კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აიღო საკუთარ თავზე დოდოშკა ხურცილავამ მამაკაცის ფუნქციები

„ფოტოგრაფიას ძალიან დიდი ძალა აქვს, ის ინახავს შენი საყვარელი ადამიანების სახეს, გახსენებს იმ მომენტს, როცა ის არის გადაღებული და თითქოს რაღაც ამბავს გიამბობს. თუ ქრონოლოგიურად დააწყობ – შენს ფოტოებს წინ დაუდებ შენი წინაპრების, მშობლებისა და შემდეგ შენი შვილების, შვილიშვილების ფოტოებს, გამოდის მთელი ციკლი – წარსული, აწმყო და მომავალი. აკვირდები შენს წინაპრებს და თითქოს მსგავსებას ხედავ, ხელები გიგავს, ცხვირი, თითები, იერი და გსიამოვნებს. ძველი ფოტოები მიმანიშნებელია შენი ადგილისა ამ ცხოვრებაში. არ მიყვარს გადაღება, მაგრამ მიყვარს თვალიერება. ის, რაც არ მახსოვს, დავხედავ და გამახსენდება. მშობლებთან, დედმამიშვილებთან  გადაღებული ფოტოებიდან თითქოს იმ სითბოს და სიყვარულს გრძნობ, რასაც გაძლევდნენ. დიდი ენერგია მოედინება და დაცულობის განცდა, რომ შენ მარტო არ ხარ ცხოვრებაში. ისინი სულ შენს გვერდით არიან, ხვდები, როგორი უზრუნველი იყავი ოდესღაც, როგორ ზრუნავდნენ შენზე”.
ამ ქალბატონს, რომელიც ყოველდღე თავისი სათნო ღიმილით გვესალმება ეკრანიდან, თავისებურად საინტერესო ცხოვრების გზა აქვს გამოვლილი. სულ სამი წელია, რაც „დღის შოუს” ეთერშია, ზოგს მოსწონს მისი ეკრანზე გამოჩენა, ზოგს აღიზიანებს. მე კი ვიტყოდი, რომ ის ყველაზე არაოდრინარული წამყვანია ამ ასაკის ქალბატონებს შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს. თავისი მოქმედებებით, ინტელექტით, საუბრის მანერით, თუნდაც ჩაცმის სტილით საკმაოდ დადებით ეფექტს ახდენს და პოზიტიურად განაწყობს მაყურებელს. მაშ ასე, ქალბატონი დოდო ხურცილავა, ნაცნობ-მეგობრებში  დოდოშკა, დღეს თავისი ცხოვრების დღიურს და ფოტოალბომს გადაგიშლით, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ.                   
–  ქალბატონო დოდო, აი, ვათვალიერებთ ძველ ფოტოებს და თვალებში გატყობთ, დიდ სიყვარულსა და მონატრებას ამ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ფოტოებზეა. ხშირად იხსენებთ იმ წლებს, როცა პატარა გოგო იყავით  და გვერდით ყველა გყავდათ?      
