კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მონაწილეობა მიიღო ქართველმა პროფესორმა 102 მეტრი სიღრმიდან 1 მილიარდი ღირებულების განძის ამოღებაში

მოულოდნელი აღმოჩენა
1970 წლის 2 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ ძველ უბანში, ეგრეთ წოდებული „იტალიური ეზოს“ ოთხოთახიან ბინაში 35 წლის დიანა ბორბალაძე მოკლეს. ის სასტუმრო ოთახში მეუღლემ, 37 წლის რომან კეჟერაძემ აღმოაჩინა. მანვე დაურეკა მილიციას და პირველი ჩვენებაც მისცა კაპიტან იაგო რუხაძეს:
– მე და დიანა ოთხი წლის დაქორწინებულები ვართ და მიუხედავად იმისა, რომ შვილი არ გვყავს, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. წუხელ მორიგე ვიყავი და შინ დილის 10 საათზე დავბრუნდი, აქ კი ასეთი უბედურება დამხვდა.
დიანა ბორბალაძე სამზარეულოს დანით იყო მოკლული და ხუთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული გულსა და ფილტვებში, რომელთაგან სამი სასიკვდილო იყო. მკვლელობის იარაღი იქვე ეგდო. კეჟერაძის განცხადებით, ეს დანა მათი ოჯახის კუთვნილება იყო.
– რამე ნივთი ხომ არ არის დაკარგული? – ჰკითხა გამომძიებელმა მოკლულის ქმარს.
– არა, ბინა დავათვალიერე და ყველა ნივთი ადგილზეა.
– რას ფიქრობთ, ვის და რატომ უნდა მოეკლა თქვენი მეუღლე?
– წარმოდგენა არ მაქვს, ამხანაგო კაპიტანო. ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელია ჩემთვის და ისეთი თავზარდაცემული ვარ, რომ ფიქრის თავიც არ მაქვს, – მიუგო რომან კეჟერაძემ. კაპიტანმა გამომცდელად შეხედა მოკლულის ქმარს და მცირე პაუზის მერე მტკიცედ უთხრა:
– მოქალაქე კეჟერაძე, რატომ მოკალით თქვენი მეუღლე?
კეჟერაძე შეცბა, შემდეგ კი გამომძიებელს მიუგო:
– საიდან მოიტანეთ?! დიანა მე არ მომიკლავს... ან, რატომ უნდა მომეკლა, მე ხომ ის ძალიან მიყვარდა!
– სიმართლე თქვით – რატომ მოკალით მეუღლე! როცა გკითხეთ, რამე ნივთი ხომ არ დაიკარგა-მეთქი, თქვენ მტკიცედ მიპასუხეთ, არაო. ხოლო, როცა გკითხეთ ეჭვი ხომ არავისზე გაქვთ-მეთქი, მიპასუხეთ, ფიქრის თავი არ მაქვსო. თუკი ფიქრის თავი არ გაქვთ, მაშინ, ნივთების დათვალიერების თავიც არ უნდა გქონოდათ. ამიტომ, გეკითხებით: რატომ მოკალით თქვენი მეუღლე?
 რომან კეჟერაძემ სიგარეტი გააბოლა, ზიზღით შეხედა კაპიტანს და უთხრა:
– იმიტომ, რომ მღალატობდა – ვიღაც ვაჭარზე გამცვალა. მეც, ავდექი და მოვკალი!
– ხელთათმანებით მოქმედებდით?
– დიახ, ტყავის ხელთათმანებით. კვალის დასაფარავად ისინი გაუქმებული  კედლის ღუმლის მილში ჩავყარე, – უთხრა კეჟერაძემ კაპიტანს და მოპირდაპირე კედლისკენ გაიშვირა ხელი, რომელზეც მრგვალი, შავი ნახვრეტი მოჩანდა.
მილიციელებმა ნივთმტკიცების ამოღება ვერ მოახერხეს, ამიტომ, კედელი დაანგრიეს და, ტყავის ხელთათმანების გარდა, იქიდან შავი ფერის რკინის ჩაჟანგული ყუთი ამოიღეს.
– ოჰო, ეს მოულოდნელი აღმოჩენა, ჩემი აზრით, საინტერესო უნდა იყოს! – თქვა კაპიტანმა იაგო რუხაძემ და ჩაჟანგებული ყუთის გახსნა სცადა.
უცნაური კრიპტოგრამა
 – მე მეგონა, ეს ყუთი ბრილიანტის თვლებით იქნებოდა სავსე და მათი ელვარება თვალებს მომჭრიდა, აქ კი მხოლოდ ქაღალდი ყოფილა, – თქვა კაპიტანმა და დაჟანგული ყუთიდან სქელი ქაღალდი ამოაცურა, რომელზეც რაღაც იეროგლიფებისა და ნახატების მწყობრი რიგები იყო გამოსახული.
