კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შესთავაზა ივ მონტანმა ცნობილ ქართველ კალათბურთელს, ალისა ასიტაშვილს და რით დააჯილდოვა ის ნიკიტა ხრუშჩოვმა

ქართული კალათბურთის ისტორიას ბევრი სახელოვანი ვარსკვლავი ჰყავს და მათ  შორის გამორჩეული ადგილი უკავია ალისა ასიტაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში როგორც საქართველოს ნაკრების, ასევე საბჭოთა გუნდის, ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იყო. სპორტთან იყო დაკავშირებული მისი მეუღლეც,  წყალბურთელი ნოდარ გვახარია, რომელიც იმ ლეგენდარული გუნდის წევრი იყო, რომელმაც წყალბურთის ისტორიაში ყველაზე სკანდალური და ისტორიული მატჩი ითამაშა.  ქალბატონი ალისა დღეს 80 წლისაა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჟურნალისტებთან ურთიერთობას  ერიდება. ამიტომაც, ამ სპორტულ ოჯახთან დაკავშირებული ისტორიების გახსენება მის შვილს, პროფესორ გიორგი გვახარიას ვთხოვეთ. 

გიორგი გვახარია: დედაჩემი ალისა ასიტაშვილი  კალათბურთში  ძალიან ადრეულ ასაკში,  სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. მისი რამდენიმე მეგობარი დადიოდა კალათბურთზე და მათ შესთავაზეს დედას, ისიც მისულიყო. ომის შემდგომი პერიოდი 1946-1947 წლები იყო, დედა მაშინ სკოლაში სწავლობდა. შემდგომმა  წლებმა აჩვენა, რომ მას კარგი სპორტული მონაცემები ჰქონდა, თუმცა სიმაღლით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. დედას სიმაღლე  მეტრი და 70 სანტიმეტრი იყო. თამაშობდა გამთამაშებლის პოზიციაზე. მისი გზა კალათბურთში წარმატებული აღმოჩნდა, კარიერა გუნდ „ტონოში” დაიწყო.  ეს იყო თბილისის ნაკრები, რომელიც სკოლის მოსწავლეებისგან იყო დაკომპლექტებული. დედა  ყველაზე ხშირად და ბედნიერად სწორედ „ტონოში” გატარებულ  ოთხ წელს იხსენებდა.  შემდეგ დედამ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, გეოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა და „გეპეის” გუნდში გააგრძელა კალათბურთის თამაში, ეს გუნდი, პრაქტიკულად საქართველოს კალათბურთელ ქალთა ნაკრები იყო. დედა  ერთხანს ამ ნაკრების  კაპიტანიც  გახლდათ. საკავშირო ტურნირებზე დედა საბჭოთა კავშირის ნაკრების მაშინდელმა  მწვრთნელმა, ლისოვმა შეამჩნია, რომელმაც დედა საბჭოთა კავშირის ნაკრებში მიიწვია. ამ ნაკრებთან ერთად დედა ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, ჯერ ბელგრადში, შემდეგ პრაღაში. გახდა  მსოფლიო სტუდენტური თამაშების მეორე ადგილის მფლობელი, ორჯერ ზედიზედ კი – საერთაშორისო ახალგაზრდული თამაშების გამარჯვებული.  იმ პერიოდისთვის, როცა ჯერ  ოლიმპიური თამაშები არ არსებობდა კალათბურთში, ეს ძალიან პრესტიჟული ტურნირი იყო. ქალ კალათბურთელებს ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება პირველად მოსკოვში მიეცათ, 1980 წლის ოლიმპიადაზე, დედა მაშინ კალათბურთს უკვე  აღარ თამაშობდა. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, 1961 წელს დედა ფეხმძიმედ იყო ჩემს ძმაზე, შესაბამისად, მან რიო-დე-ჟანეიროს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება  ვერ შეძლო, სადაც საბჭოთა ნაკრები  მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
– როგორც ვეტერანები ამბობენ, დედათქვენი იყო გამორჩეული  სპორტსმენი საკალათბურთო მოედანზე. როგორი იყო მისი როლი საბჭოთა ნაკრების წარმატებებში?
