კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რა ბეწვის ხიდზე გაიარა ნანა მესხმა და რით მოხიბლა მან დათო არჩვაძე

 მას შემდეგ რაც კომპოზიტორი, უამრავი ჰიტის ავტორი, ნანა მესხი გავიცანი, მუდმივად მაქვს მოთხოვნილება მასთან ახლო ურთიერთობის. საოცარი გარეგნობის, მანერების ქალი რაღაცნაირად გაჯადოებს და თავისი გავლენის ქვეშ გაქცევს. ალბათ, ასე მოხდა დათო არჩვაძის შემთხვევაშიც. პირველი შეხვედრის შემდეგ მათი გზები სამუდამად გადაიკვეთა, რამაც უამრავ პროექტსა და ლამაზ სიმღერას ჩაუყარა საფუძველი, იმ სიმღერებს, რომლებიც ჩვენთვის განსაკუთრებით საყვარელია.

 დათო არჩვაძე: სანამ ფიზიკურად გავიცნობდი, ვნახავდი ნანას, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მანამდეც გადასარევად ვიცნობდი და ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის. ვიცნობდი მისი სიმღერებით, მუსიკით, რომელსაც ტრიო „თბილისი” ასრულებდა.
– ასეთი, როგორიც რეალურად არის, ალბათ, ნამდვილად არ გეყოლებოდა წარმოდგენილი.
– ზუსტად ამის თქმა მინდოდა. ასეთი ქალაქური სიმღერების ავტორი ცოტა მსუქანი, ხრინწიანი ხმითა და გამოუძინებელი თვალებით წარმომედგინა. ყოველ შემთხვევაში, ნანასნაირი არა. და, უცებ, უნივერსიტეტში მოვიდა გოგო... კი არ მოვიდა, შემოფარვანდა. მაშინ ჯერ ანსამბლი „უნივერსიტეტი” ვიყავით და ნანიკომ თავისი სიმღერა მოგვასმენინა. რამდენიმე წელი ისე გავიდა, რომ საქმიანი ურთიერთობა ვერ მოვახერხეთ, ჩვენც მაშინ ვიწყებდით ყველაფერს.
ნანა მესხი: მახსოვს, იმ დღეს ბატონი რობერტ გოგოლაშვილის შექება დავიმსახურე, რომელიც საერთოდ სიტყვაძუნწობით გამოირჩევა. ბედნიერებისგან მოვფრინავდი.
დათო: ჩვენი შეხვედრა შედგა უშუალოდ „ფარვანასთან” დაკავშირებით: ტრიო „თბილისისგან” დავუკავშირდი ნანას და ამ სიმღერის ჩაწერის უფლება ვთხოვეთ. ზაზა მამალაძეს ვთხოვეთ „ფარვანას” ძველი ვერსიის – „ძველი სევდის” არანჟირება, რომელიც ბიჭებს ყველას ფანატიკურად გვიყვარდა. მახსოვს, ნანას სამსახურის კიბეებზე შევხვდი.
ნანა: ორივე ძალიან ბედნიერი ვიყავით, რადგან დათო ძალიან მომწონდა და გამიხარდა, რომ მან ჩემი სიმღერის შესრულების სურვილი გამოთქვა. დათო, როგორც უზომოდ მოკრძალებული ადამიანი, უფლების სათხოვნელად მოვიდა. ძალიან გახარებულები დავშორდით ერთმანეთს.
– ელოდი, რომ ასე გაჰიტდებოდა?
– რატომღაც მქონდა ამის შეგრძნება, ინტუიციურად ვგრძნობდი, რომ ძალიან დიდხანს იცოცხლებდა და ეყვარებოდა მსმენელს. მე და გია გალოგრემ, ტექსტის ავტორმა, ეს სიმღერა რომ დავწერეთ და მივეცით ნუგზარ აფხაიძეს, მან კი, კაცმა, რომელიც მანამდე სოლოს არ მღეროდა, უაპელაციოდ, დაუფიქრებლად გადაწყვიტა მისი შესრულება, ესეც მენიშნა. მივხვდი, რომ ესეც რაღაც სიმბოლური იყო და შეუძლებელი იქნებოდა, ის ძალიან ცნობილი არ გამხდარიყო. მერე ხომ, დათომ ჩაიგდო ხელში და, დავრწმუნდი რომ ის სულ იცოცხლებდა.