– ვისია ეს ყველაფერი? – რუხაძემ კეჟერაძეს სქელი ქაღალდი დაანახა.
– არ ვიცი, ჩვენამდე აქ სხვები ცხოვრობდნენ, ეს ბინა სამი წლის წინ ვიყიდეთ, – მიუგო ცოლის მკვლელმა კაპიტანს.
მილიციამ ბინა დალუქა და საყარაულოდ რიგითი მილიციელი დატოვა, რომ სახლში არავინ შესულიყო, კეჟერაძე კი მილიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში მოათავსეს.
რუხაძე სამმართველოს უფროსს ეახლა და უპატაკა:
– საქმე გახსნილია, ამხანაგო პოლკოვნიკო! ცოლის მკვლელმა აღიარებითი ჩვენება მოგვცა, ახლა კი „კაპეზეში“ ზის.
პოლკოვნიკმა რუხაძეს ალმაცერად შეხედა და ჰკითხა:
– ბევრი ურტყით?
– ვის, ამხანაგო პოლკოვნიკო?
– ვის და, ვინც აღიარებითი ჩვენება მოგცათ, იმას. ახლა არ თქვი, ცოლის მკვლელობა აღიარაო?
– თითიც არ დაგვიკარებია.
– აბა, როგორ აღიარა მკვლელობა?
– ვკითხე და მითხრა, მღალატობდა და მოვკალიო. დანა ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. ხელთათმანები კი, რომელიც მკვლელობის დროს ეცვა, კედელში ჩატანებული მილიდან ამოვიღეთ. მართალია, კედლის ჩამონგრევა მოგვიხდა, მაგრამ, სამაგიეროდ, აი, რა ვნახეთ იქ, – კაპიტანმა პოლკოვნიკს ჟანგიანი ყუთი და მისი შიგთავსი უჩვენა.
სამმართველოს უფროსმა ერთხანს ყურადღებით უტრიალა ქაღალდს, შემდეგ თავისი მოადგილე გამოიძახა და ჰკითხა:
– თუ კაცი ხარ, მითხარი, რას უნდა ნიშნავდეს ეს წარწერები?
– ეს კრიპტოგრამაა, ამხანაგო პოლკოვნიკო.
– კრიპტოგრამა?
– დიახ. ასე უწოდებენ საიდუმლო შიფრს.
– საიდუმლო შიფრიღა გვაკლდა, – უსიამოვნოდ თქვა პოლკოვნიკმა, – საიდუმლო შიფრები და ასეთი რამე-რუმეები კომიტეტის კომპეტენციაა. ამიტომ, მე ახლა „კაგებეში“ დავრეკავ, ყველაფერს შევატყობინებ და მათ იტეხონ თავი.
მილიციის სამმართველოს უფროსს შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ყუთისა და მისი შიგთავსის „კაგებეში” მიტანა სთხოვეს, რაც უფროსმა თავის მოადგილეს დაავალა. როდესაც პოდპოლკოვნიკმა გოცირიძემ კრიპტოგრამიანი ყუთი შევჩენკოს ქუჩაზე, სუკის შენობაში მაიორ კაკაბაძეს მიუტანა, მან ყურადღებით დაათვალიერა ქაღალდი და გოცირიძეს უთხრა:
– კრიპტოგრამაა, წყალი არ გაუვა, მაგრამ, ძალიან უცნაური. თუ არ ვცდები, აქ მხოლოდ ტექსტის ნახევარია, მეორე ნახევარი კი სხვაგან უნდა იყოს და მხოლოდ მისი მეშვეობით  შევძლებთ ტექსტის შინაარსის გაგებას.
თემურ კაკაბაძემ მადლობა გადაუხადა პოდპოლკოვნიკ ლადო გოცირიძეს და გაისტუმრა, შემდეგ კი ერთ-ერთი ხელქვეითი იხმო და უთხრა:
– პროფესორ ნოდარ მხეიძეს დაურეკე და სთხოვე მოვიდეს.
– არის, ამხანაგო მაიორო! – მიუგო ხელქვეითმა კაკაბაძეს და წავიდა. საათ-ნახევრის შემდეგ კი მაიორ კაკაბაძეს სამოციოდე წლის წარმოსადეგი მამაკაცი ეწვია კაბინეტში, ხელი ჩამოართვა და უთხრა:
– რით შემიძლია, გემსახუროთ?