– დედა ნამდვილად იყო საბჭოთა  ნაკრების მთავარი ძალა. მას ძალიან უყვარდა კალათბურთი,  განსაკუთრებული ემოციები ჰქონდა. მე მახსოვს, როცა მოსკოვში გამოძახებებზე მიდიოდა, ორ-სამთვიან შეკრებებზე, ის მოსკოვში საცხოვრებლად არ გადასულა. ბელგრადში, ევროპის ჩემპიონატზე დედამ პროფესიული კარიერის პიკს მიაღწია. მაშინ იუგოსლავიის  ხელმძღვანელი ბროზ ტიტო იყო. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირს იუგოსლავიასთან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა.  დედას, ისევე როგორც ნაკრების ყველა დანარჩენ წევრს, მიცემული ჰქონდა მკაცრი დირექტივა, რომ იუგოსლავიაში ზედმეტად არავის  გასაუბრებოდნენ. ამ თამაშის შემდეგ  დედა დააჯილდოეს წოდებით – „მის კალათბურთი”.  გადასცეს ბროლის თასი, რომელსაც წარწერაც  არ აქვს, იმის გამო რომ ვერ მოასწრეს –  ნაკრები თამაშის დასრულებისთანავე გაემგზავრა აეროპორტში.  
 დედა ხშირად იხსენებდა პარიზში გამართულ შეხვედრას, როცა  საბჭოთა კავშირის ნაკრები საფრანგეთის ნაკრებს ეთამაშებოდა. იმ თამაშზე საპატიო ლოჟაში ისხდნენ ივ მონტანი, სიმონა სენიორე და სხვა ცნობილი ფრანგი მსახიობები. ივ მონტანმა  დედა  თავის კოლეგასთან, ბალტიისპირელ კალათბურთელთან ერთად, მიიწვია საპატიო  ლოჟაში. ძალიან სთხოვა, რომ დედა საღამოს გამართულ წვეულებაზე მისულიყო. დედამ და მისმა მეგობარმა, რა თქმა უნდა, ვერ შეძლეს წვეულებაზე წასვლა, რადგან „ურჩიეს”, რომ ჯობდა, შეხვედრაზე არ წასულიყვნენ.  ასეთი ისტორიები დედას ბიოგრაფიაში საკმაოდ ბევრი იყო.  1956 წელს, როცა პრაღაში  ევროპის ჩემპიონატი დამთავრდა, გაიმართა სიმბოლური თამაში, მსაჯებს და კალათბურთის მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლებს შორის. მათ დედას და მის ერთ კოლეგას ამ თამაშის მსაჯობა ანდეს.  შეხვედრის დაწყებამდე დედას გამბედაობისთვის ცოტაოდენი კონიაკი დაალევინეს და მოედანზე მეექვსე მოთამაშე შეიყვანეს. დედამ თურმე, სასტვენს ჩაბერა – ექვსნი ხართო, მოუწოდა ფედერაციის წარმომადგენლებს. თქვენ ცოტა  ნასვამი ხართ და მეექვსე მოთამაშე გელანდებათო, ეხუმრებოდნენ თურმე (იცინის).
   ხალხთა სპარტაკიადაზე საქართველოს კალათბურთის ნაკრები ყოველთვის მონაწილეობდა. ერთ-ერთი  სპარტაკიადის დროს, როდესაც კომუნისტური პარტიის გენერალური  მდივანი ხრუშჩოვი იყო, ყველა რესპუბლიკიდან თითო  წარმომადგენელს  უნდა მიერთმია  ყვავილების თაიგული  ლოჟაში მყოფი პოლიტბიუროს წევრებისთვის. საქართველოდან ეს მისია დედას დააკისრეს, თან უთხრეს: ყვავილები ხრუშჩოვს არ მისცეო.   დედა პირველი წავიდა ლოჟისკენ, რომ ვინმე სხვა შეერჩია ყვავილების ადრესატად. დაუცდა ფეხი და დავარდა.  სხვა ნაკრებების წარმომადგენლებმა ლამის ზედ გადაუარეს. როგორც ჩანს, ყველას ერთი დირექტივა ჰქონდა მიცემული, რადგან თურმე, პრეზიდიუმის მთელი შემადგენლობა ყვავილებით იდგა ლოჟაში, უყვავილებოდ მხოლოდ ხრუშჩოვი იყო დარჩენილი. თუმცა, ხრუშჩოვმა მაინც დაასაჩუქრა დედა საათით (იცინის).     
– სპორტთან იყო დაკავშირებული მამათქვენიც, ცნობილი წყალბურთელი ნოდარ გვახარია.  როგორი იყო ორი სპორტსმენის ცხოვრება ერთ ოჯახში? 