დათო: ნუგზარის ნამღერის გადაკეთებას ვერაფრით ვერ გავრისკავდი. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევასრულებდით, თუ ეს იქნებოდა ხმებში, დუეტის სახით „თეატრალურის კვარტეტთან” და სრულიად ახალი სახით, ახალი არანჟირებითა და ჟღერადობით. ასეც მოხდა. მინდა, „სანო სტუდია” და ბორიკო შხიანი ვახსენო, რომლის არანჟირებამაც ქალაქური სიმღერის რეალობაში რევოლუცია მოახდინა.
– ნანა ქალაქურ სიმღერებს აშკარად სხვა მიმართულებას აძლევს.
ნანა: სხვათა შორის, ყველა ამას ამბობდა.
დათო: ცუდი გაგებით სუფრული, ფანუღური მუსიკა წამოვიდა, რომელსაც, რატომღაც, „ქალაქურს“ ეძახიან – რატომ, არ ვიცი.
ნანა: ქევხიშვილმა, ადამიანმა-ლეგენდამ მითხრა ერთხელ, რასაც სულ გავიმეორებ: არსებობს სუფრული და ფანუღური სიმღერები. მათ შორის ძალიან ვიწრო ბილიკი გადის, რომელსაც ქალაქური სიმღერა ჰქვია და სწორედ ამ ბილიკზე გაიარე შენ შენი „დავდივარ და დაგეძებო“.
დათო: პირველად მესმის ეს ამბავი, რა მაგარია! ეს, ალბათ, საუკეთესო შეფასებაა სუპერპროფესიონალისგან.
ნანა: მთელი ღამე არ მეძინა. ისედაც ძალიან ემოციური ვარ და, ამ სიტყვების შემდეგ რა მომასვენებდა!
დათო: ნანას სხვა ჟანრის მუსიკასაც მინდა შევეხო. მაგალითად, სიმღერა, რომელსაც დები ჭოხონელიძეები მღერიან. ამ სიმღერას საერთოდ სხვა გალაქტიკაში გადავყავარ, როდესაც ვუსმენ, ცხოვრება კარგისკენ მიდის. 
– ვიცი, რომ საკმაოდ დატვირთული ზაფხული გქონდათ – ერთად წახვედით ისრაელში.
ნანა: ისრაელში მოღვაწეობს ასეთი ადამიანი, მორის ჯანაშვილი, რომელიც არის მომღერალი, ჰყავს თავისი ბენდი და, ასევე, არის ქართულენოვანი ტელევიზიის – „ჯითივის” დამფუძნებელი და დირექტორი. ამ ტელევიზიას ასორმოცდაათათასიანი მაყურებელი ჰყავს ქართველი ებრაელების სახით. მორის ჯანაშვილს მისი საქართველოში ვიზიტისას შევხვდი. აღმოჩნდა, რომ ძალიან მოსწონს ჩემი სიმღერები, შეყვარებულია დათოს მუსიკაზე და აღფრთოვანებულია მისით. მისი დამსახურებით, უკვე მეორედ შედგა ჩვენი ვიზიტი ისრაელში. ქართველი მაყურებლის წინაშე საკმაოდ მრავალფეროვანი რეპერტუარით წარვდექით.
დათო: ქართველი ებრაელების საკმაოდ მაღალ ფენას შევხვდით. ძალიან გაგვახარა იმ ფაქტმა, რომ ჩვენები იქ საკმაოდ დამაჯერებლად არიან წარმოდგენილები როგორც მატერიალურ-ფინანსური, ისე ზოგადად, სოციალური საზომებით.
ნანა: მათ წინაშე სიმღერა ადვილი არ იყო, რადგან საქართველოდან საკმაოდ ხშირად ჩადიან ვარსკვლავები, პოპულარობა კი საკმაოდ ბევრ რამეს განსაზღვრავს. ჩვენ რაღაც ახალი სიტყვასავით გავჟღერდით იქ. ექვსკაციან ბენდად აღგვიქვეს. ძალიან ბევრი მოულოდნელი და ორიგინალური კომპლიმენტი მივიღეთ ადამიანებისგან, რომლებსაც ქართული სიმღერა არ აკლიათ, მაგრამ, მაინც ყოველთვის ენატრებათ. დღემდე სერიოზული კომპლიმენტები მოდის.