– როდესაც ამბობენ, ძალიან ნუ გავანებივრებთ ჩვენს შვილებსო, მიკვირს. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ადამიანები თავისთავადაც ისე კარგად ეჩვევიან ცხოვრების პირობებს, მეტი რომ არ შეიძლება. მამაჩემი, ავად რომ გახდა, პირველი, რაზედაც ნერვიულობდა, იყო ის, რომ დოდოშკას რა ეშველება, როგორ წავა ბაზარში, მაღაზიაშიო? მაგრამ, მშვენივრად წავედი ბაზარშიც და ყველგან. ცხოვრება თავში რომ ჩაგარტყამს და გაიძულებს, მშვენივრად წამოდგები. სანამ არის საშუალება, რომ განებივრებული იყო, უნდა გაგანებივრონ და მერე შენ უნდა გაანებივრო. ეჰ, რა კარგია ახალგაზრდობა, არა? ახლა რომ მახსენდება... დავდიოდი ინსტიტუტში, ვსწავლობდი იქ, სადაც მართლა ძალიან მსიამოვნებდა სწავლა, მყავდა ძალიან კარგი მეგობრები, რეჟისორები, მსახიობები ყველა ერთად ვიყავით. დავდიოდით შატალოზე ხან თეატრში, ხან კინოში, კაფეში. ვაკეთებდით იმას, რაც ძალიან მოგვწონდა. ინსტიტუტთან იყო სახინკლე და იქ ვიპარებოდით. ერთხელ ჩავედით, იქ კი  ჩვენი მასწავლებელი დაგვხვდა და უკან გამოვიპარეთ. რაც შეეხება სკოლას, ერთი პრობლემა მქონდა – რამდენიმე სკოლა გამოვიცვალე. ჯერ ვსწავლობდი პირველ სკოლაში, მერე – ქორეოგრაფიულში და შემდეგ – 23-ე სკოლაში. ამიტომ, ისე მოხდა, რომ ვერ მოვახერხე ძალიან მკვიდრი ამხანაგების შეძენა. მე ცოტა სხვანაირი ადამიანი ვარ, დრო მჭირდება იმისთვის, რომ დამეგობრება შევძლო. სამაგიეროდ, ინსტიტუტიდან მოყოლებული ვმეგობრობ. 35 წელი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ ადამიანებთან ურთიერთობები დაამყარო.
–  როგორც ვიცი, ძალიან ადრე მოგიწიათ ყოფით პრობლემებზე ფიქრი და ზრუნვა. როგორ სწევდით ცხოვრების ჭაპანს? 
– როდესაც მშობლები ყველაფერს გაძლევენ და შენ არ შეგიძლია, უკვე მოხუცებული მშობლებისთვის იმის მიცემა, რასაც ისინი იმსახურებენ, ეს ძალიან ძნელი გადასატანია, მორალურად ვიყავით ძალიან ცუდად,  მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ფსიქოლოგიური დაძაბულობა ცოტა მოგვიანებით გამოვლინდა. მაშინ მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდით მე და ჩემი ძმა (ჯაპანა – დათო ხურცილავა, ავტორი) ფული სად გვეშოვა, რომ მას თავისი ცოლ-შვილი შეენახა და რა თქმა უნდა, ცოტათი ჩვენც დაგვხმარებოდა, იმიტომ, რომ მამაკაცისთვის ძალიან რთულია მხოლოდ ცოლ-შვილზე იფიქროს და მშობლებზე – არა. არც კი ვიცი, რას ვაკეთებდით, ფოკუსებს! ის თავის მხრივ რაღაცეებს ჩალიჩობდა, ვითომ ნავთობის გაყიდვაზე,  მე – ჩემი მხრიდან. ჩვენს ქუჩაზე თუკი ვინმე ბავშვი იყო, ყველას ვამეცადინებდი, ხაჭაპურს ვაცხობდი და სადღაც ვაბარებდი, საკმაოდ კარგად ვიცი ქალის საქმე. ამიტომ, გარდა ამისა, ვქსოვდი, ვქარგავდი და  ვაბარებდი, მაგრამ ძალიან ცუდად იყიდებოდა – ადამიანებს არ ჰქონდათ საშუალება, შეეძინათ. ფიქრის დრო არ მქონდა, რა გამეკეთებინა, რაც მომივიდოდა აზრად, იმას ვაკეთებდი, სხვათა შორის, დრო მყოფნიდა ყველაფრისთვის, მათ შორის ნავთის, პურის რიგში დგომისთვის, მერე ლექციები მქონდა თეატრალურ ინსტიტუტში და სხვაგანაც.  დედას კიდევ შეეძლო სახლში რაღაც რაღაცეების კეთება შეძლებისდაგვარად. მამას არ შეეძლო იმიტომ, რომ სისხლჩაქცევა მოუვიდა. ამაზე ძალიან დარდობდა – რა დროს ჩემი ავად გახდომა იყოო. მიაჩნდა, რომ ოჯახის უფროსია და უნდა იყოს ოჯახის უფროსად. რაც მამაკაცის მოვალეობაში შედის, რომ მან ოჯახი შეინახოს და ამას რომ ვერ ახერხებდა, ძალიან ღელავდა. ამიტომ, მამაკაცის ფუნქცია მე მქონდა აღებული, ოჯახში შემომტანი ვიყავი. უცებ ხდები პასუხისმგებელი, პიროვნებად ყალიბდები და არა ვინმეზე დამოკიდებული, როგორც ამ სურათშია,  მამაჩემის მუცელზე რომ მაქვს თავი მიდებული და მძინავს. ბავშვობაში ძალიან დამჯერი და მოწესრიგებული ბავშვი ვიყავი.