–  დედას და მამას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. ძალიან ერთგული ცოლ-ქმარი იყო. ერთად საინტერესო ცხოვრება გაატარეს. რატომღაც ამ ბოლო დროს მიავიწყდათ მამაჩემი, რომელიც გაცილებით მაღალი დონის სპორტსმენი იყო.  მამა თამაშობდა მოსკოვის „დინამოში” და ერთხანს ცხოვრობდა კიდეც მოსკოვში. მამა დაბრუნდა თბილისში და 1956 წელს მელბურნში წავიდა ოლიმპიადაზე, როგორც თბილისის „დინამოს” კაპიტანი. გუნდი  მესამე ადგილის მფლობელი  გახდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მამა მონაწილეობდა იმ ლეგენდარულ შეხვედრაში, რომელიც შედგა მელბურნში საბჭოთა კავშირისა და უნგრეთის ნაკრებებს შორის. ეს იყო პერიოდი, როცა საბჭოთა კავშირის ჯარები  და ტანკები შევიდა ბუდაპეშტში, რის გამოც მელბურნში ამ ორი ქვეყნის ნაკრებს შორის გამართული შეხვედრა უზომოდ დრამატული აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდა ორი ქართველი  წყალბურთელი – პეტრე მშვენიერაძე და მამაჩემი. ეს იყო ისტორიული შეხვედრა, რომელიც დროზე ადრე შეწყდა  უნგრელების გამარჯვებით,  რადგან შეხვედრის დროს წყალბურთელთა შორის ჩხუბი ატყდა. აუზში  წყალი სისხლით  შეიღება.  ამის შემდეგ საბჭოთა  ნაკრები შეხვდა გერმანიის ნაკრებს, ეს თამაში  საბჭოთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვოდა მამას, რომელმაც  ცენტრიდან ორი ბურთი გაიტანა.
– როდის დაასრულა დედამ სპორტული კარიერა?
– დედა ადრე, 28 წლის ასაკში  ჩამოშორდა კალათბურთს, მაშინ როცა კარიერაში პიკს მიაღწია. დედამ სამი შვილი გააჩინა და გახდა დიასახლისი – არაჩვეულებრივი დიასახლისი და მზრუნველი დედა იყო. მას  ალბათ, ძალიან უჭირდა კალათბურთის  გარეშე ცხოვრება, სპორტთან შელევა – დიდი სიამოვნებით უყურებდა წყალბურთს, ფეხბურთს, ჩოგბურთი უყვარდა ძალიან. კალათბურთმა მას ბევრი რამ მისცა, უპირველესად, იცხოვრა ძალიან საინტერესოდ. თუმცა, სახლშიც იყო ჩვეულებრივი ქალი, დედა და მეუღლე.   მამა ცხოვრების ბოლომდე აქტიურად იყო ჩართული სპორტში. წყალბურთის თამაშს თავი დაანება 28 წლის ასაკში. ამბობდა: სპორტსმენმა სპორტს თავი მაშინ უნდა დაანებოს, როცა ტაშს უკრავენ და არა მაშინ, როცა უსტვენენო. მამას შეეძლო, უფრო დიდხანს  ეთამაშა წყალბურთი, უფრო მეტი  წარმატებებისთვისაც მიეღწია. ამის შემდეგ მამა იყო  როგორც საბჭოთა კავშირის ნაკრების, ასევე სპორტული კლუბის, „დინამოს” მწვრთნელი,  შემდეგ კი – „დინამოს”  საბჭოს თავმჯდომარე. მან   თავისი ცხოვრების ბოლო წლები პარლამენტში გაატარა, განათლებისა და სპორტის კომიტეტში და ბოლომდე იყო ჩართული სპორტის განვითარებაში. 
– შვილები გაჰყევით მშობლების გზას?
– სხვაგვარად გამორიცხული იყო, მეც და ჩემმა ძმამაც, ბავშვობიდან ცხოვრება სპორტს დავუკავშირეთ. მე წყალბურთსაც ვთამაშობდი, კალათბურთსაც, ცოტას ვცურავდი, ცოტას ჩოგბურთსაც ვთამაშობდი და თხილამურებზეც ვიდექი. მერე სამედიცინო ისტიტუტში ჩავაბარე და  ჩემს პროფესიას გავყევი. ჩემმა ძმამ, დევიმ დიდ წარმატებებს მიაღწია წყალბურთში. ორჯერ იყო უნივერსიადის გამარჯვებული,  ასევე, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. სპორტის გარეშე ცხოვრება ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო.

скачать dle 11.3