ინჟინერ გუტმანის ანდერძი
პროფესორი ნოდარ მხეიძე ცნობილი გეოლოგი და კრიპტოგრაფი იყო და უშიშროების სახელმწიფო კომიტეტს („კაგებე“) ის განსაკუთრებულ აღრიცხვაზე ჰყავდა აყვანილი. მეცნიერი, თავისი მდიდარი ცოდნითა და გამოცდილებით, ხშირად ეხმარებოდა ხოლმე „კაგებეს“ ჩახლართულ გამოძიებაში. მან ყურადღებით შეათვალიერა კრიპტოგრამა და კაკაბაძეს უთხრა:
– თუ ინტუიცია არ მღალატობს, ლეგენდა ცოცხლდება.
– რა ლეგენდა?
– ლეგენდა იმპერატორის საგანძურზე, რომელიც სადღაც შავ ზღვაშია ჩაძირული და, თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ, ინჟინერ ისააკ გუტმანის ანდერძი რეალობაა და არა გიჟის მონაჩმახი, როგორც ეს მაშინ ეგონათ.
– რა გიჟის მონაჩმახი, რა ანდერძი, არაფერი მესმის, პროფესორო! – მხრები აიჩეჩა კაკაბაძემ, პროფესორს კი გაეღიმა და მიუგო:
– დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლის წინ „ჩეკაში“ გამომიძახეს და, როგორც კრიპტოგრაფს, კონსულტაცია მთხოვეს. მაშინ, აი, ამ ქაღალდის მსგავსი ქაღალდი მაჩვენეს და მთხოვეს, გამეშიფრა. მე ყურადღებით შევისწავლე ის კრიპტოგრამა და ჩეკისტებს ვუთხარი, რომ კრიპტოგრამის მეორე ნახევრის გარეშე მისი  გაშიფვრა შეუძლებელი იყო. ჰოდა, თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ, აი, ეს მეორე ნახევარი და ის პირველი ნახევარი გვჭირდება, რომელიც, ჩემი ვარაუდით, სუკის არქივში უნდა იყოს, ამიტომ, სასწრაფოდ ინჟინერ ისააკ გუტმანის საქმეა მოსაძებნი, რომელსაც გამომძიებელი კარლო ჭიჭიაშვილი იძიებდა და, სავარაუდოდ, ის კრიპტოგრამა იმ საქმეში უნდა იყოს ჩაკრული.
კაკაბაძემ არქივში დარეკა და გუტმანის საქმე მოითხოვა, პროფესორს კი უთხრა:
– საქმეს მოძებნიან და ამოიტანენ, თქვენ კი განაგრძეთ, გისმენთ.
– მოკლედ, ჩემო კარგო, ინჟინერი ისააკ გუტმანი წყალქვეშა მოწყობილობების უბადლო ინჟინერი იყო და ყველა საყვინთავი მოწყობილობა თუ მექანიკური დანადგარი მისი გამოგონილი იყო მეფის რუსეთში. რევოლუციის შემდეგ ის შავიზღვისპირეთში გადასახლდა სანკტ-პეტერბურგიდან და უბრალო მაშველად მუშაობდა სხვადასხვა საკურორტო ქალაქში. 1935 წელს ვიღაცის დაბეზღებით კი ის „ჩეკამ“ დააპატიმრა.  იმ ანონიმის საჩივარში ეწერა, რომ, თითქოსდა, გუტმანმა წყალქვეშა ნავის – „ნიკოლოზ მეორის“ ჩაძირვის ადგილი იცოდა და სპეციალური ანდერძიც კი შეადგინა, რომელშიც ეს ადგილი იყო მითითებული. ლეგენდის მიხედვით, „ნიკოლოზ მეორეს“ 1916 წლის ნოემბერ-დეკემბერში საიმპერატორო საგანძურის დიდი ნაწილი გადაჰქონდა თურქეთში, რათა შემდეგ სხვა ქვეყანაში გაეტანათ და ანონიმურ წერილში სწორედ ამაზე იყო ლაპარაკი. გუტმანს დაპატიმრებისას  მხოლოდ ერთი ქაღალდი უპოვეს. ის ამბობდა, რომ კრიპტოგრამა მას არ ეკუთვნოდა და საიდან აღმოჩნდა მისი საწერი მაგიდის უჯრაში, არ იცოდა. მე მაშინ შემახვედრეს გუტმანს და იგივე გამიმეორა. მოგვიანებით ინჟინერი დახვრიტეს მავნებლობისა და ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის, თუმცა, ეს ტყუილი ბრალდება იყო. დახვრიტეს ანონიმური წერილის ავტორიც, რომელიც გუტმანის უმცროსი კოლეგა, ვინმე კუზინი აღმოჩნდა. მან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დააბეზღა გუტმანი, რომ მისი ადგილი დაეკავებინა, უფროსი მაშველი გამხდარიყო და ათი მანეთით მეტი ხელფასი აეღო. როგორც კუზინი ამბობდა, გუტმანმა ჩაძირული საგანძურის ამბავი სიმთვრალეში უამბო, კუზინმა კი ეს ყველაფერი ანონიმურ წერილში აღნიშნა. სხვათა შორის, კუზინის საქმესაც გამომძიებელი კარლო ჭიჭიაშვილი იძიებდა.