– თქვით, ქორეოგრაფიულ სკოლაში დავდიოდიო. ახლა, ალბათ, ძნელად თუ წარმოიდგენს ვინმე, ოდესღაც კლასიკური ბალეტით რომ იყავით გატაცებული. სურათებიდანაც სულ სხვანაირი დოდოშკა იყურება.  
– ძალიან მინდოდა ბალერინობა, მაგრამ არ გამომდიოდა კარგად. ამიტომ, აღარ გამიგრძელებია, მაგრამ რადგან მინდოდა, აღარ გაუწევიათ წინააღმდეგობა. მამაჩემი მოგეხსენებათ, დირიჟორი იყო და არ მიაჩნდა, რომ თეატრში მუშაობა პრობლემაა ადამიანისთვის. მაგრამ, ის ნიჭი არ აღმომაჩნდა, რაც საჭირო გახლდათ. მაშინ, ძალიან მოდური იყო სამედიცინო და ძალიან დიდი შანსი მქონდა იმისა, რომ სამედიცინოზე ჩამებარებინა. მაგრამ, გასაგებად ავხსენი, რომ მე არ მიყვარს, არ შემიძლია, ავადმყოფის მოვლა  და არავის არაფერი დაუძალებია. ეს ორი ადამიანი მიიჩნევდა, რომ მხოლოდ თავისთვის კი არ გაგვაჩინეს, არამედ, უპირველესად,  ჩვენს თავს უნდა გამოვდგომოდით.
– რატომ მოხდა ისე, რომ არ გათხოვდით? არავინ მოგწონებიათ და გყვარებიათ?  
– იმაზე სერიოზული არაფერია, როგორც 14-15 წლის ასაკში შეყვარება. პირველი სიყვარული ეს არის ყველაზე მძაფრი და სასიამოვნო გრძნობა და არ შეიძლება, არ გახსოვდეს გულის ფანცქალით. შეიძლება კიდევ არსებობს სხვა პერიოდები, მაგრამ პირველი განცდა, მაინც სულ სხვაა. სხვათა შორის არასოდეს არც ერთ კაცს  ჩემთვის გული არ უტკენია, პირიქით, მათი ძალიან დიდი მადლობელი ვარ და ყოველთვის ისეთ სიხარულს მჩუქნიდნენ, ვერ აგიწერთ. აი, ის ეშმაკური რაღაცეები მამაკაცებთან დამოკიდებულებაში, რაც რაღაც დოზით ქალს გააჩნია, არ მქონია, თორემ... ბებო იტყოდა ხოლმე  – ასეთი გარეგნობის ქალს ყოველთვის უნდა  ჰყავდეს ბევრი თაყვანისმცემელიო. ის, რომ არ გავთხოვდი, მარტო ერთ მხარეზე არ იყო  დამოკიდებული, ორივეს უნდა უნდოდეს ერთმანეთი,  ვარსკვლავების განლაგებაც უნდა დაემთხვეს, ხდება ხოლმე, როცა, უბრალოდ, მას არ უნდა ცოლის თხოვა. შენ ამ დროს ვერაფერს იზამ. ჩემს მშობლებსაც ძალიან უნდოდათ, გავთხოვილიყავი, მაგრამ რა ვქნათ? ახლა არაფერი მინდა, ოღონდ ოჯახში ვიჯდე და იქეთ მინახავდეს ვინმე. გადასარევად შევეგუებოდი ამ ამბავს, რომ საჭმელები გამეკეთებინა, მერეცხა და ასე შემდეგ. თუმცა, ამ წუთას მყავს დამხმარე