კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიიჩნევა ჯვრის დაკარგვა ცოდვად და რისგან უნდა იყოს დამზადებული ჯვარი, რომელსაც ქრისტიანი ატარებს

„ჯვარი არის უდიდესი სულიერი ძალა, რომელიც მიეცა კაცობრიობას ბოროტი ძალის ძლევისთვის. ჯვრის ძალით ითრგუნება ეშმაკი. მწუხარება და სიხარული, როგორც ტყუპი ძმები‚ სულ ერთად არიან და, ძალიან ხშირად, ერთმანეთს ენაცვლებიან. მაგრამ, ყოველი განსაცდელის დროს და მწუხარების ჟამს, ჯვარი პატიოსანი გვეხმარება ჩვენ. ყოველ ადამიანს ღვთისგან აქვს ბოძებული ჯვარი, რომელიც ბოლომდე უნდა იტვირთოს. ნურასოდეს იფიქრებთ, რომ ძალიან მძიმე ჯვარი გაქვთ. უნდა გახსოვდეთ, რომ, თუ კეთილისმყოფელი ხარ, თუ ღვთის გზაზე დგახარ, თუ ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ, უფალი ისეთ ჯვარს მოგცემს, რომელსაც ბოლომდე მიიტან. განსაცდელის ჟამს, როცა ჯვრის ტვირთვა გაგიჭირდება, უფალი შეგეწევა და ჯვარს შეგიმსუბუქებს, ოღონდ, აუცილებელია, რომ მოხდეს ღვთის ძალისა და ადამიანის ძალისხმევის შერწყმა, ანუ – სინერგია. ყოველ ადამიანს და ყოველ ერს ამქვეყნად აქვს თავისი გზა, თავისი ჯვარი. მაგრამ მიზანი არის ერთი – დაახლოება უფალთან“.
უწმიდესი და უნეტარესი, ილია მეორე
ჯვართამაღლების დღესასწაულისა და, ზოგადად, ჯვრის დანიშნულების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).

– მამაო, ჯვართამაღლება ერთ-ერთი დიდი ქრისტიანული დღესასწაულია, რომლის დროსაც ეკლესიაში საზეიმო წირვა ტარდება და მოძღვარი აღამაღლებს ყვავილებით მორთულ ჯვარს. კიდევ რას გვეტყვით თავად ჯვრის შესახებ?
– წმიდა კონსტანტინე დიდი პირველი იყო რომის იმპერატორთაგან, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ქრისტიანების დევნაც შეწყვიტა. თუმცა, ყოველივე ამას წინ უსწრებდა სასწაული, რომლის ხილვის ღირსიც იმპერატორი გახდა. 312 წელს, როდესაც კონსტანტინე დიდი ეომებოდა რომის მკვიდრთ, მან და მთელმა მისმა ჯარმა სასწაული იხილა – ცაზე გამოისახა ჯვარი, რომელსაც ეწერა: „ამით სძლიე“. მეორე ღამეს კი იმპერატორს თავად მაცხოვარი გამოეცხადა ჯვრით ხელში და უთხრა, რომ სწორედ ამ ჯვრის მადლით სძლევდა მტერს. იმპერატორი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც მას იესო ქრისტემ უთხრა – პატიოსანი ჯვარი წაუმძღვარა ბრძოლაში ჯარს და, ჯვრის ძალით, მათ მართლაც გამანადგურებელი დამარცხება აგემეს მტერს. ამის შემდეგ კონსტანტინე დიდმა ირწმუნა ჯვრის ცხოველმყოფელი ძალა და გადაწყვიტა‚ ეპოვა ის ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს.
– რა ბედი ეწია ამ ჯვარს, რატომ ითვლებოდა ის დაკარგულად?


– რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანების ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ იმ წმიდა ადგილების ხსოვნა, სადაც ევნო მაცხოვარი და დიდებით აღდგა. იმპერატორმა ადრიანემ მიწით დააფარვინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი, შემდეგ კი, ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე, წარმართული ქალღმერთის, ვენერას ტაძარი და იუპიტერის კერპი აღამართვინა. ჯვრის პოვნის სურვილით ანთებულმა იმპერატორმა ამ მიზნის განსახორციელებლად იერუსალიმში დედა – მოციქულთა სწორი, წმიდა ელენე დედოფალი გაგზავნა. დედოფალმა ყველა იუდეველი იხმო იერუსალიმში, მაგრამ, პირველ ხანებში ძებნა წარუმატებელი აღმოჩნდა – იუდეველები ხმას არ იღებდნენ. ბოლოს დედოფალმა ისინი დააშინა და მათაც გაამხილეს მოხუცი იუდეველის – იუდას სახელი, რომელმაც ჯვრის ადგილსამყოფელი იცოდა. იუდა დიდხანს დუმდა, თუმცა, ბოლოს ჯვრის ადგილსამყოფელი გაამხილა. ეპისკოპოს მაკარის კი ანგელოზი გამოეცხადა და ზუსტად მიუთითა, სად იყო „ძელი, ცხოვრების მომცველი“. დედოფალმა ელენემ დაანგრევინა კერპების ტაძარი, რომელიც ჩამარხულ ჯვრებზე იყო აგებული. გასუფთავებულ ადგილას აღმოაჩინეს მაცხოვრის საფლავი და გოლგოთა, მის ახლოს კი – სამი ჯვარი. იქვე იყო ოთხი სამსჭვალიც, რომლებითაც მაცხოვარი ჯვარზე მიალურსმეს და, პილატეს დავალებით გაკეთებული დაფა, სამენოვანი წარწერით. იმისთვის, რომ გაეგოთ‚ რომელი ჯვარი ეკუთვნოდა მაცხოვარს, პატრიარქმა მაკარიმ ერთ მიცვალებულს ისინი რიგრიგობით შეახო. ცხოველმყოფელი ჯვრის შეხების შემდეგ მიცვალებული გაცოცხლდა. გახარებულმა დედოფალმა და მისმა მხლებლებმა თაყვანი სცეს ჯვარს და, რადგან ირგვლივ შეკრებილმა უამრავმა ხალხმა ჯვარი ვერ დაინახა, პატრიარქმა ის მაღლა ასწია, აამაღლა, რათა ყველას შესძლებოდა თუნდაც შორიდან დანახვა. ეს საზეიმო მოვლენა 326 წელს მოხდა. წმიდა ელენე დედოფალმა მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები ტაძრებით შეამკო: ოთხზე მეტი ეკლესია აშენდა. კონსტანტინე დიდის ბრძანებით, დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელმაც გოლგოთა, უფლის საფლავი მოიცვა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს. 14 სექტემბერს‚ ანუ, ახალი სტილით 27 სექტემბერს‚ დაწესდა პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული – ჯვართამაღლება. უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის მოპოვების დროს კიდევ ერთი სასწაული მოხდა: მძიმედ სნეული ქალი, რომელიც შორიახლოს იდგა და ჯვრის სახვევები მიიდო სხეულზე, განიკურნა. ამ სასწაულის ხილვამ მრავალი ადამიანი მოაქცია, მათ შორის – მოხუცი იუდაც, რომელიც შემდეგში იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა  და სახელად კვირიკე ეწოდა, მოგვიანებით კი მოწამეობრივად აღესრულა.
– ყველა მართლმადიდებელი, ნათლობის შემდეგ ატარებს ჯვარს, რომელიც მას ყოველთვის და ყველგან იცავს. ხშირად ეს ნათლობის ჯვარი ჩვეულებრივი ხის ჯვარია, რომლის ტარება აუცილებელია სიცოცხლის ბოლომდე. რატომ არის ქრისტიანის მიერ ჯვრის ტარება აუცილებელი?