– ჭიჭიაშვილი, ჭიჭიაშვილი... რა ნაცნობი გვარია, – იმეორებდა კაკაბაძე. ამ დროს მისი თანაშემწე შემოვიდა და ინჟინერ გუტმანის საქმე შემოიტანა.
კაკაბაძემ და მხეიძემ ყურადღებით დაათვალიერეს ძველი საქმის ყველა ჩაყვითლებული ფურცელი, მაგრამ, კრიპტოგრამის ნახევარი იქ არ აღმოჩნდა და მხეიძემ მტკიცედ უთხრა მიაორს:
– აი, ნახეთ, ჩემო კარგო, ფურცელი ამოხეულია!
– ჭიჭიაშვილი... გამახსენდა! ის ხომ ამ ხუთიოდე წლის წინ გავიდა პენსიაზე! როგორც ვიცი, სანამ გამომძიებელი გახდებოდა, ჯალათი იყო. უფროსებს უნდა მოვახსენო ყველაფერი და შუამდგომლობით შევიდე, რომ მასზე თვალთვალი დააწესონ.
ჩაძირული განძი
 „კაგებეს“ პენსიონერი, 70 წლის მაიორი კარლო ჭიჭიაშვილი, მარტო ცხოვრობდა საბურთალოს ერთ-ერთი ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსის სამოთახიან ბინაში.  „კაგებეს“ ოპერატიული ჯგუფი მას ოცდაოთხი საათის განმავლობაში უთვალთვალებდა და უსმენდა. ერთ საღამოს კი, როდესაც ბინის პატრონი ბაზარში იყო წასული, მის ბინაში ჩხრეკა მოაწყვეს და საწერი მაგიდის უჯრაში მართლაც იპოვეს ინჟინერ გუტმანის საიდუმლო კრიპტოგრამის ის ნახევარი, რომელიც სისხლის სამართლის საქმიდან გაქრა. ოპერმუშაკებმა კრიპტოგრამას სურათი გადაუღეს და უკან დააბრუნეს, გამჟღავნებული ტექსტი კი კაკაბაძეს და პროფესორ მხეიძეს მიუტანეს.
– აი, ლეგენდაც ჩვენ თვალწინ ცოცხლდება, – უთხრა პროფესორმა მაიორს, როდესაც კრიპტოგრამის ტექსტები შეაერთა და მის გაშიფვრას შეუდგა.
ერთი საათის შემდეგ ყველაფერი მზად იყო. პროფესორმა გაშიფრული ტექსტი მაიორს დაუდო წინ და უთხრა:
– „ნიკოლოზ მეორე“ გელენჯიკთან არის ჩაძირული ასი მეტრის სიღრმეზე და, როგორც გუტმანის კრიპტოგრამაშია აღნიშნული, ეგრეთ წოდებული შავი კლდის ქვეშაა ჩამალული.
– დიდი მადლობა, პროფესორო, თქვენ დიდი სამსახური გაუწიეთ ქვეყანას და, გპირდებით, როდესაც განძის ამოღებას დაიწყებენ, აუცილებლად დაესწრებით ამ პროცესს.
– ჭიჭიაშვილს რას უპირებთ, არ უნდა გასამართლდეს?
– სამწუხაროდ, ერთადერთი კრიმინალი, რაც მან ჩაიდინა, საქმიდან ფურცლის ამოხევაა, რისთვისაც ორ-სამ წელს, თანაც, პირობით სასჯელს მისცემენ. თუმცა, ჯერ მას ხელს არ ვახლებთ და მხოლოდ მას შემდეგ გამოვიძახებთ, როდესაც განძის ამოღებას შევძლებთ.
1970 წლის 18 დეკემბერს, შავ ზღვაში, ქალაქ გელენჯიკის ბუხტაში, 102 მეტრი სიღრმიდან 54 წლის წინ ჩაძირული წყალქვეშა ნავი ამოიღეს, რომელშიც მილიარდი საბჭოთა მანეთის ღირებულების საგანძური აღმოჩნდა...
1970 წლის 21 დეკემბერს კი გადამდგარი მაიორი კარლო ჭიჭიაშვილი კაკაბაძის კაბინეტში გამოიძახეს და, როდესაც მას ამოღებული განძის ამბავი უთხრეს, ჯალათ „ჩეკისტს“  იქვე გაუსკდა გული და გარდაიცვალა...
P.S. ეგრეთ წოდებული საიმპერატორო განძის მნიშვნელოვანი ნაწილი დღესდღეობით რუსეთშია, ნაწილს კი დღემდე ეძებენ...

скачать dle 11.3