ქალი. მე მყავს რამდენიმე  ამხანაგი, რომლებიც სახლში სხედან და ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს. არც ზამთრის კურორტებს იკლებენ, არც ზაფხულისას,  ქმარ-შვილსაც ძალიან კარგად უვლიან და არაფერი პრობლემა არ აქვთ იმის გამო, რომ მუშაობა ვერ დაიწყეს. არაფერი არ არის გამორიცხული, შეიძლება,  კიდეც გამოჩნდეს ადამიანი, რომელთანაც მომინდება ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. რა ჭკუაზე დავდგები და როგორ ვიქნები, არავინ იცის. მაგრამ, იმისთვის არ გადავდგამ ამ ნაბიჯს, რომ მარტო არ ვიყო. მე განმარტოებით ვცხოვრობ, თორემ მარტო ისედაც არ ვარ. მყავს არაჩვეულებრივი ძმა, რძალი, ძმისშვილები, ძმისშვილიშვილი. დღეში ათჯერ მირეკავს ჩემი ძმა - რას შვრები? როგორ ხარ? კაცო, როგორ უნდა ვიყო, თხუთმეტი წუთის წინ ხომ დამირეკე და მკითხე, როგორ ხარ?.. როცა ადამიანი იწყებ განმარტოებით ცხოვრებას, ძალიან კომფორტულად გრძნობ თავს ამ განმარტოებაში. მაგრამ, მერე სერიოზულად შეიძლება, დაგენგრეს თავზე ეს კომფორტი, როდესაც ჩემს ასაკში  გადადგამ მსგავს ნაბიჯს. ამიტომ, სისულელეები არ უნდა აკეთო.
–  თქვენ უცებ გახდით ცნობილი სახე, მანამდე  არსად ჩანდით.   
– ეკრანზე არ ვჩანდი, მაგრამ ყოველთვის ძალიან სერიოზულ პროექტებში ვიყავი დაკავებული. „რუსთავი 2-ში” , „მზეში” კულტურის დარგში კონსულტანტად ვმუშაობდი. ვიყავი გადაცემა „ტაბუში”, „ნანიკოს შოუში”. „სამოთხის ვაშლებში” მიმიწვიეს წამყვანის ქასთინგზე, მაგრამ, მოხდა ისე, რომ არ ამიყვანეს. მერე აქ დამიძახეს შოუში სამი წლის წინ. ვიფიქრე, რატომაც არა, სიამოვნებით წავიყვან  გადაცემას-მეთქი. ცხადია, თავიდან იყო ცოტა დაძაბულობა, მაგრამ ახლა ასე აღარ არის. 
–  ყველაზე მეტად რომელი პერიოდის გახსენება არ გსიამოვნებთ?   
–  უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, რაღაცნაირად შევეცდებოდი, ოთხმოცდაათიანი წლები ამომეგდო. თუნდაც იმის გამო, რომ ჩემი დათუნას შვილები – სალომე და გიორგი მაშინ ძალიან პატარები იყვნენ და სულ მქონდა იმის შეგრძნება, ბავშვებს რაღაც აკლიათ, რაღაც ძალიან უნდათ და არ აქვთ-მეთქი და მეცოდებოდნენ. ყველანაირად ცუდი პერიოდი იყო.

скачать dle 11.3