– ადამიანის დაცემის სამი სიმბოლო არსებობს: ძელი, ქალწულება და სიკვდილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის დაცემაში მონაწილეობა მიიღო ძელმა – სწორედ ხის ნაყოფისგან მოხდა პირველი ადამიანების ცოდვით დაცემა; ქალწული იყო ევა, რომელმაც აცდუნა ადამი; ადამის სიკვდილი კი ადამის ცოდვით დაცემაა, რაც მის მიერ აკრძალული ხის ნაყოფის მიღებით გამოიხატა და რასაც შედეგად ადამისა და მისი მოდგმის მარადიული სიკვდილის ტყვეობაში ჩავარდნა მოჰყვა. ამიტომ, საჭირო იყო, სწორედ ამ სიმბოლოების მეშვეობით მომხდარიყო ადამიანთა გამოხსნა: ძელი დაითრგუნა ჯვრით, რომელზეც ევნო ქრისტე და რომელიც ხის ორი ძელისგან იყო გაკეთებული; ევას მიერ ქალწულობისას ჩადენილი შეცდომა, რომელიც ქალწულსვე უნდა გამოესყიდა, დაითრგუნა წმიდა მარიამის ქალწულობით; ადამის დაცემა და ცოდვების შედეგი კი მაცხოვარმა ჯვარზე სიკვდილით განაქარვა, რითაც უკიდურესად დაიმდაბლა თავი და ჩვენც თავმდაბლობისკენ მოგვიწოდა. ქრისტიანული მოძღვრებით, ჯვარი არის სამსხვერპლო, რომელზეც შეიწირა მსხვერპლი ღმერთმა და რომლის მეშვეობითაც მოხდა სამყაროს ოთხივე კუთხით დაცემული კაცობრიობის გამოხსნა. თავად ჯვრის ფორმა, ქრისტიანული გაგებით, სამყაროს ოთხი მიმართულების სიმბოლოდ მოიაზრება და, ამასთანავე, გამოხატავს სამყაროში არსებულ ოთხ უმაღლეს ინსტანციას: სიგრძეს, სიმაღლეს, სივრცესა და სიღრმეს. ჩვენ ვიცით, რომ უფლის მეორედ მოსვლის წინ, ცაში ჯვრის ნიშანი გამოჩნდება, რომელიც მზეზე მეტად განაბრწყინებს მთელ სამყაროს. ამიტომაც, ჯვარი უდიდესი საღმრთო საიდუმლოა. სწორედ ჯვარზე მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ მოგვენიჭა ადამიანებს მარადიული ცხოვრების, სულის ცხონების, ზეციური სასუფევლის მოპოვების შესაძლებლობა. როდესაც ჯვარს ვაკურთხებთ, მასზე გადმოდის სულიწმიდის მადლი და, შესაბამისად, ის ღვთიური მადლის მქონე ხდება. სწორედ ამის შემდეგ იძენს ის ძალას, განდევნოს ბოროტი სული და დაგვიფაროს ხილული და უხილავი მტრებისგან. თუმცა, არ არის აუცილებელი, ჯვარი მისი მფლობელის სახელზე ეკურთხოს. მაგრამ, თუ ადამიანს ამის სურვილი აქვს, შეუძლია, ჯვარი საკუთარ სახელზე აკურთხებინოს სასულიერო პირს. კურთხევის შემდეგ, სულერთია, ის ადამიანის სახელზე იქნება ნაკურთხი თუ არა, ჯვარს განსაკუთრებული ძალა აქვს,  ქრისტიანს შეწევნაში ეხმარება და მას მადლით ავსებს. არ აქვს მნიშვნელობა, ჯვარი რისგან იქნება დამზადებული – ხისგან, ოქროსგან, გიშრისგან თუ სხვა ძვირფასი ქვებისგან. ნაკურთხი ჯვარი, რისგანაც არ უნდა იყოს ის დამზადებული, ერთნაირი ძალით გვიცავს და გვიფარავს ავი თვალისგან, ბოროტი ძალისა და სხვა უკეთურებისგან. მთავარია, მის მიმართ რწმენითა და სასოებით ვიყოთ გამსჭვალული და ყოველთვის გვეკიდოს გულზე. ჯვრის დაკარგვა სიწმიდისადმი მოუფრთხილებლობად ითვლება, შესაბამისად, ეს ცოდვაა და უნდა მოვინანიოთ აღსარებაში. საერთოდ, ჯვარი დიდი სიწმიდე, დიდი ძალის მქონეა და მას ადამიანი დიდი სასოებით, სიფრთხილით, სიყვარულითა და პატივისცემით უნდა მოექცეს. ჯვარი ყველამ უნდა ატაროს დაფარულად, სამოსის ქვეშ, რაც სიმბოლოა იმისა, რომ ქრისტიანობა, ქრისტეს მცნებები, უფლის, მოყვასის სიყვარული გულში გვაქვს დამარხული და მისით ვსასოებთ. ჯვარი ყოველთვის და ყველგან უნდა გვეკეთოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოროტი ძალა ადამიანს ყოველთვის თან სდევს და ცდილობს მას რამე ავნოს, ჯვარი კი მისგან ყოველთვის და ყველგან დაგვიცავს.

скачать dle 11.3