, იძულებითი მმართველობით იმართებოდეს კომპანია. ამდენად, ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ მესაკუთრე შეიცვლება.
– გარდა აზერბაიჯანული კომპანიისა, ვინ შეიძლება, იყოს დაინტერესებული მისი ყიდვით? რამე სტრატეგიული დანიშნულება აქვს თბილისის გაზგამანაწილებელ ქსელს?
– ჩემი აზრით, არა. ჩვენ ისიც არ ვიცით, რეალურად ეს ბიზნესი წამგებიანია თუ მომგებიანი.  ცხადია, რომ ყაზახური მხარე თავს არიდებს მის მართვას, ესე იგი, ვერ დაინახა მისი მომგებიანობა. კატეგორიულად არ ითხოვს, ჩემი კომპანიაა და მართვის საშუალება მოგვეცითო. თავიდან რაღაც პრეტენზიები განაცხადეს, მაგრამ ახლა მათ აქტივობას ვერ ვხედავთ. ამდენად, მოსალოდნელია, რომ მეპატრონე შეიცვალოს.
– სანამ იმას დავადგენთ, თუ რა კომპონენტებისგან შედგება ჩვენი გაზის ტარიფი, ინტენსიურად მიმდინარეობს გაზიფიკაცია. გაზი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, რა პერსპექტივა აქვს მის ჩანაცვლებას სხვა ალტერნატიული წყაროებით?
– სახელმწიფო პოლიტიკა იქითკენ მიდის, რომ, რაც შეიძლება, მასობრივი გახდეს გაზიფიკაცია.
– მაგრამ გაზი ძვირი ღირს?
– მაგრამ მისი ალტერნატიული ენერგიაც არ არსებობს, რომელიც უფრო იაფი იქნება. ჩემი აზრით, გაზიფიკაციის პროგრამა დადებითია, მაგრამ, მეორე მხრივ, ტარიფსაც უნდა მიექცეს ყურადღება. აშკარად ჩასახედია, რა ხდება ტარიფში, თუმცა ალტერნატიულ ენერგიას ვერ ვხედავ.
– მთელი თურქეთი ცხელი წყლით თავს იმარაგებს ჰელიოსისტემით. ჩვენთან რატომ არ არის შესაძლებელი იგივე?
– ჩვენ თურქეთზე ჩრდილოეთით ვართ და მზის ბატარეით გათბობას ვერ შევძლებდით: თუმცა ეს ცხელი წყლის პრობლემას მოხსნიდა. ამ სისტემების დამონტაჟებაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ჩვენს რაიონებში ეს სისტემები აქვთ. მაგრამ ეს დიდ ზეგავლენას მაინც ვერ მოახდენს, თუმცა ეფექტი იქნება, თუ იაფიანი სისტემები შემოვა.
– რაკი გაზიფიკაციაზე ვისაუბრეთ, ვერც ელექტრიფიკაციას ავუვლით გვერდს: თუ ასეთი მდიდრები ვართ ჰიდრორესურსებით, ჩავანაცვლოთ ძვირად ღირებული ბუნებრივი აირი იაფი ჰიდროელექტროენერგიით და ასე გავთბეთ.
– ის ჰიდროპროექტები რაც ახლა მიმდინარეობს, პირდაპირ მინდა ვთქვა, არის შეცდომა და ქართული ჰიდრორესურსის განიავება. ის კასკადური ჰესები, რომლებიც შენდება, არ არის გათვლილი ქართული ენერგობაზრისთვის, ისინი გათვლილია თურქული ენერგეტიკისთვის და ის მოხმარდება თურქეთს და არა –   საქართველოს. მას შემდეგ, რაც ისინი აშენდება, მის მეპატრონეებს აქვთ სრული უფლება, ელექტროენერგია გაიტანონ თურქეთში. თურქეთში ელექტროენერგიის საბაზრო ღირებულება 7 ცენტია, ჩვენთან –   2 თეთრი. მეორე საკითხია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, ამ ხელშეკრულებით, აიღო ვალდებულება, რომ ექნება გადამცემი ხაზების სრული სიმძლავრე.
– ჩვენი ხარჯით უნდა ავაშენოთ?
– დიახ.
– რატომ? მათ აეშენებინათ?
– მთელი ულოგიკობა ის არის, რომ ჩვენი ხარჯით ვაშენებთ. რაც შეეხება ზამთარს: ზამთარში ქართულ მხარეს აქვს უფლება, რომ შეიძინოს, ოღონდ არანაკლებ 9,5 თეთრად ის ელექტროენერგია, რომელსაც ეს ჰესები გამოიმუშავებს. არადა, დღეს არსებული ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საფასური ამაზე 4-ჯერ ნაკლებია. შესაბამისად,  ვერც ზამთარში და ვერც ზაფხულში ჩვენი ენერგეტიკისთვის იმ ჰესებს ვერ გამოვიყენებთ. ამით ჩვენ ის ჰიდრორესურსი, რომელიც გვქონდა, დავკარგეთ, გავანიავეთ, გავაფუჭეთ და მხოლოდ იმას ვიღებთ სანაცვლოდ, რომ მშენებლობაზე დროებით დასაქმდება იაფი მუშახელი.
– გადასახადებიდან მაინც არ გვექნება შემოსავალი?
– არა, იმიტომ რომ ჩვენთან ექსპორტი დღგ-თი არ იბეგრება, არ გვაქვს აქციზის გადასახადი ელექტროენერგიაზე, მოგება კი იმ ჰესებს რამდენიმე ათეული წელი არ ექნება, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ ჯერ ინვესტორმა ინვესტიცია უნდა ამოიღოს. აღარაფერს ვიტყვი იმ ეკოლოგიურ ტვირთზე, რაც ამ ჰესების მშენებლობას მოჰყვება. ამდენად, ეს ჰესები არ არის წარმატებული პროექტი. დაფიქრდით: რუსეთი, აზერბაიჯანი ან ნებისმიერი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა გასცემს თავის საბადოებს მხოლოდ იმ პირობით, რომ ჭაბურღილებზე ინვესტორი დაასაქმებს ადგილობრივ მუშახელს?! ჩვენ კი გავეცით. გადავხედოთ სტატისტიკას: კერძო ინვესტიციების 70 პროცენტს შეადგენს აი, ამ ჰესების ასაშენებლად შემოსული ინვესტიციები. ესე იგი, სხვა ინვესტიციები აქ არ შემოდის და უცბად ჩნდება ასეთი დიდი ინტერესი ჰიდრორესურსის მიმართ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ისეთი პირობებით გასცემს ჰიდრორესურსს, რაც თავში არ მოუვა არც ერთ სხვა ქვეყანას.

скачать dle 11.3