დათო: მთელი წელი ვმუშაობდით და სპეციალურად მათთვის ჩაწერილი პროგრამით წარვდექით მათ წინაშე.
ნანა: შედეგი, მგონი, მიღწეულია. რამდენიმე დღე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სამი კონცერტი ჩაგვეტარებინა. ცოტა ზღვაში ჭყუმპალაობაც მოვასწარით. შარშანდელისგან განსხვავებით, დავისვენეთ კიდეც. იგეგმება, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო მჭიდრო გახდეს. როგორც ვიცი, ჩვენი კონცერტის შესახებ ვრცელი სიუჟეტი გაკეთდა, რომელიც „ჯითივის” ეთერში გავა.
– ამასობაში, ნანაც აამღერეთ.
დათო: აქტიურად ავამღერეთ. ძალიან ნერვიულობს ხოლმე...
ნანა: მაგრამ, თქვენ ისე მაგულიანებთ, რომ აღარ მიტოვებთ უარის თქმის საშუალებას (იცინიან).
დათო: საშინელი სიცხეები იყო, დავიტანჯეთ, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ მაცხოვრის საფლავი მოვილოცეთ კიდევ ერთხელ. გვირგვინად ადგას ხოლმე ჩვენს გასტროლს – წამოსვლის წინ ერთ დღეს იერუსალიმს ვუთმობთ.
ნანა: ბიჭებმა იქ იგალობეს, სასწაული ემოციები იყო.
დათო: თეატრალურის ბიჭები და ნანა რაღაც განსაკუთრებულად შევიკარით. კარგი პროექტი გამოვიდა, რაც დიდი მეგობრობის შემდეგ დაიწყო. ნანაზე იქ სასწაული მოხდა, იმდენი კომპლიმენტი მიიღო, ვერ აგიწერთ. ისინი კი არა, ჩვენ რა დღეში გვაგდებდა, უნდა გენახა. კონცერტის წინ ფოიეში რომ გამოვიდოდა, აღარც სიმღერა გვახსოვდა და აღარც არაფერი (იცინიან). ნანა, რას გვიშვებიო, – ლაშა ამბობდა. გაოგნებული იყო ქალიც და კაციც. ჩვენც კი ვიღებდით საჩუქრებს ნანას ხათრით (იცინიან).
ნანა: ბიჭები შაყირობდნენ მერე: აბა, გავდივართ, გავდივართ, ნანა გაგვყავსო – ვითომ რაციებში ლაპარაკობდნენ.
დათო: ბოდიგარდებივით ვიყავით (იცინიან). კლასიკურ კოსტიუმებში გამოწყობილ ამ ხუთ ბიჭს ეს ერთი ლამაზი ქალი რომ მოგვყავდა შუაში, აბა, რა უნდა ეფიქრათ! წარმოდგენა ქართულ შოუ-ბიზნესზე აშკარად რამდენიმე ნაბიჯით წინ წავიდა. ძალიან საამაყო იყო. იქ ძალიან ბევრ რამეს აქცევენ ყურადღებას: გარეგნობას, ჩაცმულობას, დისციპლინას, ყველა ნიუანსს. „თეატრალურის კვარტეტი” ყოველთვის ძალიან ორგანიზებულია და გულს დებენ ყველაფერში.
– სამომავლოდ, ალბათ, დიდი გეგმები გაქვთ.
ნანა: უამრავი. ახლა შედგა დათოს ახალი ალბომის პრეზენტაცია და სხვა საქმეებისთვისაც მოიცლის. ძალიან გვინდა დუეტის გაკეთება. იქაური საზოგადოებისთვის დუეტი გავაკეთეთ და ახლა რაღაც განსხვავებულს ვგეგმავთ. ჩემი სურვილია, რომ მათი შესრულებით კიდევ აჟღერდეს ჩემი სიმღერები. ნანა ცინცაძის ლექსზე შექმნილი სიმღერის – „წასულან” – პრემიერა უკვე გაჟღერდა. ბევრი ახალი სიმღერა მაქვს, რომლებიც, ასევე, მინდა, იმღერონ „ქართულმა ხმებმა,” კვარტეტმა „თაობამ” და სხვა კვარტეტებმა, რომელთა ხელმძღვანელიც დათოა. მოკლედ, ბევრი სხვა რამ ჯერ კიდევ გზაშია.

скачать dle 11.3